შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

A story in a rainy village


23-11-2022, 22:15
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 762

ერთ პატარა სოფელში, სადაც მუდამ წვიმდა, ცხოვრობდა პატარა გოგონა.
გოგონას ზოი ერქვა. ულამაზესი ჟღალი თმა და უმარავი ჭორფლი უმშვენებდა სახეს...ლოყები, მუდამ წითელი ჰქონდა. ხოლმე, როდესაც წვიმის წვეთები მოინდომებდნენ ოხუნჯობას, გამეტებით ეცემოდნენ მის ღაჟღაჟა ღაწვებზე და სასიამვნოდ ედებოდნენ თბილ სხეულს.
მუდამ წვიმიან სოფელში ზოი ერთადერთი გახლდათ, ვინც წვიმის მოტრფიალე იყო და უყვარდა. მთელი გულით უყვარდა წვიმასთან თამაში და მისთვის თავისი საიდუმლოებების გამხელა.
ერთი მეზობელი ჰყავდა ზოის...თინა ბებო. თინა ბებო, საკმაოდ მკაცრი და უხეში გარეგნობის ქალბატონი იყო. სახე მუდამ მშვიდი, ცივი და გაუცინარი ჰქონდა. ბავშვებს მუდამ ეშინოდათ მისი. გარკვეულწილად, ეს მშობლების ბრალიც იყო, რადგან პატარაობიდან აფრთხილებდნენ, რომ თინა ბებოს არ გაჰკარებოდნენ. ზოის მშობლები, მუდამ ასწავლიდნენ, რომ ადამიანის გარეგნობა არასდროს მეტყველებს შინაგან მდგომარეობაზე და სანამ ადამიანს არ გაიცნობდა, მასზე არ ეფიქრა-არც ცუდი და არც კარგი.
სხვის ბოროტ ენებს, მუდამ შეეძლოთ ყველაზე კარგი ადამიანისთვისაც მიეყენებინა ზიანი და ისეთი ცუდი გამოეყვანა, ვერც იფიქრებდი.
ერთ დღეს, როდესაც ისევ გაწვიმდა და ზოი ისევ თამაშობდა, თინა ბებო შენიშნა თავისი სახლის აივანზე. მოხუცი იჯდა, ქსოვდა და ეღიმებოდა. ზოის გაუკვირდა, რომ ქალი იღიმოდა.
ეუცნაურა...მაგრამ იმდენად მომხიბვლელი იყო, თვალი ვერ მოსწყვიტა. წვიმა უსველებდა წამწამებს, თუმცა ჯიუტად აგრძელებდა ყურებას...თითქოს მოინუსხა ქალის სილამაზით. ამასობაში, ცაზე გაიელვა და ქალის სახე, უფრო რომ გაანათა, მხოლოდ მაშინ შენიშნა ზოიმ, რომ პირდაპირ მას უყურებდა მოხუცი.
ვერ გეტყვით, შიშის გრძნობა იყო ეს თუ სიცივის, მაგრამ ერთიანად დააჟრიალა ტანში და შესცივდა. ინსტიქტურად ხელი მოისვა მკლავებზე და ქალისკენ, ნელი ნაბიჯებით წავიდა. მოხუცი ერთ ადგილას იჯდა და ელოდა...რომ მიუახლოვდა, ქარმაც დაუბერა და ზოის სურნელმა ცხვირი აუწვა... თითქოს, რაღაც ახალი შემოიჭრა მის ცხოვრებაში. რაღაც, რაც ძველ და კარგს აგონებდა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა და ბედნიერების წყარო იყო მისთვის. არ იცოდა რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა ამ სიახლისგან, მაგრამ გოგონა ისეთი საყვარელი, კეთილი და ბრიალა თვალებით უყურებდა, მის მიმართ სიცივის გამოჩენის სურვილი, სრულად დაჰკარგვოდა.
-გამარჯობა.-გაბედულად მიესალმა ზოი.
-გაგიმარჯოს..-ისე გაუღიმა, როგორც ქალს სჩვეოდა... მომნუსხველი და მრავლისმთქმელი იყო ღიმილი.
-მე...-სიტყვა გააწყვეტინა მოხუცმა და თავად უპასუხა:
-ზოი გქვია, ვიცი. საიდან ვიცი? წვიმაში დიდ ხანს რომ ხარ, დედას მუდამ უჭირს შენთვის ხმის მოწვდენა.
-დიახ...მე ..მე ძალიან მიყვარს წვიმა და მასთან ერთად თამაში.
-მხოლოდ წვიმა გიყვარს?
-დიახ. ძირითადად ხომ სულ წვიმს და არ ვიცი, სხვა ამინდის სიყვარული როგორია.
-ცუდია.
-რატომ?
-თოვლი გინახავს?
-მხოლოდ ერთხელ..ბებიასთან სოფელში.
-როგორი იყო?
-არ მახსოვს. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. უბრალოდ სიცივე მახსოვს ჩემს ხელებზე და თეთრი ღრუბლები.
-ხვალ ჩემს სახლში მივდივარ, გინდა რომ წამოხვიდე?
ყოყმანი შეატყო ზოის და დაამატა:
-მე თავად ვთხოვ შენს მშობლებს, რომ ნება დაგრთონ.
-მაშინ დიდი სიამოვნებით, თინა ბებო. შეხვედრამდე.
ეს უთხრა და ქალი გაყინული დატოვა. დიდი ხანია, მისთვის ასე თბილად აღარ მიუმართავთ და მის ცივ გულს, სითბოსავით მოედო ეს სიტყვები.
მეორე დღეს, საკმაო საუბრის შემდეგ, ზოის მშობლები დასთანხმდნენ რომ თინა ბებოს, თან წაეყვანა გოგონა. წინ საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდათ. საოცარია, მაგრამ უამრავ თემაზე ისაუბრეს, ბევრი იცინეს, იმხიარულეს... საინტერესო და ამავდროულად სახალისო ისტორიებიც მოუყვა თინა ბებომ და გოგონას საოცარი კისკისი, მეტის სურვილს უღვივებდა.
გზის ბოლოს, მანქანამ საკმაოდ მძიმედ სვლა იწყო. ზოის შეეშინდა...:
-თინა ბებო, სად ვართ?
-ჩამოვედით, ზოი.
მანქანა გააჩერა, გადავიდა მანქანიდან და ზოის ჩამოსვლაში დაეხმარა. უეცრად, ფეხებქვეშ სირბილე იგრძნო ზოიმ. შეხტა და სუროსავით მიეკრა მოხუცს.
-ნუ გეშინია, ზოი. ეს არის თოვლი და მისი ჯადოსნობა.
-ჯადოსნობა? რა ჯადოსნობა?
-უფრო რომ დაღამდება, აუცილებლად გაჩვენებ. სახლში შევიდეთ, არ შეგცივდეს.
პატარა სახლში შეაბიჯეს, საიდანაც მყუდროების და სითბოს გრძნობები, მომენტალურად დაგიმონებდა. იქ იყო ბუხარი, თავისი ლამაზი ხის სკამით, რომელზეც ულამაზესი ორნამენტები იყო ამოტვიფრული. გვერდით კი პატარა ქოხი იწონებდა თავს, საიდანაც ჟღალი და სქელი კატა, ზმორებით გამოვიდა და თავისი სათაყვანებელი უკანალი ბუხრის ახლოს მოათავსა. კედელზე პატარა საათი ეკიდა, რომელიც ჩიტების გამოსახულებებით იყო და დივანზე გადაფარებული თოვლის ბაბუებიანი პლედი აფერადებდა იქაურობას.
აღფრთოვანებულმა წამოიძახა:
-ულამაზესია, თინა ბებო!
-მადლობა, ზოი. სულ ასეთი კარგი რომ იყოს, ბევრს ვშრომობ და მიხარია, თუ ამას ხედავ. ცხელ შოკოლადს დალევ? ნამცხვარიც ხომ არ გინდა?
-დიახ, თუ შეიძლება და დიახ, ნამცხვარიც მინდა.-პლედში თბილად გაეხვა.
ცხელი შოკოლადის, ალუბლის ნამცხვრის და ბუხარში მოცეკვავე ალების ფონზე, ისევ ბევრი ისაუბრეს. ამასობაში დაღამდა. თინა ბებომ ფანჯარაში გაიხედა და ზოის მიბრუნდა:
-მზად ხარ სასწაულის სანახავად?
