შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა


22-10-2017, 17:38
ავტორი Daria
ნანახია 1 552

სხვას, რომელიც ძალიან ჰგავს „მე“-ს, სიჩუმეში შევხვდი. იმ დღის შემდეგ ის ყოველ ღამით შემოდის ჩემს გონებაში და იქ ძალიან დიდი ხნით რჩება.
ზამთრის დღეები ყოველთვის უსაშველოდ მოსაწყენს ხდის ხოლმე დიდ ქალაქს და მეც, სრულიად ინერტული, ვდგები დილით, ვიღებ ყავისფერ ხელჩანთას და მივდივარ. ჩვეულებრივი გოგონა ვარ, არაფრით გამორჩეული, უცანური თმებით და უზარმაზარი თვალებით.
დიდ ქალაქში ვიწრო ქუჩებია, ვიწრო ქუჩებში - ყოველდღიური ადამიანები. ყოველთვის მიკვირდა, როგორ ქმნიდა მათი უმეტყველო სახეები ირგვლივ გამეფებულ უწყვეტ ხმაურს. წვიმდა და ყველანი მზეს ვნატრობდით. ნაცნობი დღე იდგა...
სხვა, რომელიც ძალიან ჰგავს „მე“-ს, დიდი ქალაქის რომელიღაც ნაწილში ცხოვრობს. მაშინაც შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ისიც რამდენიმე წამით. მას თავისი ცხოვრება აქვს, ალბათ მშვიდი და, რა თქმა უნდა, არაფერი იცის ჩემს შესახებ.
ზამთარი დიდ ქალაქს ნელ-ნელა სრულიად აუტანელს ხდის. მე ყოველ ღამით ველოდები სხვას, რომელიც აუცილებლად მოდის და ძალიან დიდი ხნით რჩება. მე მიყვარს სხვა, სხვას კი ალბათ სიცოცხლე უყვარს... უკანასკნელად მოვავლე თვალი ამღამინდელ ქალაქს და ოთახში შევბრუნდი. სხვა ჩვეულებრივ მოვა ჩემთან, სხვა, რომელიც სრულიად უცხოა და ამავდროულად ასე ძალიან ჰგავს „მე“-ს.
უცნობი გოგონა, რომელიც არავის არ ჰგავს, სიჩუმეში შემხვდა. ყურადღება მაშინვე მიიქცია მისმა დიდრონმა თვალებმა, რომლებიც ვიწრო ტროტუარს ინტერესით აკვირდებოდა. იმ დღის შემდეგ, ყოველ ღამით, ჩემი ფიქრები უცნობ გოგონასთან მიდის და მას საოცრად ნაცნობს ხდის ჩემთვის. დიდი, მაგრამ უსიცოცხლო ქალაქის რომელიღაც კუთხეში ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და, რა თქმა უნდა, არაფერი იცის ჩემს შესახებ. მე კი ყველაფერზე უსასრულოდ ვესაუბრები უცნობ გოგონას.
დიდ ქალაქში ცხოვრება ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდება. სიცივე კიდევ უფრო აბერებს გარემოს და მე არავინ მყავს იმ გოგონას გარდა, რომელიც არავის არ ჰგავს და რომელსაც ვიწრო ტროტუარზე შევხვდი.
სხვა, რომელიც ძალიან ჰგავს „მე“-ს, ორგანულად შეერწყა ჩემს ცხოვრებას. მე დავდივარ ქუჩებში, დავდივარ უსასრულოდ და ვფიქრობ. იქნებ სხვა ყველაზე ნაცნობია ჩემთვის? იქნებ სხვა ყველაზე ნაკლებად არის სხვა... დიდ ქალაქში, რომელიც ყველას უყვარს მე კი უბრალოდ ძალიან მღლის, ყოველდღე მხვდება უცნობი თუ ნაცნობი სახეები, მესმის მრავალი სახელი და მაინც, აქ ერთადერთი ახლობელი მყავს, ისიც სხვა და ისიც მიუღწეველი.
მე აღარ მიკვირს, თუ რატომ მოდის სხვა ყოველ ღამით, მე ახლა უკვე მინდა, რომ სხვა არ მიდიოდეს...
უკვე რამდენიმე თვეა დილა ფინჯანი ჩაის ნაცვლად უცნობ გოგონაზე ფიქრებით იწყება. არც დღის სხვა მონაკვეთები ჰგავს ჩემს ტიპურ რუტინას. სულ რამდენიმე გაუთვალისწინებელმა წამმა სრულიად მომიცვა და ქაოსში ჩამძირა. მე ველი გოგონას სიჩუმიდან, გოგონას, რომელიც არავის არ ჰგავს... სიცივით სახეცვლილ ქალაქში მე მიჭირს ვიცნო საკუთარი თავი და მე მტკივა, მტკივა, რომ დაუსრულებელ ტროტუარებზე უცნობი გოგონა აღარ დადის.
ჩემნაირი ბიჭები გონებაში მკაფიოდ არ ეღბეჭდებათ. მე უბრალო გამვლელი ვარ, როგორიც ათასობით ადამიანი, ისეთივე სხვა გოგონასთვის, როგორიც დიდი ქალაქის უმეტესი მოსახლეობა.
ჩემნაირი გოგონები ადვილად არ უყვარდებათ. ჩვენი დამახსოვრებაც კი უჭირთ... მე ვდაგავ ყოველ დილით აივანზე და დიდ ქალაქს ვუყურებ, ქალაქს, რომელიც არსად არ მთავრდება... იქ კი, სადღაც, სხვა თავისი ცხოვრებით ცხორვობს და მე არავინ ვარ სხვისთვის, რომელიც ასე ძალიან ჰგავს „მე“-ს. მე კვლავ გავაგრძელებ ლოდინს და დავიტოვებ იმედს, რომ სხვა ყოველ ღამით შემოვა ჩემს გონებაში და იქ ძალიან დიდი ხნით დარჩება. მე მიყვარს სხვა, სხვას კი ალბათ სიცოცხლე უყვარს, სიცოცხლე, რომელშიც მე საერთოდ არ ვარ...
ჩემი სახლის ფანჯრიდან დიდი ქალაქი უსასრულო ჩანს, უსასრულობაში კი, სადღაც გოგონა არის ტროტუარიდან. მე ყოველდღე ვეძებ უცნობის უცნაურად ნაცნობ თვალებს სიცივით ფერწასულ ხალხში. მე გავაგრძელებ უცნობ გოგონაზე ფიქრს და დავიტოვებ იმედს, რომ ჩემი ფიქრები ყოველ ღამით მისწვდება მას და გაიზიარებს უცნობი გოგონას ალბათ მშვიდ ცხოვრებას, ცხოვრებას, რომელშიც მე საერთოდ არ ვარ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent