კოტე
Მომენატრე, დე. სიგიჟემდე მენატრები ხოლმე, ჩემო კოტუნიკო. დღე არ გავა, რომ არ ვიფიქრო შენზე, სიხარულო. სიმართლე გითხრა, იმაზეც ვეღარ ვოცნებობ, რომ სადღაც ხარ, ვიღაცამ გიშვილა და ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ, პატარავ. მაშინ რომ დამესიზმრე, მივხვდი - ცისარტყელაზე გაფრინდი. ნეტავ, ახლა აქ იყო, ჩემთან. მაპატიე, დე. არ მიმიტოვებიხარ, გეფიცები. მეგონა, კარგ ხელში დაგტოვე. მეგონა, უკეთ მოგივლიდნენ, ვიდრე მე, მაგრამ შევცდი. როგორ გამომეკიდე თურმე, დედიკო. სულ ჩაგიკაწრავს და გამოიქეცი. ჩემს საძებნელად წამოსულხარ, სიხარულო. მე კი ეს ერთი კვირის შემდეგ მითხრეს. არ ვამართლებ საკუთარ თავს, არც ერთი წამით. მერე რა, რომ ერთი კვირა გავიდა. მე მაინც უნდა წამოვსულიყავი შენს საძებნელად, მაგრამ არ წამოვედი. აქვე იყო ეზოშიო, მაგრამ სახლში არ შემოსულაო. წყეულიმც იყოს ის დღე, როცა მე ვიფიქრე, რომ რადგან ახლომახლო იყავი - შენით დაბრუნდებოდი. მაპატიე, დე. Მაპატიე, ჩემო ლამაზო და საოცარი ფისო. თუ ოდესმე შეძლებ, მაპატიე, დე. ნეტა იცოდე, როგორ მაკლიხარ. გუშინდელივით მახსოვს - როგორ გიპოვე. ჩემი სამსახურის გზაზე, ღვინის პაბის შესასვლელთან იჯექი. ვოცნებობდი შენზე, კოტე. შავ, მწვანეთვალება კნუტზე ვოცნებობდი და აი, შენც გამოჩნდი. გაბურძგნული, ნეკნებჩავარდნილი… რამდენი თვის იყავი მაშინ, დე? ორი? სამი? სულ პაწია, დედი. მაშინვე დავურეკე შენს მეორე დედას - სახლში უნდა წამოვიყვანო და შემხვდი-მეთქი. გახსოვს, რომ არ უჩერდებოდი ხელში? ცხრაჯერ გაექეცი, სანამ მე მაღაზიაში ვიყავი. სახლში რომ მოგიყვანე, დე? საათობით შემეძლო მეყურებინა, როგორ ჭამდი. გიჯდებოდი შემოსასვლელში ხალიჩაზე და გიყურებდი როგორ ილუკმებოდი. თავიდან ფანჯარაში რომ გახტი, გახსოვს როგორ დავფეთდი და გამოგეკიდე? მანქანის ქვეშიდან რამდენჯერ ამოგათრიე, დე? ან სოსოს რომ ეჩხუბებოდი თავიდან? წყლით მიწევდა თქვენი დაშოშმინება. ისე ხოცავდით ერთმანეთს! მომენატრე, დე. სიგიჟემდე მომენატრე. როგორი დინჯი იყავი, ჩემო პატარა. გაწვალებდი, ხელით გეთამაშებოდი, ნერვებს გიშლიდი… შენ მითმენდი, დე. რამდენჯერ დაგიმშვიდებივარ პანიკური შეტევის დროს, დაითვლი? რამდენჯერ მოგისმენია ჩემი ღრიალი და ბღავილი… ყველაფერს ითმენდი, მიგებდი, ჩემთან იყავი. მე კი, როცა წავედი, არ წაგიყვანე, დედი. მაპატიე, მაპატიე. ვერც ერთმა შევძელით ბოლომდე შენთან ყოფნა, დე. მადლობა მათ, ვინც მოგხედა, როცა ჩვენ არ ვიყავით შენთან, დე. ახლა მადლობას ვამბობ, მაგრამ გახსოვს, როგორ ვეჭვიანობდი, როცა მეზობლები გეფერებოდნენ? მეზიზღებოდა ყველა, ვისაც უყვარდი და შეხებას გიბედავდა. მხოლოდ ჩვენი უნდა ყოფილიყავი. სინამდვილეში მხოლოდ ჩემი ყოფილხარ, ჩემო ბედნიერებავ. არ მოინდომე უჩემოდ ცხოვრება და გაიქეცი. ახლანდელი წამივით მახსოვს ბოლოჯერ როცა გაკოცეთ შენ და ვასიკოს. რა მეგონა, რომ ბოლოჯერ გაკოცე მაშინ… გახსოვს, სულ პატარა ვასიკო რომ მოგიყვანე? როგორი დინჯი და ჭკვიანი ხარ, დე. კულტურულად რომ დაყნოსე და უარე ირგვლივ. ერთი-ორჯერ დაუქშინე მხოლოდ და ოჯახის წევრად უთქმელად მიიღე. კი გამოგვხედე ორივეს იმ სახით - ეს ვინ მომითრიეთ სახლშიო, მაგრამ მერე როგორ შეგიყვარდა? იმდენად, რომ შენს წილ ლუკმასაც ვასიკოს აჭმევდი. შენ გაძლევდი, შენ კი ჯდებოდი და ელოდებოდი, ის პატარა მონსტრი როდის მოირბენდა და შეგისანსლავდა ყველაფერს. ნეტა, იცოდე, როგორ მენატრები… ძალიან მიჭირს შენზე წარსულ ფორმაში საუბარი. როგორი ენერგიული იყო ვასიკო, გახსოვს? ჭკუიდან გადაყავდი, ნერვებს გიშლიდა და ბოლოს მაინც ერთად იძინებდით. Ნეტა, უფრო მეტი ფოტო გადამეღო თქვენთვის… მაგრამ რა აზრი აქვს? ვერ ვუყურებ შენს ფოტოებს, დედა. შავ კატას რომ მოვკრავ თვალს, ტირილი მიტყდება. ყველაში შენ გხედავ. შენ კი არ ხარ. აღარსად ხარ. მხოლოდ ჩემს გულში ხარ, დე. ციყვის გაკეთებულს რომ გეძახდა, გახსოვს? ტანისხელა კუდი გქონდა და მაგიტომ. როგორ მინდა, კიდევ ერთხელ გამომედო ფეხებში მაგ კუდით და შემომკნავლო მაჭამეო… სოსოს რომ ვეტყოდით, წადი კოტე მოგვიყვანეო, წამში გაგაჩენდა ხოლმე ჩვენთან. როგორ დააყენე თურმე “პალაჟენია”. სოსო საყვარლად დაიყენე, გენადი რამდენჯერმე გალახე. ჰო, დედი, ეს რა სახელებს უფიქრებ კატებსო, ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ აბა, როგორ გიხდება, ჩემო კოტუნიკო, ეს სახელი? ის ჯობდა, მეორე დედამ - არიქა, ტევილდო დავარქვათო? ზედაც არ შემოგვხედე, ეგ რომ დაგიძახეთ. და ის კიდევ… რომ შეხედავ, ის კატა სუფთა გენადი არ იყო? იყო. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, სიყვარულო. მადლობა უმაღლებს ძალებს, ვასიკო ცოცხალია. მაგრამ მე მასთან მისასვლელი ყველა გზა მოჭრილი მაქვს, დედი. ეგ უტუხი! ორი თვისა ძლივს იქნებოდა, რომ გამოგეკიდა - ფანჯრიდან გადავხტები კოტესავითო და დაინაყა ცხვირ-პირი ჩახტომისას. კიდევ კარგი, პირველზე ვცხოვრობდით. გული გამისკდა მაშინ. ტყვიასავით გავვარდი სახლიდან და მანქანის ქვეშ ვნახე შეყუჟული. ცხრიდან სისხლი სდიოდა და ოხ, როგორ ვინერვიულე! ახლა კი… მაშინ შენც და ვასიკოსაც ბოლოჯერ გაკოცეთ. მაგრამ ვერც მას ვნახავ, ალბათ. მეორე დედამ… ერთხელ საიქიოდან ამომიყვანა, მეორედ თვითონ მომკლა. მეგობრობა რთული რამაა, დედუცი. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. წარმოდგენას არ გაგიფუჭებ. მასაც ძალიან უყვარხარ, დე. ეს ზუსტად ვიცი. შეიძლება მე არასაკმარისად ვუყვარდი, რომ ჩემთვის ღირსეული მეგობარი ყოფილიყო. არ ვიცი - “არასაკმარისი სიყვარული” რას ნიშნავს… მაგრამ შენ ჭკუის შეშლამდე უყვარხარ, სიხარულო. როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ უყვარდე, საოცარი მყავხარ. მაგრამ მგონი შენთვის თქმა არ მჭირდება… ხომ გამაფრთხილე, დე, მაშინ… ხომ დამესიზმრე და მომეცი მინიშნება - ზურგში ჩაგცემენ დანასო. როგორ ვერ მივხვდი, დე. ვერ მივხვდი - რის თქმას ცდილობდი ჩემთვის. მაპატიე, დე. არ მეგონა, რომ შენი მეორე დედა ასე გამიმეტებდა. არ მინდოდა ამის დაჯერება, ამიტომაც ვერ მივხვდი. შენ მაშინაც დამესიზმრე, როცა წახვედი, დედიკო. როცა გაფრინდი ცისარტყელაზე, ჩემთან სიზმრად მოხვედი. როგორი გაუბედურებული იყავი, როცა მახსენდება - ტირილი მინდება. დიდი, შავი ობობისგან დამიცავი და მითხარი - იცოდე ყოველთვის შენთან ვიქნებიო. მაშინ მივხვდი, დე… მივხვდი, რომ აღარ იყავი ამქვეყნად. რომ ვეღარასოდეს გნახავდი, ვერ მოგეფერებოდი, ვერ დავჯდებოდი და გიყურებდი - როგორ ჭამ… ვეღარ გნახავდით შენ და ვასიკოს ერთმანეთზე მიკრულებს… აღარ აკრუტუნდებოდი ჩემი შეხებისას, აღარ დაიძინებდი ჩემთან საწოლზე, აღარ შემომანათებდი შენს კოსმიურ მწვანე თვალებს… ვეღარ მივხვდებოდი, რომ სახლში მოხვედი, პატარა წამოკნავლებით… აღარ ხარ, დეე. აღარ ხარ, მაგრამ მაინც ჩემთან ხარ. ხანდახან სახლში შავი კატის ლანდი დადის და მე ვიცი, რომ ეს შენ ხარ, დედიკო. მე ვიცი, რომ ჩემთან ხარ. გგრძნობ, დე. გგრძნობ. მიყვარხარ. არ მაინტერესებს იმათი აზრი, ვინც თვლის, რომ კატის და ბავშვის შედარება არ შეიძლება. შენ ჩემი შვილი ხარ, რომელიც არ გამიჩენია. იცი, დე… სინანული ამაზრზენი და უსარგებლო გრძნობაა. ნანობ, იტანჯები, მაგრამ ვერაფერს ცვლი. არ მიყვარს სინანული. არაფერს ვნანობ ამქვეყნად. შენ მაინც იცი - რა სისულელეებიც მაქვს გაკეთებული და არაფერს ვნანობ. მხოლოდ ერთს, დე. მხოლოდ ერთს. ნეტა, იმ წყეულ დღეს, ყველაფრისდა მიუხედავად, წამომეყვანე. მეჩხუბა, მეკივლა - რას ქვია არ გამატანთ-მეთქი. დამეკარგა ის ხალხი, ვინც დასაკარგი იყო და წამომეყვანე… თუ ოდესმე შეძლებ - მაპატიე, დედიკო. მე საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


