შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,თეთრი ღამეები"- სენტიმენტალური მეოცნებე


24-07-2017, 11:39
ავტორი L LI
ნანახია 1 591

ალბათ ყველას გაუთენებია ღამე ოცნებებში. მაგრამ მხოლოდ სენტიმენტალური ადამიანი თუ ცდილობს ამოქოლოს უკანასკნელი დარაბა, რომელიც გარესამყაროში გაახედებს. პატარა კუთხეში შეყუჟული აკოწიწებს თავის ოცნებებს. მას ირრეალურ სამყაროში სურს გააკეთოს ყველაფერი ის, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს მიაღწევს.
(,,მეოცნებე ჩვეულებრივი ადამიანი არ არის. ძირათადად მოფარებულ ადგილებში სახლობს, თითქოს მზესაც კი ემალება. მეოცნებეს ნაცნობები არ ჰყავს, მაგრამ არც სჭირდება. ისედაც მთელს ქალაქს იცნობს.“)

ჩვეულებრივი ადამიანები ხედავენ უხილავ ზღუდეებს, მეოცნებეების ირგვლის აღმართულს. ისე უფრთხიან მათ, როგორც ქუჩაში მაწანწალა ძაღლს. ვის რას უშავებს ეს ძაღლი? თავისთვის დადის, იქნებ დღე ისე გავიდეს, არც დაიყეფოს. ვის რას უშავებს სენტიმენტალური მეოცნებე? თავისთვის, ლამაზ ფერებში ხატავს მხოლოდ სამყაროს...
(,,მეოცნებეს არაფერი სურს, რადგან სურვილზე ძლიერია, რადგან ყველაფერი აქვს, თვით არის საკუთარი ცხოვრების მხატვარი და ყოველ წუთს შეუძლია იგი თავის ნებაზე გარდაქმნას. მერედა, ნუთუ ასე ადვილად, ასე ბუნებრივად იქმნება ეს ზღაპრული, ფანტასტიკური სამყარო! თითქოს ყოველივე ეს მართლაც არაა მოჩვენება!“)


მეოცნებეებიც გაურბიან ადამიანებს, მაგრამ მაინც შორიდან აკვირდებიან და კარგადაც იცნობენ. მათთვის შორეულია, ოცნებაა უბრალო საუბარი, ღიმილი, ადამიანური გრძნობების გამოხატვა... მაგრამ თუ ოდესმე დადგა საოცარი წამი, მიუწვდომელიც კი ახლო ხდება მეოცნებისთვის. ამ დროს მისი ცხოვრება თავდაყირა ტრიალდება. თეთრ ღამეებს აზრი ეძლევათ. ბედნიერება რეალური ხდება. წარმოსახვა ხორცშესხმული გესვეტება თვალწინ. ცხოვრებაში პირველად გჯერა, რომ შეძელი. შენც არსებობ არა მარტო შენი თავისთვის, არამედ სხვისთვის. და რა ტკბილია ეს შეგრძნება...
(,,ამ ოცნებებში, ღამით უმიზნო ხეტიალში გადის მეოცნების ცხოვრება და თუ შემთხვევით რეალობას გაუსწორებს თვალს და ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაშინ ბედნიერების ერთი წუთიც ოცნებად ექცევა, მაგრამ განა ეს ცოტაა, თუნდაც მთელი სიცოცხლისთვის?“)

ღამით ყველას სძინავს, მაგრამ არა სენტიმენტალურ მეოცნებეს. ის ფხიზლობს, რათა დატკბეს ბედნიერების წუთებით. არ სძინავს იმის შიშით, რომ ბედნიერებასაც აქვს საზღვრები და ოდესმე მიიწურება. როდესაც მეოცნებე მიუწვდომელს მიაღწევს, ებღაუჭება, ცდილობს ხელში მოიმწყვდიოს და არასოდეს გაუშვას... ჩვეულებრივი ადამიანები არ იცნობენ სენტიმენტალურ მეოცნებეებს. ერთი წამით აგრძნობინებენ სიხარულს, ბოლოს კი ხელს ისე კრავენ, არც დაფიქრდებიან... ბედნიერება, ხელში ჩაბღუჯული, მალე ქრება. თითქოს უფრო და უფრო მალე ილევა დრო. ქვიშა საათის ფსკერისკენ მიიწევს და თან მიაქვს სანუკვარი წამები. ჩვეულებრივი ადამიანი თავის სამყაროს იშენებს, სენტიმენტალურ მეოცნებეს თავზე ემხობა რეალური ბედნიერებისგან შექმნილი კოშკები... ამ დროს მეოცნებე ძველ ცხოვრებას უბრუნდება. ისევ ამოქოლავს თავის დარაბებს, კუთხეში შეყუჟული იწყებს ოცნებას...
(,,მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!“)

თავზე ათენდება მეოცნებეს. დილაა, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზეც ანათებს როგორც ყოველთვის. ძილი ერევა, რადგან ამიერიდან აღარ მოუწევს თეთრი ღამეების ლოდინი. სიხარული ხომ წამიერია. ასეთ წამებზე მარადიული ოცნებით თუ იქნება ადამიანი ბედნიერი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent