ახალი წლის არომატი
სასწაულები ხდება, ოცნებები სრულდება და ვინ იცის, იქნებ ბედნიერებაც არსებობს. სადღაც შორს... ___________________________________ _ რაზე ფიქრობ? _ დედაჩემზე და სიყვარულზე. _ არ შეიძლება, აკრძალულია. საერთო დარბაზში ვისხედით, ერთმანეთის გვერდიგვერდ. მე ახალი, ფიფქებიანი ზედა და ყვითელი ქვედაბოლო მეცვა. ნიკუშას არაფერი აჩუქეს. ალბათ, ურჩობის და დაუმორჩილებლობის საფასურია. გვეზიზღებოდა აქაურობა და აქ მყოფი საკუთარი თავები. ცამეტი წელია ერთიდაიგივეს ვაკეთებთ, ყოველდღე. ერთიდაიგივე საჭმელს ვჭამთ, ერთიდაიგივე ტანსაცმელი გვაცვია და ერთიდაიგივე ადამიანებს ვუყურებთ. არაფერი იცვლება, ჩვენს გარდა. _ როგორ ფიქრობ, მოვა? _ აუცილებლად, თათ _ ჩამჩურჩულა და მერე სწრაფად გაიწია უკან და ირგვლივ მიმოიხედა. ეშინოდა ნიკუშას, მაგრამ არ მეშინოდა მე. ახლა მათ უნდა შეშინებოდათ ჩემში აყვავებული და გაზრდილი ბოროტების. ჩემს თვალებში იმაზე მეტი ზიზღი იყო, ვიდრე ოდესმე და გულში ლოდინი. აუტანელია, ელოდებოდე და არავინ მოდიოდეს. დრო იწელებოდეს, საათის წიკწიკის ხმა გაწიწკნიდეს ნერვებს და შენ უყურებ. უყურებ და ელოდები. უყურებ და ელოდები. ისევ. ეს რომ გაიგონ, ალბათ დაგვსჯიან. მათ უყვართ, როცა გვტკენენ. მე არასდროს მესმოდა, როგორ შეეძლოთ ჩვენი ტკივილის ატანა და სიცილი. სიბრალურნარევი, ამაზრზენი სიცილი და ყელში წაჭერილი თითები. _ ახალ წელს ხომ ხდება არა, ოცნებები? _ ხდება _ დამპირდი, რა _ აღარ იყო ჩემი ხმა ისეთი სუფთა და მტკიცე. _ გეფიცები ნაძვის ხე დადგეს. უზარმაზარი, ბევრი და ლამაზი სათამაშოებით. მე ცამეტჯერ წარმომიდგენია, რომ ჩემს საკუთარ სახლში მეც მექნება ასეთი ნაძვის ხე. მე, დედა და მამა ერთად გავუკეთებთ სათამაშოებს და ბევრს ვიცინებთ. ჩემი ოჯახი ამ ბოროტ ხალხს არ ჰგავს. მათ არ მოგვცეს უფლება, ნაძვის ხესთან ახლოს მივსულიყავით და გაგვაფრთხილეს, რომ მკაცრად დაგვსჯიდნენ. _ უარესი რაღა უნდა იყოს, ნიკუშა? _ მაშინ სწრაფად _ არც შემოუხედავს ჩემთვის. მოვიპარე. პატარა, თეთრი ანგელოზი იყო, დიდი ფრთებით. დედაჩემს ძალიან ჰგავდა. მალე მოვიდოდა და წაგვიყვანდა მე და ნიკუშას ამ საშინელი ადგილიდან. შემოაღებდა რკინის დიდ, მახინჯ კარებს და მე გავიქცეოდი და მაგრად ჩავეხუტებოდი. ახალ წელს მოვულოცავდი. ის საჩუქარს მაჩუქებდა და ლოყაზე მაგრად მაკოცებდა. მაგიდასთან დაგვსვეს. ოცდათხუთმეტი ბავშვი ვისხედით და მე არცერთი ბავშვის თვალებში არ დამინახავს ბედნიერება. არც იმედი, არც სიყვარული და არც ლოდინი. მოკლეს და გაანადგურეს მათში ყველაფერი და ასეთი ცარიელი, გულგატეხილი ბავშვები დატოვეს მათგან. _ ნეტავ გარეთ თოვს? _ თოვს თათა, ძალიან მაგრად თოვს... _ რომ გავალთ, თოვლის ბაბუ გავაკეთოთ _ თვალები მიბრწყინავდა და კარებს ვუყურებდი. _ ჭამე, მიხვდებიან. აქაურობა ნაგავია. ჩვენ მხოლოდ დღესასწაულების დღეებში გვაჭმევენ გემრიელ საჭმელებს. დასჯილი ბავშვები დასასჯელ ოთახში ყავთ გამოკეტილი და არ უშვებენ. ახლოს რომ ჩაიარო, მათი ყვირილის ხმას გაიგებ. გამოსვლა უნდათ, ახალი წელი უნდათ მათაც. _ თათ. _ ხო ნიკუშა _ ამ ახალ წელს რისი არომატი აქვს? წინა წელს ახალ წელს მანდარინის არომატი ჰქონდა. მე და ლუკამ ვიპოვეთ შემთხვევით და ყოველ დღე თითო ლებანს ვჭამდით. იმის წინა წელს ბენზინის არომატი ჰქონდა. იმ ბენზინის, ერთმა ურჩმა ბიჭმა რომ მოასხა მთელს თავშესაფარს ღამით და ასანთის ჩხსკუნმა რომ გაგვაღვიძა. იქნებ სჯობდა, არ გაგვეჩერებინა. იმის წინის წინა წელს გოზინაყის. ძალიან, ძალიან გემრიელი იყო და მე და ნიკუშამ სულ შევჭამეთ ჩვენი წილი. იმის მერე სამზარეულოში ვიპარებით და გოზინაყს ვეძებთ, მაგრამ აღარ არის. დედა ნორამ გვითხრა, არასდროს აღარ გავაკეთებთო და სანამ "ის" დაგვინახავდა, გაგვყარა. _ დედა მოვა და მას ვკითხოთ _ კარგი არ მინდოდა ჭამა. არც მადა მქონდა ახლა, მხოლოდ ველოდებოდი და დროც აუტანლად მიზოზინებდა. ყველა რომ გაჩუმდა, მივხვდი რომ შემოვიდა. მისი სუნთქვის ხმაც გვესმოდა და თავები დახარეს. მე არ დამიხრია, ღიმილით შევხედე. საშინელი ადამიანია. არასდროს იცინის, სულ მკაცრი სახე აქვს და ბოროტი, შავი თვალები. ისეთი ბნელი ქალია, მეშინია და თვალებში არასდროს ვუყურებ. _ როგორ მოგწონთ ახალი წელი? ნაძვის ხეც დავდგით, უპატრონო დოყლაპიებო _ ცინიკური, მახინჯი ხმა ჰქონდა და მე ვერ ავიტანე. _ საშინელი ახალი წელია, შენსავით უშნო. აქედან მალე ყველანი წავალთ, გესმის? სულ ყველას მოგვაკითხავენ დედიკოები. თვალები გაახილეთ ბავშვებო, გვკლავენ და გვახრჩობენ ესენი. _ ვიყვირე და ისე უცებ მოხდა მერე ყველაფერი. მაჯაზე ხელი მომიჭირეს და სკამიდან ამაგდეს. ძალიან მეტკინა. მეორე ხელზე ნიკუშამ მომკიდა და მისკენ დამქაჩა. მახსოვს, ყვიროდა გაუშვითო. სახეში გაარტყეს და ძირს დავარდა. ვიკივლე, ძალიან ხმამაღლა ვიკივლე და ხელზე ვუკბინე. _ წამოათრიეთ _ ძალიან ცივი ხმა ჰქონდა მაშინ. ასეთი არც მაშინ ჰქონია, აქაურობას რომ წვავდნენ. სიშავეა დასჯის ოთახში. სიშავე და ტკივილი. ზურგი მეწვის და ცხელი ცრემლები სახესაც მიწვავენ. _ დედაჩემი მოვა და არ გაპატიებთ _ კნავილს ჰგავს ჩემი ხმა. _ აქამდე ვერ მიხვდი? დედა არ გყავს, ნაგავში აღმოჩენილო _ ეცინება მას. მთელი სხეული მტკივა. ყველა წერტილი მტკივა. აღარ მეტირება, ეს შვებაა? არც არაფერს ვხედავ. თვალებს ვხუჭავ და ოთხად ვიკეცები. ბუნდოვნად მესმის ნიკუშას ხმა. დასასჯელი ოთახის კარებზე ხელებს აბრახუნებს. ვხვდები, რომ აღარაფერს ეშველება. ტყუილად დამპირდა ნიკუშა. მე დედა არ მყავს. არც ნაძვის ხე მექნება და ვერც თოვლის ბაბუას გავაკეთებთ. ბედნიერება არ არსებობს, იმიტომ რომ დედაჩემი არასდროს მოვა. არც ახალი წელი არსებობს ისეთი, როგორიც მეგონა. სინათლეს ვხედავ, ძალიან, ძალიან დიდ სინათლეს და მეღიმება. თითქოს მივდივარ. ამ ახალ წელს არ აქვს არომატი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.