შემოდგომასავით ქალიაო, ამბობენ ჩემზე...
სეზონური ამბების ციკლიდან... შემოდგომასავით ქალიაო, ამბობდნენ ჩემზე... განა იმიტომ, რომ შემოდგომის ფოთლებივით ვიცვლიდი თმის ფერს, არც იმიტომ, რომ მასავით სავსე ვარ. არც უხვი ვარ და არც ბარაქიანი. სიყვარულში გაზაფხულიც გამომიცდია და ზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც, მაგრამ არცერთი ისე არ დამმჩნევია როგორც შემოდგომა. სევდაა შემოდგომა, აღსასრულის მიახლოებასთან შეგუების სევდა. შემოდგომასავით ქალიაო, ამბობენ ჩემზე... სეზონური დეპრესიის სეზონია ახლა ჩემთვის. აი, ფინჯანი ყავით, რომ უნდა მიუჯდე სარკმელს, პლედი ფეხებზე, შემოიხვიო, ფინჯანს ორივე ხელი შემოხვიო და თვალი გაუსწორო შემოდგომას. არადა ძნელია... რატომღაც წარსულში გაბრუნებს, მოგონებებს გიშლის, ფიქრებს გიწეწავს, განა უნდა? ხდება ასე. ხდება ასეც, ქალები იბადებიან გაზაფხულებად, ზაფხულებად და შემოდგომებად. მე შემოდგომად დავიბადე. გავხედავ ხოლმე იმ სარკმლიდან, ქუჩაში მოსიარულე ქალებს, გაზაფხულებსა და ზაფხულებს, ხანდახან ზამთარიც ჩამოივლის, დინჯი, ამაყი ნაბიჯებით, მაგრამ შემოდგომას არასდროს ჩამოუვლია. ვიცი, ვიცნობდი. ვუყურებ ქუჩაში მიმავალ გაზაფხულივით ქალებს და მეღიმება, ერთფეროვანია გაზაფხული, დამღლელია ზაფხული, მკაცრია ზამთარი, შემოდგომა? შემოდგომა ამოუცნობია, სევდიანი და მარტოსული. შემოდგომასავით ქალიაო, ამბობენ ჩემზე... ჭადრის გაწითლებულ ფოთლებს ჩავიბნევხოლმე თმებში და დავივლი ყველა მიყრუებულ ქუჩას, ყველა მიტოვებულ სახლს და ვეძებ შემოდგომის ქალებს. ამ დროს ყოველთვის გრძელი, მაქმანებიანი კაბა მაცვია და დედაჩემის, ფოჩებიანი შალი მახურავს, შალის ბოლოებს ორივე ხელს მაგრად ვხვევ და გულში ვიკრავ დარდებს. მერე მთელი სეზონი დავდივარ და ვეძებ, ვეძებ ჩემნაირებს, დაღამებამდე ვაგროვებ გაყვითლებულ ფოთლებს, ცრემლებსა და დარდებს. შემოდგომასავით ქალებს ერთხელ გვიყვარდება... ხანდახან არც კი ვიცნობთ, მაგრამ გვიყვარს... ხდება ასეც... ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით. დავდივართ და ვეძებთ მას ვინც გვიყვარს, დავდივართ ფეხით და აუცილებლად შემოდგომაზე, აუცილებლად ქვაფენილზე მოფენილ, ფერად ფოთლებში, გაშიშვლებული ხეების ქვეშ, ძველ ძელსკამზე, ქუჩის კუთხეში, ბოჰემურ კაფეში, ხიდზე, მეტროსიც და პირდაპირ ბორდიურზე. ხო, არიან ასეთი კაცებიც, სხედან თავისთვის, თავი მუხლებზე ჩამოუდვიათ და შემოდგომის ქალის ლოდინში ჩასძინებიათ კიდეც. შემოდგომასავით ქალიაო, ამბობენ ჩემზე... სიარულისგან დაღლილი, ბორდიურზე ჩამოვჯდები, მხარს გავკრავ და ვეტყვი: კაცო, მე მოვედი. მერე ის გაიცინებს, უბეში ხელს ჩაიყოფს, სიგარეტის გაუხსნელ კოლოფს ამოიღებს, გამომიწვდის და დამელოდება როდის მოვუკიდებ. ხდება ხოლმე ასე, შემოდგომასავით ქალები, უცხო მამაკაცებთან ერთად სხედან ქუჩაში და ანთებული სიგარეტით ხელში გასცქერიან გზებს... და განა რამე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.