შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზად


9-06-2021, 01:58
ავტორი Annabelle7
ნანახია 602

ტბაზე სკოლასთან ციხეებისკენ ორ ლარად ამიყვანთ?
ნაცნობ სახეს ვუყურებ, ჩასაჯდომად ვემზადები, ტაქსის კარს ვაღებ და მივეშურები ადგილისკენ სადაც ყოველთვის ზღვისფერი სიყვარულით მელიან. გზაზე ყოფნის დრო ერთადერთია, რომელსაც საკუთარ თავს ფიქრისთვის ვუთმობ. თუმცა სახლიდან სკოლამდე გზა 3-4 წუთს თუ გრძელდება და მხოლოდ ის, რომ იქ მელიან, ვერ მივსებს საკუთარი თავის მიტოვებით გამოწვეულ დანაკლისს.

მეხუთე წელია მეტროში ჩავდივარ, ხელები ყურსასმენებისკენ მიმაქვს, ვირგებ, თვალებს ვხუჭავ და საზოგადოების ხმას ვახშობ.

შემდეგი სადგური სარაჯიშვილი. ბაბუა აქ ჩამოდიოდა ხოლმე. როცა სადმე ერთად ვიყავით ან საიდანმე ერთად მოვდიოდით, ბაბუა სარაჯიშვილზე ჩამოდიოდა და მიდიოდა სახლისკენ სადაც ბებია ყოველთვის ელოდა. რა კარგია, როცა სადღაც ყოველთვის გელიან, არა?

სარაჯიშვილიდან დიდუბემდე მანძილს როგორ გავდივარ არ ვიცი, რამდენ რამეზე ვასწრებ ფიქრს არ ვიცი, კარგია, რომ დიდუბის გავლა მიწევს, ფიქრებში ჩაძირული უცებ ვფხიზლდები და ვხვდები სად ვარ.

შემდეგი სადგური გოცირიძე. ის მომენტი მიყვარს, გოცირიძის ბოლოდან გვირაბში შესვლამდე რაღაც არანორმალური ტემპით რომ მიიჩქარის მატარებელი. სულ ვცდილობ სევდა და გამქრალი ადამიანები გავატანო, მაგრამ ვერასდროს ვასწრებ. არასდროს გამომდის. მივდივარ. ვაწვები, სხეულს შიგნიდან ვაწვები და ალბათ ამ დროს გრძელთმიანი გოგონა ძალიან სასაცილო დასანახია.

შემდეგი სადგური რუსთაველი. ვაგონიდან გამოვდივარ, გზა ისევ მეშლება და ჯერ მარჯვნივ მივდივარ, მერე ძეგლს ვეჩეხები და საპირისპირო მიმართულებით მიწევს წასვლა. ექსკალატორზე ცოტა დრო კიდევ მაქვს, ვლოცულობ გზად უნივერსიტეტამდე არავინ შემხვდეს და ისევ შევძლო ფიქრი ადამიანებზე, რომლებიც ჩემთან აღარ არიან. მათზე როცა ვფიქრობ, ჰაერს ღრმად ჩავიგუბებ, სიგარეტის ბოლივით ჩავიყენებ ფილტვებში და მთელს ორგანიზმს ვწამლავ. ჰომ, მარტივია დაანებო ამ სიგარეტს თავი, დადგე ერთხელ მტკვრის პირას მოისროლო ეს ღერი, ისიც არ განაღვლებდეს ამ ერთხელ ბუნებას რომ ანაგვიანებ, უბრალოდ მოისროლო და მორჩე. ამოისუნთქო. ეს ჩანთაში ჩარჩენილი კოლოფიც უახლოეს ნაგვის ბუნკერში ჩააგდო და ამოისუნთქო. ფილტვებს ახალი ჰაერი მისცე და ამოისუნთქო. ისე, თითქოს არაფერი იყო ან ყველაფერი იყო და ახლა ისევ ყველაფერი იქნება. მაგრამ არა, ასე მწველად, მაინც დგახარ და უშვებ ფილტვებში სათითაოდ თითოეულ მათგანს, იმიტომ რომ რეალურად ვერავინ ვერასდროს ამოიგდე გონებიდან. ასე უშვებ ფილტვებში და ინაგვიანებ მთელ სხეულს, შენ თვითონვე იწვავ მთელს სხეულს, ისე რომ ბოლოს სუნთქვა გიჭირს და სუფთა ჰაერსაც ვერსად პოულობ იმდენს, რომ გეყოს და გადარჩე.

მეტროდან ამოდიხარ, წინ სინათლეა. დღეა. უნივერსიტეტისკენ მიიჩქარი. მარცხნივ თუ მარჯვნივ? ფეხით თუ ავტობუსით? სად უფრო მეტი შანსია რომ არავინ შემხვდეს?

ფეხით მეტი დრო მაქვს რომ საკუთარ თავზე ვიფიქრო და ჩემი ადამიანებით მოვიწამლო გონება. ჰოდა წავედი მარცხნივ. ნაცნობი შემხვდა, გამეღიმა, ყურსასმენები მოვიხსენი და ყოველდღიურ რუტინას დავუბრუნდი.

მივიჩქარი უნივერსიტეტისკენ, სადაც არავინ მელის და ზღვისფერ სიყვარულსაც ვერავინ მაჩუქებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent