თქვენთვის წერილია, სტივენ კინგ! (კონკურს გარეშე)
რა თქმა უნდა ხალხო, ეს კონკურს გარეშე სიახლეა. მართალია, კონკურსის კატეგორიაში, მაგრამ მე ვიცი რომ აქ მონაწილეობის უფლება არ მაქვს. არ მინდა ამის შეხსენება. და ამიტომაც, სპეციალურად დაველოდე პირველი ტურის დასრულებას და ახლა ვდებ მხოლოდ. ეს წერილი ორი წლის წინ დავწერე. 2014 წლის 17 სექტემბერს, თუ 16 ში. 5 დღე იყო დარჩენილი 21 სექტემბრამდე, 16 გამოდის ხო? კი... ეს წერილი ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბის შემქმნილ ჟურნალშიც დაიბეჭდა, ასევე განთავსდა ჩვენს ოფიციალურ საიტზეც, მაგრამ აქ ვდებ მაინც. ზუსტად ამ თემაზე რომ იყო, გადავწყვიტე ახლა დამედო, მაინტერესებდა როგორ შემაფასებდით მონაწილე რომ ვყოფილიყავი, ან თქვენ, ამჟამად კონკურსანტებო. ვნახოთ რა შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. თან რა სიმბოლურია?! ზუსტად მაშინ დასრულდა ეს კონკურსიც... დღეს, უკვე 21 სექტემბერს სტივენ კინგს დაბადების დღე აქვს. სწორედ ამიტომაც ვდებ მეორე მიზეზითაც. მე მართლა მინდა ერთ დღეს ეს წერილი მას მიუვიდეს, მეც მივიდე კინგამდე და მაგრად ჩავეხუტო! ვიზამ ამას... ვიცი რომ ვიზამ! მჯერა. და განსაკუთრებით განცხადება... 21 სექტემბერს, შვიდ საათზე მე და პალიტრა აღვნიშნავთ კინგის დაბადების დღეს. ყველას გელოდებით "ახალ მზიურში" - სადღაც ბიბლუსის გალერეასთან ახლოსაა, ადრე მზიური რომ იყო იქ ახლოს. დავიწყოთ შიშის ლაბირინთში სირბილი? დავიწყოთ: --------- გამარჯობა სტივენ! სულ მინდოდა შენთვის ერთი პატარა წერილი მომეწერა, მაგრამ არსებობდა რამდენიმე პრობლემა, რის გამოც ვერ გწერდი. ჯერ ერთი ის, რომ არ ვიცოდი, როგორ დამეწყო. იმით, რომ ძალიან მომწონს შენი წიგნები და ვკითხულობ ისე, თვალს ვერ ვწყვეტ-მეთქი თუ სხვა რამ მომეფიქრებინა, როგორც შენ იწყებ შენს წიგნებს, დაწყებიდანვე რომ ითრევ მკითხველს და ვეღარ წყვეტს თვალს. რითიც უფრო დაინტერესდებოდი და ბოლომდე ჩაიკითხავდი წერილს. რა თქმა უნდა, ჯერ სალამს გეტყოდი, სალამი ხომ ღვთისაა. მეორე პრობლემა კი ისაა, რამდენად მოაღწევს შენამდე. სამწუხაროდ, არ ვიცი, ამ წერილს წაიკითხავ თუ არა. შენ ხომ ახლა მსოფლიო გიცნობს, შენი წიგნებითა და მათ მიხედვით გადაღებული უამრავი ფილმით, ხოლო მე ვინ ვარ. ჯერ ახლა ავიდგი ფეხი მწერლობაში, ახალი გამოჩეკილი ბარტყივით ვარ, რომელიც სიარულს სწავლობს. რა გასაკვირი იქნებოდა, რომც მოეჭრია წერილს შენამდე, მაინც რომ არ წაგეკითხა. უამრავი წერილის კითხვა გიწევს და ჩემსას მცირე შანსი ჰქონდა შენამდე მოსვლის. ასე არაა? მაპატიეთ, არც ის ვიცი როგორ მოგმართოთ, თქვენობით თუ შენობით, მაგრამ თავს ვაძლევ მაინც იმის უფლებას, რომ შენობით მოგმართო. მაქვს ამის მიზეზი და გეტყვი რატომაც. კი, შენ ყველა გიცნობს და მე არავინ ვარ შენთან შედარებით, მაგრამ წიგნებმა დამანახეს, რომ მეც შემიძლია მივაღწიო ცხოვრებაში იმდენს, რომ გამიცნოს ხალხმა და შემიყვაროს ისე, როგორც შენ. შენი წიგნებით, იმდენი რჩევა მომეცი უფასოდ, რომ სათანადოდ გამომადგა და ამისთვის დიდად მადლობელი ვარ შენი. