ჩემი თურე მეტი შეიქმნა. რა შევჭამეთ, მათ არა ეყო. გამირისხდენ: გვაცდუნაო! ერთი პური ორთავ ვჭამეთ და ერთი მარტო ამან შეჭამაო.
ორნი ერთს როგორ არ მომერეოდენ! შემიპყრეს, დამაბეს, ორთავ ას-ასი არგანი მკრეს. ჩემი მშველელი კაცი ვინ გამოჩნდებოდა! ხან ვედრებას ვეტყოდი, ხან სხვასა, მაგრა არ გამიკითხეს.
მე ვუთხარ: ვისცა ეწვივნეთ, მასცა თქვენთვის ასრე აქმნევინოს-მეთქი!
დამაგდეს მუნ დაბმული და სწრაფით წავიდნენ.
მოვიდა ვინმე კაცი ერთი მოწყალე; მკითხა ჩემი ამბავი. მე ყოველივე მოვახსენე. მან მითხრა: ძმაო, ხუთ სწავლას გამცნებ და დაიმარხეო:
უმეცარს კაცსა გულით ნუ მიენდობი;
შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები;
ყოველ ჟამ ფრთხილად იყავ, შენი სახლიც იყოს;
მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი;
გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდა!
მე დიდად დავუმადლე. ამხსნა და ესრე მითხრა: მათ კაცთა ბევრი სხვა მოუცდუნებიათო.
საგზალი მომცა და თვით წავიდა. მე რადღა დავდგებოდი?!