შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქანელა


6-03-2017, 22:06
ავტორი L LI
ნანახია 1 486

გვერდიდან ვუყურებ, თვალს მიჭრელებს წრიულად მოძრავი საქანელა. სახეებს გარკვევით ვერ ვხედავ, გამოსახულება იდღაბნება მწვანე ხეების ფონზე, თითქოს ბუნება შთანთქავს ამ ქაოსს. ვცდილობ გავიგო რა ხდება, მაგრამ მხოლოდ გაურკვეველი ხმები მესმის: ვიღაც ხარხარებს, ვიღაც ტირის, ვიღაც კივის... სიჩქარეც უფრო ამძაფრებს ყველაფერს და ეს მოძრავი ქარიშხალი გადაუვლის, ცაში იტაცებს, ანადგურებს რაც კი გზაზე გადაეღობება. გადარჩენისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: შენც მათ უნდა შეუერთდე. სულ ერთია იყვირებ, იტირებ, იცინებ თუ ჩუმად იქნები. უნდა დატოვო ის, რაც მანამდე არსებობდა, რასაც ადრე ფიქრობდი, რაც შენი იყო... აქ რვაფეხას ერთ-ერთ კიდურად იქცევი, რომელსაც დანარჩენი შვიდის მსგავსად ერთი ტვინი მართავს...
მაგრამ ვიცი, ვიცი რომ გარდაუვალია, ვიცი, რომ თუ საქანელაზე არ ავალ ისევ გარეთ მომიწევს დარჩენა. აქ კი არავინაა, მხოლოდ უდაბნო, რადგან ბუნებამ წარმოშვა ქარიშხალი და ქარიშხალმავე შთანთქა ის...
და ისევ... ვცდილობ თვალები ვადევნო მოძრავი საქანელას ბრუნვას, ისევ არ გამომდის. მხოლოდ გაფართოებული გუგით ვცდილობ დავინახო. ვხედავ მის მექანიზმს, მაგრამ ვერ შევიცნობ...
ჭრიალის ხმა მომესმა. ჩამრთველი გადაწიეს. არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა ამ გიგანტური მანქანის გამორთვა. სუნთქვა შემეკრა, მუშტები ჩემდა უნებურად შევკარი. ველოდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, არ ვიცოდი რას ვიზამდი. ჩემთვის რამე რომ ეკითხათ? ჩემთვის იქ ასვლა რომ ებრძანებინათ?
საქანელა მოძრაობას ანელებდა, უკვე ვხედავდი ათასობით ცნობისმოყვარე წყვილ თვალს. ყველა მე მიყურებდა, ერთხანს გაჩუმდნენ. მექანიზმი ახმაურდა, გაჩერებისას დაიჭრიალა, ქარმა ჰაერში აიტანა მთელი ქვიშა. თვალები მანამ მქონდა დახუჭული, სანამ არ დაილექა. ისევ გავხედე აწ უკვე დამდგარ ქარიშხალს. ისევ მე მიყურებდნენ. მათ მზერაში ვერ ვხედავდი ვერც მოლოდინს, ვერც სიძულვილს, მხოლოდ გულგრილობას... უეცრად ყველას მზერა ერთ ადგილას მიეყინა. მეც იქეთ გავიხედე. უზარმაზარი კიბე მოუყვებოდა საქანელიდან ქვიშით დაფარულ მიწამდე. ასობით ადამიანი ჩამოდიოდა, თითქოს დიდი ხნის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. გამიკვირდა, ყველას გაბრწყინებული სახე რომ ჰქონდა. ბოლოს ისეთებიც შევამჩნიე, ვისაც აიძულეს თავისი კაბინის დატოვება და ბორძიკით, ცრემლიანი თვალებით მოდიოდნენ ქაოსიდან სამარისებურ სიჩუმეში, დროდადრო უკან იხედებოდნენ, მდუმარებით ნათქვამ სიტყვებს უტოვებდნენ საქანელას, ისინიც უკვალოდ გაქრნენ...
სანახაობისგან შეძრულმა, მათ გავხედე ვინც კაბინაში იჯდა. ზემოდან გაქვავებული სახეებით დაჰყურებდნენ მთელს უდაბნოს. მივიხედ-მოვიხედე. უეცრად ბარხანებიდან ამოიზარდნენ სხვა ადამიანები, ისე მოვიდნენ რომ ვერც კი გავიგე. ყველა კიბისკენ დაიძრა. ეხეთქებოდნენ ერთმანეთს, მეჯახებოდნენ, ხელს მკრავდნენ, მირბოდნენ. დავეცი, გავითიშე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მაგრამ როდესაც გამოვფხიზლდი, საქანელა ისევ ტრიალებდა.ისევ შთანთქავდა ყველასა და ყველაფერს. ის ხალხი აღარ ჩანდა, უკვალოდ გაქრა. მათი არსებობის კვალად მხოლოდ ცალ-ცალი ფეხსაცმელები და ტანსაცმლის ნაგლეჯები დარჩა, არეულობის დროს, კიბისკენ მიმავალებმა დაკარგეს ალბათ.
რა უნდა მექნა? საქანელამ ისევ გამასწრო. დავლოდებოდი? ვინ იცის როდის შეჩერდებოდა. ვინ იცის, ვინ ავიდოდა მის კიბეზე, ვინ ჩამოვიდოდა, ან იძულებით ჩამოიყვანდნენ კაბინიდან!..
უკანასკნელად შევავლე თვალი. მერე ჩამრთველს გავხედე. შემეძლო ნებისმიერ დროს შემეჩერებინა, მეც დამეკავებინა ადგილი კაბინაში, მაგრამ ღირდა?
ჩანთა მოვიკიდე, უკვე აღარ ვყოყმანობდი. ზურგი ვაქციე ქარიშხალს იმ იმედით, რომ ჩემამდე ვერ მოაღწევდა, არ დავემონებოდი სხვების მსგავსად, არ დავემორჩილებოდი...
იმაზე უარესი რა არის, როდესაც საკუთარ თავს კარგავ!
თხელი მატერიით ვიფარავ სახეს, ხანდახან უკუსვლით მივდივარ ქვიშით რომ არ ამევსოს თვალები. მაგრამ იცით? მაინც არ ვნანობ. ისევ ვებრძვი აუტანელ სიცხეს, უსასრულო ბარხანებსა და დიუნებს. ერთი საქანელა მეორეთი იცვლება... მე კი მაინც მივდივარ იმ იმედით, რომ ბოლოს მაინც ვიპოვი ოაზისს, ისეთს ,ქარიშხალმაც რომ ვერ მიაღწია...
მივდივარ, არ ვჩერდები და ისევ გვერდიდან ვუყურებ. გაურკვეველი სახეები, გაურკვეველი ხმები...თვალს მჭრის წრიულად მოძრავი საქანელა...



№1  offline წევრი L LI

hella
უჩვეულოა:) კარგია...

მადლობა:)

 


№2  offline მოდერი bla.ell

Momewona...gansxvavdeboda.❤❤❤magarixar❤

 


№3  offline წევრი L LI

bla.ell
Momewona...gansxvavdeboda.❤❤❤magarixar❤

Madlobaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent