01.09.2016
ცხოვრება ისე გადის, თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ. გეგონება, ჯერ კიდევ გუშინ პატარა ბავშვი იყავი, როცა დღეს სიცოცხლეს ასრულებ. გეგმები ერთი მეორეზე მიყოლებული, მაგრამ დარჩენილი ცხოვრება უკვე აღარ გაქვს. გუშინ მიზნებს სახავდი, დილას ცხოვრებით ტკბებოდი, შუადღეს მორგში დაგასვენეს. ასეთ ახალგაზრდას სხეული დაგიმახინჯეს, დაგანაწევრეს, ხელახლა აგაწყვეს და დედაშენს, რომელსაც შენს გარდა არავინ ჰყავდა, სახლში მიუსვენეს შენი სხეული. ... -ბერო? -ჰო. -სექტემბერი როდის მოვა? მომბეზრდა ეს აუტანელი სიცხე! -მოვა. მალე მოვა. მეც, ერთი სული მაქვს! - თავზე მკოცნის და გულზე მიხუტებს. ... -ბერო სად მიდიხარ? -კითხულობს ნიკუშა, რომელიც დარწმუნებულია რომ ნიძლავს მოიგებს. -სავარჯიშოდ. - პასუხობს აუღელვებლად. და საბა წაგებულ ფულს ნიკუშას აწვდის. -ეს მალე გირებს მოიყვანს ცოლად. -გირებზე გამცვალე, გიჟო? - კოპებს კრავს გუგა და ყველას ეცინება. -თქვენ იცინეთ და მალე ვერ მომერევა ვერავინ და ვერაფერი! -თავს თუ იკლავ ვარჯიშით, ბერო ხარ უეჭველი! - ხარხარებს ნიკუშა. ... და მაინც, ცარიელი წყალი შენზე ძლიერი აღმოჩნდა. გული გიცემდა, პულსი იმატებდა... სუნთქავდი, მაგრამ ამ წყეულ წყალში, ჩასუნთქული ჰაერი უკვე აღარ გყოფნიდა. წყალში ღრმად ჩათრეული სიმწრისგან ტიროდი. გინდოდა ძმაკაცებისთვის დაგეძახა, რომლებიც წამებს ითვლიდნენ როდის ამოყვინთავდი, მაგრამ გონება გებინდებოდა, გაბრუვდი, სხეული დაგიბუჟდა და წამით მოგეჩვენა, რომ ხმელეთზე, სუფთა ჰაერზე იყავი და ღრუბლებში მზე ძლიერ გაჭერდა. ხარბად ჩაისუნთქე შენთვის სასრველი და ფილტვებს წყალი დაალევინე. მთელი სხეული დაგიბუჟდა, ცივი წყლის ტემპერატურასაც კი გაუთანაბრდა შენი სხეული და ფილტვების წვის გარდა ვეღარაფერს გრძნობდი. ეს იყო შენი უკანასკნელი გრძნობა - საშინელი ტანჯვა და სინანული. ვინ იცის, იქნებ ახლა მართლა გესმის უბნის ტკივილი; იქნებ გარდაცვლილი რწმუნდები, რომ მთელ შენს სანაცნობოს უზომოდ უყვარდი. იქნებ ახლა ყველაზე ბედნიერი ხარ, რომ მთელი 17 წელი სიყვარულში გაატარე და ამაყი, რომ მთელ უბანს ასე ძლიერ ეტკინა შენი წასვლა. კიდევ მორგში ესვენე, მთელი საქართველოს მასშტაბით რომ გავარდა ხმა, ბერო გარდაიცვალაო. არავინ დაიჯერა. ყველა იფიცებოდა, მატყუებთო. შენი 3 ძმაკაცის გარდა, საკუთარი თვალით რომ ნახეს, როგორ ჩახტი წყალში და, როგორ ტივტივებდა შენი უსულო სხეული წყლის ზედაპირზე. საღამოს სახლში მიგასვენეს, კორპუსთან შეკრებილ უბანს, იმედის მზერას რომ აფრქვევდნენ, ერთიანად აღმოხდათ ღრიალი. ყველას იმედი გაუცრუვდა. რას არ გავიღებდი, რომ ახლა დარწმუნებული ვიყო, რომ შენ ეს ყველაფერი გესმოდა. გახსენებაზეც მაკანკალებს და ცრემლები მაწვება. ზოგი ხის ძირას ჩაიკეცა. ვიღაცა ვიღაცას ეხუტებოდა. სიმწრისგან ერთს უცხო მანქანის ფანჯარა შემოეფშვნა და სისხლმა იფეთქა. -პროსტა, ცხოვრებაში არასოდეს სერიოზული პრობლემა არ ჰქონია ვინმესთან. მასწავლებლებს ჰკითხეთ, მასზე ცუდს ვერავინ გაგისხენებთ. ყოველთვის ცდილობდა სწორი გზა აერჩია. რატო უნდა იწვეს ბერო კუბოში და ამ წყეულ მიწაზე მე რა ნამუსით უნდა დავდიოდე? - ღრიალებს ვიღაც და ცრემლი ცრემლს მოსდევს. გვჯერა, მთელ უბანს სწამს, რომ იქიდან მაინც, დედაშენს სულ მარტოს არ დატოვებ. რომ მის გერდით იქნები, მისი მფარველი ანგელოზი გახდები და მასზე იზრუნებ. დღეს პირველი სექტემბერია. დღეს პირველად დაუბერა ქარმა. დღეს პირველი დღეა შენი უკანასკნელი შემოდგომის. შემოდგომის, რომელსაც ასე ძლიერ ველოდებოდით ერთად და, რომელსაც არაფერი მოუტანია კარგი. მხოლოდ ტკივილი და ბევრი ცრემლი. გეფიცები, ყოველი შემოდგომის ნიავზე ვიგრძნობ, რომ ჩვენთან ხარ! გეფიცები, რომ ასე ძლიერ აღარასდროს ვინატერებ შემოდგომას. ჯანდაბასაც წაუღია მისი ჭრელი ფერები. თავსაც დავთმობდი, რომ ახლა მე ვიყო შენ ადგილას და შენ სუნთქავდე! მაპატიე, რა. მაპატიე, რომ დღეს შენამდე ვერ მოვედი. მაპატიე, რომ შემეშინდა ცარიელი შენი სხეულისთვის შემომეხედა. მაპატიე, თუ ძალა არ მეყოფა შენს გასვენებაში მოსასვლელად. უბრალოდ, მინდა მახსოვდე ისეთი, როგორიც დღემდე იყავი. არ მინდა, მოგონებებში შემორჩენილი შენი მუდამ მხიარული სახე ლურჯმა ფერმა შეცვალოს, არ მინდა ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილ შენს თვალებში ჭინკები, სიცარიელემ ჩაანაცვლოს. გთხოვ, გამიგე, რა. მიყვარხარ, მენატრები და ამდენჯერვე მტკივხარ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.