უკან: სულხან-საბა ორბელიანი

ლოდის დამგორებელი (იგავ-არაკი)

4 ნახვა  •  1 წთ კითხვა
წამოველ მუნით. მიველ ადგილსა ერთსა, მინდვრიანსა და ცხელსა. რა იგი გავვლე, ვნახე ჩაღმართი დიდი. მუნ კაცი ერთი ჩაღმართს ჩავიდის, აიკიდის ლოდი მრგვალი, ამოვიდის აღმართ, დააგორის; ჩაღმართ კიდევ ჩავიდის, აიკიდის, ამოიტანის და დააგორის. ამოტანაში ხვნეშოდის და, რა დააგორის ლოდი, იცინოდის.

მე ვკითხე: ძმაო, რად იჭირვი, ანუ რად იცინი-მეთქი?

მან მითხრა: მე ამ ერთის ქვით ჭირსაც ვნახავ და ლხინსაცა. ერთი ცოტა ქვა მაქვს და ჭირი და ლხინი ორივე დიდი; და მრავალს კაცს ათასი ამდენი ოქრო აქვს და ცუდად უცან, მით ვერც ჭირს ნახვენ და ვერც ლხინსაო.

მომეწონა მისგან. ცოტა ცუდი სიტყვა დიდად კარგა მითხრა.