მე ვიღიმი...
მე ვიღიმი... ჰო და ვტირი ხოლმე კიდეც, მაგრამ განა რამით განვსხვავდები ვინმესგან?! ბოლოს გუშინ, ახლობლის ბავშვს გავუღიმე, ყალბად. და ბოლოს, რომელიღაც ფილმზე ვაღვარღვარე ცრემლები, ან წიგნზე, არ მახსოვს. თუმცა, ქუჩაში გასული, უამრავი მათხოვრის დანახვაზე სულაც არ ვტირი. ხან კარგი ცოლი ვარ, ხან არა და საერთოდ არ მაღელვებს ეს საკითხი. ქმარიც ხან კარგია და ხან არა. ასე რომ ბარი ბარში ვართ. კარგი დედა ვარ, შვილი და მეგობარი. თუმცა, უკეთესიც შეიძლება. მიყვარს... – შვილები მიყვარს, სიცოცხლე, საკუთარი თავი და ახლობლები. გულგრილი ვარ... – თითქმის ყველაფრისადმი ხანდახან, საკუთარი შვილების გარდა. შემაშფოთებლად გულგრილი და სასტიკი. საკუთარი თავი მაფრთხობს ზოგჯერ. მეზიზღება... – მატლები, ფობია მაქვს. მეშინია ადამიანების. ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე ბოღმა მახრჩობს. მინდა... – მინდა თავი არ მოვიტყუო. მინდა, როცა დავბერდები, დანანებით არ ვთქვა, რატომ არ გავაკეთე?.. მინდა, ხალხის აზრი მართლა მეკიდოს. მინდა, მართლა არსებობდეს ღმერთი. ჯოჯოხეთიც და სამოთხეც. მინდა, გარდაცვლილი ძმა ერთხელ მაინც დამესიზმროს. მახარებს... – შურიანი რომ არ ვარ ეგ მახარებს. კარგი წიგნი/ფილმი მახარებს. ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნა მახარებს. ჩემი შვილების არსებობა მახარებს. ხან წვიმა მახარებს, ხან მზე, ხან ზღვა, ხან შოპინგი, ხან დალევა, ხან მეგობართან მალულად გაბოლებული რამდენიმე ღერი... მწყინს... – ყველაფერი და არაფერი თითქოს... გულჩვილი ვარ და თან არა... მტკივა ხოლმე და მერე როგორ... სევდა მიტევს ხანდახან, ისე მიტევს მგონია, გული აღარ ფეთქავს... ჭკვიანი ვარ და ყველაზე სულელი ამ დროს... ამაყი, ამპარტავანი და პატივმოყვარე ვარ... არ მრცხვენია, ამ ცხოვრებაში ასეა საჭირო. ირონიულიც ვარ, თუმც სხვებს ვკიცხავ ამ თვისების მქონეთ, ჭორიკანაც, თუმც საპირისპიროს ვამტკიცებ ყოველთვის. ჰო, ლამაზი ვარ, არ ვტრაბახობ, ეს უბრალოდ ფაქტია... და, ქუჩაში, თითოეული გამოყოლებული მზერა მაღიზიანებს, ხამებად ვთვლი მამრებს, ჯერ წინხედით რომ ტკბებიან და მერე, ჩავლისთანავე ბრუნდებიან, მექანიკურად იცვლიან პოზას, ახლა უკანა ხედით რომ დატკბნენ. მეცინება მათ აღფრთოვანებულ თვალებზე, რა იციან რა ჩიტი ვარ... ხანდახან საოცრად უმადური ვარ, მაგრამ რომ ვხვდები ეგეც კარგია... და, მე ქალი ვარ, ნამდვილი ქალი. სრულყოფილი დედა, ცოლი არა, მაგრამ სრულფასოვანი ქალი ვარ და მე ვიღიმი, ხანდახან ბოლო ხმაზე ვხარხარებ, მეგობრებთან, ახლობლებთან, თუ იმ ქმართან, წარმოდგენაში, მასზე გაცოფებულს, ათჯერ მაინც რომ მაქვს ნაღალატევი და მაინც, ყველაზე სასურველი რომ არის ჩემთვის... მე ვიღიმი... ზოგჯერ ყალბად. გუშინ გავუღიმე ახლობლის ბავშვს ყალბად, თანაც რამდენჯერმე და დამაჯერებლად, საოცრად დამაჯერებლად, არა მხოლოდ პირით, თალებითაც, მთელი სახით, მაგრამ არა გულით და არა განწყობით. რაღაცნაირად დავიღალე, ჰო, დავიღალე. ალბათ, გადამივლის, გამივლის ყველაფერი... სხვანაირად არ შეიძლება. რაც არ უნდა იყოს, მიხარია სიცოცხლე. რაც არ უნდა იყოს, ათასი ბანალური წვრილმანი მიქმნის ბედნიერებას, რაც არ უნდა მოხდეს, პესიმისტი არასდროს ვიქნები და, მე ვიღიმი... –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მალენა დღეს, რაღაც სხვანაირი... საკონკურსო ჩანახატებს დავუყევი და რომ მეგონა, არასდროს ჩანახატს არ დავწერდი... უბრალოდ, რაღაცამ შემომიტია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.