შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მანდარინის სურნელება


21-01-2016, 00:23
ნანახია 2 755

ბავშვებს ეზოში თამაში გვიყვარდა. ბაღიდან რომ მოვდიოდით სახლში, მის მერე თავისუფალ დროს სულ ეზოში ვატარებდით ერთად. ძირითადად, პასკებს ვაცხობდით. „პასკა, პასკა, გამოცხვი, თუ არ გამოცხვები, დედა მოგიკვდეს“ , - ასე „ვაშინებდით“ ჩვენს ტალახის პასკებს.
დრო მიდიოდა, ჩვენ კი ვიზრდებოდით.
მაინცდამაინც საყვარელი ბავშვი არ ვყოფილვარ, ჩხუბისთავი ვიყავი და გოგოებს თმებით ვითრევდი ხოლმე, რის გამოც მათი მშობლები და თავად ისინიც, ჩემზე გადაკიდებულები იყვნენ. თუ დამინახავდნენ, რომ ეზოში ვიყავი, ერიდებოდნენ ჩამოსვლას, ან სქელტრაკა დედებიც მოჰყვებოდათ თან, მათი გაწრიპული შვილები რომ არ დამეჩაგრა.
ერთი გოგო იყო. იყო რა - არის, მაგრამ მაშინ იყო. ყველაზე მუქი შავი თმა ჰქონდა, რაც ოდესმე მენახა. ჩემზე დიდი იყო, მაგრამ რამდენი წლით არ ვიცი. არასდროს მელაპარაკებოდა, არც მეთამაშებოდა. მხოლოდ პასკებს „აცხობდა“ და ჩემი პასკების გვერდით ალაგებდა. მისი ყოველთვის ლამაზი იყო, არც იშლებოდა. მე უბრალოდ მშურდა.
რა წამსაც თვალს მოაცილებდა მათ, ჯოხს ვატაკებდი ხოლმე მის პასკებს და ვაფუჭებდი.
არცერთხელ დაუწუწუნია, არც საყვედური უთქვამს, პირიქით, გამიღიმებდა ხოლმე და თავიდან აკეთებდა.
არ ვიცოდი რა ერქვა, მე „ემ“-ს ვეძახდი და წინააღმდეგი არ იყო.
მრავალი დღე მახსოვს მის გვერდით გატარებული, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დუმდა.
თაფლისფერი თვალები ჰქონდა.
ის რომ სკოლაში შეიყვანეს, მე ისევ ბაღში დავდიოდი. ახლოს იყო სკოლა და ბაღი ერთმანეთთან. ხანდახან, მაგრამ მაინც ძალიან იშვიათად, თვალს მოვკრავდი ხოლმე.
ზამთარი განსაკუთრებით მიყვარდა. კიდევ ცოტა რომ წამოვიზარდეთ და მეც იმავე სკოლაში შემიყვანეს, რომელშიც ის დადიოდა, სიხარულისგან ცას ვეწიე.
დასვენებაზე მაკითხავდა ხოლმე და მანდარინი მოჰქონდა ჩემთვის. თვითონ ფრცქვნიდა და მაჭმევდა. წასვლის წინ ყოველთვის მკოცნიდა მარცხენა ლოყაზე და ისე მიდიოდა. სპეციალურად ვაკვირდებოდი, არცერთხელ არ შეშლია და მარჯვენაზე არ უკონცია, მიუხედავად იმისა, როგორ ძალიანაც არ უნდა ეჩქარა და მერე უკანმოუხედავად გაქცეულიყო.
მიყვარდა მასთან ყოფნა. მიყვარდა ზამთარიც და მისი გაფრცქვნილი მანდარინის ჭამაც.
მერე მის გაყვითლებულ თითებზე ვიცინოდით.

***


ერთხელ მაღალი სიცხე მქონდა, ჩემთან მოვიდა და უამრავი მანდარინი მომიტანა. თითქმის სულ მე შევჭამე. დედაჩემმა რომ დაგვინახა ძალიან გაბრაზდა და ოთახიდან გააგდო. განერვიულებული იყო, რადგან მამას ახალი მიტოვებულები ვყავდით და თავის თავს არ ჰგავდა, ეს ვიცოდი, მაგრამ მაინც ვერ ვაპატიე. ვერც ახლა ვპატიობ.
რომ გამოვჯანმრთელდი და კლასში აღარ მომაკითხა, გაბრაზებულმა დედაჩემს ვეჩხუბე, ვეუბნებოდი, რომ მისი ბრალი იყო, ვეუბნებოდი, რომ ცუდი დედა იყო, თურმე ემი ქალაქიდან წასულა, მე რა ვიცოდი...
მაინც არ მომიხდია დედაჩემისთვის ბოდიში.
ყოველ საღამოს პასკების ცხობის ნაცვლად გზას გავცქეროდი და მის მოსვლას ველოდი. არავის ველაპარაკებოდი და არავინ მელაპარაკებოდა. დედაჩემმა რომ ვცლილებები შენიშნა, მანდარინით სავსე თასი დამიდგა წინ, რამდენიც გინდა იმდენი ჭამეო. რა იცოდა, რომ მე ემის ხელით მიყვარდა მათი ჭამა, თორემ ისე აზრი არ ჰქონდა საერთოდ შევჭამდი თუ არა.
იმ ზამთარმა ისე გაიარა, რომ არც ის გამოჩენილა და აღაც მე მიმიკარებია „სიყვითლეებისთვის“ პირი. ისევ მოუთმენლად ველოდი მის დაბრუნებას: კლასის ფანჯრიდან, სახლის ფანჯრიდან, ეზოდან...
გაზაფხულზე დაბრუნდა. თმა შეეჭრა. უფრო გალამაზებული იყო, უფრო დაქალებული. იქნებოდა ასე 15-16 წლის. მე მაინც პატარა ვიყავი მასთან შედარებით. ისე ვუყურებდი, თითქოს ქალღმერთი ყოფილიყოს, სულ უკან დავსდევდი, მაგრამ მაინც არ მელაპარაკებოდა.
ერთხელ თავისთან ამიყვანა. შემოდგომის წვიმიანი საღამო იყო. თითებზე ძლიერად მიჭერდა თითებს და ისე ავყავდი კიბეებზე. სახლში მარტონი ვიყავით. დედამისს წითელი ტუჩსაცხი მოპარა. გაღიმებული ჩემ წინ დატრიალდა, კაბის ბოლოები აუფრიალდა და მისი საცვალიც დავინახე. უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ არაფერი მითქვამს, არც მომიმოქმედებია, მხოლოდ მას ველოდი, თუ რას იზამდა.
ტუჩსაცხი წამისვა. თმა მაღლა ამიწია და ცხენის კუდივით შემიკრა. თავისი მოკლე კაბა ჩამაცვა.
მერე სურათებს მიღებდა მთელი საღამო და კისკისებდა. დაბნეული ვიყავი. არასდროს მოქცეულა მსგავსად. მიკვირდა, რამ შეცვალა-მეთქი.
წასვლის წინ, კარებში რომ გავდიოდი, წინ ამესვეტა, ერთხანს მდუმარედ მიყურა და მერე მაკოცა. გავწითლდი. ალბათ დედამისის პომადის ფერი მედო სახეზე.
-კარგად იყავი, ნიაკო, - მითხრა და კარი ცხვირწინ მომიხურა.

***
ასე განმეორდა რამდენჯერმე.
მე არაფერს ვაკეთებდი მის შესაჩერებლად. არ ვიცი რატომ.

***
ჩემს 13 წლის იუბილეზე თავისი მოკლე მაისური მაჩუქა, ძალიან რომ მომწონდა.
ბედნიერი ვიყავი მის გვერდით.
ისევ მაკითხავდა კლასში და ჩემზე ვლაპარაკობდით. ყველაფერს მაყოლებდა დეტალებში. თვითონ ისევ არაფერს მეუბნებოდა, ახლაც მიკვირს, რატომ არ ვსაყვედურობდი ამაზე.
ისევ მაჭმევდა მანდანირებს თავისი ხელით.

***
მეთოთხმეტე დაბადების დღეზე კოცნით დამემშვიდობა და მითხრა, რომ მისი ოჯახი სადღაც მიდიოდა. პატარა ვიყავი და ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი სიტყვები. იმედი მქონდა, რომ ისევ მალე დაბრუნდებოდა, როგორც ერთხელ მოხდა, ზამთარში.
წლები გადიოდა.
ჩვენ ვიზრდებოდით.
არაფერი ვიცოდი მის შესახებ.
მხოლოდ კარადის კუთხეში მიკუჭული მისი მოკლე მაისური მახსენებდა ემის თავს.
და ზამთარი. მანდარინების სეზონი.
არცერთი მანდარინი მიჭამია მისი წასვლის შემდეგ. საერთოდ არცერთი.
***
დედაჩემი წუხდა ჩემი მდგომარეობის გამო.
17 წლის რომ გავხდი, იმდენი მეჩიჩინა არავის ხვდებიო, რომ უფროსკლასელ მუწუკებიან ბიჭს კინოში წავყევი. მერე კაფეში დავსხედით. რაღაც იდიოტობებზე მელაპარაკებოდა, ნორმალურად არც კი ვუსმენდი. სახლამდე რომ მიმაცილა, მაკოცა.
კინაღამ გული ამერია. ემის კოცნა გამახსენდა, პირველიც და ბოლოც. საერთოდ ვერ შეედრებოდა მათ. არ მომიშორებია, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად მაწუხებდა გულისრევის შეგრძნება. საქმეს რომ მორჩა, ღიმილით დავემშვიდობე და სახლში შევედი.
ის იყო და ის, მის მერე არავის შევხვედრივარ.

***
ზამთარი იყო. სოციალურ ქსელში ქოვერის ფოტოდ გოგოს სურათი დავაყენე, ხელში ნახევრადგაფრცქვნილი მანდარინი ეკავა. ლურჯი სვიტერი ეცვა...
ცოტა ხანში პირად შეტყობინებებში ვნახულობ ვიღაცის მოწერილს, რომ თუ მინდა, მანდარინის სურნელება დავიბრუნო, მატარებლის სადგურზე უნდა დავხვდე.
გამეცინა.
გიჟივით ვიცინოდი და ვერ ვჩერდებოდი.
ის დაბრუნდებოდა.
ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდა.
***

მატარებლის სადგურზე ველოდებოდი. არ მანაღვლებდა, რომ სულ გაყინული ვიყავი და ჩემი გაციება გარდაუვალი იყო. წუთიწუთზე უნდა მოსულიყო, ჩემი გული კი უფრო და უფრო გამალებით ცემდა. მთელი სხეული მიხურდა რაღაც ჯერ აქამდე არ განცდილის გამო.
მატარებელი ჩამოდა.
იცოდა, რა მოუთმენლად ველოდი და მაინც ყველაზე გვიან ჩამოვიდა….
თვალი ვერ მოვწყვიტე. ისე უბრალოდ გამიღიმა, თითქოს ჩვენი ბოლო შეხვედრიდან წლები კი არა საათები გასულიყოს. შეცვლილი იყო.
თმა ისევ გრძელი ჰქონდა, მაგრამ...სხეული... დაქალებული იყო. ნებისმიერს დააკარგვინებდა თავს მისი სხეულის მიხვრა-მოხვრა და სიმწიფე.
გული დამწყდა. მინდოდა ისევ ის ძველი ემი ყოფილიყო, ბავშვობაში რომ ვიცნობდი.
სახლისკენ რომ მივდიოდით, ისე ძლიერად მიჭერდა გაყინულ თითებს... ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა, როგორც ადრე, ასე ხელჩაჭიდებული რომ ამიყვანა თავის სახლში და მაკოცა.
ორივე ვდუმდით.
ყველა სიტყვასა და გამოხატულ გრძნობაზე მეტი იყო ჩვენი თითებგადახლართული მტევნები.
ლამაზი? ლამაზი არ იყო, მაგრამ იყო ევა, სამოთხე და აკრძალული ხილი, ფიფქიასგან ჩაკბეჩილი მოწამლული გვერდწითელი ვაშლი და მაინც ის ძველი ემ-ი, მე რომ წლების განმავლობაში ვიცნობდი.
ე მ....
***
ჩემ გვერდით იჯდა სავარძელში, მანდარინს ფრცქვნიდა და სათითაოდ მიდებდა პირში. მე ვიცინოდი დაუსრულებლად. თვალს ვერ ვაშორებდი მის გრძელ ნაწნავს, თეთრ, ნაზ და მიმზიდველ ყელს რომ გველივით შემოხვეოდა და მაცდურად მიემართებოდა მისი ბოლოები მკერდის ღარისკენ.
თლილი თითები ჰქონდა, ან მე მეჩვენებოდა ასე, არ ვიცი, ახლაც არ ვიცი.
ვერასდროს ვხსნიდი მის ფენომენს და ბოლომდე ამოუხსნელი დარჩა ჩემთვის.
აი, ასე უბრალოდ, ჩემ გვერდი იჯდა და მისი არსებობა უფრო მეტი იყო ჩემთვის, ვიდრე დანარჩენილი სამყაროსი.
ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. თითქოს რაღაცას ეძებდა და თან არც იჩნევდა. მისი მოკლე კოპლებიანი კაბის ბოლო მახსენებდა წარსულ დროს გატარებულს მასთან და მის გარეშე.
მერე იპოვა. მის მიერ ნაჩუქარი მოკლე მაისური ეკავა და ყველაზე ნაღდი, გულწრფელი ღიმილით იღიმებოდა.
-არასდროს ჩამიცვამს. - მაინც ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, არაფრის თქმა არ ღირდა.
ჩანთიდან ზუსტად ისეთი მაისური ამოიღო, ოღონდ გაცილებით დიდი ზომის და ორივეს ერთდოულად დახედა.
-უნდა მეთქვა, მაშინვე უნდა მეთქვა, რომ მომწონდი. - იყო მის ღიმილში რაღაც სევდისმაგვარი.
აღიარებას არ მოველოდი, თუმცა ყოველთვის ვხვდებოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული აკავშირებდა ჩემთან.
ჩემკენ მოიწევდა ნელ-ნელა, მე კი ურძრავად ვიდექი გაყინულ კედელთან და ვხვდებოდი, რომ დრო იყო.
წამით, სულ ოდნავ შეეხო ჩემს ტუჩებს თავისი ტუჩებით, ხელში დამჭკნარი იელი ჩამიდო და წამში ჩემ ზურგსუკან აღმოჩნდა.
-მანდარინის სურნელების დაბრუნებას გილოცავ, ნიაკოო, - მითხრა. მერე კისერზე ვიგრძენი მისი ტუჩების სიმხურვალე.
როგორც ჩანს, არ დავიწყებია, რომ იელი ჩემი საყვარელი მცენარეა.
მინდოდა რამე მეთქვა მისთვის, მაგრამ ის უკვე წასული დამხვდა.
ის წავიდა, როდესაც მუსიკა ჩემს ოთახში უკრავდა The National-ის I need my Girl-ს.

_____
ეს ერთი შეხედვით უაზრო და უშინაარსო ჩანახატი თუ რაღაც მართლაც უაზრო და უშინაარსოა, მაგრამ მარტო მე ვიცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის. უბრალოდ სადმე უნდა წამეღო.



№1  offline წევრი ტომა

შესანიშნავია!
ძალიან კარგად წერ!

 


№2  offline წევრი Archive

მომეწონა, ძალიან.

 


№3 სტუმარი lizazu

ოცნების მჭერის მეორე ნაწილს როდის დადებ?

 


#lizazu ძალიან დიდი ალბათობით მაგ მოთხრობას გაგრძელება არ უწერია.

 


№5  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent