უკან: ვაჟა-ფშაველა

ღმერთო, ნუ მოჰკლავ ...

4 ნახვა  •  1 წთ კითხვა
ღმერთო, ნუ მოჰკლავ პატარას,
ნუ აუტირებ მშობელსა,
ნუ მიაბარებ შავ მიწას
ამ სოფლის გაუცნობელსა,
ნუ ვნახავ ბავშვის კუბოსა
ნუ გამხდი შენსა მგმობელსა!
აცადე, გაძღეს სიცოცხლით, -
ავის და კარგის ნახვითა,
შაეძლოს მამულის დაცვა
გამაგრებულის მკლავითა.
თუ არ აცლიდი, სოფელი
რადღა აჩვენე თვალითა?!