გამოსამშვიდობებელი წერილი
გამოსამშვიდობებელი წერილი ანუ სიტყვები რომლის თქმაც ადრე ვერ შევძელი (გ.თ_ს , (სიმბოლურად სახელი ჯორჯ (გიორგი)) მშვიდობთ , ჯორჯ . დღეს უკანასკნელად ავიღე კალამი ხელში , რომ დავწერო შენზე და შენთვის _უკანასკნელი წერილი , ყველა ის სიტყვა ,რომელიც უნდა მეთქვა და რომლის თქმასაც ვერასდროს ვბედავდი . მშვიდობით , ჯორჯ , ჩემი დაბრუნება ისეთივე შეუძლებელია , როგორც შენი სამუდამოდ დავიწყება. ვერასდროს ვიტანდი ბანალური სიტყვებით საუბარს , მაგრამ ბოლო დროს მეტად გავბანალურდი , როგორც სჩვევიათ , ვითომ რომანტიკოს ადამიანებს . ბანალურად ჟღერს , ისიც როცა ვამბობ რომ უშენოდ გატარებული ყოველი დღე , იმაზე უფრო უაზრო და სულელურია , ვიდრე ის ქმედება , ოკეანეში რომ აგდებ ბოთლში ჩაშვებულ კალიგრაფიაშეცვლილად დაწერილ წერილს , იმ იმედით რომ ადრე თუ გვიან ვიღაც უსათუოდ იპოვის და წაიკითხავს . დამღალა იმის იმედმა , რომ ადრე თუ გვიან კარს, რომელიც ღიმილიანი სახით გაიხურე და რომელსაც ახლა ქარი უაზროდ აწვალებს , ისევ შენი ნათითურები დაეტყობა , დამღალა იმანაც რომ ყოველ დილას ორ ჭიქა ყავას ვადუღებ , ერთს უშაქროს , როგორც გიყვარდა და ერთს ტკბილს _ჩემთვის. ვზივარ ახლა და ყველა ძალაგამოცლილი ვწერ შენთვის წერილს . მშვიდობით , ჯორჯ , მერე რა თუ ჩემი სიყვარული ამ წერილში ვერ ეტევა და ლოკალური კი არა , იმაზე უფრო გლობალურია ვიდრე ვიღაც თანამედროვე სნობი მწერლების მიერ დაწერილი ბანალური ფრაზები სიყვარულის შესახებ , რომლებიც მთელს მსოფლიოს აქვს ატაცებული. მე მაინც არასოდეს დავბრუნდები. მე დღემდე მახსოვს შენი გრძელი , ლამაზად თლილი თითები, რომლებიც ნაზად მოძრაობდნენ ჩემს წელზე , ჟრუანტელისმომგვრელად . მე ის კოცნაც მახსოვს , რომელიც გამომშვიდობების წინ არ მქონია შენთან , მისი თითოეული დეტალი მახსოვს და ვიცი , რომ ეს მე ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცევდა. ძვირფასო , მთელს სხეულზე მატყვია შენი ნათითურები და ჩემს ოცნებებში , ჩემი თითის ბალიშები ისევ ნაზად ეფერებიან შენი მკრთალი და ცხელი სახის ნაკვთებს.მე მიყვარდა შენი წაბლისფერი , ყოველთვის მოწესრიგებული თმა , შენი თაფლისფერი თვალები , რომლებშიცც მთელი ჩემი სამყარო იძირებოდა , რომლებშიც მე ვკითხულობდი ყველა იმ ნაწერს , რომელსაც ერთი ბოთლი ალკოჰოლის და იაფფასიანი თამბაქოს თანმხლებით გიწერდი. ახლა კი ვზივარ და უიმედობით შეპყრობილ სხეულს კანკალი იტანს , თავს ძალას ვატან რომ ყელში გაჩხერილ ცრემლებს არ მივცე ლოყაზე ჩამოგორების უფლება , მელნიან , გაყინულ თითებში მიჭირავს კალამი და ვწერ იმ სიტყვებს , რომლებიც წლების წინ უნდა მეთქვა . ღაწვზე შერჩენილი ბოლოს წინა კოცნასავით მახსოვს შენი პირველი ჩახუტება , ჟრუანტელი თმის ღერიდან თითოეული ნეირონის გავლით მოედო მთელს სხეულს, გაიარა გული და გააცდინა სული ყოველგვარ საზღვარს. დღევანდელი დღესავით მახსოვს ჩვენი პირველი და უკანასკნელი ცეკვა , ლამპიონების ძლივსმნათობი შუქისა და წვიმის წვეთების ხმის უნაზეს ფონზე . ბეღურასავით ვთრთოდი, სხეულის თითოეული მონაკვეთი წვიმით მქონდა გაჟღენთილი , შენ ჩუმად მომიახლოვდი , ხელები ნაზად შემომხვიე წელზე , ცხელი ტუჩები შუბლზე მომადე და ჩვენ დავიწყეთ ცეკვა , ორი ნაბიჯი წინ , ორი მარცხნივ , ერთი მარჯვნივ, ხელები მშვიდად აიტანე ჩემი მხრებისკენ , ჟრუანტელი მივლიდა და თავბრუს მახვევდა, ტუჩები ყელისკენ მოიტანე , ყელში მკოცნიდი და თან ჩუმად ჩურჩულებდი , რომ მთელი სამყაროს ფასი მქონდა შენთვის, რომ შენი სიყვარული არ ეტეოდა არც ერთ საზღვარსა და ჩარჩოში.ხელები ჩუმად ჩააცურე სველ მკლავებზე და ჩემი გაყინული ხელები ხელებში მოიქციე ... ერთი ნაბიჯი მარჯვნივ , ორი მარცხნივ , ორი წინ , ტრიალი და მთელი ჩემი სხეული შენს ძლიერ ხელებში იყო მოქცეული , ტუჩებისკენ მიპარული ტუჩები და მთვარე სირცხვილისგან სახეზე ხელებაფარებული. შენით იყო გაჟღენთილი ჩემი არაფრისმომცემი დღეები და შენ იყავი ის , ვის გამოც მთელს ჩემს გახუნებულ ცხოვრებას მიეცა ფერი . მშვიდობით , ჯორჯ , ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია და ეს ორივემ ერთმანეთზე უკეთ ვიცით . ტკივილით ნატანჯი დღეებით ვცხოვრობ და მილიონ ადამიანში დავეძებ ნაცნობ თვალებს , ჩემებურად სევდიანს და იდუმალი გრძნობებით სავსეს . უიმედობის მთელს ბარიკადებს ერთმანეთზე ვაწყობ და ვცდილობ გადავრჩე , იმ ცივ ზამთარში , რომელიც რამოდენიმე თვეში შემოგვიღებს კარს, რთულია იპოვო მომავლის იმედი , იქ სადაც ყველა დღე შავ-თეთრად არის შეფერადებული , რთულია იცხოვრო იქ , სადაც შინ დაბრუნებულს შენს მშვიდ ღიმილს არ დავინახავ , შენ არ ხარ აქ და ამ სიშორიდან ჩემი ხმა მხოლოდ ყრუდ და არაფრისმომცემად ისმის . ძვირფასო , მიუხედავად იმისა , რომ შენი დაბრუნების იმედი ჯერ კიდევ არ მშორდება , ტუჩის კუთხეში შერჩენილი თბილი კოცნასავით , მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება , რომ დავასრულო ის ირეალური ურთიერთობა , რომელსაც წლების მაძილზე ვინარჩუნებ ჩემს ერთად შეწებილ ილუზიებში . სისულელეა , ახლა აქ ვიჯდე და სადღაც კილომეტრების დაშორებით მაინც ჩამესმოდეს შენი მშვიდი და აუღელებელი სუნთქვა , სისულელეა ახლა ვიჯდე ჩემს ნიკოტინისგან ჭერშენისლულ ოთახში და ვწერდე რომ ჩემს თითოეულ ნერვს განადგურებამდე აკლიხარ . და მაინც , ჯორჯ , მე ისევ მახსოვს ჩვენი არდაბადებული შვილების სახელები , ჩვენი არშექმნილი ოჯახის მყუდროება , ჩვენი აუშენებელი სახლის ინტერიერი , ჩვენი განუხორციელებელი მიზნების წყობა. მე მახსოვს ისიც , რომ შენ ყოველ პაემანზე თეთრი პერანგით მოდიოდი და მე კი ტუჩსაცხის კვალს გიტოვებდი საყელოზე , როგორც ჩვენი ერთად ყოფნის სიმბოლოს . შენი სუნამოს სურნელი ყველაზე გამაბრუებელი რამ იყო ჩემთვის . მესამე დღეს ახსნილი სიყვარული , ათიათასი ფიცი , დაპირება , რომლებიც სიტყვებად დარჩნენ და აუტანელ სიცარიელედ სულში . მე ჩვენი განშორების დღეც მახსოვს , მარტის ცამეტი , ქარიანი საღამო იყო , შენ თავდახრილი მოხვედი , შეშლილი სახით და არეული ნაბიებით , დავდახრილი მომიახლოვდი და მე ვიგრძენი სხვა ქალის სურნელი , რომელიც უკუნი ღამიდან მოგყვა , იდექი ჩუმად , არაფერს ვამბობდით , ეს იყო უკანასკნელი დღე როდესაც ჩემი აღელვებული სუნთქვით ხვდებოდი ყველა სათქმელს , შემოვტრიალდი და წამოვედი , არაფრის თქმას აღარ ჰქონდა აზრი , ყველაფერი ნათქვამი იყო , თვალებით -რომლებიც არ გიყურებდნენ , ტუჩებით -რომელთაც შენთის ერთი სიტყვის თქმაც კი არ სურდათ , თითებით-რომლებსაც მოფერების სურვილიც კი არ გააჩნდათ . შენს წინ ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნია , წამოვედი და თან გამოიყოლე მთელი სამყაროსოდენა ტკივილი , რომელმაც ჩემი აწმყო გააბითურა . ''მე ვაპატიე მოღალატეს ღალატი , მაგრამ ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს საკუთარი პრინციპების გადათელვას''. ჰო , ჯორჯ , მე შენ მიყვარხარ , შენი სიყვარული ვენებში სისხლს კეტავს , აუტანლად მტკენს სულს მაგრამ მაზოხისტურად მსიამოვნებს ეს . წასული მე არასოდეს აღარ ვბრუნდები , ვახვევ ჩემს ფიქრებს იაფფასიან თამბაქოს ბოლში და მარტოდმარტო მოგზაურობ ნაცნობ ქუჩებში. შემოდგომაა ფანჯრებს მიღმა და ხმელი ფოთლები ამშვენებს მიწას , ვზივარ ფანჯარასთან , მზერით ტკივილიან და უშენობა თითქმის არც მტკივა. ვიცი ეს ქარი მომიტანს სევდას და , ჯორჯ , უშენობა ისევ ისეთი აუტანელი გახდება როგორც წლების წინ,მაგრამ საბედნიეროდ არ ვგავარ ქალებს ,რომლებიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ სიყვარულისთვის... მაპატიე ბანალურობა და ის რომ ჩემი ლოკალური ტკივილებითა და გლობალური სიყვარულით , ალბათ, თავი მოგაბეზრე, მივდივარ , ჯორჯ , არ მსურს განვიცადო სრული ფიასკო , ''დავიწყება დამარცხებას ნიშნავს '' და დღეიდან მეც დამარცებულად მიგულე , აღარ ვაპირებ ლექსების ვრცელი ესტაკადებით შენდამი მაძილების შემოკლებას , ეს უკანასკნელი წერილია . ბედნიერებას გისურვებ. მშვიდობით , ჯორჯ . 27.09.15 ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.