ანთებული მზერით, ზოიმ თავი დაუქნია და მოზრდილი ალუბლის ნამცხვრის ლუკმა, ხმაურით ჩაყლაპა.
მოხუცმა ხელი ჩაჰკიდა გოგონას და გარეთ გაიყვანა. ზოის აღფრთოვანებას, საზღვარი აღარ ჰქონდა.
მთვარის შუქზე, თოვლს ვარდისფერი დაჰპატრონებოდა. ბრწყინავდა თოვლი ათასფერად და ბრწყინავდა ზოი.
-თინა ბებო! განა საოცარი არ არის?! რა სილამაზეა!-ჩახტა მოზრდილ თოვლში და "გაცურა". -როგორი სასიამოვნო და ცივია. თქვენც გრძნობთ?
-ზოი, მე ყოველ დღე შევიგრძნობ.-უნებურად გაეღიმა. ღიმილის შეკავებას ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. სახეზე ხელი მიიდო. თბილი იყო.
არა, მთელი სახე უხურდა, განცდილი ემოციებისგან და უხაროდა. მრავალი წლის შემდეგ, პირველად უხაროდა და ეს ღიმილი, რომელიც სახეს ერთიანად ედებოდა, გულწრფელი ემოციებისგან წარმოქმნილიყო.
გოგონა ყველა კუნჭულს მოედო. უხაროდა და ვერც მალავდა ამ სიხარულს. ასეთი ფაფუკი, ნაზი და რბილი რაღაცის შეხება, საოცარ ჰარმონიას უქმნიდა სხეულში და დიდ ემოციებს იწვევდა.
-თინა ბებო, ულამაზესია!
-მოგეწონა?-მიუახლოვდა თოვლში კოტრიალით გართულს.
-გავგიჟდი, ისე მომეწონა. ეს ყველაზე დიდი საოცრებაა, რაც აქამდე მინახავს. როგორ მინდა, სულ ვხედავდე და შევიგრძნობდე ამ სიცივეს, რომელიც საოცრად თბილია მაინც.
-თუ სურვილი გექნება, შეგიძლია წამოხვიდე ხოლმე.
-თქვენ? თქვენ გაქვთ სურვილი?-ანთებული მზერით ჰკითხა მოხუცს.
-რა თქმა უნდა, ზოი. გამიხარდება, ჩემთან ერთად თუ წამოხვალ ხოლმე.
-დიდი სიამოვნებით.-წამოფრინდა ზოი და ქალს ისე ჩაეხუტა, ძვლების ხმამ, ყურთა სმენა წაიღო. უეცრად, ქალმაც ხელები მოხვია პატარა სხეულს და ისე ჩაიკრა, როგორც საკუთარი. არ ვიცი ასე რამდენ ხანს იყვნენ, მაგრამ ბარდნა რომ უფრო გაძლიერდა და სიცივემ იმატა, მხოლოდ ახლა ინებეს ქალბატონებმა სახლში შესვლა.
მეორე დღეს, უკან დაბრუნდნენ- ემოციებით სავსენი და ბედნიერები.
ზოი დედასთან მიიჭრა მაშინვე და უყვებოდა ყველა დეტალს, რაც გადახდა. არაფერი გამოუტოვებია...არც ის, თუ რამდენჯერ ჭამა საჭმელი კატამ, რომელსაც პრინცესა ერქვა. არც ის, თუ როგორ რამდენი ნაჭერი ნამცხვარი ჭამა და როგორ ასტკივდა მუცელი. ისიც კი უთხრა, თუ რამდენი "იცურა" თოვლში და ისიც კი, თუ როგორ ჭამდა თინა ბებოსთან ერთად თოვლის ბურთებს. ბოლოს ჰკითხა:
-დედა, თინა ბებოს წვიმა არ უყვარს?
სახე როცა შეეცვალა ქალს, ზოიმ უთხრა:
-დე, რამე მოხდა?
-არაფერი, დედიკო. უბრალოდ...უბრალოდ თინა ბებოს ქმარი და შვილი, ავტოავარიაში დაეღუპა. ალბათ შენი ტოლი იქნებოდა თინა ბებოს შვილი, როცა დაიღუპა. წვიმიან ამინდში, მანქანა მოცურდა, ვეღარ დაიჭირა საჭე თინა ბებოს მეუღლემ და გადაიჩეხნენ. მის შემდეგ სძულს წვიმა და მუდამ უხასიათოდ, ალბათ მაგიტომაც არის.
