შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯარასთან


30-10-2017, 23:35
ავტორი Katherinaa
ნანახია 327

ფანჯარასთან

გასასვლელს აკლდა ხუთი ნაბიჯი და სამნი ვიდექით იისფერ ფანჯარასთან,
რატი, მე და ხულიგანი ბობი.
რატის სახელი ყოველთვის უსწრებდა „მე“-ს, ყოველ ჩამონათვალსა და ყველა წამოწყებულ საუბარში, წელიწადის ოთხივე დროსა და შეშლილი თვეების ნებისმიერ რიცხვში. ალბათ „მე“-ზე ბევრად მნიშველოვანი იყო რატი...
ბობს იმ ნაცრისფერი მაისურის გამო შემორჩა სახელი მეოთხე კლასამდე გაუხდელად რომ ატარებდა აკვიატებულს, როცა მერხებს შორის დარბოდა ჩამოფხატული კაპიშონით და მკერდზე გაკეთებული გიგანტური წარწერით “Hooligan Bob”, ჰოდა ბოლო ამოსუნთქვამდე ხულიგან ბობად დარჩა ხულიგანი ბობი.
ხდება ხოლმე, რომელიღაც ადგილს ამოვიჩემებთ ადამიანები, იმ მოხუც ბაღის სკამს სადაც პირველ პაემანზე ვისხედით აწითლებულები, ჩვენსავით უცნაურ ხეს გაჩაჩხული ტოტებით, ან ძველი ნივთებით სავსე სხვენს თაროებზე მოხეტიალე წარსულის ჩრდილებით. ზუსტად ასე დავიჩემეთ სკოლის იისფერი ფანჯარა სამეულმა, საკლასო ოთახის წინ იდგა საღებავგადაცლილ კედლებს შორის მოქცეული, ერთმანეთისთვის გამხელილი ყველა იმედი იცოდა ჭორიკანა ხის რაფამ და ყველა შემოდგომისფერი გაღიმება ახსოვდა დაორთქლილ მინებს, ჟურნალში ჩაწერილ თითოეულ ორიანს ზეპირად ჩამოთვლიდა ჟანგშეპარული ანჯამები, ვერც გამღების ვინაობას გამოაპარებდი გაქექილ სახელურს. ბობისთვის რომ გეკითხა, დეისაძის ფანჯარას გავდა იისფერი ფანჯარა, აქედან სულ სხვანაირი ჩანდა მზე.
როცა ღია ფანჯრიდან გავყურებდი ხოლმე ჭორფლიან აპრილს, რატის თითები აგვისტოს წვიმად შემოეხვეოდა ჩემს მხრებს, და მხოლოდ იმ წამს, ფიქრებად დაშლილ მიჩინიოდ დავაბიჯებდი „სამოსელი პირველის“ ფურცლებზე და ყველაზე ხმამაღალი ჩურჩულით ვყვიროდი, დედამიწას სიყვარული ატრიალებს-მეთქი, დომენიკო!
მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას და ყველაფერს ვტოვებთ ადამიანები, ვიცოდი ჩვენი ფანჯრის მიტოვებაც მოგვიწევდა ოდესმე.
ჰოდა ბოლო დღეს, გვერდიგვერდ ვიდექით ფანჯარასთან, წარწერებიანი თეთრი პერანგებით და რაფაზე ნაკაწრებად დატოვებულ საკუთარ სახელებზე უხმოდ ვატარებდით თითებს. ჩვენს სამეულს ისევ ბერმუნდის სამკუთხედად იხსენიებდა ხულიგანი ბობი, არადა ორი წერტილი უფრო ვიყავით რატი და მე, ბობი კი ჩვენს შორის გადებულ ხიდს გავდა მაშინ, ყველაზე მყარ ხიდს მყარ ხიდთა შორის. წამოსვლის წინ ბოლოჯერ შევხედე მაისის სუნთქვით გამთბარ იისფერ ფანჯარას, უკანასკნელად მიყურებდა ფანჯრიდან ყველაზე იისფერი დღეები.
და წლების შემდეგ, როცა საავადმყოფოს კედლებს შევყურებდით მაისის ნაცვლად, გამუდმებით ხედის გამო წუწუნებდა მოულოდნელად ხასიათზე მოსული ვენებდალურჯებული ბობი, აქედან რომ გავალთ პირველად ჩვენს ფანჯარასთან წავიდეთო, მოტიტვლებულ თავზე ისვამდა ფერდაკარგულ თითებს. ზუსტად სამ დღეში, პალატის თეთრ მაგიდაზე იისფერი ფანჯრის უნახავად ჩატყდა ჩვენი ხიდი, ღამის სიჩუმეში ყურისწამღებად ღრიალებდა შავი აპარატი, ერთი ფერდი აღარ გყავთო ბერმუნდის სამკუთხედს.
მონაკვეთად გადავიქეცით მაშინ რატი და მე, აღარ წავსულვართ ფანჯარასთან შავებში ჩაცმულები, უსამობას ვერ გაუძლებდა იისფერი რაფა. თვითონ ნაკიანი წელიწადივით გამოჩნდებოდა ხოლმე , სულში მარტს დამიტოვებდა და ისევ მიდიოდა.
თუ კი თვეობით წვეთ-წვეთად მეღვრებოდა ბობი გადახსნილი ვენებიდან, როგორც ოკეანეში გადაგდებულ ჩვილს, ერთ დღეს მეც ჟანგბადივით წამებში გამომეცალა რატი.
და როცა არაფრისმთქმელ სიტყვებს სათითაოდ ჩაგძახის აგვისტოს წვიმაგამოუცდელი ბრბო, და როცა ცალი მკლავით ღია აივნისკენ გექაჩება შლეგი კარენინა, ყოველ ხავსმოდებულ კუნჭულში თავისი სულიკოს ძებნას იწყებს გულამოსკვნილი აკაკი....
ვეძებდი ჩემსავით მიტოვებულ, ნაცრისფერ ოთახებში,
სასაფლაოს ცივ ქვებსა და მათი სურნელით გაჟღენთილ ტანსაცმლის კარადებში,
ვეძებდი იმ ჩიბუხის ფორმის ვარსკვლავებში
მიჩინიოს მოტრიალე დედამიწას რომ ახურავს საბნად,
ვიცოდი, თუ ვნახავდი
ცხოვრების გაგრძელების მთელ მისეულ გეგმას შემიდგენდა ხულიგანი ბობი,
მუდამ მოციმციმე თვალებითაც მახარებდა,შენგან განსხვავებით მე არ ვბერდებიო,თბილო,
რატი თავის გაცივებულ თითებს შემომხვევდა ალბათ,
და როგორც ყოველთვის, ვერ იქნებოდა ვერც ერთი ბგერა ამ ქვეყნად მის დუმილზე მეტი...
დეკემბრის იმ დღეს, როცა ვერც ერთის მაისურმა ვეღარ ამივსო ფილტვები სუნთქვით, როცა დედამიწაზე ვეღარ ვეტეოდი წერტილად დარჩენილი ბერმუნდის სამკუთხედი, დეკემბრის იმ დღეს თეთრმა ფიფქებმა უმოწყალოდ რომ იწყეს ცვენა, მე ბოლო იმედისფერი სვლა დავიწყე იმ ფანჯრისკენ, საიდანაც სულ სხვანაირი ჩანდა მზე.
დეკემბრის იმ დღეს, წმინდა გრაალის საძებნად წასულ უწმინდურს ვგავდი ცარიელ დერეფანში.
დეკემბრის იმ დღეს, მარტო ვეღარ გავუძლებდი ხვალინდელ იანვარს.
დეკემბრის იმ დღეს, ჩემს აკაკის მხოლოდ ერთი ადგილიღა დარჩენოდა სულიკოს საპოვნელად.
ახალი წლის არც ისე იისფერ ღამეს
ძველებურად მიყურებდნენ ყველაზე იისფერი დღეები ფანტელებით დალაშქრული მინებიდან,
გახუნებულ რაფას კი ჯერაც შერჩენოდა გვერდიგვერდ დაკაწრული ჩვენი სახელები...
გაგიჟებას აკლდა ხუთი ჩასუნთქვა და
ისევ სამნი ვიდექით იისფერ ფანჯარასთან,
რატი, მე და ხულიგანი ბობი.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Mariam Abuladze

