შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეჭვი


7-10-2015, 01:12
ავტორი Archive
ნანახია 1 894

შენ სულ აქ იქნები, ჩემს ტვინში იქნები, ჩემს ნაღრძობ ტვინში და არ მომასვენებ. სულს ამომართმევ, ყველა ნერვის თითოეულ უჯრედს შემიჭამ და დამაცარიელებ. სულ აქ იქნები.
რომელიღაც უბრალოდ ნათქვამ სიტყვას ჩაეჭიდები. მერე ჩაძვრები ჩემი სულის ყველაზე ბნელ, მახინჯ, დაობებულ სარდაფში და იქ ამოქექილი დაძონძილი აზრებით ისტორიას შეაკოწიწებ. შენი გამხდარი, დაძარღვული თითებით შემოახვევ თითოეულ აზრს იმ, სადღაც გაგონილ სიტყვას და ლანგარზე დადებულს მომართმევ არსაიდან აღმოცენებულს. მეც მადლიერებით სავსე თვალებით გამოგართმევ უანგარო საჩუქარს და უაზროდ ამაყი ვიქნები ასეთი რომ მყავხარ, ასეთი მახვილგონიერი და სხარტი. საჩუქრად მომართმევ ბებერი თითებით გამოჩორკნილ იდეას, მერე საიდანღაც უზარმაზარ უროს მოათრევ და იქამდე ჩამიკირავ ამ იდეას თავში სანამ მთელს სხეულს კიბოსავით არ მოედება, სანამ ბოლომდე არ დატბორავს ჩემს ყველა უჯრედს და სანამ სხეულიდან არ ამოხეთქავს.
სულ აქ იქნები, ჩემს ისედაც ავადმყოფ სხეულში და არასდროს მომცემ მშვიდად სუნთქვის საშუალებას. ყველაფერს დამაკარგინებ, სიმშვიდეს, ღირსებას, საკუთარ თავს. მხოლოდ შენ დარჩები ჩემში. შენ და მეტი არაფერი. შენ და მეტი არავინ.
საიდან მოხვედი, რატომ მოხვედი, საიდან მოათრიე ის წყეული ურო, რატომ არ იღლები, არ თვრები, არ იძინებ, არ იხრჩობი, არ იხრწნები,,,,
მეშინია, ისე მეშინია ჩემი თავის, ჩემი ტვინის, სადაც ასე მყარად, ფეხმოუცვლელად ჩაბუდებულხარ და ფესვები გაგიდგამს. აქ იქნები, სულ იქნები და შენი ბებერი თითებით მიეფერები დიაფრაგმას. ყველა შეხებაზე შიგნიდან დამჭიმავ და სიბნელისკენ შემაბრუნებ. არ გამახარებ, არ ამომასუნთქებ, არ დამაცდი, არაფერს დამაცდი...
შენ სულ აქ იქნები, ჩემს გამოხრულ სხეულში, უროთი ხელში. უროთი ხელში იდგები ჩემი სიამაყის, ღირსების, თავისუფლების, სიყვარულის სადარაჯოზე. აქ იდგები ყველაფერ იმის დასაცავად რაც აღარ შემრჩა, რაც დავკარგე.
შენ დარჩები მხოლოდ. არა არ დარჩები, შენ გახდები მე, ჩემად იქცევი.
ჩემი სულის ყველაზე ბნელი, უშნო ქვესკნელიდან ამოხეტებული ტანჯვა ხარ და მეშინია. მეშინია, რომ ყველაფრის შემდეგ მაინც შენი მადლობელი ვიქნები, მაინც ბედნიერი და ამაყი ვიქნები რომ მყავხარ ასეთი მახვილგონიერი და ჭკვიანი.
რატომ არ იღლები, რატომ არ კვდები ჩემში ან ჩემთან ერთად..
მოათრევ, ვგრძნობ, მოათრევ შენს უროს, ისევ, ისევ, ისევ,,,,
მეშინია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent