შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები


29-07-2015, 00:09
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 475

22/12/20..

„აი ახლა უგონოდ, უაზროდ მთვრალი ვარ და ისე მომენატრე, ისე, რომ ამის თქმისას (თუ წერისას), ცოტა არ იყოს, ნამუსიც კი მაწუხებს. ახლა დეკემბერია, გარეთ საშინლად ცივა, თუმცა არ თოვს. ხომ იცი, არ მიყვარს ჩვენს ქალაქში თოვლი. ჯანდაბა! ისევ წამომცდა. ისევ განვსაზღვრე რაღაც ჩემი და შენი საერთო სიტყვით. არადა.. როგორ აშკარად დამთავრდა მაშინ ყველაფერი. ჰო, გეფიცები, ახლა ისეთი მთვრალი ვარ, ვინმემ რომ მკითხოს, საკუთარ სახელს ვერ გავიხსენებ და ჩვენი ერთად გატარებული დღეები ისე ცხადად მახსოვს, თითქოს ყველაფერი ახლა ხდებოდეს. ფილმის კადრებად მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა, შენი პირველი სიგარეტი, ჩემი ნაჩუქარი სანთებელა.. შემაშინებლად ამაზრზენია ჩემი ბანალურობა ახლა. საზიზღარი ვარ, ვიცი, მაგრამ მჭირდები რა ვქნა. აქ და ახლა. ვიცი, ზუსტად ვიცი, რომ რამის მოთხოვნის კი არა, მუდარით თხოვნის უფლებაც აღარ მაქვს, მაგრამ ერთადერთი არსება ხარ ამ დაწყევლილ დედამიწაზე, რომელიც მჭირდება ახლა.
ჩემს არსებაში ჩასახლებულ აბსოლუტურად ყველა იდიოტს თითოეული უჯრედით ენატრები ახლა. ახლა და ალბათ სულაც ენატრები, მაგრამ ალკოჰოლს ერთი საშინელი თვისება აქვს: გაიძულებს, ყველაფერი გამძაფრებულად აღიქვა. სისულელეა ეს ყველაფერი. „წაკითხვისთანავე დაწვი.“ ან წაკითხვამდე... თუმცა, არა. ეგოისტურად მინდა, რომ წაიკითხო ეს წერილი.
“Write drunk; edit sober”-ო უთქვამს ჰემინგუეის, მაგრამ არაფრის გადასწორებას არ ვაპირებ. პირდაპირ გიგზავნი. ეს რომ ფხიზელმა წავიკითხო, ალბათ, მორგში დაგიბარებენ ჩემი ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი გვამის ამოსაცნობად. აი ისევ... შენ რატომ დაგიბარებენ მაინცდამაინც? მერე კიდევ ეს ზღვა.. ზღვაც ხომ მხოლოდ ჩემი და შენი იყო. ვერ მივეჩვიე, რომ ჩემთან აღარაფერი გაკავშირებს.“

17/03/20..

„ვიცოდი, რომ არ მომწერდი პასუხს. არც უნდა მოგეწერა. ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი. თუმცა, მე, სავარაუდოდ, არასდროს ვიქნები შენს ადგილას იმიტომ, რომ შენ არასდროს გააკეთებ იმას, რასაც მე ვაკეთებ ახლა.
ჰო, ჰო, ისევ აქ ვარ. ისევ უშენოდ და ისევ მგონია, რომ არაფერი გამაჩნია საერთოდ. შეგიძლია ამიხსნა, როგორ მოვახერხე, ასეთი არარაობა ვყოფილიყავი? მაშინ, როდესაც ყველაფერი მქონდა, როდესაც შემეძლო მთელი არსებით ვყოფილიყავი შენი და შემეგრძნო, რომ რეალურად ვსუნთქავ. ზუსტად მაშინ რატომ გავაკეთე ეს იდიოტიზმი? მარაზმამდე ბევრი არ უკლდა ჩემს მაშინდელ საქციელს. აი ჩემს ახლანდელ საქციელს რა ჰქვია, თავადაც არ ვიცი.
არასდროს ვყოფილვარ შენი ღირსი. ალბათ, ამიტომ გაგიშვი. არა, კი არ გაგიშვი, საკუთარი თავი მოვწყვიტე შენგან და დავრჩი ნახევარზე ნაკლები. ჩემში ჩემზე მეტი შენ იყავი, იცი? საშინელებაა, როცა ჩვენს ამბავზე წარსულში ვლაპარაკობ, მაგრამ ამაზე დიდი საშინელება ისაა, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია.
როგორ მაინტერესებს, რა სახე გაქვს, როცა ამ წერილს კითხულობ. ღმერთო, ნეტავ ჩემზე დიდი არამზადა თუ ამძიმებს ამ ისედაც ათასი ცოდვით დამძიმებულ დედამიწას? საერთოდ როგორ ვბედავ და გწერ... თავადაც არ ვიცი.
მენატრები. საშინლად.“

14/05/20..

„საშინელ კაიფში ვარ. შეიძლება, ბოლო წუთებსაც კი ვითვლი, არ ვიცი. ამიტომ გწერ ახლა. არ ვიცი, სად ვარ, მაგრამ ზღვის ხმა მესმის, ესე იგი, ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის ძალიან ცუდად. ვიცი, გეზიზღებოდა, როცა ასეთს მხედავდი. ამიტომ იყო, ხშირად რომ არ გენახვებოდი ხოლმე, როცა ნესტოები კოკაინით მქონდა ამოგლესილი. მაგრამ აი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვარ, თვითონაც არასდროს მინახავს საკუთარი თავი.
იმ დღეს თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. დაფიქრებულხარ, რამხელა სისულელეა სუიციდი? აი ახლა რომ ავდგე და ვენები გადავიჭრა, ან ოცდამეშვიდე სართულის აივნიდან გადმოვხტე. არა, არა.. ჩემს მდგომარეობაში ამაზე ფიქრი ცოტა საშიშიც კია. შეიძლება ისე ვიკაიფო იდეაზე, ავდგე და მართლა გადავძვრე აივნის მოაჯირზე და ხელები გავშალო. მერე ყველაფერი თავისით მოხდება.
ისევ მენატრები. მგონი, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ჰოდა, ახლა რომ მართლა ჩემი ბოლო წუთები იყოს (გულის სიღრმეში, ან ცოტა უფრო ზემოთ, მაინც მჯერა რომ ასე არ არის, იმისთანა ვარ), შეცვლიდა ეს რამეს? გუშინაც ზუსტად ისე ვგრძნობდი თავს, როგორც აი ახლა. ერთი განსხვავებით, რომ ამ ფხვნილის გამო უფრო მეტად ვარ გაბრუებული. სხვა არაფერი.
მენატრები.
მენატრები.
მე-ნა-ტრე-ბი.
და საკუთარი თავი მეზიზღება ყველაფერი იმის გამო, რაც ვარ.“


15/07/20..

„წუხელ მივხვდი, რომ მიყვარხარ და ყველაფერი სწორედ ამის ბრალია. ასეთი ფხიზელი არასდროს ვყოფილვარ. რომ გითხრა, მახსოვს წინა წერილებში რა მოგწერე-მეთქი, საშინლად მოგატყუებ. მე კი შენ არასდროს მომიტყუებიხარ. ჰო, ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც არასდროს მომიტყუებია. ალბათ, ამიტომ არ ვართ ახლა ერთად. იმიტომ, რომ ვერაფერი დაგიმალე. ვერ დაგიმალე, რომ მეშინოდა შენი. იმდენად სრულყოფილი იყავი, მეშინოდა, შენში რამე ბზარი არ გამეჩინა. არადა, მაშინ რომ ის მეგრძნო, რასაც ახლა ვგრძნობ, მაშინ რომ მცოდნოდა, როგორ მიყვარხარ, მთელ ჩემს გამოთაყვანებულ პიროვნებას გავიღებდი, ყველაფერს გავაკეთებდი და გაგიძლებდი. რომ მცდონოდა, რამხელა ბედნიერება იდგა შენ მიღმა, ამას როგორ დავუშვებდი.
ყველაზე მეტად ის მაცოფებს, რომ უკვე იმდენად გვიანია, რომ ამ წერილებზე (როგორიც არ უნდა იყოს) რეაგირებაც კი არ ღირს და ეს თვითონაც ვიცი. ვერ დაგინახე, ვერ მოგწვდი ბოლომდე. არ მოვინდომე და შედეგებსაც შესაბამისს ვიმკი. ზოგჯერ ვფიქრობ, იმის ღირსიც კი არ ვიყავი, საერთოდ შეგხვედროდი-მეთქი, მაგრამ ამხელა სიცარიელისთვისაც ვერ ვიმეტებ თავს იმიტომ, რომ ყველაფერი იყავი, რისთვისაც ამ ქვეყნად მოვლინება ღირს. ვიფიქრებდი, მიცხოვრია და ეგ არის-მეთქი, მაგრამ აქ მახსენდება, როგორ დავანგრიე საკუთარი ხელით ჩვენი ერთიანობა და ყველაფერს ბოლო ეღება.
ახლა ნაწილებად ვიშლები. ისე მტკივა ყველაფერი, ხმას ოდნავ თუ ავუწიე, მთელ ტკივილს ამოვაყოლებ და არაადამიანურ ხმებს გამოვცემ, ჰოდა მეშინია საკუთარი სისუსტის, რომელსაც უკვე არაფერი ეშველება. შენ გარეშე არაფერი ეშველება.
მაგრამ ერთი ჭეშმარიტების წინაშე ვდგავარ და ეს ჭეშმარიტება იმდენად ცხადია, მგონია, სადაცაა, ხელით შევეხები: ჰო, მიყვარხარ უსაშველოდ.“

20/07/20..

საპასუხო წერილი (გაუგზავნელი)

„ვიცოდი, რომ ერთხელ აქამდე მიხვიდოდი. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, ეს ყველაფერი რატომ მოხდა.
შეგვეძლო. მე და შენ ერთად შევძლებდით ყველაფრის გადატანას, ვიცი. შენც იცი და იცოდი ყოველთვის, მაგრამ გეშინოდა, რომ ჩემთვის არასაკმარისი იქნებოდი. არადა, პირიქით. ზედმეტად კარგიც კი იყავი ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში, ახლა არა აქვს აზრი იმის განხილვას, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო. მიხარია, რომ გრძნობა იპოვე შენში. გრძნობა, რომელსაც შეგიძლია, ებრძოლო. სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევ, ვერაფერთან შებრძოლებას და, მითუმეტეს, დამარცხებას ვერ შეძლებ. სანამ ეს ემოციები შენში არეულ-დარეულად მიმოდიოდნენ, მათ მოშორებას ვერ მოახერხებდი. ახლა ეს ყველაფერი ერთ დიდ გრძნობად გადაიქცა, რომელთან რაღაცის მიღწევაზე ფიქრი უკვე შეიძლება.
აუტანელი იყავი, ხომ იცი? აუტანელი არაკაცი. როგორ მოახერხე? როგორ და ძალიან მარტივად. როცა მე არ ვცდილობდი იმ ყველაფრის შენარჩუნებას, რაც გვქონდა. როცა მე ვერ შევძელი, შენთვის დამენახვებინა, რომ შეგვეძლო ერთად სამყარო ჩვენს დაკრულზე გვეცეკვებინა, შენც ადექი და მარტივად დაანგრიე ყველაფერი. იცი, ურთიერთობა ისეთი რამეა, რომ მარტო ვერაფერს გააწყობ და პირიქით, მარტო ვერც ბოლოს მოუღებ. ამიტომ.. არა, სულაც არ ვიყავი იდეალური. არ ვიყავი. ჰოდა, აი მანდ შევცდი. სანამ მე ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელიც არ მოგიტყუებია, თავად შენ იყავი ადამიანი, რომელთანაც ვერ შევძელი, მთელი ჩემი სისაძაგლე გამომემჟღავნებინა და მეჩვენებინა, რომ ჩემში არაჩვეულებრივი არაფერი იყო.
ჰოდა, ვნანობ. ჯანდაბა! ვნანობ, მაგრამ ახლა ეს ვერაფერს შეცვლის. ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ერთმანეთს დავემთხვიეთ და მერე ვიღაცამ, იქ ზემოთ, გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო ის მოცემული დრო ჩვენთვის და დამთავრდა.
ძალიან გთხოვ, აღარ მომწერო, რა...
ამ წერილს არასდროს გამოგიგზავნი. ჰო, ზოგჯერ საჭიროა, გაუგზავნელი წერილების დაწერაც. წერილების, რომელიც ავტორს უფრო აჯერებს რაღაცებს, ვიდრე ადრესატს. თანაც, არაფერში გჭირდება შენ ახლა ჩემი წერილი. ეს ყველაფერს აურევს, შენ კი, როგორც იქნა, სწორ გზაზე დადექი.
..და ჰო, მეც მიყვარხარ.“


18/11/20..

„ისევ მენატრები...“

[წერილი დაუბრუნდა გამომგზავნს]



№1  offline წევრი Anuuc^.^

რაღაცნაირად კარგი იყო,ძალიან მომეწონა
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

არ ვიცი, რანაირი იყო, მაგრამ დიიიდიიიი მადლობა♥♥

 


№3  offline წევრი yvavi

მდაჰ.
რომ მიყვარხარ ხო იცი?
ძალიან მომეწონა ^^

 


№4  offline წევრი ninauka

მეც მომეწონა....კარგი იყო ♡

 


№5  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგი იყო,ყოჩაღ თეო love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent