დღესა ერთსა ნახა მოჩივარი ვინმე. მოკლვა მისი ბრძანა. მან კაცმან თქვა: მე მოსაკლავი კაცი არა ვარ, ამად რომე ყოველთა მფრინველთა და მხეცთა ენა ვიციო.
იამა მეფესა და აღარ მოკლა, მართალი ეგონა, ვაზირსა მიაბარა, ეგრე უბრძანა: ამისგან შენ ისწავლე და შენ მე მასწავლეო!
წაიყვანა ვაზირმან. იცოდა, რომე სიცოცხლისათვის მოიგონა ენათა ცოდნა. კაცი იგი განუტევა.
გამოხდა დღენი მრავალნი და ღამესა ერთსა სმად ჯდა შირვან-შაჰ და გაღმართ ორნი წოტნი იძახდენ. მოეგონა კაცი იგი მოენე მეფესა და ჰკითხა ვაზირსა: ისწავლე მფრინველთ ენა მის კაცისაგანაო?
მან მოახსენა: ვისწავლეო.
უბრძანა: იგი წოტნი რას უბნობენო?
ვაზირმან მოახსენა: ერთსა ქალი ჰყავს და მეორე ვაჟისთვის სთხოვს. ქალის პატრონი ეუბნება: თუცა ჩემს ქალს შვიდას ნასოფლარს არ მოართმევ პირის სანახავად, არ მოგცემო.
ვაჟის მამა ასე ეუბნება: შენს ქალს რომ შვიდასი ნასოფლარი მოვართვა, ექვსი შვილი სხვა მყავსო, მათ საცოლეებს რაღა ვუყო? ქალის მამამ ეგრე უთხრა: რას ზარობ და დაღონებულხარ? თუ შირვან-შაჰს დღე გაუგრძელდა, ბევრს სხვას ააოხრებსო!
ეწყინა შაჰის და თქვა: მე აგრე უსამართლო ვარო?
ვაზირმან მოახსენა: წოტნი ეგრე იტყვიანო.
მას სიტყვის უკან ის შაჰი მოწყალე შეიქმნა.