მასვე ღამესა ერთი აქლემი, აკიდებული განძითა, კარსა მიადგა. მათ მექორწილეთ აქლემი მოკლეს, ორმოში ჩააგდეს და ტვირთი დამალეს. პირი შეკრეს: თუცა მაძებარი მოვიდეს, სხვა სიტყვა უთხრან.
ქორწილობა გარდაწყდა. აქლემის პატრონიც მოვიდა. უხუცესი სახვნელითა ხვნიდა, მუნ მივიდა, სცნა აქლემის პატრონობა. უთხრა მეაქლემემ: ჯილღას გამარჯვებაო!
მან მხვნელმან უთხრა: ასლსა ვთესავო.
გაუკვირდა მეაქლემეს და ჰკითხა: აქლემი დავკარგე, თუ იცი, მითხარ და ბევრი მოგცეო.
მან უთხრა: თუ ზაფხული იყოს, დიდი ანეული მოიხვნისო.
მეაქლემემ უთხრა: აქლემისასა გკითხავ, ხვნისას არაო.
მან უთხრა: ზანგელა ხარი უარშიოობსო.
შემოსწყრა მეაქლემე და წავიდა.
მივიდა სოფლის ბოლოს. ფეიქარი ნასთსა ქსელავდა. მასთან მივიდა, მასცა ჰკითხა: აქლემი დავკარგე, მისი რამ მაცნობე და ბევრს მოგცემო.
ფეიქარმან უთხრა: ჩქარი მქსოველი ვარო, დღივ ორს მოვქსოვო.
მეაქლემემ უთხრა: აქლემსა გკითხავ, განა საქსოვარსაო.
ფეიქარმან უთხრა: ძმაო, სხვისაა, თვარა მოგყიდდიო!
მეაქლემე შეწუხდა და იტყოდა: რას ხელს თემს ჩამოვვარდიო! და წავიდა.
მივიდა სოფლად, მკერვალს ჰკითხა. მან ეგრე უთხრა: ჩემი ხელფასი ექვსი შაურიაო.
მეაქლემემ უთხრა: ვაჟო, აქლემს ვიკითხავ, აქლემსაო!
მკერვალმან უთხრა: დია მესწრაფება, შენ სხვას შეაკერვინეო!
გაუშვა იგიცა და წამოვიდა.
რა წყალზე ჩამოვიდა, იგი ახალი ნაქორწილევი ბებერი დახვდა. მას ჰკითხა. მან ყველა უთხრა, ანიშნა:
- ერთი ამისთანა აქლემი მოვიდა. ჩემმან ქმარმან და მაზლებმან დაკლეს და ქონება დამალეს.
მეაქლემემ ჰკითხა: როდის იყოო?
ბებერმან უთხრა: სწორედ ჩემის ქორწილის ღამესაო.
მან კაცმან თქვა: ამ თემის კაცი და ქალი სულობით შემცდარნი ყოფილანო! მე გუშინ დამეკარგა და ეს ბებერი თავისი ქორწილის ამბავს მიამბობსო!
მუნითაც წავიდა შინ ცარიელი.
მან ბებერმან მართალი თქვა, მაგრამ მან კაცმან არ დაუჯერა.