დაფიქრებული ძალზედა,
ჰლესავს დიდრონი სალესით,
თან ცერს გადუსომს ფხაზედა.
დიდხანს ეკიდა კაჩხაზე,
არ გატანილა კარზედა.
შემჭვარლული აქვს ქარქაში,
მტვერი სდებია ტარზედა,
ხმალი ჟანგს შეუჭამია,
ვაჰ დედას მტრისას, რაზედა?
მოსულან ახალ-უხლები,
წამოსდგმიან თავზედა:
„ხმალს ვისზე ჰლესავ, ბიძია,
მაგრე გულმოდგინებითა?
შენ უნდა ცელსა ჰლესავდე,
ან ცულსა!“ - ჰკითხეს წყებითა.
- თქვენ ბალღები ხართ, რა იცით,
დღეში ათასჯერ სცდებითა.
კარგახანს ვლესე ისინი,
ვიქნიე ცული, ცელიცა,
დავღვარე ოფლი მრავალი,
მით მოვრწყე ტყე და ველია;
მათ სამსახურში დავლიე
წუთისოფელი მთელია.
მაინც ვერ ამოვიყვანე
უბეს პურს დანატრებულსა
ვინ მომცა ლუკმა სველია?
საკმაო ხანი ვითმინე,
მოთმენა გამომელია.
ახლა ხმალს ვლესავ გორდასა,
გალესვა იმის ჯერია;
იქნება იმან მიშველოს
და მომაშოროს მტერია.
აჭიმა ბერიკაულმა
მაღლა წარბები სქელია
და გადმოყარა თვალთაგან
ნაპერწკლის ჯგუფი ცხელია.
„მტერზე ჩვენ მივალთ ახლები,
შენ დაწევ, დაისვენეა!“
- ჰმ! თუ წინ ბერი არ მოკვდა,
ახლის სიკვდილი ძნელია! –
კვალად სთქვა ბერიკაულმა,
ოხვრა ამოჰხდა გრძელია.