შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკითხვებო


10-10-2015, 21:18
ავტორი Archive
ნანახია 1 511

……?
კესო. გვარს მნიშვნელობა არ აქვს, პრინციპში არც სახელს. უბრალოდ, თქვენ ასე მომმართეთ.
......?
არაა, ყვავილებს ვერ ვიტან. საოცრად ფერადები არიან, მალე ჭკნებიან და რაც მთავარია, სულ მახსენებენ, რომ საუკუნეა რაც ჩემთვის არავის მოურთმევია.
.....?
რა თქმა უნდა - ვარ, საშინელი მესაკუთრეც და ზოგადად, მთლად კარგი ადამიანი არ უნდა ვიყო.
.....?
პირობითი? თქვენ ფიქრობთ „ცუდიც“ პირობითია? კი მაგრამ, თუკი ასეთი საბაზისო ცნებები პირობითია მაშინ მთელი სამყაროც ერთი დიდი პირობითობა ყოფილა და მეტი არაფერი. იქნებ არის კიდეც. ვერ გეტვით დიადი იდეის მჯერა-თქო, ვერ მოგატყუებთ.
.....?
რწმენა ერთი დიდი საპნის ბუშტია თავში, რომელსაც ძირითადად ჰაერით ავსებენ. საპნის იმიტომ, რომ ძალიან მარტივად სკდება, თან სხვის მიერ გახეთქილი რა მწარეა, ძალიან მწარე. ყველაზე მწარე კი ის არის რომ ამ გახეთქილი საპნის ბუშტიდან თავში არაფერი გეცემა. ჰაერით არ გქონდა სავსე?! არადა ჭკუა რომ გქონდეს თავად უნდა ხეთქავდე ამ ბუშტს, სანამ ძალიან გაბერილა და მის ადგილას რამე მყარს და საფუძვლიანს უნდა აგებდე. რამე სხვას კი არა აუცილებლად, იმავე რწმენას თუნდაც. უბრალოდ შენი აშენებული უფრო მყარი და საიმედოა. და თუ რამე დაემართა ბოლო-ბოლო თავში ერთი აგური მაინც დაგეცემა.
.....?
ლტოლვის მჯერა, ღალატისაც, ტკივილისაც, უსასრულობისაც და რადგან ამ ყველაფრის მჯერა ალბათ სიყვარულისაც მჯერა. მჯერა, მაგრამ ვიღაც სხვისთვის, ჩემთვის - არა. და იქნებ იმ ვიღაც სხვამ ისიც მითხრას როგორ დავიკარგო ამ გრძნობაში ისე, რომ საკუთარი თავი არ დავკარგო. არ მითხრათ თავის დაკარგვაც ბედნიერებააო, ეგ სისულელე არ თქვათ.
.....?
კი ვარ. არ მეტყობა? მაგრამ არასდროს ვამბობ. რომელი თავისუფლებას შეკედლებული ადამიანი გამოუტყდება სხვას, რომ საშინელი მშიშარაა.
.....?
ვცდილობ ვიყო. რაც მთავარია მიყვარს. და ზოგადად არ მჯერა, რომ სამყარო აქამდე თვითგადარჩენის ინსტიქტმა მოიყვანა. მე მიზეზად თავისუფლების წყურვილს და მისკენ სწრაფვას დავასახელებდი. იდეალისტი ვარ? ვიყო!!!
.....?
თქვენ განსაკუთრებით ჩემი პირადი, ინტიმური ცხოვრება გაინტერესებთ? მქონია თუ არა სექსი? მყვარებია თუ არა? მოდი ასე გეტყვით - მიტოვების სიმწარე გამომიცდია და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ტკივილზე მეტად თავმოყვარეობამ შემაწუხა. არა არ მყვარებია, ჯერ არა.
....?
ისევ. როგორი უტაქტო და უინტერესო კითხვაა. თავისუფლების გზა სექსზე გადისო არ გაგიგიათ? მე კი, მაგრამ არ მჯერა. ჩვენი ქართული გამონათქვამია, სულ ახალი. დასაცინია. უფრო სწორად დასაცინი იქნებოდა უტვინო ადამიანებს პიდაპირი მნიშვნელობით, რომ არ დაენერგათ.
კი, სექსი მქონდა. მეც ხომ თავისუფლებისკენ „ვისწრაფვი“.
.....?
ტყუილს, ღალატს (სიცილი). გატყუებთ, ყველაზე მეტად უაზრო შეკითხვებს ვერ ვიტან. პირდაპირ მძულს. მიმიხვდით ალბათ. ხო, კიდევ ძალიან გაწელილ საუბრებსაც არ ვწყალობ.
.....?
არ ვიცი. ალბათ მჯერა. მაგრამ მინდა?!
ყველაზე საინტერესო რა არის იცით? საერთოდ არანაირი მნიშვნელობა რომ არ აქვს მე რა მინდა. ცხოვრება მიდის და მომავალს ისე სწრაფად აქცევს აწმყოდ, შემდეგ კი წარსულად გააზრებაც კი შეგაშინებს. მეც მეშინია, ზუსტად ასე - სიმაღლის და მომავლის მეშინია.
მაგრამ მაინც მჯერა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent