შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ ვაზია სამშობლო


21-04-2024, 18:17
ავტორი Saba Kimeridze
ნანახია 334

„იქნებ ვაზია სამშობლო“

წელიწადის ყველა დროს და თვეს თავისებური ხიბლი აქვს,მაგრამ მე ,ოქროსფერი შემოდგომა მიყვარს,განსაკუთრებით, ოქტომბერი.ბაბუა მას რთველის თვეს ეძახდა, მამაჩემი კი ღვინობისთვეს .ეს თვე, მართლაც, გამორჩეულია თავისი ხვავითა და ბარაქით,რა შეედრება მას,როცა მზისგან დაბრაწული ყურძენი თავისკენ გიხმობს,დაკრეფა გეხალისება და ირგვლივ საზეიმო,ამაღლებული განწყობა სუფევს.

ერთგვარი ხელოვნება იყო ყურძნის დაწურვის პროცესი ჩემს ოჯახში, მამა საგულდაგულოდ დაიბანდა ხოლმე ფეხებს და ჩადგებოდა საწნახელში,ყურძნის ჯუმუტა მტევნები თავის კლერტიან, ბურძღენიანად მის ფეხქვეშ იწურებოდა და სასიამონო რაკრაკით ჩაედინებოდა ჩაფში. მე და ბაბუ საბაბილო ჭურს გავავსებდით მაღლარი ვაზის ყურძნის დაწურული ტკბილით.დიდებული ღვინო დაყენდებოდა ხოლმე იმ დალოცვილ თიხის ჭურში. არ შემოსულა ჩვენს ოჯახში სტუმარი,რომ ჩვენი ღვინის სიკეთით განცვიფრებულს ქებით არ მოეხსენიებიოს იგი. დედის მიერ ამოვლებულ ჩურჩხელებს ხომ არაფერი შეედრებოდა, გემოს ვინც გაუსინჯავდა, არასოდეს დაავიწყდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ლაღი ბავშვობა.
ზამთრის სუსხიანი დღე იყო, როცა დედას მივყვებოდით აეროპორტში,აქამდე როცა ვგებულობდი, რომ დედა შვილს ტოვებდა და საზღვარგარეთ მიდიოდა სამუშაოდ, ვერ წარმომედგინა, ვერ ვხვდებოდი, რატომ იქცეოდნენ ასე,მეგონა ასეთ დედებს თავიანთი შვილები მაინცდამაინც ძალიან არ უყვარდათ, მაგრამ მოულოდნელად ,ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ასეთი ტრაგიკული დღე.
დილის 6 საათი შესრულდა თუ არა ,ის თვითმფრინავიც აფრინდა, რომელშიც დედაჩემი იჯდა , მას მიჰქონდა ჩემი გული და ჩემი ბედნიერი ბავშვობაც. თავზარდამცემია საყვარელ ადამიანთან, მით უმეტეს, დედასთან განშორება. ის ტკივილი, დღესაც არ გამნელებია და ფილმის კადრებივით სულ თვალწინ მიდგას.იმ დილის გახსენება ჩემს ბავშვობას აუფერულებს. მე და მამა ერთმანეთს შევსცქეროდით , მამა თავზე ალერსიანად ხელს მისვამდა და მამშვიდებდა :„მალე დაბრუნდება!“, მაგრამ მისი სიტყვები ფუჭი და უიმედო იყო, მის თვალებში ვკითხულობდი ყველაფერს და მის თვალებს უფრო ვუჯერებდი,რომელიც მხოლოდ სასოწარკვეთილებას გამოხატავდა.დედასთან განშორებამ უცბად სხვა ადამიანად მაქცია,მივხვდი, დედის გარეშე უნდა მესწავლა ცხოვრება.
დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი,ეზოში ვისხედით მე და მამა, ვაზის გაშენებაზე ჩამოაგდო მამამ საუბარი, ცდილობდა თავისი გეგმა ჩემთვის გაეცნო ,უნდოდა მასთან ერთად მეც მეფიქრა და განმეხილა პირველ ეტაპზე რა სამუშაოები უნდა ჩაგვეტარებინა.

-პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ სწორად ნიადაგი,- დინჯად თქვა მამამ და თვალებში ჩამხედა, თითქოს ჩემს დამოწმებას ელოდებოდა და განაგრძო : რადგან ვაზს უყვარს სითბო, ტენიანობა,ნიადაგის დამუშავება რამდენიმე თვით ადრე უნდა დაიწყოს,აუცილებელია სასუქების შეტანა. წინასწარ უნდა გავამზადოთ ორმოები ,სადაც უნდა დაირგოს დაფესვიანებული ნერგი. მამა ისე საინტერესოდ , ენთუზიაზმითა და სიყვარულით მიყვებოდა, შეუძლებელი იყო ამ განცდის თანამონაწილე არ გავმხდარიყავი. მამას თანადგომა გამოვუცხადე და ჩანაფიქრი მოვუწონე .

საღამოს, ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი, ცოტა გავხალისდი,თუმცა ფიქრებით კვლავ დედასთან ვიყავი. მეორე დღეს სკოლაში წავედი. მასწავლებელი პატრიოტიზმზე საუბრობდა და ჩემდა მოულოდნელად კითხვა დამისვა:
-საბა, ვინ არის პატრიოტი?
დავიბენი,გავირინდე, ჩუმად წავილუღლუღე:
-პატივცემულო, ის, ვისთვისაც სამშობლო ყველაფერია...
ვეღარაფერი დავამატე, ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმხელა საკლასო ოთახში მხოლოდ მე ვიყავი. ის წამიერი სიჩუმე კვლავ მასწავლებელმა დაარღვია :
_ რაო,მეტი სათქმელი არ გაქვს?
-პატრიოტია ის ადამიანი, ვისაც უყვარს ის ადგილი, სადაც დაიბადა, გაიზარდა , ცხოვრობს. პარიოტია ის, ვისაც სამშობლო ისე უყვარს, როგორც საკუთარი დედა. ზრუნავს მასზე და არასოდეს მიატოვებს მას...
უნებურად თვალზე ცრემლი მომაწვა ,დედა გამახსენდა, დავფიქრდი, ნუთუ დედა ამაზე არ ფიქრობდა როცა მიდიოდა?
-რა გჭირს ქიმერიძე?-მკითხა პატივცემულმა.
- ბოდიში მოვიხადე, გარეთ გასვლა ვითხოვე, გზაში ჩემს თავთან დასმულ კითხვაზე ვფიქრობდი, მაგრამ პასუხს ვერ ვღებულობდი.სახლში მისვლისთანავე დედას დავურეკე:
-დედა რა არის შენთვის სამშობლო?გთხოვ გულწრფელად მიპასუხო. დედას გაუკვირდა,ამგვარ კითხვას ჩემგან არ ელოდა და ცოტა დაბნეულმა და აღელვებულმა მიპასუხა:
- ჩემთვის სამშობლო ყველაფერია შვილო,თქვენ ხართ, ჩვენი კარმიდამოა. სიბრალულით ვუყურებ ყველას, მოხუცს,ვაჟს,ქალს, რომელსაც დაუტოვებია სამშობლო სხავადასხვა მიზეზის გამო. მეც სიმწრის ცრემლი მომადგება ხოლმე თვალზე. მეც მიჭირს შვილო, ჩემი ქვეყნიდან შორს ყოფნა.. უცბად თავში ამომიტივტივდა დაზეპირებული ფრაზები:,,განვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,არ გიკვირს მხედავთ კვლავცა სულმდგარად“.შევეცადე დედა მენუგეშებინა, მაგრამ ემოციები მომეძალა და გულის კუნჭულში დამარხული საიდუმლო უნებურად გავუმხილე:
-დედა, შენს გარეშე უბედური ვარ, ყველაფერს მირჩევნია აქ ვიყოთ, ერთად , ჩვენს სამშობლოში . თუ ქართველები მიატოვებენ სამშობლოს , საქართველო დაუძლურდება მათ გარეშე, მტერი წაგვართმევს ჩვენს მამულს,თავისუფლებას. განა ღირს ამად? ჩვენმა წინაპრებმა შეგვინარჩუნეს სარწმუნოება ,მამული, ენა, თუ ყველა გავიქცევით მშობლიური მიწიდან,ვინ უპატრონებს ჩვენს სამშობლოს. თუ ჩამოხვალ მამის ოცნებასაც შეესხმება ფრთები , ვაზი მოვამრავლოთ ისევ , ვაზი დალოცვილია ,ბარაქიანი მოსავალი იცის, თუ კარგად მოვუვლით, გულს არ დაგვწყვეტს და გაჭირვებიდან თავს დავიხსნით. არ მეთანხმები დეე... --

