შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ


24-06-2015, 16:55
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 401

ჩემი თითები უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უნახავს. ჩვენ წერილებს ვწერდით ერთმანეთს და ეს არაფერს ჰგავდა. ის არ იყო სრულყოფილი. მეტიც, სრულყოფილებამდე ნორმალურ ადამიანზე მეტი აკლდა. არც მე ვიყავი სრულყოფილი. არასდროს ვყოფილვარ სრულყოფილი. ჩვენ ერთმანეთი შევცვალეთ. გადავეყარეთ ერთმანეთს აზელილ-დაზელილები და დავალაგეთ ჩვენში მთელი არეულ-დარეულობა. ჩვენ ერთმანეთზე ვღელავდით და ვზრუნავდით. ჩვენ ერთმანეთის ბედნიერება გვინდოდა. და არც ერთი პროცენტით მეტი ან ნაკლები - ორივეს თანაბრად. იმ ბალანსს ატარებდა, მე რომ ასე მნიშვნელოვანი მეგონა ყოველთვის ურთიერთობაში. არანაირი ზედმეტობა არ მიგრძვნია მასთან. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო და ეს ხდიდა მთლიანად სიტუაციას იდეალურს. შეიძლება, გაუგებარს, მაგრამ იდეალურს.
არასდროს მიყვარდა ამ ყველაფრის ახსნა ადამიანებისთვის. მითუმეტეს, იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ასე მეგონა, ცვდებოდა ჩვენი ამბავი. მეგონა, ვღალატობდი. თანაც, ვისთვის რა უნდა ამეხსნა, ზოგჯერ თავადაც არ ვიცოდი, რას ვგრძნობდი და რატომ. ჰოდა, სიცილით ნათქვამ „რა დროს წერილებიას“ ერთ ყურში ვუშვებდი და მეორეში ვატარებდი. არ არის სავალდებულო, ყველას ყველაფერი ესმოდეს. განსაკუთრებით თუ ეს შენი ამბავია. მხოლოდ შენი.
სხვანაირი „მე“ გამოძერწა ჩემგან. ისეთი „მე“ თვითონ რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი. ისეთ საკუთარ თავს ამოვიკითხავდი ხოლმე გაგზავნილ წერილებში, თავადაც მიკვირდა. სხვათა შორის, არც ერთი წერილი გაგზავნამდე არ გადამიკითხავს. ყოველთვის პირველი ემოცია მერჩივნა მიეღო, ვიდრე - დარედაქტირებული ტექსტი. ჰოდა, მხოლოდ გაგზავნის შემდეგ ვკითხულობდი. ჰო, იმას ვამბობდი, რომ შემცვალა. მართლა ძალიან შემცვალა. რაღაცების გადატანა ვისწავლე ადვილად, ვიღაცების დავიწყება ვისწავლე, ბედნიერება ვისწავლე. ჰო, მისგან ვისწავლე, რომ ერთმა წერილმაც კი შეიძლება გაგაბედნიეროს, ერთმა უცნობმა ღიმილმა ქუჩაში. ვისწავლე ბედნიერების აღმოჩენა ყველაფერში და ეს, ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი შენაძენია ცხოვრებაში. ყველაზე დიდი შენაძენი, რომელიც მას უკავშირდება.
როგორც თავად ამბობდა, მეც შევცვალე. ზუსტად ისევე, როგორც მან - მე. მეუბნებოდა, რომ რაღაცებს ძველებურად აღარ განიცდიდა, აღარ მიჰქონდა გულთან ისე ახლოს, როგორც - ადრე. ასეთ მომენტებში ვფიქრობდი ხოლმე, რომ ძალიან ვგავდით ერთმანეთს. არადა, ცოტა, ძალიან ძალიან ცოტა ადამიანი შემხვედრია ისეთი, ვისშიც საკუთარი თავი დამინახავს. ის კი უცნობი იყო. ჰო, ნაცნობიც არ ეთქმოდა, მაგრამ სიშორისთვისაც ვერ ვიმეტებდი, იმიტომ რომ ზედმეტად შიგნიდან მიცნობდა. ამიტომ ვერ გავაერთიანე ვერც ერთ კატეგორიაში და ის ყოველთვის ცალკე იდგა, სხვებისგან მოშორებით. მისთვის ყოველთვის ცალკე ვფიქრობდი. ვერ ვარგებდი სტანდარტებს. არც თვითონ ერგებოდა.
ზოგჯერ შეიძლება, სრულიად უცხო ადამიანი იმაზე ახლობელი აღმოჩნდეს, ვიდრე წლების ნაცნობი. ასეთ უცნობ ადამიანთან ძალიან კომფორტულია საუბარი და იცით რატომ? იმიტომ, რომ თითქოს სუფთა დაფა გეძლევა, რომელზეც საკუთარი პორტრეტის დახატვის უფლება გაქვს. სწორედ ისეთის, როგორიც ხარ სინამვილეში, როგორსაც თვითონ ხედავ საკუთარ თავს. მან არაფერი ზედმეტი არ იცის შენზე. არ იცის, როგორი ბავში იყავი, რა დაგიშავებია, როგორ სწავლობდი, ვის მიმართ რას გრძნობდი ან რა უნდა გეგრძნო. არაფერი არ იცის და ვერაფრისთვის გაგკიცხავს. ამიტომ საუბრობ თავისუფლად ისეთ რაღაცებზე, რაზეც შეიძლება, საუკეთესო მეგობართან ვერ ილაპარაკო. ჰო, მე სანამ საუკეთესო მეგობარს ვეტყოდი იმ დროისთვის ჩემს უდიდეს საიდუმლოს, მანამდე მას გავუმხილე. უბრალოდ, ავდექი და ყველაფერი მოვუყევი და მომეშვა.
არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობს, მაგრამ მე ისე დამეხმარა, შეიძლება თავადაც ვერ გააცნობიერა. მაგრამ პრობლემა ის იყო ყოველთვის, რომ ყველაფერს ბოლომდე ვერ ვიჯერებდი. ვერ ვუშვებდი, რომ ეს სასწაულის დონის ამბავი ნამდვილად ხდებოდა და ამიტომ ვერ ვგრძნობდი იმაზე მეტს, ვიდრე ვგრძნობდი. არადა, ისიც აბსოლუტურად საკმარისი იყო, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი იმ დღეს, როცა მისი წერილი მომდიოდა და ამ წერილში ვკითხულობდი, რომ საოცარი ადამიანი ვარ, რომ უნდა, ბედნიერი ვიყო და კიდევ მრავალი მსგავსი. ეს ბოლომდე არდაჯერებაც ალბათ ისევ ჩემი ბრალი იყო. ჩემი შიშის ბრალი. მასთან ურთიერთობამდე გადატანილი საშინელი ტკივილით გამოწვეული შიშის ბრალი. მაშინ იმაზე მეტი ვიგრძენი, ვიდრე საჭირო იყო და საპასუხოდ სიცარიელე მივიღე. ალბათ, სწორედ ამიტომ ჩამომიყალიბდა რაღაც იმუნიტეტის მაგვარი და უკვე მასთან... ვერ დავიჯერე ბოლომდე. თავად მეუბნებოდა, შენი მწამსო. მეც მწამდა მისი, მჯეროდა, მაგრამ მთლიანად ამბავს ვერ ვიჯერებდი. ახლა ვფიქრობ, იქნებ არც ვიმსახურებდი, რომ ეს ადამიანი მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?
მეუბნებოდა, არ მინდა, რომ წახვიდეო. არც მე მინდოდა მისგან წასვლა. ისე მტკიოდა მისი ტკივილი და იმდენად მინდოდა, რომ კარგად ყოფილიყო, მაშინ, ალბათ, მზად ვიყავი, ამისათვის საკუთარი პიროვნებაც კი გამეღო და... მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლებოდა საპასუხოდ იგივე მიმეღო, რაღაცის შინაგანად მაინც შემეშინდა. ან იმ ძველმა შიშმა არ მომცა უფლება, რომ ყველაფერი უფრო მკაფიოდ დამენახა და...
ახლა აღარაფერია. არა, არ იფიქროთ, რომ მე მისგან წავედი. არც ის წასულა ჩემგან. ასე უბრალოდ დავმთავრდით. ერთ დღესაც აღარ მოვიდა წერილი და.. მორჩა. ჩვეულებრივად მორჩა. მე მას პირობა მივეცი და არც დამირღვევია - მისგან არ წავსულვარ. ამბავი დამთავრდა. ჩვენ არ დავმთავრებულვართ. დარწმუნებული ვარ, ვერასდროს დავმთავრდებით. ერთმანეთისთვის მიწერილ გონებაში (და ალბათ გულშიც) ჩაბეჭდილ წინადადებებად მაინც დავრჩებით ერთმანეთთან ყოველთვის და ჩვენ ამბავს არასდროს დაედება მტვერი.
ყოველთვის მეუბნებოდა, ოდესმე ყველაფერი მთავრდება, ოღონდ, იმისთვის მთავრდება, რომ რაღაც უკეთესი დაიწყოსო. ახლაც მჯერა ამის. მჯერა, რომ ჩვენი ამბის დასასრული ჩემთვისაც და მისთვისაც რაღაც უკეთესის დასაწყისი აღმოჩნდა.
..და მაინც. ჩვენ ისევ გვყავს ერთმანეთი.



№1  offline წევრი wallflower

კარგია,მომეწონა

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

wallflower
კარგია,მომეწონა

მადლობა <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

მშვენიერი იყო
გამართული...
აზრიანი...
სუფთა...
და გეთანხმები იმაში, რომ ხშირად უცნობ ადამიანთან უფრო კომფორტულია საუბარი და ისვ უფრო ახლობელია ჩვენთვის, ვიდრე საუკეთესო მეგობარი...

 


№4  offline წევრი Khaleesi

ყოჩაღ რა გრძნობებით და ლამაზად გადმოსცემდი თან სინამდვილეს. ვისიამოვნე მაგარი იყო

 


№5  offline წევრი NA NO

განსხვავებული სტილი გაქვს რაც ძალიან მომწოოონს...რომ ვკითხულობდი რატომღაც "505" გამახსენდა და ცრემლები მომადგა, საოცრება ხარ შენ !:*

 


№6  offline წევრი ფორთოხალი

ძალიან დიიიიდიიი მადლობა ყველას ყველას ყველას ♥

 


№7  offline ადმინი შამანი

ასე მეგონა ჩემი გულიდან წამოსულ სიტყვებს ვკითხულობდი...
ძალიან ახლოსაა ეს სიტყვები ჩემთან.
ძალიან კარგია...♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმეე გულზე მომხვდა
აი რაღაცნაირად
))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent