გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ.
უთხრა მამამან:
- გადი, შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე: წარწყმდა, თუ ცხონდა?
გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: ცხონდაო!
მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ.
მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: ეს კი წარწყმდაო!
თქვა მან განშორებულმან: მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო?
უთხრა მარტვილმან: წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან ერი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდენ: კარგი და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი ცხონებულია, საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდენ: ავი, უწყალო და უსამართლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არა რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო.