შენ გეკუთვნი საქართველო!
ბინძური ქარხნის ერთ-ერთ თაროზე დიდი, ლამაზი წიგნი დავლანდე.ყდაზე ვებერთელა მთები ეხატა და წამით გავშეშდი,როცა ჩემი საქართველო მომაგონდა.კანკალით მოვკიდე წიგნს ხელი და მტვერი სულის შებერვით მოვაცილე,ხელის გულიც გადავუსვი,ვიგრძენი თვალები როგორ ამემღვრა ცრემლით,რადგან გამოსახულება დამებურა,სულ დამავიწყდა გერმანიაში სამუშაოდ რომ წამოვედი და ცოტა მაკლდა ტირილი რომ დამეწყო. რა თქმა უნდა,ეს არც საქართველოს მთები იყო და არც მე ვიყავი ჩემს სამშობლოში.წამით ყველაფერი გამახსენდა…დედას გაკეთებული ცხელი წვნიანი,საღამოს სახლში მამას მოტანილი შოთის პური,სახლის სუნი და ზოგადად თითოეული ჩვეულებრივი დღე, რომელსაც ახლა ყოველ წამს ვნატრობდი. ისე,ისე მენატრებოდა ჩემი საქართველო… ვგრძნობდი როგორ მიჭერდა ყელში რაღაც და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა,გულშიც ვიგრძენი ჭვალა,მუხლებში ძალა გამომეცალა, გოდებით ტირილი მომინდა,ოღონდ არ შემეძლო. საქმე გავაგრძელე თან ვფიქრობდი რამდენი დღე დარჩა სახლში წასვლამდე,სამჯერ მაინც დავითვალე 68 დღე და უიმედოდ ჩამიქრა თვალები. წინა წელი გამახსენდა,მეგობრებთან ერთად როგორ ვიყავი სვანეთში.დაძარღვული უშბის წარმოდგენისას ტაომ დამაყარა, ანგელოზისფერი თეთნულდის გახსენებისას კი ვიგრძენი მუხლები როგორ მომეკვეთა ცოტათი. სიმწვანე მომელანდა თვალწინ, ტყე,კავკასიონის უღელტეხილი. სული ისე შემეხუთა კისერზე ჩამოკიდებული ჯვარი მუჭში მოვიქციე და მანამ არ გავუშვი ხელი,სანამ ტკივილი არ ვიგრძენი,მერე ტუჩებთან სათუთად მივიტანე და ნაზად ვეამბორე სისხლისფერი თვლებით მორთულ, უფლისგან ნაბოძებ საჩუქარს. იქვე საქართველოს რუკაც მქონდა ჩამოკიდებული,რომელიც დედამ დარიალის ხეობაში მიყიდა.გამუქებულ აფხაზეთს შევხედე,თითი გადავუსვი,გულში რაღაც მეტად ჩამწყდა და კიდევ მეტად გავიაზრე ჩემი ბედკრული ქვეყნის ბედი. რას არ მივცემდი ახლა ოღონდაც ჩემს მიწაზე ვყოფილიყავი,სადაც დავიბადე და გავიზარდე. ნეტავ ვაზის ამბორი შემძლებოდა და დალოცვილი მიწის შეხება. ისე მეტკინა სული,ისე,ისე… წარმოვიდგინე თითქოს ისევ სვანეთში ვიყავი კოშკის წინ და მთის კალთებს გავყურებდი, როგორ მწადია ახლა მათი ხილვა და სუფთა, ჯადოსნური ჰაერის სუნთქვა,ნეტა ერთხელ მაინც ჩამესუნთქა,სულ ერთხელ. ჩემმა კოლეგამ გამომხედა,რა გჭირსო, ვუთხარი საქართველო მენატრებათქო,ხელი უგულოდ ჩაიქნია,არც გამკვირვებია,ამ ტკივილს მხოლოდ ის ადამიანი გაიგებდა ვისაც დასაფიცებლად ლურჯი ცა აქვს. მედიდური კავკასიონი მომენატრა,ჩემი თვალწარმტაცი თბილისი და თბილი ხალხი. მთაწმინდაზე გატარებული ზაფხულის ცხელი ღამეები. ჩემი სახლის აივანზე წაკითხული ძველი ქართული წიგნები,ლიტერატურაზე საუბარი და ყველაფერი ის რაც უბრალოდ ქართულია. მინდა საქართველოს სიყვარულში დავიღალო და ისე შევისისხლხორცო,რომ შეხება შევძლო. ობოლი ცრემლი მოვიწმინდე თვალიდან და ძალიან ჩუმი ღიღინი დავიწყე. ნეტავ ვინმე დამლაპარაკებოდა ახლა ჩემს ენაზე,ვენუგეშებინე… მაგრამ,ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მასულდგმულებდა რაღაც,რასაც იმედი ჰქვია. წარმოვიდგინე მე თუ ასეთ დღეში ვარ, მაშინ ქართველი ემიგრანტები როგორ არიანმეთქი? ისე თანავუგრძნე ყველას,მეტად შემეხო მათი ტკივილი. ლეჩხუმის გზები გამახსენდა ბავშვობაში ყოველ ზაფხულს რომ გავდიოდი ბედნიერი, ცივ ლაჯანურში ბავშვების კისკისი. ყაზბეგის ატლასივით მთები,მდელოები რომლებიც სავსეა ქორისფერი ცხენებით. ჩანჩქერების ჩქაფანი. ლაშიჭალის მინერალური წ....ბი. შრომით გაჟღენთილი ყანები და მდელო. სოფლის სახლის კართან მიდებული ბარი და თოხი. აფხაზეთის ზღვა. ბებიას თონეში დამცხვარი პური,მოპარული სიმინდი. ნაბდიანი მამაკაცები. მამაპაპური სუფრა და სიმღერა. დოლის ხმა. აგიზგიზებულ ბუხართან მყოფი მშვიდი ოჯახი. ქვეყანა,რომელსაც ყველაძე მძაფრი,დიდი, აღმაფრთოვანებელი ისტორია აქვს. ჩემი სამშობლო,რომელსაც ვეკუთვნი. გმირების ადგილი. სიყვარულის ენა. ვეფხისტყაოსანი. ბარათაშვილის მერანი. მიყვარს,მიყვარს,მიყვარს. მენატრება და გული მტკივა,ვცდილობ ძალა მოვიკრიბო და აბჯრიანი მეომარივით დავხვდე ამ განსაცდელს,რომელიც ვიცი დასრულდება, ბოლო აქვს,თუმცა მიჭირს! გული მეკუმშება და საქართველოს გარეშე სუნთქვა მიჭირს. აბიტურიენტობის დროს ნასწავლი მილიონი ისტორია გამახსენდა,თერგდალეულები, ციმბირში გადასახლებულები…ყველაფერი, ყველაფერი.მიკვირს ამდენ რამეზე ერთდროულად ფიქრი როგორ შემიძლია,მაგრამ ფაქტია გამომდის. -აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავლი ჩვენია!-ვიმეორებ ჩუმად და დარდს ფიქრს ვატან. ჯანსუღ კახიძის სიტყვები ჩამესმა ყურში. “საქართველო,შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!” არ მიუცია,არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


