ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა.
იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო!
მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!
იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა.
მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა.
ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო?
მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო.