შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ჩაი


24-08-2015, 17:42
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 545

მიშელმა იცის, რომ მიყვარს. მე კი ვიცი, რომ მიშელს ვუყვარვარ. უკვე წლებია, ასეა, მაგრამ ყველაფერი ასეთი მარტივი სულაც არ არის.
მიშელი მხატვარია, მე - დიპლომატი. მისი ტანსაცმელი მუდმივად საღებავითაა მოთხვრილი, ჩემი - იდეალურად დარეცხილ-დაუთოებული. მას არასდროს აქვს დაგეგმილი მომავალი დღე, მე ყოველ საღამოს ვაკეთებ ამას. ერთი წამითაც არ ვნანობ ჩემს გზას. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ მის საღებავებს თავისუფლების უფრო მძაფრი სურნელი აქვს, ვიდრე ჩემს ავიაბილეთებს ბრიუსელის მიმართულებით.
კორპუსი, რომლის საკმაოდ ძვირადღირებულ აპარტამენტშიც მე ვცხოვრობ, ქალაქის მდიდრული ცენტრის ბოლო შენობაა. იქიდან უკვე ის სამყარო იწყება, რომლის ნაწილიც მიშელია. ზოგჯერ თავი მესაზღვრე მგონია. თანაც, ჩვეულებრივი კი არა, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრის სიმტკიცის დამცველი. ყოველ დილით სახლის უკანა აივნიდან საშინლად კონტრასტული ხედი მეშლება და გამორიცხულია, გულმა ერთი დარტყმა მაინც რომ არ გამოტოვოს, როცა იქით ვიხედები. მგონია, იქ სხვა ჰაერს სუნთქავენ... ან სულაც არ სუნთქავენ ჰაერს და ეს ჩემი ბრალია. ჩემნაირი ადამიანების ბრალი, რომლებიც ამაზრზენ პარადოქსებს ქმნიან და მერე ამაზე წერენ.
მიშელს რაც შეეხება, ის ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლის სხვენში ცხოვრობს. გრძელი თმა და მოუწესრიგებელი წვერი აქვს. აცვია დახეული, დალაქავებული ჯინსები (ერთი განსაკუთრებით მომწონს) და პერანგები. იცის, რომ ყოველ საღამოს, ათი საათის მერე ვსვამ მწვანე ჩაის და ჩემთან ერთად ეწევა ხოლმე სიგარეტს. მერე მე სახლში ვბრუნდები მომავალი დღის განრიგის შესადგენად.
ყოველთვის, როცა ქალაქში არ ვარ და სასტუმროს ნომერს მხოლოდ ერთი აივანი აქვს, საიდანაც არასდროს იშლება მიშელის უბნის ხედი, აუტანლად მაკლია ხოლმე მისი შორეული მზერა, რომელიც მუდამ იმაზე ღრმად იხედება, ვიდრე ის ხორცის ნაგლეჯია, ჩემი სხეული რომ უწოდებია ოდესღაც ვიღაცას. ყოველთვის ძალიან ფრთხილია ხოლმე მისი მზერა. თითქოს, არ უნდა, რამე მატკინოს. იმდენად ჰარმონიულია მისი ყოველი მოძრაობა. რომ თვითონ მეშინია, იქ რაღაც არ ავურიო.
არასდროს მიფიქრია მასთან სექსზე. შეხებაზეც კი არ მიფიქრია არასდროს. მხოლოდ ხმაზე ვფიქრობ ხოლმე. ხმაზე, რომელიც ჩვენი ურთიერთობის ერთადერთი შესაფერისი საუნდტრეკი იქნებოდა.
არ ვიცი, როდის დავიწყე მისი შეყვარება. ახლა მთავარია, იქამდე გავჩერდე, სანამ შეძულებას დავიწყებ. მაგრამ იქამდე, მგონი, ჯერ შორია. იმაზე ოდნავ შორი, ვიდრე ჩვენს აივნებს შორის მანძილია.
სიყვარულიც უსაშველოდ ეგოისტური მცოდნია თურმე და ცოტა მეწყინა. ვიცი, ჩემი რაღაც ნაწილი აქვს. ის ნაწილი, რომელიც სრულყოფილებამდე მაკლია. ამიტომ მინდა, იქამდე შევძვრეთ ერთმანეთში, სანამ აი იმ ორგაზმს არ მივაღწევთ, რასაც „სრულ-ყოფილება“ ჰქვია, სანამ არ დავ-სრულ-დებით.
ვცადოთ რამეზე ფიქრი? არა. ვერ გაძლებს. ის აქ ვერ გაძლებს. მე შეიძლება ვიპოვო ძალა, დავთმო, მაგრამ მხოლოდ ჩემს ხარჯზე არ გამოვა ურთიერთობა. ის კი, ვიცი, ვერ გაძლებს. გაწამდება და ვერ გავიმეტებ ამისთვის.
ამიტომ, ჯობია, ვიყოთ ისე, როგორც ვართ (ან არ ვართ). ეცოდინება, რომ მიყვარს. სულ ეცოდინება და გააგრძელებს ჩემში ხეტიალს ყოველ გარიჟრაჟზე. მეც ისევ მეცოდინება, რომ ვუყვარვარ, დავწერ ჩვენი საუნდტრეკის ჩემს პარტიას და დაველოდები, როდის დარჩება ბოლომდე ჩემში. სრულყოფილებამდე.
ახლა წავიდე უნდა. ჩაი მაქვს დასაყენებელი.



№1  offline მოდერი nicol

მწვანე ჩაი და ფორთოხალი... მმმმ
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline ადმინი შამანი

მორიგი საოცრება,მორიგი სასწაული თეოსგან...
love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent