შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღრიალებული სიჩუმე


30-10-2017, 23:08
ნანახია 1 979

წვიმა არ მიყვარს, არც არასდროს მყვარებია. ისე ნუ გაიგებთ, თითქოს შემოდგომის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, წვიმის დროს სახლში დარჩენითა და სევდიანი მუსიკის მოსმენით რომ ცდილობენ გადარჩენას. ნუ მკითხავთ, ეს მშველის თუ არა, რადგან დიდი ხანია ამ კითხვაზე პასუხს მეც ვეძებ და დღემდე ვერ მიპოვნია. თუმცა, ვის ვატყუებ, მეც ხომ ვიცი, რომ უარესს შვრება?
შემოდგომას ყოველთვის მოაქვს თავისი წილი დეპრესია. ეს ჯერ კიდევ სექტემბერში ხდება, ოქტომბერში მძაფრდება და ნოემბერში პიკს აღწევს. ორგანიზმი აანალიზებს, რომ უხილავი სიცივე მალე შეაღწევს მასში, ძვლებს ჩაეკიდება და გვიან გაზაფხულამდე აღარ დატოვებს. ახლა რომ ვუფიქრდები, ერთთავად კარგიცაა, მერე გაზაფხულზე უფრო მძაფრად ვგრძნობ ხოლმე იელების სურნელს, სითბოსა და ყოველ დილით, მზის ამოსვლისას, ვენებგადახსნილი ღია ცის ქვეშ ვდგები, რათა ზამთარში გაყინული,ვენებში არსებული ყვითელი სითხე შევათბო. სხვა თუ არაფერი, შემდეგ შემოდგომამდე ხომ მაინც უნდა გავძლო.
იმას ვამბობდი, რომ წვიმა არ მიყვარს. ზედმეტად აშიშვლებს გრძნობებს და იმიტომ. განა მინდა, რომ სულს და გონებას მიღრღნიდეს ფიქრები? ასეთ დროს, როცა წვიმა უმოწყალოდ ეხეთქება ფანჯრებს და მეც, მდგომარეობის დასამძიმებლად, რაღაც უღმერთოდ სევდიანი სიმღერა მაქვს ჩართული, ვხვდები, რომ ვენებში აღრიალებული სიყვითლე ვეღარ მშველის. სულ ერთია, რომ ახლა ბუნება უსაშველოდ ლამაზია. სულ ერთია, რომ შემოდგომის სიყვითლემ შეიძლება ვიღაცაში ნაზი გრძნობები აღძრას, ვიღაცას იქნებ ლექცი ან სიმღერაც დააწერინოს.
მე არ მშველის. ასეთ დროს მხოლოდ თავს ვინადგურებ და, რომ იცოდეთ, ეს საქმე არავის არ გამოსდის ისე კარგად, როგორც მე...
ეს მშვიდი, ერთი შეხედვით უწყინარი მელოდიები მკლავს. ყოველ წამს ვკვდები და მაინც ცოცხალი ვარ. მკლავს ყოველი ფიქრი და მაინც, მაინც ვსუნთქავ. რა მოხდებოდა, ეს რომ ასე გამეკეთებინა. რა მოხდებოდა, მაშინ ის რომ მეთქვა, რასაც ვგრძნობდი, ან თუნდაც ახლა, რა იქნება ყველაფერი რომ ამოვღერღო, რაც მაწუხებს და არ ვწერო რაღაც უაზრო, უშინაარსო, უთავბოლო ჩანახატები? უკვე იმდენჯერ დავიწყე წერა, თვეებია ვცდილობ სიტყვები ერთმანეთს გადავაბა, წინადადებებად შევკრა და მერე რაღაც მაინც გამოვიყვანო, მაგრამ არა, ესეც არ შემიძლია. ყოველ ჯერზე უშედეგოდ ვცდილობ, რომ ჩემს ვენებსა და გონებაში აღრიალებული სიყვითლე გარეთ გამოვუშვა. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვთრგუნავ საკუთარ თავს, გრძნობებს, ემოციებს, მომავალს, წარსულს, ყველაფერს, საერთოდ ყველაფერს.
დაფიქრებულხართ, რამდენი ადამიანისთვის გიტკენიათ გული ისე, რომ ვერც კი გაგიაზრებიათ? შეიძლება ვერც კი არა არც, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. მოგიხდიათ ბოდიში იმ გულისტკენისთვის? დაპირებულხართ, რომ აღარასდროს გაიმეორებდით იმავეს? გითქვამთ, რომ სინამდვილეში თქვენ ასეთი არ ხართ და ეს დაუფიქრებლად, გაუაზრებლად გააკეთეთ?
კი?
ბევრჯერ?
არა?
რატომ?
ოდესმე დაფიქრებულხართ ამაზე? გაგიციათ საკუთარი თავისთვის პასუხები?
რამდენი ფონჯანი ყავა ან ჩაი დაგილევიათ სასოწარკვეთილებს, უხასიათოდ ან დეპრესიის პირას მყოფებს, ან თუნდაც უკვე დეპრესიულებს? რამდენჯერ გიცდიათ რამე სასიკეთოს გაკეთება საკუთარი თავის გადასარჩენად? იქნებოდა ეს მობოდიშება, რამის დაწერა, საყიდლებზე წასვლა, ტკბილეულის ჭამა, ტირილი, ძილი, დალევა თუ უბრალოდ გასეირნება? ეხმარებით საკუთარ თავებს თუ თქვენც ჩემნაირები ხართ, იმის ნაცვლად ,რომ როგორმე უშველოთ, რაც შეიძლება ბევრს ფიქრობთ და ნანობთ?
როცა ასე ვარ, ტუჩსაცხებს ვყიდულობ. გუშინაც ვიყიდე და დღესაც. ახლაც გავიდოდი, რომ არ მეზარებოდეს, ვნახავდი ათობით ტუჩსაცხს, ვიყიდდი რომელიმე მათგანს, მერე სახლში დავბრუნდებოდი, ისევ გამანადგურებელ მუსიკას ჩავრთავდი და ამ უაზრო, სულელური რაღაცის წერას გავაგრძელებდი. მაგრამ არა, ზედმეტად მოზღვავებულია ახლა ჩემში სიტყვები და უნდა დავწერო რამე მაინც. არ იდარდოთ, ბოლოს მოგიბოდიშებთ, დრო რომ დაგაკარგვინეთ.
ამდენი ფიქრის მერე ერთ არც თუ ისე გენიალურ, თუმცაღა რეალურ დასკვნამდე მივედი. გავიაზრე, რომ სევდიანი ხალხი სულ ტყუილად ვაზიარებთ ამ სულის ატკიებამდე მგრძნობიარე სიმღერებს ჩვენს სოციალურ ქსელზე. მაინც არავის აღელვებს, რომ ცუდად ვართ. ჩასქროლავენ ფეისბუქს, უკეთეს შემთხვევაში სიმღერის ლინკს დაალაიქებენ, ან შეიძლება დააკომენტარონ კიდეც, რომ ძალიან კარგი მუსიკაა და მადლობას გეტყვიან, რომ მოასმენინე. ხომ იცით, ისინი უსმენენ ჩვენ მიერ გაზიარებულ მუსიკებს, თუმცა ვერ გებულობენ. ვერ ხვდებიან, რომ ამით ცოტაოდენი ყურადღების მიპყრობა მაინც გვინდოდა, გვინდოდა ვინმეს ეგრძნო, რომ ყველაფერი იდეალურად არ გვაქვს და გასამხნევებლად, პირად შეტყობინებებში რაიმე სისულელე მოეწერა, ოღონდ ჩვენთვის ეგრძნობინებინა რომ არსებობს, განიცდის ჩვენს ამბავს და ჩვენ გვერდითაა. უკეთესი იქნებოდა, თუ რაიმე მელოდიას გამოგვიგზავნიდნენ ჩვენი "მეგობრები" თუ მეგობრები. თუმცაღა, ოცნება ოცნებადვე რჩება. ჩვენ ან მხოლოდ მე სულ ტყუილად ვაზიარებ'თ სიმღერებს შუა ღამისას. იმედი არ მაქვს, რომ ამჯერად მაინც გამიგებენ. ვიცი, განა არ ვიცი, რომ სისულელეა, სიმღერა, რომელიც რომელიმე კონკრეტულმა, ერთ დროს ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა მომასმენინა, გავაზიარო და პოსტი საჯაროზე დავაყენო იმ იმედით, რომ ოდესმე, თუნდაც სიბერეში, ის ადამიანი ჩვენს თაიმლაიმც ნახავს და მიხვდება, ჩვენ კიდევ გვახსოვს ის, ყოველთვის ვფიქრობდით მასზე და არც არასდროს დაგვავიწყდება.
სულელები ვართ ადამიანები. ასეთ დროს უნდა ვლაპარაკობდეთ, ჩვენ კი, ვივარაუდებ და გამიხარდება თუ მარტო არ ვიქნები, ვიქცევით ჩემსავით, ანუ ვაზიარებთ "მის" სიმღერას იმის ნაცვლად, რომ დავუკავშირდეთ და ვუთხრათ, რაც დიდი ხანის განმავლობაში სათქმელი დაგვიგროვდა.

