უკან: ტერენტი გრანელი

მივდივარ, გზაზე ადის ალმური ..

2 ნახვა  •  1 წთ კითხვა
მივდივარ, გზაზე ადის ალმური,
მივდივარ, ელავს შუადღე მშვიდი.
უცებ მომესმა ხმა საღამურის
და უცებ ხიდან აფრინდა ჩიტი.

გაზაფხულია, თუმცა არ მჯერა,
და მთაზე ისევ ლურჯი ფერია.
თბილისი ჩნდება შორს ალმაცერად
და ახლა თითქო აქ სოფელია.

გაზაფხულია, მივდივარ ნელა
და მიკავია ხელში ეს ია.
მე უარვყავი მთელი ცხოვრება,
ვიწამე ზეცა და პოეზია.

ტერენტი გრანელი