გასეირნება.
2020 წელი დღეებს სულმოუთქმელად ითვლის, ერთი სული აქვს როდის მიილევა 365 დღე და ახალი, 2021 დადგება. აი, პატარები რომ ითვლიან ხოლმე, რამდენი დღე დარჩა მათ დაბადების დღემდე, სწორედ ისე ითვლის და ბედნიერია, რომ სულ ცოტა, 109 დღე დარჩა და დამთავრდება ღელვა და კიდევ ერთი უცნაური გრძნობა, რომელიც თან სდევდა ამ მოუთმენელ თვლას. მე კი, სრულიად ბედნიერი იმით, რომ 2616 საათი დამრჩენოდა, არხეინად ვიწექი მიწაზე. ბოლო პერიოდში, ჩემდა უნებურად, უანგაროდ შემიყვარდა მზის სხივებთან ურთიერთობა. შუადღის საათებში მზე არც ჩადის და არც ამოდის, მიწებებულა ცას ერთ წერტილში და იქიდან ცდილობს გაანათოს და გაათბოს დედამიწა. ხოდა, მე კიდე დედამიწას ვეწებები ხოლმე მაგ დროს, ერთ წერტილში, მზის პირისპირ. მე და მზე, ასე, ცასა და დედამიწას მიჯაჭვულნი, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და შეიძლება საათობითაც კი, ვეამბორებოდით ერთმანეთს. მზე კი არ იძვროდა ადგილიდან, მაგრამ ვერაგ და ეგოისტ ღრუბლებს, ხანდახან თავხედობა ჰყოფნიდათ და მას ისე გადაეფარებოდნენ ხოლმე, თითქოს მათაც შეეძლოთ ჩემთან ისეთი ურთიერთობა ჰქონოდათ, როგორიც მზეს ჰქონდა. თუმცაღა, ალბათ ხვდებოდნენ ჩემს დამოკიდებულებას მათდამი და უმალვე ჩამოეცლებოდნენ ხოლმე ჩემი სულის მეგობარს. ჩემდა საბედნიეროდ, დღეს ღრუბლებს თავხედობა არ გამოუჩენიათ და ბედნიერად ვიწექი მზის გულზე. ამ დღეს "ხორკლები" არც კი გამხსენებია.ხორკლები, რომლებიც ჩემს სხეულზე ძალიან სწრაფად, დაუკითხავად ჩდებიან, მაშინ როცა მასთან მზის სხივები ვერ აღწევენ. ვერ ვიტან მაგ გრძნობას, უცებ რომ გაგაჟრჟოლებს და ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს სხეული ორად გაიყო, თითქოს გაორდი. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ მზის სითბოს ფრჩხილისოდენა ტალღა კიდე დარჩენილიყო ჩემთან, რომ მთლად არ გავყინულიყავი. დღეს კი ისეთი მშვენიერი მზე ამოგორებულიყო ცაზე, რომ მიწაც კი ადუღებამდე გაეცხელებინა. ნეტავ იცოდეთ, ის ორმაგი სითბო, რომელთა შორისაც მე ვიყავი, როგორი იშვიათი და სანუკვარია. მაშინ, როცა მზეს ვეთამაშებოდი და ბედნიერების მწვერვალზე ვიყავი, ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მწვერვალსაც ჰქონდა მწვერვალი და ის ძალიან ახლოს იყო ჩემთან. არ ვიცოდი, ამიტომ როდესაც ჩემ მეგობართან თამაშით გული ვიჯერე, გვერდზე გადადებული "ტრამალის მგელი" კვლავ ავიღე და კითხვა განვაგრძე.. გადავშალე წიგნი და ვკითხულობ წინადადებას, რომელიც ვიღაცას მოუნიშნავს: "თვით ყველაზე უბედურთა ცხოვრებაშიც არის ხოლმე მზით გაცისკროვნებული წუთები და ქვა-ღორღს შორის ამოხეთქილი ბედნიერების პაწაწინა ყვავილები". რასაკვირველია, სადღაც წინადადების შუაში რომ მივედი, სრულიად შეგნებულად გამეღიმა და ასე გაღიმებულმა ჩავამთავრე. რამდენიმე წუთი ვკითხულობდი ხმამაღლა. ასეთი ჩვევა მაქვს, დიდხანს ვერ ვკითხულობ და ამის საბაბად ვამბობ, რომ ხმამაღალი კითხვის ბრალია. სწორედ იმავე საბაბით, ყელი გამიშრა და წყალი მომინდა. ძალიან მწყუროდა და რომ მცოდნოდა სადმე ახლოს წყაროს ვნახავდი, არ დამეზარებოდა, ნამდვილად წავიდოდი. თუმცა წყარო არ მეგულებოდა. ამ დროს თავში ერთმა ფიქრმა გამირბინა, რომლის შინაარსიც დაახლოებით ასეთი იყო: მგონი დაგავიწყდა სად ცხოვრობ. სად ეძებ წყალს? გამეცინა. ჩემს სამფლობელოში, ყელში წვეთსაც ვერ ჩავუშვებდი, ამიტომ ვიფიქრე რომ სახლში წასვლის დრო იყო, თან ვენახის პატრონის მოსვლის დროც ახლოვდებოდა. თითქმის ყოველდღე, 6 საათზე მოდიოდა ხოლმე დასახედად. უნდა ავღნიშნო, რომ არც ერთხელ არ გამოვუჭერივარ. მოკლედ, საკმაო მიზეზი მქონდა იმისთვის, რომ მზე ჩასვლამდე მიმეტოვებინა. "ჩემი ვენახი" მამაჩემის სახლთან არც ისე ახლოს იყო. აუჩქარებლად მივდივარ სახლისკენ და სრულიად მოულოდნელად და შემდეგ ჩემდა გასაკვირად, კვლავ გამოვიდა სცენაზე უცნაური ფიქრი, უფრო კითხვა: ყველას,თუ ყველას არა, ბევრ ადამიანს სიცოცხლის ბოლო წუთებში ცრემლი რატომ გადმოუგორდება ხოლმე ნელთბილ ლოყაზე? სიცოცხლისა და სიკვდილის გასაყარზე ყველას ფიზიკური ტკივილი სტანჯავს? ნეტა რა ხდება? ტკივილის მეგობარი ცრემლია ის, თუ იმიტომ ტირიან რომ სიკვდილი არ უნდათ? მაგრამ რატომ არ უნდა უნდოდეთ, იციან კი რა ხდება "სიკვდილში"? ამაზე ხომ არც უფიქრიათ, ან შეიძლება უფიქრიათ მაგრამ მაინც 'რა იციან', იმიტომ რომ ფანტაზია არ ეყოთ გასაგებად. თანაც, ისიც ხომ არ იციან სიცოცხლეში რა მოხდება. ადამიანი როცა იბადება მაშინაც ხომ ტირის. ნეტა მაშინაც იგივე მიზეზი ხომ არ აქვს? მე კლვლავ ვმოძრაობდი და წინ მივდიოდი იმ ფიქრებისგან განსხვავებით, რომლებიც არეულ-დარეულან და არცერთი არცერთს არ უთმობს სცენას, არც პირველი მეორეს და არც მეორე მესამეს, რომ იქნებ რომელიმემ პასუხი მიიღოს. საბოლოოდ კი პრობლემა ერთმა მოხუცმა, წვერგათეთრებულმა და წელშიმოტეხილმა მამაკაცმა გადაჭრა. თანაც როგორ მარტივად მოახერხა ეს! როგორც კი ჩემი თვალის სარკეში გამოჩნდა, მაშინვე აქეთ-იქით მიყარ-მოყარა ეს კითხვითი წინადადებები და მთავარმა სცენამ ჩემს თვალებში გადაინაცვლა. რამდენიმე წამი მივაშტერდი მოხუცს, მანამდე ვერ მოვედი გონს, სანამ გულში უსაზღვრო სითბო არ ჩამეღვენთა და არ გამომაფხიზლა. მოხუცთან მივედი და კითხვის დასრულებამდე - დახმრება ხომ არ უნდოდა, ზურგზე მოდებული ხის ხუთი ნაჭრიდან ორი გამოვართვი. სანამ რამეს იტყოდა გამომხედა, ცოტა დაბნეული და გაკვირვებული ჩანდა. მერე თითქოს გონს მოვიდაო, მომესალმა. მეც დავუბრუნე პასუხი და მზად ვიყავი შემდეგი პასუხისთვის, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მას არ უკითხავს ვისი შვილიშვილი ვარ. მივხვდი, რომ საქმე ჩვეულებრივ "ყველასნაირ" ადამიანთან არ დამიჭერია და ოდნავი დაძაბულობა შევატყვე თავს. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ბოდიში მოვუხადე, რომ მეტის გამორთმევა ვერ შევძელი, რადგან მეორე რომ ავიკიდე ზურგზე ტვირთად, მივხვდი მეტის დამძლევი არ ვიყავი. ეს რომ ვუთხარი,მეორედ მაშინ გამომხედა და პირველისგან მკვეთრად განსხვავებული, რაღაცნაირად იმედიანი და სიყვარულით სავსე მზერა დავიჭირე, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამოვნა. მერე კი ნათქვამზე ასეთი პასუხი მომიგო: -მუჭის ოდენა ერიც აღარა ვართ და მიუხედავად ამისა, ქაართველი ხალხი მუდამ ერთმანეთსა ვჭამთ. იმის მაგივრად რომ ერთმანეთს ტვირთი შეუმსუბუქონ, ეცადონ მაინც შემსუბუქებას, უათმაგებენ და უასმაგებენ. არავის არ ძალუძს სხვისი ტვირთი მთლიანად თვითონ ატაროს. მაგრამ იმ მთლიანიდან თუ რაღაც, თუნდაც ერთიშეხედვით, პატარა, უმნიშვნელო ნაწილს დაავლო ხელი და ზურგზე აიკიდა, ეგ არი ადამიანობა, დღეს გმირობის ტოლფასი როა. შენ კი, ჩემო, პატარა, პატარა კი არა, ძააალიან დიდი ნაწილი აიღე საკუთარ თავზე. - ანუ მე ძაალიან დიდი გმირი ვარ? ამაზე გაეცინა და მეც გავიცინე. -სად ცხოვრობთ, შორსაა თქვენი სახლი? ვიკითხე და სიტყვა გავათავე თუ არა, შევკრთი, არ იფიქროს დავიღალე და იმიტომ ვეკითხები-მეთქი. კვლავ დავიძაბე, თუმცა სულ ტყუილად, მან ისევ ისე თბილად და აშკარად ისე მიპასუხა, რომ მივხვდი მსგავსი არაფერი არ უფიქრია: -ჩემი სახლი? ძალიანაც შორს არ არი. პასუხის მოსმენამ გამახარა და თან გამაკვირვა. თუმცა ძალიანაც სასიამოვნო გაკვირვება იყო ეს. ადამიანების გვერდით როცა ვარ დუმილი უხერხულობას მგვრის ხოლმე, ამიტომ პირზე პირველი რაც მომადგა ვუთხარი: თადარიგი დაგიჭერიათ და ადრიანად შესდგომიხართ ზამთრისთვის მზადებას-მეთქი. - ზამთარი უცებ მოვა და მე და ჩემი ბომბორა, სახლში რომ მელოდება, მზად უნდა დავხვდეთ. თანაც ყოველთვის ერთ გუნებაზე ხომ არ არის ადამიანი. რა ვიცი, მომდევნო ერთი კვირა შეიძლება საერთოდ არ მომინდეს ჩემი მყუდრო ბუდის დატოვება და ცივ, უცხო გარემოსთან შეხება და მის ნაწილად უოფნა. ასე რომ, ჩემო პატარა, მგონი არც ისე ადრე დამიწყია მზადება. ოხხ, ეს ცივი და დაუნდობელი ზამთარი. უკვე დიდი ხანია, რაც მეც ისეთივე ცივი ვარ მის მიმართ, როგორც ის ჩემ მიმართ. ოხ, ეს დამპალი ზამთარი, როგორ ჩაგრავს ადამიანებს, როგორ ყინავს უკვე გაყინული სულის სიფრიფანა ხორცს. სულგანაბული ვუსმენდი. ჩემთვის ძალიან ნაცნობ საგანზე საუბრობდა, მაგრამ ხანდახან ვხედავდი როგორი ნაცნობი იყო მისთვის და მაშინ ჩემს ცნობიერებას მკრთალი ვარდისფერი გადაეკვრებოდა ხოლმე. -ისე კი, რა სადარდებელია ხორცის გაყინვა, თუკი სული უკვე გაყინულია?! სული...სული...სული იმისთვის არსებობს რომ გაიყინოს, ისე გაიყინოს, რომ ბზარი გაუჩნდეს. უნდა გაიბზაროს, პატარ-პატარა ნატეხებად იქცეს, რომ გალღობა გაუადვილდეს. რაც უფრო მეტად დაიბზარება მით უკეთესი, თორემ დიდი ნაწილის გალღობა უფრო რთულია და დროც ბევრი უნდა. მერე კი გამღვალი, წყლის წვეთებად ჩამოღვენთილი, კვლავ გაერთიანდება და ასე, ერთ მუშტად შეკრული დაელოდება მომავალ ზამთარს. ხორცის გაყინვა კი მათი სადარდებელია ვისაც სული გულიანად შეუმოსავთ და სიცივეს ახლოს არ უშვებენ. მათთვის არი მომაკვდინებელი ხორცის დაღუპვა, თორემ ვინც წელიწადის ოთხივე დროს გაყინულ სულს ატარებს, იმას ხორცის ტკივილი არ აშინებს. ახლა იფიქრებ, ასე თუ ეშინიათ ხორცის გაყინვისა, ის შეემოსათ თბილად და სული დაეტოვებინათ შიშველ-ტიტველიო. ალბათ ხვდებიან, რომ მეორე პირველზე ბევრად გაუსაძლისია და სიმხდალეს იჩენენ. -მისი დამანგრეველი ძვრების შემდეგ მიღებული უსაზღვრო ბედნიერების შესახებაც რომ იცოდნენ, ნეტავ მერე როგორ მოიქცეოდნენ.შეძლებდნენ ორიდან ერთი საუკეთესო ამოერჩიათ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.