შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიმღერა (სრულად)

4-09-2022, 21:18
ავტორი guroo
ნანახია 2 641

ბოლო რამდენიმე დღეა, სულ ვაკვირდები, რომ ლამპიონები შებინდებამდე ინთება. ერთხელ შევამჩნიე და იმის მერე აღარ ვეშვები. მეშინია, გამორჩენის შემთხვევაში რამე გაუთვალისწინებელი და ქაოტური არ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში. სანამ მოკლე ღამეებია, სულ ასე ხდება. მზე და ნათურები ცოტახანს ერთდროულად ანათებს. მე კი, ზამთარ-ზაფხულს, წელიწადის სხვა ორ დროშიც სულ მოჭიმული და დაძაბული ვარ. ხან რას მოვიფიქრებ, რომ იმაზე მეთვალყურეობის მოვალეობა დავიკისრო და მეშინოდეს იმ სასჯელისა, რასაც არაკეთილსინდისიერი ქცევა მომიტანს, და ხანაც რას.
დღეს ქარი ამოვარდა და მთელ სოფელში დენი გაითიშა. არასდროს ასე გულით არ გამხარებია, ქვეყნიერება რომ მხეცივით მოთარეშე ქარის გამო ინგრევა. ხმები კი მაშინებს, ისე აბრახუნებს ტანწერწეტა თუთის ხე თავის ტოტებს სახლის სახურავზე, მაგრამ, მთავარია, რომ ლამპიონების დავიწყება შემიძლია. ურტყას თუთამ ამ სახლს, რამდენიც უნდა. გაჭიმვავმდე გაშლილი სილები უთავაზოს, მე არ ვუკრძალავ. ერთი ესკია, რომ ჩამოცვენილი ფოთლების მოგვა მეზარება და ამას რომ ვფიქრობ, გუნება მიფუჭდება.
ის თუთა არ გეგონოთ, ლამის რომ ფანჯარაში შეჰყო თათი. ეგ კარგი თუთა იყო, კალანდაძისა. ჩემი კი ნამდვილი ვირეშმაკაა. ერთხელ ისეთი ნაყოფი ვჭამე, ზედ რომ საზიზღარი გემოს მქონე მწერი ეჯდა და იდენტური ფერის გამო ვერ შევნიშნე. მას შემდეგ შემძულდა შეუქცევადი ზიზღით. ეს კიდევ, გეგონება ბოღმა სჭირდებოდა მოსარწყავად, ზედ მაგის მერე წავიდა და წავიდა სიმაღლეში. აიყარა ტანი და ჩემდა გულის გასახეთქად ახოვანი გახდა.
ახლა ისწავლის ჭკუას. მიდი, ქარო, ეშმაკის ამონასუნთქო გრიგალო, სულ სათითაოდ მიამტვრიე ეგ საძულველი ტოტები, არ დაინდო და წელშიც მოხარე, ერთიანად ამოთხარე და ამოაგდე მიწიდან, ფესვებით ააწიწკნე მშობელ დედამიწას და მოაცილე ჩვენი პლანეტის გათქვირულ, რძით გამოტენილ ძუძუებს ეგ ტუტრუცანა ბავშვი. ხომ უხაროდა გაზრდა, ხომ ამომავსო მაგ საზიზღარმა ბოღმითა და ღვარძლით? ჰოდა, გაზრდილ ბავშვებს რძე აღარ უნდათ. წიწაკა, ჩქარა! ჰე, ქარო, მიდი, სიმწრისგან ააბღავლე ოხერი თუთა და, მე კი, შურისძიებით დამტკბარს, შვება მომგვარე.
წარმოდგენაც კი სიგიჟემდე მახარებს, რეალობა რაღას დამმართებს? ხვალ რომ გავალ და მართლა ქარისგან გაუპ.ატიურებული დამხვდება, აი, ეგ იქნება დიდებული სეირი. უნდა დავდგე და საათზე მეტხანს ვუყურო. კმაყოფილმა და გამარჯვებულის ღიმილით სახეგაბადრულმა უნდა გავბურღო მზერით. იმედიც არ ჰქონდეს, რომ მისხალით მაინც გაეკარება იმის საცოდაობა ჩემს ყინულოვან, გაქვავებულ გულს. სანამ ვმეგობრობდით და თვალი შემიხაროდა მის დანახვაზე, მანამდე ეფიქრა ჩემი თანაგრძნობა რომ დასჭირდებოდა ერთხელაც და ნუ გამაბითურებდა ჭიაღუა დასეული შავბნელი ნაყოფით.
ეუფ, შუქი მოვიდა. რომელი გიჟი გავარდა ამ ქარში სამუშაოდ? ვაი, ლამპიონები... ერთი გახედე, ანთია უკვე. გამომრჩა ვითომ? იქნებადა, რაწამს ისინი აინთო, მეც მაშინ შევხედე? რას გაიგებ. მე ვამბობ, რომ ეგრე იყო. დიახ, ბიბლიაზე ხელის დადება და ალალი გულით, წრფელი სიმართლით დადასტურებაც შემიძლია, რომ ნამდვილად დენის მოსვლისთანავე გავიხედე ლაპმიონების შესამოწმებლად.
ღმერთო, კიდევ კარგი მოვასწარი ნიჩვლიტების გაკეთება. ჰე-ჰე!
- მა, სახლში ხარ? მოვედი უკვე.
ბიჭოს, როგორ გავითიშე, რომ ჩემი კუწუწა გოგოსთვის საჭმლის მომზადება დამავიწყდა?
- სამზარეულოში შედი პირდაპირ და მეც მოვალ მალე.
- კარგი; - ხმა დაღლილი აქვს, ყელი ჩახლეჩილი და, ალბათ, თვალებიც გუშინდელივით მილულული ექნება.
სანამ შევხედავ, უკვე წარმოვიდგენ, რომ ზეზეულად სძინავს და თვალები უბრალოდ უხელია, თითქოს ქუთუთოები სველი სარეცხივით თვალის ბუდეებზე გამოკიდეს გასაშრობად და სამაგრები რომ არა, ძირს ჩამოცვივდებოდნენ. აი, მაშინ კი მართლა დაიძინებდა ჩემი სალო, ჩემი სულ ყველაფერი, იმედიც, მხნეობაც და უპირველესად შიშები. ისღა დამრჩა. საერთოდაც მის კისერზე ვარ ამხელა კაცი და მას რომ რამე მოუვიდეს, რაც არ უდა გულქვა ვიყო და წარბი არ შემერხას მოჭმუხნულ შუბლზე, მართლა აღარაფერი მეშველება.
ზოგჯერ მეფიქრება, მიყვარს თუ არა სალო. ეგოიზმი ხომ არ მაიძულებს მასზე ზრუნვას? გამოვტყდები და, ზუსტი პასუხი არ მაქვს. ამაზე დაჟინებული ფიქრისა მეშინია. იმიტომ, რომ გულიც გამისკდება, რაიმე ამორალური რომ გამოვჩხრიკო. ასაკი მემატება, სიკვდილი ჯერ კიდევ შორსააა, მაგრამ მაინც მინდა, რომ ისე დავიძინო, როგორც კარგმა და სათაყვანებელმა მამიკომ და რომ ვეღარ გავიღვიძებ, სალოს ცრემლები სიყვარულისგან დამდუღრული იკვალავდეს დაგრაგნილ, მრუდე გზებს მის სევდით დაღარულ სახეზე.
- დაიღალე, არა, ჩემო პატარა?
თავს მიქნევს. ლაპარაკის თავიც კი აღარ აქვს.
- დრო გამეპარა, საჭმელი სულ გადამავიწყდა. კვერცხი რომ შეგიწვა, ხომ შეჭამ? - სირცხვილისგან და მორიდებისგან, ვგრძნობ, როგორ მიწითლდება სახე.
ისევ თავს მიქნევს.
მე ერბო კვერცხის მომზადებას ვიწყებ. სალოს გათქვეფილი უყვარს. საწებელთან ერთად. ეზოში ორი უზარმაზარი ტყემალი გვიდგა. სამი დღე ვკრეფდი და საწებელს ვაკეთებდი. რაც მე კურკები ვხეხე, მაგდენი ფიზიკურად არასდროს მიშრომია. არასდროს ვყოფილვარ სიცოცხლით სავსე, ჯან-ღონით გამორჩეული კაცი. ჩემზე იმასაც შიშობდნენ, ამას ცოლად არავინ გამოჰყვებაო, მაგრამ ერთი სიამოვნება იყო, ოცდასამი წლისამ რომ ელა შევირთე და ყველა სახეალანძული დავტოვე.
- ახალი სიმღერა გავჩითე. რომ დავწვებით, მერე ერთად მოვუსმინოთ. - იცით, რა სიყვარულია ეს ბავშვი? გაფრენა შეიძლება.
პატარა ბავშვის გულუბრყვილო სიხარული ატყვევებს ჩემს სხეულს და პარალიზებულს მხდის. მხოლოდ გაბრწყინებულ გუგებში მოხტუნავე ეშმაკუნებით მემჩნევა, რომ ერთი სული მაქვს სალოს დღევანდელი აღმოჩენა გავიზიარო.
მგონი, გადავიფიქრე. აზრი შევიცვალე ლამპიონებთან დაკავშირებით. ახლა მზად ვარ, რომ სიმართლე ვაღიარო. ვერ მოვასწარი, გამომრჩა. არ ვიცოდი, რუტინის დარღვევა ამდენ სიხარულს თუ მომიტანდა, თორემ აქამდეც შემოვუშვებდი ჩემს ცხოვრებაში ამგვარ "ქაოსს".

№1  offline წევრი ჰაიკო

..არ ხარ შენ უჟმურ-ღვარძლიანი გურამ და თხის რქის ტიპიური ნიღაბიც არ გიხდება.
თბილი და რაღაცნაირი ჩანახატია.
მოვიდა აქამდე.
ოსტატო.
ყოჩაღ.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

№2  offline მოდერი guroo

ჰაიკო
..არ ხარ შენ უჟმურ-ღვარძლიანი გურამ და თხის რქის ტიპიური ნიღაბიც არ გიხდება.
თბილი და რაღაცნაირი ჩანახატია.
მოვიდა აქამდე.
ოსტატო.
ყოჩაღ.

ვაი-მეეეე! რამდენიმე ბოკალი ლუდი მაქვს დალეული და მართლა კანში ვეღარ ვეტევი სიხარულისგან. რეალურად მარტო მზე მყავს თხაში და მეტი არაფერი, მაგრამ მომწონს სატურნის შვილი რომ მქვია და ამის უკან ვმალავ ბევრ რამეს.
განსაკუთრებით არათხისრქულობაზე ხაზგასმა მესიამოვნა.
ჩანახატი რაღაცნაირი იმიტომ გამოვიდა, რომ მე მგავს. მე ვარ რაღაცნაირი.
შენი კომენტარის დრო შეამჩნიე? რევერსიულია. 01:10.
ყველაფრისთვის მადლობა. ჩანახატის ბოლო მომენტშია რომ არის, ისე გაბადრული ვარ.
❤️❤️❤️❤️❤️

№3 სტუმარი Ana-maria

უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხართ

№4  offline მოდერი guroo

Ana-maria
უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხართ

გაიხარეთ. რა სასიამოვნო კომენტარია. ძალიან დიდი მადლობა♥️

№5 სტუმარი სტუმარი სოფი

ძალიან კარგია , დიდ ისტორიებს არწერ ხოლმე? ძალიან საინტერესო იქნება შენი დაწერილი გრძელი ისტორია

№6  offline მოდერი guroo

სტუმარი სოფი
ძალიან კარგია , დიდ ისტორიებს არწერ ხოლმე? ძალიან საინტერესო იქნება შენი დაწერილი გრძელი ისტორია

ვერ ვწერ დიდი მოცულობის ისტორიებს. იმიტომ, რომ სიუჟეტებს ვერ ვაგებ და დიალოგებშიც ძალიან მიჭირს.
ერთი ისტორია მაქვს დაწყებული. უზარმაზარია, მაგრამ შუაში გავიჭედე. ვეღარ ვწერ. "ზოი" - ასე ჰქვია. შეგიძლია პირველი და მეორე ნაწილები წაიკითხო, რომელიც სრულად დევს და შეიძლება მოგეწონოს.
გარდა ამისა, გამოქვეყნებული მაქვს "თქვენი გადახდილია" - ვრცელი, რთულად წასაკითხი ისტორია. თუ სურვილი გექნება, იქაც დაგელოდები. ძალიან გამახარებ.
კომენტარისთვის მადლობა♥️ ძალიან მიყვარს კომენტარები.

№7 სტუმარი სტუმარი სოფი

ვნახავ მაინტერესებს ❤

№8 სტუმარი სტუმარი სოფი

ახლახანს დავასრულე კითხვა საოცარიყო ესარის ვერვწერო ❤

№9  offline მოდერი guroo

სტუმარი სოფი
ვნახავ მაინტერესებს ❤

სტუმარი სოფი
ახლახანს დავასრულე კითხვა საოცარიყო ესარის ვერვწერო ❤

იუჰუუ, გავიქეცი, უნდა ვნახო♥️

№10  offline მოდერი guroo

კომენტარები მინდა!
მინდა. მინ-და. მ-ი-ნ-დ-ა.

№11 სტუმარი One

ყველაზე გონიერი " სულ'არეული"❤️
ყოველჯერზე როცა გკითხულობ(თ) , ვფიქობ რომ არ ხარ(თ) აქაური)))
სუულ უნდა წერო(თ)!!!
წარმატებები)

№12  offline მოდერი guroo

One
ყველაზე გონიერი " სულ'არეული"❤️
ყოველჯერზე როცა გკითხულობ(თ) , ვფიქობ რომ არ ხარ(თ) აქაური)))
სუულ უნდა წერო(თ)!!!
წარმატებები)

საოცარი დილაა, გულის გამთბობი! როგორ მასიამოვნეთ, თქვენ ხომ არ იცით.
მადლობა ამ შესანიშნავი სიტყვებისთვის♥️
პ.ს. ფიზკიური სხეულითა და ცნობიერებით აქაური სავსებით, სულით კი - უგვარტომო მოხეტიალე.

№13 სტუმარი სტუმარი ლილიანა

რა არის სიყვარული, გურამ? შენი საქმის, შენი ოჯახის, შენი შვილის, მეგობრის თუ მეორე ნახევრის, რ აქვს მნიშვნელობა. შენი აზრით, რა არის სიყვარული?
ჩემი აზრით, სიყვარული ყველა სხვა გრძნობის ნაერთია, პასუხისმგებლობის, ლმობიერების, მადლიერების, სითბოს, და ა.შ. და ეგოისტობისაც კი. რატომ გქონდა ამ ადამიანს აჩემებული, თუ ლამპიონების ანთება გამორჩებოდა, მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუდგებოდა, არ ვიცი, მაგრამ ერთგვარ საქმედ გაიხადა მაგის ცქერა, საღამოსეულ რუტინად ექცა. სუსტი ადამიანისთვის ყველაფერი ღირებულია, სადაც თავს მნიშვნელოვნად თვლის, თუნდაც მარცვლის ან ნემსისწვერისოდენა საქმე იყოს. მთავარ გმირსაც ისე ჰქონდა აჩემებული ლამპიონების ანთების ცქერა, თითქოს ეს მისი საქმე იყო, ოჯახის სტაბილურობისთვის... ასე ზრუნავდა შვილზე, რომლის მეტი არავინ გააჩნდა. მეც ვიცი ხოლმე რაღაც ნივთების შეძულება უაზროდ. ერთხელ მაკარონი შემძულდა, მეგონა რომ მატლი ვჭამე მაკარონთან ერთად. მართლა. მგონი 10 წელი მაკარონიან საჭმელს აღარ ვჭამდი. მესმის ამ ადამიანის, ხემ რა დააშავა, თავისი უყურადღებობით ან ღორმუცელობით ვერ შეამჩნია თუთაზე მყოფი მწერი. სულმოუთქმელად რომ არ გადაეყლაპა და ჯერ გაერეცხა, ხომ არ შეჭამდა მატლიანად . მაგრამ ესეც მისი სისუსტის მაჩვენებელია. როგორც ყველა სხვა ადამიანს, არც მას სურს თავისი შეცდომის აღიარება და ხეს გადააბრალა. ძირფესვიანად ამოთხრილს შეხედავდა გულქვად? თუ ასეთი შეუბრალებელი იყო, მოეჭრა. მაგრამ არც ეგეთი გულქვაა. შვილის სიყვარული აძლიერებს. სულს უთბობს. მისით ცოცხლიბს და როგორც შეუძლია ეხმარება. რაღაცნაირად მეთბილა. თითქოს ღვარძლისმფრქვეველი უნდა ყოფილიყო ჩანახატი, თუთის ხესთან მიმართებაში იმხელა ბოროტება იგრძნობოდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ადამიანური და თბილია...

წარმატებები, გურამ. საოცარი ხარ, როგორც ყოველთვის. ♡♡♡

№14  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა

სიყვარულზე ზედმეტად ბუნდოვანი წარმოდგენები მაქვს. არ ვიცი რა არის. ჩემთვის უცხო განცდაა ან შესაძლოა ზედ.ეტად ნაცნობი და ახლობელი, მაგრამ მასთან გაიგივება, ასოცირება არ მინდა. ამას ვერ გავიგებთ. იმიტომ, რომ პირველ რიგში მე არ მაქვს გაგების სურვილი.
შენი დეფინიცია ძალიან მომეწონა. საინტერესო ხედვაა და მისაღებიც!
ამ პერსონაჟის დახასიათებაც შესანიშნავად გამოგივიდა. რა კარგად დაიჭირე ის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ სინამდვილეში მისი ბოროტული დამოკიდებულება თუთის ხისადმი ფასადურია, ნიღბურია და რაღაც დაფარულზე, უფრო საინტერესოზე მიუთითებს.
გმადლობ გულდასმით წაკითხვისათვის❤️
ამაყი ვარ და ბედნიერი. ერთი-ათად გაზარდე ჩემი რწმენა იმის თაობაზე, რომ ღიღებული ჩანახატი დამიწერია და არა - მორიგი აბდაუბდა.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent