ათვლის სხეული (სრულად)
დედაჩემმა ნათითურები გაწმინდა სარკეზე და სისუფთავისგან მოგვრილმა კმაყოფილებამ ცოტახნით დაავიწყა, რომ მის შრომისმოვარე და მოფუსფუსე ხელებს, წესრიგისადმი უგონო ლტლოლვის მიუხედავად, ყველა სიბინძურის მოშორება მაინც არ შეეძლო. ყოველი გათენება მორიგი ბრძოლის დაწყებას ნიშნავდა დედაჩემისთვის, თითქოს ეს იყო რიტუალი, რომელსაც ჩემთვის უცნობი და გაუგონარი, ბუნდოვანი და ძნელად სარწმუნო რელიგიის მსახურებისთვის ატარებდა; რომლის აღსრულებისას შესაშური სიამოვნება და სიმშვიდე იბუდებდა ხოლმე მის ენერგიადაუშრეტელ სხეულში. არადა, ძალიან მომწონდა, ახალგაღვიძებული ჩემს საძინებელს თვალს რომ მოვავლებდი და ფანჯრიდან შემოპარულ სინათლეზე არეკლილ მტვრის ბუნგალს რომ ვამჩნევდი. დედა კი, პირიქით - გაშმაგებით ებრძოდა ამას. იმხანად ჩემი ცხოვრება უნიტაზის მილში გაჭედილი ფეკალიებივით სტატიკური, უსიამოვნო და საზიზღარი დაბრკოლება მეგონა, რომელიც ოჯახის სხვა წევრებს თავიანთი ტვირთის მოშორებაში უშლიდა ხელს და მათ მოთმინებასაც ისე ეთამაშებოდა, როგორც ცეცხლი - წყალს. და, რა თქმა უნდა, ვფიქრობდი, რომ განწირული ვიყავი ჩასაქრობად. მზის სხივისფერი სიყვითლით განათებულ ოთახში ცადაყრილი მტვერი ზუსტად ის იყო, რაც ჩემს ცხოვრებას, როგორც უგემურ კერძს, მარილივით აკლდა. ეს თავნებობა, ეს დინამიკა, ქაოსი და უწესრიგობა გარშემო ყველგან იყო, მაგრამ მყისიერად და მორჩილად ნებდებოდა დედაჩემის მხრიდან მიტანილ იერიშებს. ის კი დაუღალავად, რელიგიური მოწიწებით განაგრძობდა ჩემს სტერილიზაციას და ვერ ხვდებოდა რა სასტიკად, ცივსისხლიანად და ჯოჯოხეთურად მხუთავდა და მახრჩობდა უჰაერობისგან. ახალი წლის წინა დღეებში უმუშევარი დავრჩი. წარმოიდგინეთ, ნაგავი, რომლის მოშორება დედაჩემს ისე უნდა, როგორც მორწმუნე ცოდვილს - მონანიება. შეიძლება ამ ნაგავზე უარესიც ვყოფილიყავი, მაგრამ მაშინ, უმუშევრობის პირველ დღეებში, ამაზე ფიქრი არ შემეძლო და არც დისკომფორტს ვგრძნობდი, რომ საერთოდ რამეზე ფიქრი დამეწყო. როგორ გითხრათ? უფიქრობის, უგრძნობლობის და კიდევ უამრავი რაღაცის უქონლობის პერიოდი მქონდა. ახალი წელი უნდა დამდგარიყო, ოცნებები უნდა ამხდენოდა ან ისევ აუსრულებელი სურვილები ჩამეთქვა, ახალი ცხოვრების სადავეების ხელთსაპყრობად უნდა მოვმართულიყავი, განწყობა უნდა ამემაღლებინა, მემხიარულა, მეხალისა, მაგრამ, უკვე ხომ გითხარით, სიცარიელე მედგა სხეულს შიგნით და არაფერი მინდოდა. ოჯახს საგრძნობლად მოაკლდა ჩემი შემოსავალი. მაინც უდარდელად გავცქერი მომავლის პერსპექტივას და აურაცხელი რაოდენობის ვარიანტთაგან მხოლოდ კეთილდღეობას, უზრუნველ ცხოვრებას და ულევ წარმატებას ვამჩნევ, რაც ცოტახნის წინ, ბევრმა ნაცნობმა მისურვა: დაბადების დღეზე ერთი-მეორის მიყოლებით მივიღე მსგავსი სიტყვათაშეთანხმებებით შემდგარი მისალოცი წერილები. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა წერილი ასეთი არ ყოფილა და ზოგიერთმა ჩანაცრებული ბუხარივით ხელახლა ამაგიზგიზა სიცოცხლის მოუსვენარი და ყველაზე მომნუსხველი, განსაცვიფრებლად ლამაზი და მკვეთრი ალებით. აი, ჩამქრალ ბუხარს მას შემდეგ დავემსგავსე, რაც საბოლოოდ გავწყვიტე ბავშვობის დროინდელ მოგონებებთან კავშირი და უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ეს იყო საკუთარი თავის უარყოფა და სხვა პიროვნების შექმნის მცდელობა, თანაც იმ იმედით, რომ მივაღწევდი წარმატებას, რომელთან ახლოს ჩავლა მეს ძველი ვერსიით ვერ შევძელი. ახლა მოძრაობაზე საუბარიც ზედმეტია. სკოლის მოსწალეებმაც იციან, რომ მოძრავი სხეულებისთვის არსებობს სხვა სხეული, რომლის მიმართ ეს სხულები მოძრაობენ და მგონია, რომ მათ ჩემზეც იციან, რადგან უკვე დიდი ხანია ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, ერთ ადილას ვდგავარ და გარშემო კი არნახული ხმები ისმის სიცოცხლის ჩქეფისა, მოძრაობს სამყარო განუწყვეტლივ და არ ჩერდება, თითქოს იმას ცდილობს, რომ თავბრუ დამახვიოს. ასეა თუ ისე, ამ გიჟურ დინამიკაში მე ათვლის სხეული ვარ. - ნეტავ ვიცოდე ამ სარკეს ხელებს ვინ უგლასუნებს; - თავისთვის ბურტყუნებს დედაჩემი, მაგრამ მაინც მესმის მისი ლაპარაკი და იმასაც ზუსტად ვხვდები, რომ მალე ვულკანივით ამოხეთქავს და ვეღარ გადავურჩები, ყველგან მომწვდება მისი მრისხანება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.