სიყვარული ანუ გამონათება
18-03-2015, 23:21. ავტორი: CooLPlaYeR ზამთრის სუსხიან დილას, როდესაც ხეებს სიცივისგან აკანკალებთ, წ....ბი მოხრილნი წვანან და ბუ ცხვირაბზუებული ამთქნარებს კატო ბებო თავის თბილ ოთახში, საყვარელ სავარძელში ზის და პატარა ფანჯრიდან ვრცელ სამყაროს გასცქერის. აკაკი წერეთელივით შემოუდგამს თავზე ხელი და ფიქრებშია გართული. ჯერ შვიდი საათია. ყველას ძინავს შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს. ის კი ზის და მზის ამოსვლას აკვირდება. უკვე ოცი წელია მისთვის დილა მზის ამოსვლით იწყება. ზუსტად იცის წელიწადის ნებიემიერ მონაკვეთში მზე, როდის იწყებს "გაზმორვას" და სითბოთი სავსე თვალების გახელას. როდესაც შეეკითხებით ასე მალე რატომ იღვიძებო, გიპასუხებთ: " მზე ჩემთვის სიწმინდის სიმბოლოა. მზე, ეს არის მთელი სამყარო, სითბო,სისპეტაკე. დიდიხანია ჩემთვის ყოველი სხივი დასაფასებელია. ძალიან მალე მასთან ახლოს მომიწევს ყოფნა. ამიტომ მინდა გავიცნო და შევიცნო ის... ". აქ საუბარს წყვეტს და თავისი არქაული, აი სითბოს, რომ ჩაგიღვრის სხეულში, ისეთი ღიმილით შეაცქერდება მზეს. კატო ბებიას არ უყვარს ბევრი საუბარი. ოჯახის წევრებიც ძალიან იშვიათად აწუხებენ მას. შეიძლება ეშინიათ მისი, ან შეწუხება არ უნდათ.
როდესაც ათი წლის ვიყავი შევცქეროდი ბებია კატოს და ვგრძნობდი რაოდენ დიდი სიყვარულით მიყვარდა. მას ჩემთვის ერთხელაც კი არ გადაუსვამს თავზე ხელი, არასდროს მომფერებია.. და ყოველთვის მაინტერესებდა იყო თუ არა მისი სხეული თბილი. შორიდან შევჰყურებდი და "ვვოცნებობდი" მასზე, როგორც აკრძალულ ხილზე. ბოლოს გადავწყვიტე ეს ოცდებაც ამეხდინა,. თავიდან ცოტათი შიშიც კი შემომეპარა. ვაი თუ, გამიბრაზდეს და მეჩხუბოს-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ასე შორს აღარ შემეძლო მისგან ყოფნა. სახლში არავინ იყო, სათამაშო იქვე დავდე და წამოვდექი. პირველი ნაბიჯი, რაღაც არაამქვეყნიური იყო. წარმოიდგინეთ, ფეხებზე ორმოცდაათ კილოგრამიანი ტვირთი გიკიდიათ და გეუბნებიან, რომ სამყარო უნდა შემოიაროო. აი, ზუსტად ასეთი განცდა მქონდა. უცებ მისმა ხმამ გამაშეშა.
-ლამაზია არა?- იკითხა ისე, რომ ფანჯრისთვის თვალიც არ მოუშორებია. უკან მოვიხედე, არავინ იდგა. ე.ი. მე მეკითხებოდა. ვერაფერი მოვიფიქრე თუ რა უნდა მეთქვა მისთვის. არ მინდოდა სულელური პასუხი გამეცა, ამიტომ სიჩუმე ვარჩიე.
-რატომ დუმხა. განა ენა გადაყლაპე?!-მკითხა და ის არქაული ღიმილი დააყოლა-ან რა საჭიროა სიტყვები, რომელი სიტყვა გადმოსცემს ამ სანახაობის შესაფერის შთაბეჭდილებას...
-ლამაზია, თუმცა მიუწვდომელი- ესღა ამოვილუღლუღე და ვიგრძენი, რომ ჭარხალივით გავწითლდი. მე მას ველაპარაკებოდი. დიახ, პირველად მოსწყდა ჩემს ბაგეებს მისთვის ნასროლი სიტყვები. ეს რაღაც პირველ სიყვარულს გავდა. სწორედ ისეთი იყო სატრფოს დიდი ლოდინის შემდეგ, რომ აუხსნი სიყვარულს და პასუხს ელოდები. -ისეთივე მიუწვდომელია, როგორც თქვენ ჩემთვის!-აი, ახლა კი ბოლომდე დავიცალე, გულზე მომეშვა.