*da roca cali mklavit misken gekacheba shlegi karenina, yovel xavsmodebul kunchulshi tavisi sulikos dzebnas itskebs gulamoskvnili akaki*
*gagijebas aklda xuti chasuntkva da isev samni videkit iisfer fanjarastan*
rom shemedzlos mtel teksts gadmovcerdi martla. megona cnobili mclerlis nacers vkitxulobdi. magari gogo xar carmatebebi

isev me var :D fb jgufshi tu xar aucileblad shemexmiane

 



№2  offline წევრი Katherinaa

Mariam Abuladze
*da roca cali mklavit misken gekacheba shlegi karenina, yovel xavsmodebul kunchulshi tavisi sulikos dzebnas itskebs gulamoskvnili akaki*
*gagijebas aklda xuti chasuntkva da isev samni videkit iisfer fanjarastan*
rom shemedzlos mtel teksts gadmovcerdi martla. megona cnobili mclerlis nacers vkitxulobdi. magari gogo xar carmatebebi

isev me var :D fb jgufshi tu xar aucileblad shemexmiane

ძალიან დიდი მადლობა,
თუ Facebookს გულისხმობთ, სამწუხაროდ სოციალური ქსელების პასიური მომხმარებელი ვარ, აქ შეგიძლიათ შემეხმიანოთ ნებისმიერ დროს) მადლობა კიდევ ერთხელ

 



№3  offline წევრი ფორთოხალი

ბერმუდის სამკუთხედია და არა ბერმუნდის. როცა სამჯერ უშვებ ერთსა და იმავე შეცდომას, მექანიკური აღარ ქვია უკვე.
თვითონ ნაწერზე აი არ ვიცი, რა გითხრა. მომეწონა თითქოს, მარა რაღაც ბოლომდე ვერ მომეწონა, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის ზედმეტად სავსე იყო ჩუქურთმებით. მხატვრული ხერხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ that was like too much.
ეს ჩემი აზრია, ჟიური ალბათ, უკეთესად და უფრო კომპეტენტურად შეგაფასებს. წარმატებები :)

 



№4 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რა გითხრა,მეც მარტი დამიტოვე სულში.
დასასრულებში ხარ ძალიან ძლიერი, წინა ტურში მესამე ადგილას მყავდი ფავორიტების სიაში, ეხლა პირველზე ხარ.
შედეგების გამოცხადებისას შენს ნიკს ველი იცოდე <3

 



№5  offline წევრი Katherinaa

ფორთოხალი
ბერმუდის სამკუთხედია და არა ბერმუნდის. როცა სამჯერ უშვებ ერთსა და იმავე შეცდომას, მექანიკური აღარ ქვია უკვე.
თვითონ ნაწერზე აი არ ვიცი, რა გითხრა. მომეწონა თითქოს, მარა რაღაც ბოლომდე ვერ მომეწონა, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის ზედმეტად სავსე იყო ჩუქურთმებით. მხატვრული ხერხების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ that was like too much.
ეს ჩემი აზრია, ჟიური ალბათ, უკეთესად და უფრო კომპეტენტურად შეგაფასებს. წარმატებები :)

არაუშავს, მე მხოლოდ საღამოობით მომწონს ხოლმე საკუთარი ნაწერები, და თან მუსიკის ფონზე)
ბერმუდთან დაკავშირებით შენიშვნა მიღებულია.
დიდი მადლობა

სტუმარი გიკი გოგო
ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რა გითხრა,მეც მარტი დამიტოვე სულში.
დასასრულებში ხარ ძალიან ძლიერი, წინა ტურში მესამე ადგილას მყავდი ფავორიტების სიაში, ეხლა პირველზე ხარ.
შედეგების გამოცხადებისას შენს ნიკს ველი იცოდე <3

მე კი ვზივარ და მეღიმება)
მიხარია რომ მარტი დაგიტოვე,
და შენი კომენტარიც მიხარია

 



№6 სტუმარი სტუმარი teresa

ამდენს ნამდვილად არ მოველოდი.
გამაგიჟებლად კარგი იყო.
ამხელა კი არა, ამის ნახევარი ვერ ვიგრძენი წინა ტურში.
სუპერ გოგო ხარ!
ეს კი სუპერ ჩანახატია!
ყველაფერი იყო თავის ადგილზე და არაფერი იყო შეცდომით.
ეს...
იდეალურია!

 



№7  offline წევრი Katherinaa

სტუმარი teresa
ამდენს ნამდვილად არ მოველოდი.
გამაგიჟებლად კარგი იყო.
ამხელა კი არა, ამის ნახევარი ვერ ვიგრძენი წინა ტურში.
სუპერ გოგო ხარ!
ეს კი სუპერ ჩანახატია!
ყველაფერი იყო თავის ადგილზე და არაფერი იყო შეცდომით.
ეს...
იდეალურია!

მთელი მარადისობა მაკლია იდეალურის შექმნამდე
მაგრამ მხოლოდ ასეთი კომენტარების წასაკითხადაც ღირდა ამ ჩანახატს შექმნა.
მადლობა იმისთვის კი არა, რომ წაიკითხე.
მადლობა რომ იგრძენი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent