ფანჯარასთან
ფანჯრის რაფაზე პატარა ქოთანი დევს,გამხმარყვავილებიანი და ბზარებშეპარული. ამ სახლში ყველაფერი ძველია და მოგონებებით სავსე: ყავისფერი ფარდები,საღებავგადაცლილი,ჭრიალა იატაკი,ჭაობისფერი სავარძელი,ამ სავარძელზე დაგდებული,გადაშლილი "ქარიშხლიანი უღელტეხილი"...ჩემს სიყვარულსაც მტვერი ადევს და მეც წარსულის სუნი ამდის თმაზე. ნეკნები,გული და ფილტვები აბლაბუდაში მაქვს გახვეული. ფანჯარასთან დგას,ყავისფერი ფარდა ოდნავ აქვს გაწეული. გამხმარ,სისხლისფერ ყვავილებს არ აკვირდება. არც ეზოში გამეფებულ მკვდარ სიჩუმესა და ჩემი სულივით გაშიშვლებულ,დანით დასერილ ხეებს. რაღაცაზე ფიქრობს და ამ თავის აზრებს უყურებს შემოდგომისფერი თვალებით. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ჩვენი ფანჯრები ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ხედავდნენ,როცა მეზობელი კორპუსის ფანჯრებში ირეკლებოდნენ,რადგან ყოველთვის გვერდი-გვერდ ისხდნენ. ჩვენსავით. ფიქრებში ჩაძირული დგას,ცერა და საჩვენებელი თითებით იმ გაცრეცილი,ყავისფერი ფარდიდან გამორღვეულ ძაფს ათამაშებს და მეც არ მიყურებს. არც არასდროს მიყურებდა. ისე არა,როგორც მე მინდოდა. არ ვადანაშაულებ. ვერც მე ვამჩნევდი,სანამ ვიღაცის თვალებში მისი ანარეკლი არ დავინახე და არ მივხვდი,რომ არ მომწონდა,როგორ იღიმოდა იმ ვიღაცის დანახვისას ან როგორ ათამაშებდა ცერა და საჩვენებელი თითებით მის გრძელ,ოქროსფერ თმას. ჩემი თმა ყოველთვის მოკლე იყო და ერთხელ,როცა წარმოვიდგინე,როგორ გადამიწევდა მას ყურს უკან,შეჭრა შევწყვიტე. ის,ოქროსფერთმიანი,დღიურს წერდა. წამაკითხა კიდეც. გულებითა და პეპლებით გაფორმებული ფურცლიდან მითხრა,რომ როდესაც ეს ჩემი შემოდგომისფერთვალება ეხებოდა,მის მუცელში პეპლები იწყებდნენ ფარფატს. მერე მეც ვცადე: წვიმიანიამინდისფერი რვეული გადავშალე და მარცხენა ხელში ლურჯი კალამი დავიჭირე. ლამაზი წინადადებების ნაცვლად იქაურობა ცრემლებითა და სიცარიელით ავავსე. მოგვიანებით,უკვე გრძელთმიანმა და დღიურიანმა,გადავწყვიტე: მისი მხრიდან უყურადღებობა იმის ბრალი იყო,რომ ჯერ არავის თვალებში არ ვიყავი არეკლილი. მეც ხომ მაშინ მივხვდი რომ მიყვარდა,როცა სხვამ მიაქცია ყურადღება?! და დავიწყე აქეთ-იქით სიარული. ვეხვეწებოდი ლურჯთვალებას,მწვანემაისურიანს,მაღაზიის რიგში ჩემ წინ მდგარ სასიამოვნოსუნიანს,ამირეკლეთ-მეთქი ვინმემ,მარტო რომ არ დავრჩე. ჩემი დღიური დღესაც სავსეა ცარიელი ფურცლებით. და დღესაც,ახლა,ამ წუთას,მინდა მივიდე ფანჯარასთან,თვალებში ჩავხედო და ვუთხრა,არ ვიცი,სიტყვებად როგორ გაქციო-მეთქი; ჩემს გულში,ფილტვებში,ნეკნებში,ამ აბლაბუდაში ახლართული ფურცლებზე ისე როგორ გადმოგიტანო,რომ არ მეტკინოს-მეთქი. ფანჯარას შორდება,ჭაობისფერ სავარძელთან მიდის და იქ დაგდებულ,გადაშლილ "ქარიშხლიან უღელტეხილს" იღებს. ასე მგონია,ჩემი გულისცემა მთელ ოთახში ისმის,თითქოს გული ნეკნების ნაცვლად ამ კედლებს აწყდება და გასასვლელს ვერ პოულობს. ვიცი,რომ ადრე თუ გვიან მკითხავს,რატომ ვთქვი უარი და რატომ მოვედი სახლში,რომლის კარიც წლებია,არავის გაუხსნია,მაგრამ ტყუილების მოფიქრების ძალას ვეღარ ვპოულობ. გამოფიტული ვდგავარ მტვერდადებულ ტელევიზორთან და ვუყურებ,როგორ უსვამს თითებს შავ,ნაბეჭდ სიტყვებს. და ისეთი ლამაზია მის ხელებში მოქცეული "ქარიშხლიანი უღელტეხილი",რომ თვალს ვერ ვწყვეტ. ვკრთები,მოულოდნელად წიგნს რომ ხურავს,სავარძელზე აგდებს და აუჩქარებელი ნაბიჯებით ჩემკენ იწყებს სიარულს. როცა ჩერდება,ჩვენ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი და წლების განმავლობაში დაგროვილი უთქმელი სიტყვები რჩება. ერთხელ მითხრა,შენი შეცდომა მხოლოდ ისაა,რომ ჩემს თვალებში ვერაფერს ხედავო. მაშინ არც კი ვიცოდი,რა უნდა დამენახა ან როგორ უნდა დამენახა ის,რასაც ვეძებდი,რადგან იმ მომენტში მისი თვალები ჩემთვის ბნელი უფსკრული იყო და მეშინიოდა ყველაფრის,რაც სიბნელეში დაძრწოდა. ახლა ყველაფერს ვხედავ და არ ვიცი,ვიტირო თუ არა. – რატომ უთხარი უარი? – არ ჩურჩულებს,მაგრამ ჩუმად მეკითხება. და უცებ ვბრაზდები,ასე რომ მაწვალებს,რადგან პასუხი იცის. მის თვალებში არეკლილ საკუთარ თავს მზერას ვარიდებ და ცრემლების შეკავებას ვცდილობ. მაგრამ როცა თმას ყურს უკან მიწევს,თავს ვეღარ ვიკავებ. თვალებს ვხუჭავ და ღაწვზე შეხებას ვგრძნობ - ტუჩებით მწმენს ცრემლს. იმ ჭაობისფერ სავარძელზე დაგდებული "ქარიშხლიანი უღელტეხილის" სუნი ასდის ხელებზე. ---- ძაააალიან ხომ გამიხარდა მეორე ტურში გადასვლა და ძააალიან ცუდ დღეშიც აღმოვჩნდი,შუალედურები მეწყება და ამაზე მეფიქრა თუ გამოცდებზე აღარ ვიცოდი :დ შევეცადე რაღაც გამომსვლოდა რაც არის,არის :D მადლობა წაკითხვისთვის <3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.