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიყვარს შენი წიგნების კითხვა არის ის, რომ მკითხველს ითრევ და თავისუფლად აკითხებ თავს, თან ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს დიდი ხანია გიცნობ და ერთად ბევრი დრო გვაქვს გატარებული. იმის გარდა, რაც წიგნის შინაარსს ეხება, ის, რასაც პირდაპირ მკითხველს ეუბნები, ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, თავს ვგრძნობ შენს მეგობრად და შენობით სწორედ ამიტომ მოგმართავ. შენი წიგნების კითხვის დროს მგონია ერთად ვსხედვართ ბარში, სადაც უამრავი ადამიანი ირევა. მიმტანს ვეძახით და მეგობრული ღიმილით ვთხოვთ სასმელს, თან თვალს ვუკრავთ და ხუთ დოლარიანს ჯიბეში ვუცურებთ. მე შენს პირისიპირ - შენ ჩემს პირდაპირ, ვისკის ვწრუპავთ და ერთმანეთისა და ოჯახების მოკითხვის შემდეგ იწყებ ამბის, შენი თავგადასავლების თხრობას. თითქოს შენც იქ იყო და მე კი ისე გისმენდე, რომ ნათლად ვხედავდე თითოეულ პერსონაჟს, მეტიც, ერთ-ერთ პერსონაჟადაც კი წარმოვიდგინო თავი. გავიგე, როგორ გაიქეცი შოუშენკიდან, როგორ დაგიჭირა შენმა „ფანმა“ და რა დღეში ჩაგაგდო ავარიაში მოხვედრის შემდეგაც, რომ გთხოვდა განაგრძე წერა და როგორ გაგიბრაზდა, საყვარელი პერსონაჟი, რომ მოუკალი. კიდევ იმ პატარა ბიჭის ამბავიც მახსოვს, რომ ცდილობდა მეორე მსოფლიო ომზე ბევრი რამ გაეგო და მერე თურმე ხალხსაც რომ ხოცავდა. „ბნელი კოშკი“ მიყვარს საოცრად, უფრო სწორედ, ის, რაც დასაწყისშია. ამ წიგნით გაგიცანი ისეთი, როგორიც ხარ და ბევრი საერთო აღმოვაჩინე შენთან. მაგალითად, ის, რომ მეც 19 წლის ვარ და ამბიცია გამიჩნდა წიგნის წერისა. მეც მაქვს ამბიცია დავიპყრო ჩემი წიგნებით მსოფლიო და გარდავქმნა ადამიანთა გონება. განსაკუთრებით მომწონს ის სიტყვები, რაც პირდაპირ რჩევად აღვიქვი, „ნუ მისცემ მშობლებს და ვითომ შენზე ჭკვიან ადამიანეს იმის უფლებას, რომ აზრი შეგაცვლევინონ“. ამ სიტყვებმა ისეთი სტიმული მომცეს, რომ არ ვაპირებ თავი დავანებო იმას, რაც ასე ძალიან მიყვარს. ჩემთვის წერა არის ბრძოლა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. რასაც წერის დროს განვიცდი, ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება - ეს ცხოვრებას მიხალისებს. ასე ვინარჩუნებ საღ აზრს, მეხმარება, რომ არ გავგიჟდე. შენმა