-დედამ ტირილი ვეღარ შეიკავა და საუბარი შევწყვიტეთ. მინდოდა დედასთან წამოწყებული საუბარი მამასთან გამეგრძელებინა ,მაგრამ მთელი დღის დაღლილს ბუხართან ტკბილად მიძინებოდა,პლედი მივაფარე და მეც მის გვერდით მივწექი.
დილას ზარის ხმამ შემაღვიძა, გამიკვირდა,უცნაურად მომეჩვენა, არავის ველოდებოდით, საწოლზე წამოვჯექი,ვიფიქრე მამა გახედავს -მეთქი,მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სახლში მხოლოდ მე ვიყავი, ფეხშიშველი მივედი კარამდე, ნახევრადმძინარე , კარი რომ გავაღე ერთბაშად გამოვფხიზლდი, ნანახმა გამაოგნა, მკერდში სუნთქვა გამიხშირდა,ამიჩქარდა მაჯისცემა,სიხარულის ელდამ შემიპყრო.ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა და დედას ჩავეკონე, არაფერია ამ ქვეყნად დედის ალერსზე ტკბილი ,ისევ იმ პატარა ბიჭად გადავიქეცი, დედას რომ აცილებდა საზღვარგარეთ და გულში ეხუტებოდა დედას.
- დედა გენაცვალოს ,ძალიან მომენატრე,უკვე სიმაღლეშიც ვეღარ გწვდები, რა პატარა დაგტოვე და ვაჟკაცი დამხვდი,- საამურად მეღვრებოდა ყურში დედის მონატრებული ხმა.
-მეც მაკლდი დეე და უზომოდ მენატრებოდი, როგორ შეცვლილხარ...
-აი, დავუბრუნდი ოჯახს, სამშობლოს და აღარასოდეს დაგტოვებთ,აღარასოდეს!- „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!“ შენმა სიტყვებმა ამაღელვა,სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება თქვენთან დავბრუნებულიყავი,საჩქაროდ ჩავალაგე ბარგი და პირველივე რეისით სამშობლოში წამოვედი ,თქვენს გარეშე ცხოვრება ერთი წუთითაც აღარ მინდა, შენ დამაჯერე ,რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ აქ,ჩვენს სამშობლოში. .
-დედამ საჩუქარი გადმომცა, ლამაზი ფიალები და თიხის დოქი,თან გამეხუმრა : მომავალ მეღვინეს აუცილებლად დაგჭირდება.
ახლოს მომიჯდა და შეეცადა აეხსნა რა მიზეზის გამო გადაწყვიტა უცხოეთში წასვლა:
-მაშინ პატარა იყავი, არ გემახსოვრება, როდესაც ჩვენს სოფელში მთიდან მოვარდნილმა წყალმა ჩვენი ბაღ-ვენახი დატბორა,სახლებს სახურავები გადახადა,ხეები მოგლიჯა,ელექტრო ენერგიაც არ მოგვეწოდებოდა. დაგვტოვა ყველანაირი შემოსავლის გარეშე. ჩვენი მთავარი საარსებო წყარო იყო ვაზი, რომელიც შენმა მამა- პაპამ თავისი ხელით დარგო და გაახარა,ხელახლა გაშენებას გარკვეული თანხა სჭირდებოდა . პრობლემის მოსაგვარებლად უცხოეთში სამუშად წასვლა გადავწყვიტე , თუმცა სხვა გამოსავალიც შეიძლებოდა მომეძებნა და ერთადერთ ხსნად უცხოეთი არ მიმეჩნია, ნამდვილად არ ღირდა იმ ტკივილად,რაც ჩვენ ერთმანეთის გარეშე განვიცადეთ... შენმა სიტყვებმა,გონს მომიყვანა, სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობას მიმახვედრა, თქვენი დახმარებით კვლავ შევძლებთ ჩვენი წინაპრების ნაკვალევზე გავლას, როგორც ამბობენ :,,სამშობლო თურმე წინაპართა გზაზე სიარულია,ვაზია...“
- ქართველებს, ძალიან გვიყვარს ვაზი, ჩვენი ოჯახის თითოეული წევრი, ვაზს საღვთო მცენარედ მიიჩნევდა და მზრუნველობას არ აკლებდა.

ჩემი გამოგზავნილი თანხით მამა ვაზის ნერგებს ყიდულობდა,ახარებდა და უვლიდა, მამამ ვიდეო გამომიგზავნა, სადაც ვაზს შენი პატარა ხელებით უსხამდი წყალს, ისეთი სიყვარულით აკეთებდი ამას, თვალზე ცრემლიც მომადგა.
- მამა ყველაფერს დეტალურად მიხსნიდა,ახლა უკვე მე სხვებს ვასწავლი, როდის, როგორ უნდა მოიქცნენ ვენახთან დაკავშირებით.ერთხელ, მახსოვს ნახევრად შეჭმული ყურძნის მტევნის გადაგდების გამო, მამა როგორ გამიწყრა, მითხრა, ეს დიდი უპატივცემულობაა ვაზისო და მას შემდეგ, ნაზად და სათუთად ვკრეფ ვაზს, ერთ მარცვალსაც კი უდიერად არ ვექცევი,რადგან ვფიქრობ ,რომ ვაზი,ვენახი,მტევანი,ღვინო იტვირთავს კაცობრიობის ხსნისთვის ჯვარცმული უფლის ერთ-ერთ სახელს.
_მიხარია ,შვილო ,რომ ვაზის სიყვარული არ დაგიკარგავს და შენთვის ისეთივე საყვარელია, როგორც სამშობლო.

- ჩვენი ვაზი რამდენიმე წელში საკმაოდ უხვ მოსავალს მოგვცემს,მინდა ღვინის საამქრო გავხსნა,ღვინოს ჩამოვასხამთ სახელწოდებით:,,იქნებ ვაზია სამშობლო.“
- კარგი ჩანაფიქრია, სახელიც საუკეთესო შეგირჩევია , მართლაც...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent