უკუნეთს უხდება რითმა ( პირველი თავი)
- დილა მშვიდობის ლიზა!- მეზობელი სახლის მეპატრონე თავს ხრის და პასუხს არც უცდის ისე აგრძელებს გზას სკოლისკენ. - დილა მშვიდობის!- ჩავილუღლუღებ ისე ჩუმად, რომ მეც კი მეპარება ეჭვი, ვთქვი თუ არა რაიმე.მე მისგან განსხვავებით სასეირნოდ მივდივარ. ნელა ვადგავ ველოსიპედის პედალს მარცხენა ფეხს და ძლიერად ვუჭერ თითებს საჭეს. ველოსიპედის ტარება არც თუ ახალი ნასწავლი მაქვს და კარგად რომ დავფიქრდე, ალბათ 2-3 წელი გავიდა მას მერე, რაც პირველად მიყიდეს ველოსიპედი. მეც რამოდენიმე თვეში ვისწავლე ტარება ახალი ნივთის სიხარულით გულანთებულმა. წესით არ უნდა ვუჭერდე თითებს დანაოჭებულ საჭეს, ალბათ ეს უფრო ჩვევაა, ვიდრე შიში. თუმცა იქნებ ეს ჩვევაც შიშისგანაა გამოწვეული...ჩემი მაჯის საათი ცხრის ოც წუთს აჩვენებს, უფრო რომ დავკონკრეტდეთ ოც წუთსა და თხუთმეტ წამს, აი, უკვე ოც წამს. ზუსტად ვიცი, საათი ათი წუთით წინაა, თუმცა არ ვასწორებ. ასე თითქოს დარწმუნებული ვარ, არსად დამაგვიანდება. როგორც ხედავთ, პუნქტუალური ვარ, ზედმეტადაც კი და ყოველთვის ყველგან დათქმულზე ადრე მივდივარ. ხანდახან ძალიან ადრეც კი... მირჩევნია სხვებს ველოდი, ვიდრე პირიქით.დღეს 28 მარტია. თბილა, იმდენად რომ გავბედე და შარფის გარეშე გამოვედი სახლიდან. დღესაც ის მაცვია რაც გუშინ და ალბათ ხვალაც იგივე მეცმება. არა, უსუფთავო არ ვარ, უბრალოდ ტანსაცმლის ამოჩემება მიყვარს, ისევე როგორც სიმღერების, კალმებისა და ადამიანების. ადამიანებზე ცოტა მოგვიანებით, ახლა კი კალმებზე გეტყვით ორიოდე სიტყვით. რამოდენიმე თვის წინ ძმამ მომიტანა კალამი, რომლის მელანიც ორ დღეში შემომადნა ხელში. არა იმიტომ, რომ ბევრი მქონდა საწერი, უბრალოდ თითქოს ის წერდა თავად, ჩემს დაუხმარებლად და ჩვევად ვიქციე. ჩვენი სახლის წინ მდგარი პატარა მაღაზიის მეპატრონე უკვე დიდი ხანია პირადად ჩემთვის ინიხავს რამოდენიმე ზუსტად ისეთ კალამს, მე რომ მიყვარს და ელოდება ჩემს მისვლას.სიმღერებს რაც შეეხება, აქ ვაღიარებ, რომ არც ისე კარგი გემოვნება მაქვს( სხვისთვის ცუდი), თუმცა მე რატომღაც არც ვაქცევ ყურადღებას რამდენი ქულით შემიფასებენ გემოვნებას, ჩაცმას თუ საქციელს. არც იმას ვაქცევ ყურადღებას, თუ რამდენად ძველია სიმღერა, მთავარია ხასიათს მოვახდინო. სიმღერაზე მეტი ლექსის აუდიო ვერსია მიწერია მობილურში და რატომღაც მეამაყება კიდეც. მოსმენა ხმამაღლა მიყვარს, საშინლად ხმამაღლა, იმდენად, რომ მხოლოდ სახლში ვუსმენ. იშვიათად თუ ვინმემ დამინახოს ყურსასმენით, მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის ჩანთაში მიდევს, მისთვის განკუთვნილ ჯიბეში. ხშირად ავტობუსით მიწევს მგზავრობა. ახლა უკვე შემიძლია ვაღიარო, რომ „მიწევს“. ამ რამოდენიმე თვის წინ კი მიყვარდა დადგომა ავტობუსის ერთ-ერთი კარის მოპირდაპირედ, ან მასთან ახლოს. საკმაოდ კარგი ტრანსპორტია, მაგრამ არა სიცხეში. სიცხეში ყველანაირ ტრანსპორტში სული მეხუთება, ველოსიპედის გარდა. გზაში საათზე მეტი მჭირდება, თუმცა სახლიდან წამოყოლებულ ყურსასმენებს არასდროს ვიღებ. ეს ალბათ ერთ-ერთი იმ ცუდ-კარგ ჩვევათაგანია, რომელიც სისხლში მაქვს გამჯდარი გაზაფხულზე ახალამოსული ბალახის სურნელივით. ადამიანების ამოჩომებაზეც გეტყვით რამოდენიმე სიტყვით: ჯერ ჩვეულებრივი არავინ ამომიჩემებია. აი, ესაა სულ. იმაზე კარგი ამინდია ვიდრე ველოდი და შემოდგომის მერე პირველად ჩაიხუთა ჰაერი. მიუხედავად ამისა, ქუჩა ცარიელია რაც საოცრად მახარებს. ამ ქუჩას ვარდების ჰქვია, სახელი ნამდვილად ლამაზი აქვს, თუმცა ვერ ამართლებს. ვარდის გარდა ყველაფერი იზრდება ეზოებში: ია, ტიტა, ზამბახი და მინდვრის ყვავილთა იმდენი სახეობა, ჩამოთვლაც რომ არ ღირს. მხოლოდ ერთს გამოვყოფ, ღობეებთან ახლოს მინდვრის ყვითელგულა გვირილები ხარობს, ხშირად ვიღაცის უიღბლო სიყვარულს შეწირული ყვავილწარმთმეული ღერობით, თუმცა ხომ მაინც გვირილები ჰქვიათ.ამ ქუჩაზე ერთი სახლი მიყვარს განსაკუთრებით, უფრო სწორედ მისი მუდამ მწვანედ ახასხასებული ეზო. სახლის პატრონი მოხუცი კაცია, სახელი აღარც მახსოვს, არასდროს ვსტუმრებივარ, თუმცა ყოველი ჩავლა-ამოვლისას კი სულ ის სურვილი მიღრნის გულს, ნეტა ამ ეზოში ერთხელ წამომაწვინა და ღრუბლებისთვის მაცქერინა-მეთქი. უაზრო ოცნებაა, ოცნებად კი არა სურვილადაც არ ვარგა, მაგრამ პატარაობიდან ვფიქრობ ამ ეზოდან დანახული ცა უფრო ახლოს იქნება ვიდრე კოსმოსი, ღრუბლებიც დაემსგავსებიან ჩემს წარმოსახვას და მთვარესაც გაცილებით ნათელი და ნაკლებად მოღუშული სახე ექნება, ვიდრე ჩემი სახლიდან. რამოდენიმე თვეში ჩემი დაბადების დღეა. არც ისე მალე, თუმცა ჩემი დაბადების დღის მერე სულ ველი შემდეგს და ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად ცოტაა სულ რაღაც 12 თვე წელიწადში. ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ მიყვარს, როცა რაღაცას ჩემი ჰქვია. თუ დაფიქრებულხართ ოდესმე, რა მაგარია, როცა შენი საკუთარი დღე გაქვს კალენდარზე. ჩემი ნება რომ იყოს ჩემს დაბადების დღეს სხვა ფრად ავღნიშნავდი, მაგალითად ყვითლად. ყვითელი ყოველთვის ანათებს და ათბობს, მზეც ალბათ სწორედ ამიტომ მიყვარს.ბუნიობა დღეს ვარ დაბადებული, მაშინ, როცა დღე ღამის ტოლია და სიცხეც და სიცივეც ერთნაირად აქვს გამჯდარი მიწას. მაშინ, როდესაც ეზოში ბევრი ვარდი ყვავის და მგონია, რომ ყველა ჩემთვისაა განკუთვნილი. ჰო, აი, ასეთი მესაკუთრე ვარ მე. საჩუქრები მაინცდამაინც არ მიყვარს, თუმცა ერთ საჩუქარზე ალბათ ვერასდროს ვიტყვი უარს, ვისგანაც არ უნდა იყოს. ეს ვარდებია, წითელი ვარდები. ცხელა. ამას უკვე ვეღარ დავარქმევ კარგ ამინდს, თუმცა საცაა ისევ მივალ სახლთან და ჩემს სახლში ყოველთვის საამო სიგრილე მიღებს კარს. მალე ვიღლები, საკმაოდ სუსტი ვარ და ალბათ ამიტომ, თუმცა ჩემდა გასაკვირად ხელებში საოცარი ძალა მაქვს, ისინი თითქმის არადროს მეღლება. რასაც ფეხებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. დაღლის რა გითხრათ, მაგრამ ჩემი სხეული და ტერფები მოღუშულ ამინდს ვერ იტანს, წინასწარ ვგრძნობ, როდის უნდა გაწვიმდეს და ტკივილი ძვლებამდე მატანს, ანდა საერთოდაც ძვლებში დაძვრება. სწორედ ამიტომ ვუღიმი მზეს და მიბრწყინავს თვალები დილით მისი დანახვისას.ისევ უხმოდ ჩავუარე მეზობლის ქუჩას და აივანზე მდგარ ახალგაზრდას, რომელსაც, თუ არ ვცდები ალექსანდრე უნდა ერქვას. ისე კი უფრო ხშირად სანდროს ძახილი ისმის ხოლმე სამეზობლოდან. მე არ ვიცნობ. სულ ახლახანს გადმოვედი ამ პატარა ქალაქში და მიუხედავად ქალაქის ზომისა, ჯერ მაინც არავინ გამიცვნია. მხოლოდ რამოდენიმე შემხვედრს თუ გავცემ ხმას, იმათაც იმიტომ, რომ თავად მესალმებიან და არ მინდა უხასიათო ადამიანად ჩამთვალონ. თუმცა კი, რაღა დაგიმალოთ და ჩემს ხასიათზე კარგი ნამდვილად არაფერი ითქმის, იმაზე ჩაკეტილი ვარ ვიდრე ვჩანვარ და ხშირად ვზივარ სინათლემოკლებულ სიმშვიდეში მარტო. კარის ზღურბლთან ისევ დამხვდა ფერადი სურათებითა და „დამაინტრიგებელი“ სათაურებით აჭრელებული ყვითელი პრესა, რომელსაც არადროს ვკითხულობ და თითქოს მათი შეგროვებაც ჩვევად ვიქციე. ვგეგმავ სახლის ერთ, პატარა ოთახში გავაკრა კედლებზე მათი ფურცლები და ეს იქნება ყველაზე ნეგატიური, თუმცა კი ჭრელი ოთახი ოთახების ისტორიაში. როგორც მიხვდით, წარმოსახვას ნამდვილად არ ვუჩივი, არც სიზმრებს. ვნახულობ ყველა საუკუნის, ფერად თუ შავ-თეთრ, გრძელ თუ მოკლე, ზღაპულ და პოლიტიკურ სიზმარს და დილით ჩემი თავის მიკვირს, რამდენი რამ მიგროვდება წყლისთვის მოსაყოლი. მოვუყვები სიზმრებს ფინჯან ჭიქას და შემდეგ ერთი მოსმით დავცლი მათ.მომწონს ახალი სახლი, უფრო სწორად ჩემთვის ახალი, თორე ისე კი იქნება რამოდენიმე ათეული წლის და ვერც ახალშეღებილი კედლებით დაიკვეხნის. ყველაზე მეტად ოთახებშ ი დაგუბებული სიჩუმე და სამკუთხა ფორმის სხვენი მიზიდავს, არის იქ რაღაც მისტიკური. ახლა უნდა მომიტევოთ, როგორც გითხარით მალე ვიღლები და ძილიც მალევე მერევა. რამოდენიმე საათი ჩავთვლემ და გპირდებით ახალგაღვიძებულს თუ შემახსენებთ რომელი საუკუნეა, აუცილებლად მოგიყვებით, თუ როგორ ამოვიჩემე ერთი სრულიად უცნობი ადამიანი, სახელად ალექსანდრე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.