უკან: სულხან-საბა ორბელიანი

მეპატრონე და მემარნე (იგავ-არაკი)

4 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ერთი მეპატრონე შევიდა მარანსა თვისსა ნახვად ღვინისა. ნახა ქვევრის პირსა ერთი ჯამი იდგა. ჰკითხა მემარნესა:

- რად დგას ჯამი ესე აქა?

მან მოახსენა: რაოდენჯერ შემოვალ თითოს ამით ღვინოს შევსვამო.

ეწყინა მეპატრონესა და ეგრე თქვა: ჩემი ღვინო ამა კაცსა აუოხრებიაო.

და ერთი კაცი სხვა დაუყენა თავსა, რომე მაგოდენს ღვინოს ნუ ასმევო.

მეორეზე რა შევიდა მარნად, ნახა ორი ჯამი იდგა ქვევრთან. ჰკითხა მემარნესა: ეს რა უნდა იყოსო?

მან მოახსენა: ერთი ჩემია, რომლითა ვსვემდი და მეორე მაგ ჩემს ამხანაგს მოუნდება, ახლა რომე დამიყენეო.