4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ისტორია > მზარეულის დღიური

მზარეულის დღიური


7-03-2019, 22:18. ავტორი: გაზაფხული სოკოს ღვეზელით მოხიბლული მამაკაცების შესახებ არასოდეს გამეგო, არც იმ ფაქტის მჯეროდა „მამაკაცის გული კუჭზე გადისო“, თუმცა ყველა ჩემს პოტენციურ პარტნიორს მაინც ვუცხობდი სოკოს ღვეზელს. სულ სამი შემთხვევა მახსენდება, მაგრამ როდესაც ჩემი სამზარეულოს მაგიდასთან მოხვდებოდნენ და პირველივე ლუკმას ხარბად გადაისვრიდნენ საყლაპავ მილში, მაშინვე ყველას ვუყვარდებოდი.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უბრალო და ამავდროულად უსუსური დამთხვევაა, თუმცა მაინც გაგანდობთ ღვეზელის საიდუმლოს, იქნებ ვინმეს გამოგადგეთ კიდეც.
ინგრედიენტებში თქვენ არ დაგჭირდებათ არც მგლის და არც დათვის ქონი, არც ყვავის გაპუტვა მოგიწევთ სადმე, უბრალოდ აიღებთ საფუარს და თბილ წყალს , შევურევთ ფქვილს, მარილსა და ზეთს, მოვზილავთ ცომს და დაველოდებით მის ამოსვლას. პარალელურად მოვხარშავთ ბრინჯს , მოვშუშავთ სოკოსა და ხახვს და ავურევთ მოხარშულ ბრინჯში ოხრახუშთან, მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ კი ჩვეულებრივ გამოვაცხობთ.
სულ ეს არის ჩემი მთელი საიდუმლო რეცეპტი, არაფრით გამორჩეული და ისეთი, ყველა ინტერნეტ კულინარიის გვერდზე რომ მოიძებნება, ან ბებოს მიერ დატოვებულ ხელით შექმნილ რეცეპტების წიგნში, თუმცა მე იღბალი ნამდვილად მომიტანა.
***
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურის პოვნა ალბათ ყველასთვის სუსტი წერტილია, ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც.
ნანატრ დღეს, როდესაც დიპლომი ხელში დავიჭირე და წარმატების ნიშნად ქუდიც ჰაერში ავისროლე, მივხვდი, რომ სამსახური უნდა მეპოვნა. სტუდენტობის ბოლო დღეს ვაკანსიების განხილვის თავი არავის ჰქონდა, ამიტომ მეორე დილით ნაბახუსევზე ჩემი მოძველებული ლეპტოპი საწოლშივე მოვიმარჯვე.
ირგვლივ საშინელი ქაოსი იყო, ტანსაცმელი არც კი გამეხადა ისე მეძინა საწოლში, ნივთებიც აქეთ-იქით უწესრიგოდ იყო მიყრილი, თავიც განსაკუთრებით მტკიოდა და ისეთი მძიმე სუნი იდგა , ჩემს მეზობელ ვაჟას რომ ასდის ხოლმე, როცა მთვრალია.
გადავწყვიტე ჯერ მოვწესრიგებულიყავი, ამიტომ საპირფარეშოში შევედი და გრილი წყლით ვიბანავე, კბილებისას გამოხეხვისას კი სარკესთან დავდექი და თვალის ირგვლივ სილურჯე შევამჩნიე. რაც კი ძალა შემომრჩენოდა ყურადღებას მოვახმარე, ფაქტები ჩემს თავში რიგრიგობით დავალაგე , მაგრამ ცემის და ჩხუბის ვერცერთი კადრი ვერ დავიჭირე, მითუმეტეს, რომ ყველაფერი მახსოვს, როგორც მოვედი ისიც, უფრო სწორად როგორ მომიტანეს ისიც.
სასწრაფოდ ტელეფონი მოვიძიე, ვიდეტექტივე, ვიომე, გამოვიკითხე, თუმცა ჩემი თვალის ჩალურჯება არავის მეხსიერებაში არ მოიძებნებოდა. რეალურად რომ შევხედოთ, ეს ბევრად უფრო კარგი ვარიანტი იყო, ვიდრე ვინმესთან ხელჩართული ბრძოლა, რომ გამემართა, ამიტომ მაცივრიდან ყინული გამოვიღე, თვალზე დავიდე და საწოლში გავირინდე. გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც მომხდარი და ვიცინოდი კიდეც, რა თქმა უნდა, მხოლოდ გულში.
***
პირველი ვაკანსიაც მოვძებნე, ყველაფერი იდეალურია (ჩვენს პირობებში), ხელფასიც კარგი, განაკვეთიც მშვენიერი , თუმცა ....
სავალდებულო მოთხოვნა : მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი.
რაო? სამი წელიო? სამი წელი, რომ მემუშავა ასეთ სამსახურს ხომ არც დავთანხმდებოდი. მაშინვე წერილი გავამზადე, სადაც ვხსნიდი, რომ მე ერთი დღის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი და ფიზიკურად ვერ მექნებოდა სამ წლიანი გამოცდილება, თუმცა მაშინვე მივხვდი, რომ ამას არავინ წაიკითხავდა და ჩემი ლეპტოპის ეკრანიდან ფაილმა სანაგვე ყუთში გადაინაცვლა.
ასე გავიდა ათი დღე და ჩემი სამსახურის პოვნის იმედი მთლიანად ქრებოდა.
აქამდე არ აღმინიშვნავს, მაგრამ ძალიან მარტივი მისახვედრი უნდა ყოფილიყო, რომ კულინარიაზე ვსწავლობდი, ამიტომ კარგი კერძების გაკეთება არასოდეს მიჭირდა, ზემოთ ხომ აღვნიშნე კიდეც როგორ ვაწონებდი ბიჭებს თავს ჩემი ღვეზელებით, ამიტომ ღვეზელების ცხობა დავიწყე, ვაცხობდი და ერთ-ერთ საკონდიტროში ვაბარებდი.
ეს იდეა მაშინვე არ გამჩენია, არც მარტივად მომიძებნია ადამიანი, რომელიც ჩემს კერძებს იყიდდა, თუმცა რისთვის არსებობს ინტერნეტ სივრცე, გავაკეთე ჩემი ბლოგი და ყველას მოვუწოდე ჩემთან შეეძინათ უგემრიელესი კერძები მიზერულ ფასში. დიახ, პირველი შეკვეთიდან მხოლოდ ათი ლარი დამრჩა მოგება, მაგრამ ეს იყო პირველი ათი ლარი, რომელიც ჩემით მოვიპოვე.
ვაცხობდი ყველაფერს: ქათმის ღვეზელს, ტარხუნის ღვეზელს, კარტოფილის ღვეზელს, ზოგადად ყველა ღვეზელი რაც კი არსებობდა და მეც ნელ-ნელა წინ მივიწევდი, ვარეგულირებდი ფასებს და თვალს ვადევნებდი ინგრედიენტების ფასის ცვლილებას.
ასე დავიწყე გზის გაკვალვა სრულიად უცხო მხარეს, რაც შემდგომ არც ისე მარტივი აღმოჩნდა როგორც მეგონა.
***
ძალიან ხალისით და შემართებით ვყვები ჩემს ისტორიას, მაგრამ არც ასეთი მხიარული და უდარდელი ცხოვრება გამიტარებია, როგორც ეს თქვენ მოგეჩვენათ. სამსახურის პოვნაც ერთ-ერთი თავშესაფარი იყო ჩემი მაშინდელი მდგომარეობისთვის.
საყვარელი ადამიანი დავკარგე. შეიძლება ითქვას არც კი მიპოვნია, რადგან მან ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ჩვენი ოცნებები.
ყველაზე მეტად ტყუილმა შემაძრწუნა, ნდობა წამებში დაიმსხვრა ჩვენ შორის, თითქოს წამში გახდა ის ჩემთვის სრულიად უცხო. დღემდე მახსოვს, იმ საღამოს რა მონდომებით მოვამზადე სოკოს ღვეზელი, ის ღვეზელი ასე განსაკუთრებით რომ უყვარდა ჩემი კერძებიდან. მე დღესაც მეზიზღება ეს სუნი, კარგად ნაცნობი, მაგრამ საშინლად მწარე.
იმ საღამოს მასაც სხვანაირი სუნი ასდიოდა, სხვა ქალის სუნამოს არა, ბინძური, ჭუჭყიანი სუნი ასდიოდა მთელ მის სხეულს.
შინაგანად უკვე მეზიზღებოდა მისი სახის დანახვა, მაგრამ სახლში მაინც შევიპატიჟე, თვალებს ვერ მისწორებდა, მაგიდასთან დაჯდა და ჩუმად გამომაყოლა თავი, მის წინ თეფში , ჭიქა და ჩანგალი დავდე, შემდეგ ხელსახოცი, წვენი და ბოლოს ღვეზელებით სავსე თეფში.
-რას აკეთებ მართა ? - შეცბუნებულმა გამომხედა და ის ხელი, რომელიც ჩემთან შესახებად წინ წამოწია მზერით შევუჩერე და გავუყინე.
ხმა არ ამომიღია, თეფშზე ღვეზელი დავუდე და ვანიშნე ეჭამა. ალბათ შეეშინდა , საწამლავს ჩამიყრიდაო და ხელი არ დაუკარებია, უბრალოდ უყურებდა და ანერვიულებულ ხელებს მუხლებს შორის მალავდა.
მე ყველაფერს აგიხსიო, დაიწყო მოყოლა, თუმცა მისი საუბრიდან ერთი სიტყვა არ გამიგია, ვფიქრობდი, რომ ღვეზელს წიწაკა დავაკელი და არც ისე მწარე იქნებოდა-მეთქი.
ერთი საათი იჯდა ჩემს ფეხებთან ჩაკეცილი, რაღაცებს მთხოვდა, მიყვარხარო მეფიცებოდა, მე კი მისი გაგდების ძალაც არ მქონდა, ვიჯექი და სრულიად სხვა ფიქრებში ვმოგზაურობდი. გაგიკვირდებათ და, მანამდე სულ ერთად დავდიოდით ოცნებიდან ოცნებაში, იმ წამს კი სრულიად მარტო აღმოვჩნდი და არც კი ვიცი სად გაქრა ან სად წავიდა ამხელა „ვაჟკაცი“ ჩემი გონებიდან.
-შეხედე , მართა! ნახე ეს საწოლი, ეს სამზარეულო, გთხოვ, შეხედე! ეს ყველაფერი, ხომ ჩვენი სიყვარულისთვის ვიყიდეთ. შენ მე გიყვარვარ და მე შენ, ამაზე მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს? - ეს მოკლე ამონარიდია მისი საუბრიდან, ეს იმ ბინძური კაცის სიტყვებია სახლი, რომ დამისვარა.
ჩვენ იმ საწოლში ჯერ ღამე არ გაგვეთია, არც ვაპირებდით სანამ ქორწილი არ იქნებოდა, არც ის თეთრეული გადაგვიკრავს პირველი ღამისთვის რომ შევარჩიეთ და არც ის სუნამო გამიხსნია ქორწილის დღისთვის, რომ მიყიდა.
თუმცა ამ საწოლში სხვა ჩააწვინა, ჩვენს საწოლში ვიღაც სხვა იწვა და მასთან იკმაყოფილებდა სექსის სურვილს. მე არ შემისწრია, მადლობა ღმერთს, თორემ თავზე დავალეწავდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა, თუმცა არც სხვისი სიტყვებით მონაყოლს ჰქონია ბევრად ნაკლები რეაქცია, შეიძლება იმიტომ , რომ შემრცხვა, ჩემი სიყვარულის მოღალატე კაცის მიმართ. იმ დღეს ხომ ყველამ შეხედა ამ სიყვარულის აბსურდულობას, ყველამ ჩვენკენ გამოიშვირა თითი, მე უკვე მოღალატე მამაკაცის პარტნიორი ვიყავი, უკვე მეორე ნომერი გავხდი მის ცხოვრებაში, თუმცა ეს ტალახი მაინც არ მადარდებდა, არც თავს ვიდანაშაულებდი არასრულფასოვნების შეგრძნებით, უბრალოდ მრცხვენოდა, რომ მიყვარდა ის, ვინც ამას არ იმსახურებდა.
არასოდეს ვიქექებოდი მის ტელეფონში, არც მისი სოციალური ქსელებით დავინტერესებულვარ, პანიკური შიშიც არასოდეს მქონია მისი ღალატის მიმართ, თუმცა ჩემი ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ისეთივე იაფფასიანი აღმოჩნდა, როგორც იმ წყვილების, ერთმანეთის გარეშე არსად რომ არ დადიან და აკონტროლებენ.
***
სპაგეტი მოვამზადე. ეს იყო პირველი კერძი, რაც მისი წასვლის დღეს გამომივიდა. მანამდე კი სახლი კარგად გავანიავე, ყველა ნივთი და მათ შორის ის ღვეზელებიც ნაგვის ურნაში ჩავუშვი და ეზოში ჩასვლაც არ დავიზარე მათი თავიდან მოსაშორებლად. ის თეთრეულიც გადავაგდე და ის სუნამოც, რა თქმა უნდა. ჩემი სპაგეტი კი თევზით მოვამზადე, რადგან თევზის სუნს იმ ბინძური მამაკაცის სუნი მთლიანად გაექრო.
რეცეპტსაც ახლავე მოგაწვდით, არ დავიზარებ :
დაჭერით კუბიკებად პომიდორი, დაჭყლიტეთ ან გაჭერით ორად ზეთის ხილი, მოაცილეთ თევზს ფხა და კანი, დაჭერით ძალიან წვრილად ოხრახუში, საშუალო ცეცხლზე დაადგით ტაფა და ზეთში მოთუშეთ დაკეპილი ნიორი, შემდეგ ტაფაში ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი თევზი და აცადეთ , სანამ თევზი არ შეიცვლის ფერს, თან ურიეთ და ეცადეთ თევზი არ დაიშალოს. მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოასხით ღვინო, როდესაც ღვინო აორთქლდება დაუმატეთ პომიდორი. მოთუშეთ ეს ყველაფერი 10 წუთის განმავლობაში და დააყარეთ ბარდა, ბოლოს ზეთისხილი და ოხრახუში. ურიეთ , მაგრამ ფრთხილად , რომ თევზი პიურედ არ გადაიქცეს. აცადეთ წვენს ცოტა აორთქლება და შემდეგ გადმოდგით ტაფა. მიღებული მასა მოასხით სპაგეტს და მიირთვით გემრიელად .
ასეთი გემრიელი კერძი დავიდგი წინ და ლუკმაც ვერ გადავყლაპე. ვიჯექი და უბრალოდ ვუყურებდი ჩემი ხელოვნების ნიმუშს, რადგან გემოს გასინჯვას სავარაუდოდ არც მომავალში დავუპირებდი.
ხშირად ვფიქრობდი მოღალატე მამაკაცებზე, წამიკითხავს, მინახავს, შევსწრებივარ კიდეც მსგავს სიტუაციებს, მაგრამ მე ზედმეტად მშვიდად შევხვდი ამ ამბავს, არც ცრემლები მომდიოდა და არც არაფრის დალეწვის სურვილი მიჩნდებოდა, არც იმ ქალისთვის მინდოდა თმების დაგლეჯა, უბრალოდ მინდოდა ყველაფერი გამქრალიყო , რაც მას მახსენებდა, მინდოდა იმ სახლიდანაც გადავსულიყავი, მინდოდა უბრალოდ ეს მონაკვეთი ამომეღო ჩემი ცხოვრებიდან და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება.
სიბინძურეს ყველგან ვგრძნობდი, სადაც არ უნდა მიმეპყრო ჩემი თვალები და გონება, ყველგან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვცდილობდი ჩემი, ყოველთვის სუფთა სახლი ისევ იმ სისუფთავის ეტალონზე ამეყვანა, მაგრამ ამდენ სიშავეს ვერცერთი საწმენდი საშუალება ვერ უშველიდა დროის გარდა. დრო კი ძალიან, ძალიან ნელა გადიოდა.
***
ასე მარტოობაში გავიდა ორი კვირა, ჩემი გზა მხოლოდ მარკეტამდე ჩადიოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა, საჭმელების კეთებაში შვებას ვპოულობდი, ჭამით კი ეზოს ძაღლებსა და კატებს ვუმასპირძლდებოდი, რამდენჯერმე მეზობელსაც გავუტანე და ერთი პორცია ჩემთვისაც დავიტოვე ხოლმე, წითელ ღვინოსთან ერთად მისაყოლებლად.
იმ პერიოდში ყოველდღე ამომქონდა ერთი ბოთლი წითელი ღვინო და მთელი დღის განმავლობაში ვწრუპავდი ნაზ მელოდიასთან ერთად, რომელიც მთლიანად Youtube-ზე იყო დამოკიდებული და მის მიერ შერჩეულ სიმღერათა სიაზე. ამიტომ ხან ბეთჰოვენს ვუსმენდი, ხან შოპენს, ხანაც ჯაზის რომელიმე სიმღერა წამოეწეოდა კლასიკას და არც ქართულ სიმღერებს მიტოვებდა ჩემი ფირსაკრავი, თუმცა ხანდახან მაინც გამოურევდა რამე შეუფერებელს და მეც თითქოს არ მესმისთქო, სხვა ოთახში გავდიოდი გამორთვის ნაცვლად.
საკუთარი ჯანმრთელობით მალევე დავინტერესდი, რადგან ასე ღვინოზე შეჩვევა არ წამადგებოდა, არც საკუთარ თავში ჩაკეტვა იყო გამოსავალი და ჩემი , უფრო სწორად ჩემი ყოფილი საქმროს ბინძური ხელებიდან გამოსასვლელად უნივერსიტეტში ლექციებზე სიარულის აღდგენა გადავწყვიტე.
ვისწავლეთ ახალი კერძების მომზადება, სახლში კი მათი ექსპერიმენტულად გადაკეთება უფრო მიზიდავდა, ამიტომ ხშირად ვუზავებდი სრულიად უგემოვნოდ ინგრედიენტებს , თან ისე, რომ ეზოს ძაღლებიც კი არ ეკარებოდნენ და პირდაპირ სანაგვე ურნაში ვუკრავდი თავს ზედმეტი ფიქრის გარეშე.
ერთხელაც გადავწყვიტე იმერული კერძებიდან რაიმე უფრო ევროპული გამომსვლოდა და ლობიოს პარმეზანი შევუზავე, ალბათ წარმოდგენაც არ უნდა რა საშინელება გამოვიდა, თუმცა მეზობლების ყურადღება ნამდვილად მივიპყარი.
კარზე კაკუნს მიჩვეული ვიყავი, მუდამ ვიღაც მოდიოდა, მაგრამ თითქმის არასოდეს მოდიოდა ჩემთან დაუპატიჟებელი სტუმარი, აღარც ის ვაჟკაცი მოდიოდა ხოლმე პატიების თხოვნით, თან მის კაკუნს ყველაში გამოვარჩევდი. ცოტათი შევცბი და ფეხაკრებით მივედი კართან. სიმპატიური ბიჭი იდგა, მაგრამ საერთოდაც არ დამაინტერესა მისმა სიმპატიურობამ, მე ხომ გულგატეხილი ქალის სინდრომი მჭირდა, რომელსაც არ აინტერესებს სხვა მამაკაცი, დაივიწყა ბედნიერება და აღარ სჯერა სიყვარულის, ამიტომ არც ჩემი დასვრილი ხელები გამიწმენდია, არც თმა შემისწორებია და არც წინსაფარი ჩამომიხსნია სასწრაფოდ.
როგორც ვთქვი მეზობლები დავაინტერესეთქო და ისიც ჩემი მეზობელი აღმოჩნდა, ორი თავი ხახვი არა, უბრალოდ რეცეპტი უნდოდა რომელიმე კერძის.
გამეცინა, ნეტავ თავი რომელი ფილმის პერსონაჟი ეგონა ასე, რომ მომადგა, ან რა ეგონა, გავუღებდი კარს და ღვინოსთან ერთად ჩამოვუწერდი ჩემი სოკოს ღვეზელის რეცეპტს?
კარებშივე მივაძახე წარუმატებელი ექსპერიმენტია და მალე გადავყრითქო და კარი მივუხურე.
იმ დღის შემდეგ პირველად მაშინ გავიცინე, წარმოვიდგინე როგორი დასანახი ვიქნებოდი, როგორი სასაცილო და უტაქტო გამოვჩნდებოდი, მაგრამ არ მადარდებდა, არ მადარდებდა სხვა რას იფიქრებდა ჩემზე, მთავარი ჩემი წარმოდგენა იყო ჩემს თავზე და სწორედ ასე უცნაურად გამოწყობილი, საშინელი საჭმლით ხელში მომწონდა ჩემი თავი და არ ვაპირებდი რაიმეს შეცვლას.
მთავარზე დაბრუნება