უკან: სულხან-საბა ორბელიანი

მთიული და კაკლის ხე (იგავ-არაკი)

4 ნახვა  •  1 წთ კითხვა
კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა.

ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწონა და ღმერთს მადლი მისცა: ყველა კარგად გაგირიგებია და ეს ავადო; ცოტას ბალახისათვის ნესვი მოგიბამს და დიდის ხისათვის ნიგოზიო!

მიიარ-მოიარა და ნიგოზთა ძირსა დაეძინა. მოვიდა ყვავი, ზე შემოჯდა, კაკალი ჩამოაგდო. მას კაცსა შუბლს დაეცა და გაუტეხა.

აღდგა კაცი იგი და თქვა: ღმერთო, შენ უკეთ გაგირიგებიაო. თუ იქ ამისგან უდიდესი ბმოდა, თავს გამიჭყლეტდაო!