ზოი ერთ ხანს ჩუმად იყო. პატარა და ბრიალა თვალებიდან, ბროლის ცრემლები გადმოსცვივდა და დედას შეხედა:
-დე, თინა ბებოსთან მივდივარ!-უცბად წამოიჭრა ადგილიდან, სირბილით დაფარა მანძილი თავისი სახლიდან მოხუცის სახლამდე და იქამდე აბრახუნა კარებზე, სანამ არ გაუღო და ზღურბლს იქეთ, მოხუცი არ შენიშნა.
-ზოი, მოხდა რამე?-ქალს მღელვარება შეერია ხმაში.
-მე ყველაფერი გავიგე.-ატირებული ხმით უთხრა გოგონამ.
-რა გაიგე?-გაეღიმა.
-თქვენს შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ არ გიყვართ წვიმა.
-ეგ...-დანაღვლიანდა მოხუცი.
-იცოდეთ, მე მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები.-ხელი ძლიერად მოსჭიდა და გარეთ წაყვანას შეეცადა.
-ზოი...წვიმაში არ მინდა.
-წამოდით. ნახავთ, როგორი კარგია.
-ზოი...-მორჩილად აედევნა ზოის და შუა ქუჩაში, მოხუცი ქალი და პატარა გოგონა, იდგნენ და წვიმას ნებას აძლევდნენ მათ სახეზე ებატონა.
-გრძნობთ?
-რას, ზოი?-გაღიმებული, სველი და დანაოჭებული სახიდან მომზირალმა მოხუცმა, ისე ჰკითხა, თითქოს არ იცოდა რა უნდა ეგრძნო.
-იმას, რომ ხელახლა დაიბადეთ, თინა ბებო!
ზოიმ სიმღერა დაიწყო...აჰყვა მოხუციც და მთელი ეზო, ამ საოცრების ნახვით ტკბებოდნენ. თინა ბებოს გარდასახვა, ყველასთვის საოცარი და მოულოდნელი მოვლენა იყო.
-თინა ბებო, სასწაულების გჯერათ?
-ზოი, ცხოვრებააში ორი სასწაული იყო ჩემთვის...ჩემი გოგონა და თოვლი, მაგრამ იცი რას მივხვდი?!
-რას?-ლამის ყვირილით, სიცილითა და ხალისით უპასუხა.
-სასწაული ხარ, ზოი...პატარა სასწაული.-ხელში აიტაცა გოგონა და ცეკვადნენ. წვიმის სიმღერას, მთელ სხეულს აყოლებდნენ და უხაროდათ. არ ანაღვლებდათ ასი თვალი, რომელიც მათკენ იყო და უბრალოდ იმ დღით ბედნიერდებოდნენ, რაც ღმერთმა აჩუქა.






_____________________________________
გამარჯობა...)))
დაახლოებით, ერთი თვის წინ დავწერე ეს მოწრიპული რაღაცა))) განა გრანდიოზულის შექმნა მინდოდა..არა. უბრალოდ მინდოდა რომ რაღაც ისეთი დამეწერა, რაც მოკლე, პატარა და ასე თუ ისე, საინტერესო იქნებოდა. იმ ემოციების ნაზავია, რომელიც იმ დროს მქონდა დაგროვილი და მინდოდა გამომეშვა. ვიცი, რომ არაა ბოლომდე გამართული, ვიცი, რომ არც იმდენად მსუყე და ერთიანია, როგორიც უნდა იყოს, თუმცა მომწონს...))) მე მომწონს და გიზიარებთ იმის გამო, რათა ჩემი ემოციების შესახებ ცოტათი გითხრათ. იმის შესახებ, თუ როგორ ძალიან მიყვარს ალუბლის ნამცხვარი, ცხელი შოკოლადი, თოვლი. ასევე ზანტი, სქელი და თანთალა ჟღალი კატა...)))
იმედი მაქვს, ცოტათი მაინც გაგეღიმებათ, რადგან მე მეღიმებოდა, როდესაც ვწერდი, მაგრამ ყველა ერთნაირად როდი აღიქვამს ემოციებს.

მოკლედ, გელით როგორც ყოველთვის.
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent