აპრილი
წელსაც აპრილი აგიჟებდა ნაავდრალ ამინდს და მაინც მარტს შემოაცვეს თეთრი ხალათი. იყო თორმეტი უსასრულო საათი დღეში და თითო წუთში ჩატეული ათასი ფიქრი, რომლებიც ალბათ უფრო მიაგავდნენ ნაშფოთვარ ღამით დაწერილ სტროფებს, ხშირად უმისამართოსაც, ფეხარეულს, ნამთვრალევს. ფანჯრიდან ჩანდა სამყარო და გრძნობებარეულმა გავაფარე მუქი ფარდები, რადგან ოთახი იყო უფრო ფერადი,ვიდრე ხედი ჩემი სარკმლიდან. მე მქონდა სულ ერთი საწოლი და მხოლოდ ორი მეზობელი მაწვდიდა დილაობით ჯერ ისევ თბილ ოცნებებს. ვდებდი ფანჯრის რაფაზე ქაფქაფა ჩაის და ორი კოვზი ოცნება კმაროდა დასატკბობად. იორთქლებოდა მინები და ფანჯარაზე ჩამომჯდარი თითით ვხატავდი ბედნიერებას. ბედნიერებას ჩემთვის, სხვისთვის კი უბრალოდ სხივებგაფარჩხულ მზეს. ფინჯნის დაცლასთან ერთად ცივდებოდა გამთბარი ოთახი და შევყურებდი ატირებულ მინებს. წამში იცვლებოდა ამინდი ოთხაში და ჩაჟამულ სიცარიელეს მოუხდებოდა წვიმის წკაპუნი, ანდაც ერთი ნანატრი თავსხმა. მოუხდებოდა, თანაც როგორ.იატაკს დავადე ხელის გულები, შემდეგ ყური მივადე გაცრეცილ ფიცრებს და გაწვიმდა. არაფერი დამინახავს, არც გამიგონია ჭრიალის მეტი, მაგრამ წვიმა სხეულში ვიგრძენი, მოუსვენრად დაძვრებოდა. მტვრის სუნი დაფეთებულივით ამოვარდა ღრიჭოებიდან და ტერფებში ჩამიძვრა ტკივილად. დავწექი გულაღმა ხელაწვდილი, დიდხანს ვსინჯავდი ნესტიან ჰაერს და ბოლოს გადავწყვიტე,სად უფრო მოუხდებოდა ცისარტყელა. ხელის ერთი მოძრაობით გადავაკარი მოღრუბლულ ოთახს ფერთა პალიტრა, თვალები დავხუჭე და გამოიდარა.ოთახში ისევ ტრიალებდა ნაწვიმარი მიწის გემრიელი სურნელი და მეც ფილტვებში ვიგუბებ დიდხანს. ფარდა გადავწიე და კვლავაც მივახატე მინას სხივები,გამოანათა. ჩამოვუჯექი ჩემი სარკმლის მიღმა მოკალათებულ მობუზულ ბეღურას მესაიდუმლესავით,დავიდე მუხლებზე გათოშილი თითები და ჩავილუღლუღე, როდემდე უნდა მტკიოდე ძვლებში?! მე ხომ უკვე გამოვიდარე, მე ხომ ბევრი სითბო ჩამრჩა კვლავაც მაჯებში. მე ხომ გაზაფხული მქვია! წელსაც აპრილმა ჩემი სახლის წინ მსხლების რიგს შემოამტვრია ნასესხები დღეები და უჟმური ხასიათი დაატყო დილას. როგორც ყოველთვის, ზურგი ვაქციე ტერფებში დავლილ ტკივილს. ერთი კი გავიფიქრე,ისევ გაწვიმდება-მეთქი და უსასრულო სიჩუმე მივათრიე სასთუმალთან. /დარეჯან გოგაშვილი/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.