ამ პასუხზე გაეღიმა. მთხოვა მის გვერდით საკმზე დავმჯდარიყავი. მეც უნებურად დავემორჩილე.
-რას ხედავ?-მკითხა მან.
ცოტა არ იყოს დავიბენი.
-ხეებს, ცას, ერთ ჩიტსაც და კიდევ მზეს.
-მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ გულწრფელი სიყვარული, რადგან ისინი იმას ხედავენ რაც რეალურია.
მაშინ ბოლომდე ვერც კი გავიაზრე მისი სიტყვები.
-აი, ახლა ამ წამს ყველაზე მეტად რა გინდა?-მკითხა ოდნავ აღელვებულმა.
მე პასუხის მომერიდა. ვერ გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა თუ არა.
-მინდა, რომ ... მინდა, რომ ჩაგეხუტოთ!-და თავი დავხარე.
ბებია კატოს თვალებზე ცრემლები მოადგა.
-მეც მინდა შევეხო მას. მაგრამ ის ჩემგან შორსაა. შორს და თან ასე ახლოს. მინდა ფანჯრიდან ხელი გადავყო და მას მივწვდე. თუმცა არ შემიძლია. ის იქ არის, მე აქ. დაიმახსოვრე პატარა, ყველაზე სანუკვარი და საყვარელი ის არის, რაც შენგან შორსაა. სიყვარულია, როდესაც გინდა რომ შეეხო, თუმცა უფრო დიდი სიყვარულია, როდესაც ამ სიხარულს მომავლისთვის ინახავ.
-მაგრამ დრო გადის-ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ მივაძახე. (არ მესმის ათი წლის ბავშვს დროის ასეთი შეგრძნება საიდან მქონდა, მითუმეტეს ბიჭს.)
-ჭეშმარიტ სიყვარულს დრო ვერაფერს ვერ დააკლებს. პიქით, უფრო მყარსაც კი გახდის მას. არც მანძილს აქვს მნიშვნელობა. ციფრებს ხომ მითუმეტეს.
-ყოველთვის რატომ უნდა ვიტანჯო? თქვენ ჩემთვის ასე ახლოს ხართ და თან ასე შორს. მუდამ ოცნებებით ვიცხოვრო? რატომ არ შეიძლება ეს ოცნებები რეალობად ვაქციო?
-ზოგჯერ, ბედნიერება უბედურებაშია, სიამოვნება ტანჯვაში. ოცნება, რაღა ოცნება იქნება თუ ის ახდება. ვიცხოვროთ ოცნებებით, რათა ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.
უცებ ხმაური შემოგვესმა, როგორც ჩანს "დიდები" დაბრუნდნენ. კატო ბებიამ ხელში პატარა მზის ფორმის მედალიონი ჩამიდო და მანიშნა საკუთარ ადგილს დავბრუნებოდი. მივედი სათამაშო კუთხესთან, ხელში ბებოს ნაჩუქარი "მზე" მეჭირა და ვგრძნობდი, რომ მიყვარდა, შესაბამისად ცხოვრებასაც აზრი ჰქონდა.
სამი თვის შემდეგ კატო ბებია, თავისი აუხდენელი ოცნების ასხდენა გაემგზავრა. პირველად შეხვდებოდა მზეს და პირველად უნდა ეზიარებინა ღვთიური ბედნიერება. სასახლეში მწოლიარეს ის არქაული ღიმილი მოჰფენოდა სახეზე. ხელში მისი ნაჩუქარი "მზე" მეჭირა. მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი. პირველად და უკანასკნელად. თუმცა...
დღეს, როდესაც მზეს ვხედავ მგონია, რომ კატო ბებიას ვუყურებ. მაქვს იმედი, რომ ერთ დღესაც ჩემი ოცნებებიც ახდება. დღეს გავიგე, რომ კატო ბებია უსინათლო ჰოფილა. მას არასდროს დაუნახავს თავისი მეუღლე, რომელიც დიდი ხნის წინ ომში გარდაიცვალა(ანუ ჩემი დიდი ბაბუა) და არც მზე, თუმცა ორივე გულწრფელად უყვარდა და ორივეს ნათლად ხედავდა.
გუშინ მზე შვიდის ნახევარზე ამოვიდა, როგორც ჩანს კატო ბებოს ძალიან მოვენატრე...
___________________
წინა ჩანახატშიც მაქვს გაკეთებული აკაკი წერეთელთან შედარება და გთხოვთ ამ გამეორებისათვის მომიტევოთ
მთავარზე დაბრუნება