წიგნებმა შთამაგონეს და გარდამქმნეს სრულიად, შენ ეს მოახერხე ნამდვილად - მოახერხე, რაც ასე ძალიან გინდოდა. მეც იმავე ჟანრში დავიწყე წერა, რაშიც შენ. მინდა ხალხის სიყვარულს ვიღებდე სანაცვლოდ, მინდა ყველამ გამიცნოს. ალბათ კარგია, როცა ხალხს უყვარხარ და ასეთ წერილებს გიგზავნიან, არა? შენ ამ ყველაფერს იმსახურებ, რადგან უდავოდ საუკეთესო მწერალი ხარ ჩემთვის. შენ ნომერ პირველად აღგიქვამ და თითქოს, რაღაც ვიპოვე შენში ისეთი, რამაც დამარწმუნა წერაში, რამაც დამარწმუნა, როგორ მეცხოვრა და რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება გადაიტანოს კაცმა, შენც ბოროტი პატრული გაფერხებს, მაგრამ მაინც არ ემორჩილები წესებს და სწრაფად მიიწევ წინ, ცდი მის მოთმინებას, ბოროტი პატრული კი, ალბათ, შურით და ბოღმით სკდება, რომ მაინც ვერ მიაღწია საწადელს შენი თხრილში გადაგდების შემდეგ. შენით ისე დავინტერესდი, რომ დავიწყე ბიოგრაფიის კითხვა, აუცილებლად მინდოდა გამეგო ყველაფერი შენს შესახებ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო. ეს ჩემი ცხოვრების ძირითადი ეტაპი იყო. გავეცანი შენს ბიოგრაფიას და უფრო დაგიახლოვდი ამით. შენს საუკეთესო მეგობრად მიმაჩნია თავი, მერე რა, რომ პირადად არ გიცნობ. იცი, ჩემი ოცნება სწორედ რომ შენი გაცნობაა. მინდა ისე გაგიცნო, როგორც მწერალმა მწერალი... მწერალი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და ვის წიგნებსაც ისე ვუფრთხილდები, როგორც არ მოვუფრთხილდები ჩემს შვილებსაც კი - ალბათ. ჩემთვის ნამდვილად საამაყო იქნება ის დღე, როდესაც შენი გაცნობა შემეძლება და მჯერა, რომ ეს დღეც დადგება. 21 სექტემბერი ჩვენთვისაც დიდი დღეა, რადგან ამ დღეს ღვთისმშობლობას აღვნიშნავთ. „უიმედოთა ქალაქის“ წაკითხვის შემდეგ, როდესაც გაგიცანი, ეს დღე ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. მეორე მიზეზი ის არის, რომ ამ დღეს დაიბადე შენ. როცა ამ წერილს ვწერ კიდევ ხუთი დღე დარჩა შენს დაბადების დღემდე, მაგრამ მინდა გულით მოგილოცო ეს დღე. შენი არსებობით ბევრ ადამიანს გაუხარე გული და კიდევ დიდხანს და ჯანმრთელად გაცხოვროს უფალმა. შენს წიგნებს მოუთმენლად დაველოდები ყოველთვის. კიდევ ბევრი წიგნი დაგვიწერე და არ მოგვაკლო ყურადღება შენს მკითხველებს. შენი წიგნებიდან ამას ყოველთვის ვგრძნობ. დიდხანს იცოცხლე, რადგან მინდა ჩემი ოცნება ავისრულო და გაგიცნო! შენი ცოლ-შვილი როგორაა? ხომ კარგად არიან? ისინიც ბედნიერად უნდა იყვნენ შენს გვერდით. ცოლ-შვილი მომიკითხე და კიდევ პოლი. ხო, პოლი ჰქვია, როგორც მახსოვს. პოლის ამბებს განვიცდი, როგორ ჩაარტყა ფეხში ცული ენი უილკსმა. იმედია, მალე კიდევ გააგრძელებს წერას და ისიც შემოგვთავაზებს რამე საინტერესოს, მარტო მიზერიზე ხომ არ იქნება არა? ოვერლუკს მას შემდეგ ვერიდები, რაც ტორენსის ამბავი გავიგე. საშინელება იყო პირდაპირ და კიდევ კარგი აფეთქდა ეგ სასტუმრო. იმედი მაქვს ვეღარ აღადგენენ. არადა, ტორენსი მაგ სასტუმროში მოხვედრამდე კარგი კაცი იყო, პირადად არ იცნობდი? მახსოვს რომ მომიყევი, კარგად მახსოვს. ჩესტერმილელ ხალხთან თუ გაქვს ახლა მიმოწერა? იმედია, კარგად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩაიკეტნენ თავიანთ პატარა დაბაში. მანდ რომ ვყოფილიყავი, მეც შემეშინდებოდა და ბუნებრივია, არ მიკვირს მათი რეაქციაც. მათ ადგილას პანიკა ვის არ დაეუფლებოდა? ვერ დავიჯერებ იმას, რომ რარაც ამოუცნობი მოვლენის მომსწრე ხარ და არ გეშინია. მსროლელის ამბავიც ძალიან მაინტერესებს, რას შვრება კიდევ ცოცხალია? ბოლოს, რომ ვნახე ცოცხალი იყო, კი კარგად მახსოვს შავსამოსიან კაცთან ერთად რაც გადახდა და კიდევ ის წინასწარმეტყველებაც. ღმერთო, როგორ განვიცადე, რაც მათ გადახდათ. საშინელება იყო პირდაპირ. შემდეგ ამბებსაც, რომ შეესწრები იმედია გამაგებინებ. და ძალიან გთხოვ არ გამომტოვო, დამირეკე ან მომწერე, როგორც ყოველთვის კითხვა უფრო მირჩევნია, მაგრამ ტელეფონით უკეთ ამიხსნი. ან დავსხდეთ სადმე. ჯონ კოფის სულისთვის ვლოცულობ, ის მართლა უდანაშაულო იყო და მაინც მოკლეს, მოვალეობის მოხდის გამო. არადა, რამდენს დაეხმარა, რამდენი განკურნა და მაინც ასე გაიმეტეს. შენგან გავიგე, აი, წერილი რომ მომწერე მაშინ და იმდენი ვიტირე, ვერ შევიკავე ცრემლები. ყველაფერი შემატყობინე, როცა ამ წერილს წაიკითხავ და კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს, მეგობარო. შენ რომ არა, ბევრს ვერაფერს გავიგებდი. იმედი მაქვს კიდევ ბევრ რამეს გამაგებინებ და ყველა ამბავი ასეთი საინტერესო იქნება, მაგრამ ზოგი მართლა ისეთია, გული დაგეწვება კაცს. შენგან ერთ დიდ მოზრდილ წერილს ველოდები, როგორც იცი ხოლმე. ერთ წერილში უნდა ჩაატიო, იცოდე, ყველაფერი და გამომიგზავნო ჩემს ქვეყანაში. პატარა საქართველოში, სადაც ახლა ვცხოვრობ, მაგრამ მალე ჩამოვალ და აუცილებლად გინახულებ. ტაბიტა მაგარი ქალია ძალიან, მისი მადლიერი უნდა იყო სტივენ, ძმაო. ეგ რომ არა ახლა „ქერის“ ამბავს ვერაფრით გავიგებდი და, მოკლედ მაგის დამსახურებაა, რომ გიცნობ. შენი შვილი კი ისეთივე სასახელო ბიჭი დამდგარა, როგორც შენ იყავი ახალგაზრდობაში. ფრთხილად, არ გაჯობოს, ხომ იცი ახალგაზრდებს უფრო უჭრით გონება და გაცილებით უკეთ შეიძლება შეგაშინონ. აბა, წარმატებები. ველი სიახლეებს! დიდხანს იცოცხლე! შენი ერთგული, შიშების და სიყვარულის დიდოსტატი ერკე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.