კაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი. რა ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი.
მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო.
მან კაცმან ესრეთ უთხრა:
– თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერავინ დაეტიოს!
ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისევ სამოთხე მისცა მას კაცსა.