რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოალის,
აყოვდებიან იანი,
გაიბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრიანი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ოფოფა სავარცხლიანი.
წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი,
გუგული-დ' მერცხალიც მოვლენ,
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
„შენაც გაშალე მკლავია!“
ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაიღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.
გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა,
იმედი ბევრად სჯობია
უაზრო ბედისწერასა!