თბილი წერტილი
...და აღმოვაჩინე, რომ შენ ჩემში ხარ... ...და წამიერად ტრიალდება სამყარო და მე ვხდები ერთდროულად მზრუნველი, მცველი, თბილი, მოსიყვარულე... მეცვლება აზროვნება, მეცვლება სამყაროს ცენტრი, მეცვლება ღმერთი... შენ უკვე ჩემში ხარ. სულ პატარა და წარმოუდგენელი ძალის პატრონი, სრულიად მიპყრობ, მისაკუთრებ, ითვისებ ჩემს გულსა და გონებას. ხელებს მუცელზე ვისვამ, არაფერი მემჩნევა, მაგრამ ვიცი, ჩემში ხარ, შიგნიდან ვგრძნობ ამას და ჩემი სიხარულისა და ჩუმი მღელვარებისგან აფორიაქებული გული გამალებით იწყებს ძგერას. ყოველ დღე ვდგები სარკესთან და გაკვირდები, გეფერები გესაუბრები, ვიმღერი... სულელი ხარო, ჯერ პატარააო, მამიკო დამცინის. გესმის, ციცქნა? მამამ შენზე თქვა პატარააო, ამისთვის რამდენიმე ღამის გათენებას იმსახურებს, არა?! არ დაგავიწყდეს ეს, როცა მზეს ჩახედავ თვალებში და ჟანგბადით გაიმდიდრებ ფილტვებს. შენ მე მცველად მაქციე, მოცუცქნულო. გაუაზრებლად მუცელზე მაქვს ხელები შემოწყობილი, გიცავ თითქოს არარსებული საფრთხისგან და გეფერები, გათბობ ერთდროულად. ...და პირველად ვისმენ შენს გულის ძგერას... . .. და მე ადრე არასდროს ამძგერებია გული ასე... ...და ჩვენი გულის ცემა ისმის ჩემს ყურში ერთდროულად... მამა ხელზე ხელს მკიდებს და ცრემლის თხელ ფენას დაუფარავად ათამაშებს თვალებში. მონიტორს შესცქერის და შენ გეძებს, ციცქნავ. მგონი დღეს პირველად აღგიქვამს რეალურად. მიცინის, გვიცინის ორივეს. ახლა ჩემთვის განკუთვნილი ღიმილი შენც გეკუთვნის, მოცუცქნულო და შენთის განკუთვნილი ღიმილი - მე... დილით სუფთა ჰაერზე გასეირნება შენთვის მოვინდომე, პატარავ. აქამდე ხომ არასდროს ვამბობდი დილის ძილზე უარს? ნელა მივუყვები ბაღის ბილიკებს და შენ გეფერები, გესაუბრები, გიღიმი, გეღიღინები... ნეტავ როგორი იქნები? ვინ იქნები? პრინცესა თუ პრინცი? ნეტავ ვისი ღიმილი გექნება? ჩემი? თუ მამიკოს მომხიბვლელი ღიმილი გამოგყვება? მინდა მას ჰგავდე, მისი ხასიათი გქონდეს და იმაზე ძლიერ გიყვარდე, ვიდრე მას... ნეტავ როგორი თმის ფერი გექნება? მამასავით შავი, თუ ჩემსავით ჩალისფერი? მამასავით ზურმუხტისფერი თვალები გექნება? ჩემსავით ყაყაჩოსფერი ტუჩები? გაიზარდე, ღმერთო, დე, როგორ გაიზარდე... პირველად რომ ვიგრძენი შენი მოძრაობა, სხეული ათასჯერ გამეყინა და გამილღვა სიხარულისგან. გაინძრა, გაინძრა-მეთქი, ჩურჩულით ვთქვი და ნახევრად მძინარე მამა შევაფხიზლე. მთელი ღამე აღარ დაუძინია, მთელი ღამე გელოდებიდა კიდევ როდის გამოძრავდებოდი, რომ მასაც ისევე ეგრძნე, როგორც მე. არც მას არ უნდა არაფრის გამოტოვება, ჩემსავით. შენ კი ჩემო პაწაწინა, ჯიუტო შვილო, მთელი ღამე მშვიდად გეძინა. მოგეჩვენაო, რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ მითხრა მამამ, მაგრამ მე ჯიუტად ვიცავდი ჩემ აზრს. მე ხომ ვიცოდი, რომ შენ იყავი?! მხოლოდ მეორე დღეს გამოეხმაურე მამიკოს ჩემი გავლით და მასაც ისეთი სიხარული მიანიჭე, როგორც მე. როგორ იტევ ამდენ სიხარულს, დე? მერე უკვე ჩვეულებრივი ოჯახური დიალოგები გვქონდა, მე შენ გესაუბრებოდი და შენც შენი გულისამაფართხალებელი ბიძგებით მპასუხობდი, მამიკოსთან ცოტას ჭირვეულობდი, ვიცი რატომაც, ჩემო მოციცქნულო, გეწყინა ხომ "პატარა" რომ დაგიძახა... მისი სასჯელი არ დაგავიწყდეს, კარგი? უკვე დიდი ხარ, ხელებს ძლივსღა გაწვდენ, იცი?! ძალიან გაიზარდე და დამძიმდი, უფრო მეტს ვიკვებებით და მალე ვიღლებით, სიარულიც ცოტა გვიჭირს, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელია, ხილიც აუცილებელია და რძის ნაწარმიც. იცი რამდენ ვიტამინს შეიცავს? აუცილებლად უნდა მოვერიოთ თავს და მივირთვათ. შენ ძლიერი და ჯანმრთელი უნდა იყო... უკვე გაგიცანი კარგად, ვიცი როდის გიხარია და როდის გწყინს, როდის იღლები, როდის გძინავს, როდის გშია, როდის გაწყნარებს ჩემი ხმა და როდის ისუსები მამიკოს ხმაზე, ვიცი ჩემო ცუღლუტო როგორ ძალიან გიყვარს მამიკოც, ვიცი რომ წყენამ გაგიარა და მე არ მიმხელ. არაუშავს, დე, გგონია გიბრაზდები? ასე არაა... ღამე ხშირად მეღვიძება, უცნაური იქნება რომ ვთქვა შენი ღუღუნის ხმა მაღვიძებს-მეთქი, ჩემო მტრედო? ვიღვიძებ და ჯერ ჩემთვის უცნობ, შენს სურნელს ვსუნთქავ, ვიცი, რომ შენია, ვიცი, მე ხომ დედა ვარ შენი?! ჰო, ვარ! და ვიცი! მერე მამიკოს ვაღვიძებთ, უკვე დროა, ჩემო დახატულო, ჩემო მოცუცქნულო... შენ არ იდარდო, მე გავუძლებ, მამაც გაუძლებს... თეთრ კედლებს მოდებულ ტკივილისფერ ჟანგბადს ვისუნთქავს და გელოდები ბორგვით, მოუსვენრობითა და მწარე წრიალშემჯდარი. სამყარო მეორედ ტრიალდება, როცა გხედავ და გეხები, დე... მერე რა, რომ ჩემში აღარ ფეთქავ და აღარ იზრდები, მერე რა, რომ ჩემ წილს ჟანგბადს აღარ გიზიარებ ფილტვებიდან? ახლა უკვე შენ გეხები ჩემო მოცუცქნულო პრინცესავ, შენს სურნელსაც ვგრძნობ უკვე ნაცნობსა და სამყაროში ყველაზე ტკბილს სურნელს. ისევ მე დაგიცავ, ისევ მე გამოგკვებავ, მოგივლი, გაგზრდი, მოგეფერები, გიმღერებ... მიღიმი, დე... მაშინვე გამიღიმე, როგორც კი ხელში აგიყვანე... მიღიმი მამიკოს ღიმილით, ისე როგორც ვნატრობდი. მეც გიღიმი, ყველაზე ბედნიერი ღიმილით როგორითაც არასდროს გამიღიმია და გჩურჩულები: -გამარჯობა, დე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.