უკან: ტერენტი გრანელი

ამდენ წამების და გლოვის შემდეგ..

102 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ამდენ წამების და გლოვის შემდეგ
მე ისევ დამრჩა გული პოეტის.
და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და გულმოკლული მე წამოვედი.

იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ
უფრო მწუხარე გამოსალმება.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და ვეგებები ისევ წამებას.

თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ
ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და თბილისისკენ მივექანები.

ტერენტი გრანელი