აკი დასაწყისში ვთქვი, წვიმა გრძნობებს აშიშვლებს-მეთქი. ამიტომაც არ მიყვარს, თუმცა ჩემს ქალაქში ხშირად წვიმს ხოლმე.

მე რომ ოდნავ უკეთესი პიროვნება ვიყო, გირჩევდით, რომ ჩაგეცვათ თქვენი ყვითელი საწვიმარი, გასულიყავით გარეთ და მიგეცათ წვიმისთვის უფლება, რომ თქვენი გონება და გული გაეწმინდა უსიამოვნო, მტლივნეული ფიქრებისგან. თუმცა არა. მოკალათდით ფანჯრის რაფაზე, შემოიხვიეთ ყვითელი პლედი, მოიმარჯვეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი, ფურცელი და კალამი, დაწერეთ რას გრძნობთ ან დახატეთ რამე, თუ გინდათ, იტირეთ. ჩააქვრეთ შუქი ოთახში, ჩართეთ რამე ამაღელვებელი სიმღერა, მოიმარჯვეთ მანდარინით სავსე თასი და იცოდეთ, რომ ამ დროს თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვინც ასე იქცევა. მეც აქვე ვარ, თქვენთან ერთად, დედამიწაზე.



№1 სტუმარი day

Rა მაგარი იყო დამაჟრიალააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent