შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერწერა


28-06-2018, 23:14
ავტორი Ignifex
ნანახია 1 102

აღარაფერი მაქვს დასაწერი.

სიტყვები მცვივა ხელებიდან და სანამ აკრეფას მოვასწრებდე, იკარგება.

ძალა აღარ შემრჩა, რომ მუჭი შევკრა და იქ მოვაქციო ჩემი სათქმელი. მაინც გამოძვრება ხოლმე ერთი მძიმე, ერთი წერტილი, ერთი “არ”, ერთი “ვიცი”, ერთი “რა” ან “მინდა” და მერე სულ ირევა ჩემი წინადადებები.

ვზივარ სამზარეულოს მორყეულ სკამზე და დავყურებ ამ ჩემს გაშლილ ხელებს.

გუშინ წვიმდა.

წვიმდა და ღია ფანჯარაში ხელი გავყავი.

გახურებულ კანზე მეხუთე წვეთი რომ დამეცა, უცებ წარმოვიდგინე, როგორ დავიწყებდი წერას გოგოზე, რომელმაც არ იცის, რა უნდა ამ ცხოვრებისგან, ფრთები უხილავი თოკებით აქვს შეკრული და სიყვარულის ეშინია.

მერე გადავიფიქრე: მარტო სიყვარულის კი არა, სიყვარულისა და უსიყვარულობის ეშინია ერთდროულად.

წვიმა ახალი დაწყებული იქნებოდა, როცა ეს გოგო სახლიდან გამოვიდოდა. ზურგჩანთიდან ნარინჯისფერ ქოლგას ამოიღებდა და წავიდოდა, ოღონდ წარმოდგენა არ მაქვს, სად. ცუდ ხასიათზე იქნებოდა, რადგან მოღრუბლული ამინდის გამო თვეების წინ მოტეხილი ხელი ასტკივდებოდა. ჩანთა ფიქრებით ექნებოდა სავსე და ისე დაამძიმებდა, ისე…თუმცა თვითონ ამ სიმძიმეს წიგნებსა და თბილი ჩაით სავსე თერმოსს დააბრალებდა. მერე შემთხვევით მიწაზე დაგდებულ პირადობის მოწმობას იპოვიდა.

ვზივარ სამზარეულოში, მორყეულ სკამზე, და დავყურებ ჩემს ხელებში მოქცეულ ამ პირადობის მოწმობას, რომელზეც ახალგაზრდა კაცის ფოტოა გამოსახული, თუმცა მე მის სახეს ვერ ვხედავ. სახელი და გვარიც გაურკვევლად წერია. არადა დავიფიცებ, რომ სათვალე მიკეთია! პეშვში დაგუბებული წყალივით მიჭირავს ეს სახე და სახელი და გვარი და სანამ მათ რაიმე ფორმას მივცემდე, უკანასკნელი წვეთი ეცემა იატაკზე. სულ დავღვარე!

იმ პეშვში იყო მოქცეული მათი პირველი შეხვედრა, პირველი სიტყვები, ღიმილისას ჩაღრმავებული ლოყები, სამი ხალი ყელზე, ერთი ხელზე, მაჯასთან, და მრავლისმეტყველი თვალები. აი, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოიდგინე! რა ლამაზია, არა?

ღმერთო, რა ბანალურია და ღმერთო, რა ვქნა, რომ ისე ვერასდროს გავიზრდები, ბანალური შინაარსის მქონე ამბები რომ არ მომწონდეს?

მგონი წიგნებში რომ წერია, იმ სიყვარულის მჯერა მარტო.

და იმდენად მიუწვდომელია ჩემთვის ეგ სიყვარული, რომ ვერ ვწერ. ვერ გამოვიგონე ისეთი სიტყვები, რომ ზუსტად აღმეწერა, როგორ ეთამაშება მზის სხივები თაფლისფერ თვალებს.

რა შუაშია ეს სიყვარულთანო, მკითხავთ ალბათ. საპასუხო წინადადება ხელიდან მივარდება და სამზარეულოს იატაკზე დაცემისას იმსხვრევა.

წეღან რომ დავწერე, მეხუთე წვეთი დამეცა ხელზე-მეთქი, მხატვრული ეფექტის მოსახდენად დავწერე, თორემ ისე არ დამითვლია. მე რა ვიცი, მერამდენე წვეთის დაცემისას გამოვიდა ის გოგო სახლიდან?!

მხოლოდ ის მახსოვს, რომ გამოვიდა. სახლში კი წინა დღეს მოხარშული მაკარონი, მაგიდაზე, თაროებსა და ტელევიზორზე ორი დღის დაგროვილი მტვერი, დასარეცხი ტანსაცმელი და ბალიშზე უკვე გამშრალი ცრემლები დატოვა.

რა ატირებდა?

სამზარეულოში რომ მორყეული სკამია, აი, იქ ჩამომჯდარი ვფიქრობ მაგაზე და სიტყვების დასაჭერად მუჭს ისევ ვერ ვკრავ. საიდან უნდა ვიცოდე, რა ატირებდა?! საკუთარ თავშია ჩაკეტილი და მეც არ მეუბნება მიზეზს. იმ ბიჭს ეტყვის, ყელზე სამი ხალი რომ აქვს, მაჯასთან – ერთი, ღიმილისას ლოყებზე ორმოები რომ უჩნდება და მრავლისმეტყველი თვალები რომ აქვს.

ისე, მე მაინც მგონია, რომ ტირილის მიზეზის უქონლობა ატირებდა. ეგეთია, რა. თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ რაღაც მაინც აკლია და მაგ რაღაცას ვერ პოულობს. მეც ვტირივარ ხოლმე ამის გამო და ალბათ ჩემი პერსონაჟიც ჩემნაირია.

ყავას რომ დავლევ, იმედია მერე მაინც მოვიფიქრებ ნორმალურ მიზეზს, თორემ ეს რაღაცნაირია. ყველა რომ ვერ გაიგებს, ისეთი.

ცუდ ხასიათზეა ეს გოგო, ხელი სტკივა და არ იცის, რამდენიმე ნაბიჯში მიწაზე დაგდებულ პირადობის მოწმობას რომ იპოვის.

სამზარეულოში, მორყეულ სკამზე ჩამომჯდარი ვფიქრობ, იმიტომ ხომ არ ტიროდა, რომ არ იცოდა, საერთოდ იპოვიდა თუ არა პირადობის მოწმობას? იქნებ ფიქრობდა, რომ არავინ შეიყვარებდა? რა სისულელეა მაგის გამო ტირილი, მაგრამ ეს გოგო პერსონაჟია და არაფერია გამორიცხული.

იმ ბიჭის სახეს, სახელს, გვარსა და ხასიათს ისევ ვერ ვხედავ. ეგ კი არა, ეს ხალები, ლოყებზე ორმოები და თვალებიც ისე მოულოდნელად ფერმკრთალდება ხოლმე, მგონი არც არსებობს, და მეშინია, ჩემ გამო ეს გოგო მარტო არ დარჩეს.

პირველი სიტყვებიც არ მესმის. მე ცუდი სმენა მაქვს და აბა, თქვენ დაუგდეთ ყური, რას ეუბნება? როგორი ხმა აქვს?

სამზარეულოში, მორყეულ სკამზე ჩამომჯდარს რომელიღაც წიგნში ამოკითხული სიტყვები მახსენდება: “პროფესორო, არც კი ვიცი, მწერალი ვარ თუ არა. მგონი, უბრალოდ კარგი მკითხველი ვარ.”

ხოდა, პროფესორო, მგონი მეც მაგიტომ არ ვიცი, სად მიდის ეს გოგო ან რამდენ ნაბიჯში იპოვის იმ პირადობის მოწმობას, წეღან სამზარეულოს იატაკზე რომ დავღვარე.

მარტო ის ვიცი, რომ მიდის და მის ზურგჩანთას ფიქრებზე, წიგნებსა და თბილი ჩაით სავსე თერმოსზე მეტად სიცარიელე ამძიმებს.



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

კარგია გააგრძელე,ესე არ დაასრულო, ვფიქრობ კარგი ისტორია გამოვა...ველოდები შემდეგს..

 


№2  offline წევრი Ignifex

ჰაიკო
რა მაგარიაა!!!! გააგრძელე.

სტუმარი სოფი
კარგია გააგრძელე,ესე არ დაასრულო, ვფიქრობ კარგი ისტორია გამოვა...ველოდები შემდეგს..

დიდი მადლობა ♥ ისტორია არ არის, სამწუხაროდ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent