შეტყობინება წარსულიდან
მე ისევ მომდის შეტყობინებები დენის შეწყვეტაზე იმ სახლიდან, რომელშიც წლებია აღარ ვცხოვრობთ..
უნდა დარეკო და შეგიცვლიანო - მამშვიდებენ მეგობრები, მე კი იმის ცოდნა რომ ჩვენი მოგონებებით სავსე სახლში დენი არ არის, არც იმდენად მაფორიაქებს. შენ წახვედი. ჩვენი სახლიდან წახვედი , მაგრამ ესეც არ იკმარე და ჩემი გულის კარებიც სამუდამოდ გაიხურე. შენი წასვლა ისეთი იყო, როგორიც არის მიწისძვრა… მე ისევ ვიდექი, მაგრამ ჩემში ყველაფერი ჩამოინგრა. შენი წასვლა ისეთი იყო, როგორიც არის ქარიშხალი… უეცრად გაჩნდი, ყველაფერი თავდაყირა დააყენე და როცა წახვედი, ისიც წაიღე, რაც შენამდე ჩემი მეგონა. შენი წასვლა ისეთი იყო, როგორიც არის ხანძარი… თმის ღერიდან ფეხებამდე დამწვი და ჩემგან მხოლოდ ფერფლი დატოვე. შენი წასვლა ისეთი იყო, როგორიც არის ტალღა… უცებ გაჩნდი, გადამიარე და ყველაფერი, რაც ჩემში იყო, შენს ქვეშ მოაქციე. შენი წასვლა ისეთი იყო, როგორიც არის ნისლი… ყველაფერი ისევ ჩანს, მაგრამ აღარაფერს აქვს ფერი. შენი წასვლა ისეთი იყო, როგორიც არის ზამთარი… ყველაფერი გაჩერდა ჩემში-აღარც ცოცხლობს, აღარც კვდება, უბრალოდ იყინება. გეტყოდი მომენატრე-მეთქი, მაგრამ არ მინდა ეს მონატრებაც მიისაკუთრო. საკმარისია რაც წაიღე. სახლიც, სიმშვიდეც, ძილიც, მოსვენებაც.. მე რაც დამრჩა მხოლოდ ეს მონატრებაა , მე კი მკაცრად გადავწყვიტე, ამას მხოლოდ ჩემთვის დავიტოვებ. გუშინ მაინც შევიარე იქ, იმ ერთ დროს ჩვენს ბინაში.. სამზარეულოს მაგიდაზე , ისევ ისე უძრავად იდგა ორი ჭიქა ,როგორც დავტოვეთ. ერთში თითქმის გამქრალიყო ყავის კვალი, თუმცა მეორეს კვლავ ურცხვად ეტყობოდა იმ შენი წითელი ტუჩსაცხის ანაბეჭდი ისე, თითქოს მხოლოდ მისთვის არ გასულა დრო.. დრო, რომელმაც ერთმანეთს ასე ძალიან დაგვაშორა. ფანჯარა გამოვაღე. ის ფანჯარა რომლიდანაც ყოველ საღამოს ერთად გავყურებდით ქალაქს. გამოვაღე, და წამით მომეჩვენა რომ მისი ჩარჩო ერთიანად შემომეხვია ზურგზე ისე ძალიან რომ თითქოს აღარსად სურდა ჩემი გაშვება.. თითქოს მასაც ახსოვდა და ენატრებოდა ის საღამოები , როცა გარეთ მთელი ქალაქი რაღაცისთვის ცოცხლობდა, ჩვენ კი მხოლოდ ერთად ყოფნა გვყოფნიდა სიცოცხლისთვის. გამოყრუებული კედლები წყენით მომაშტერდნენ. ალბათ სყინდათ ამდენ ხანს რომ დავტოვეთ სიჩუმის ამარა მაშინ, როცა ყველაზე მეტი სწორედ მათ იცოდნენ ჩვენ შესახებ. წლების განმავლობაში ისინი ინახავდნენ ჩვენი სიცილის ექოს, ჩვენს ხმაურიან საღამოებს, ჩურჩულით ნათქვამ საიდუმლოებებს, კამათს, შერიგებასაც და ის საბედისწერო შენგან ნათქვამი: “ყველაფერი დასრულდაც” ხომ სწორედ ამ კედლებმა გაიგეს იქამდე, სანამ ჩემი გონება აღიქვამდა მათ მნიშვნელობას.. დიდხანს ვიდექი ოთახის შუაგულში და ვცდილობდი გამეხსენებინა ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ამ სახლში ისე, როგორც საკუთარ სახლში. უცნაურია არა? რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი მისამართიც არ უნდა ჩაიწეროს შენს სახელზე საცხოვრებელ ადგილად, მაინც არის ადგილები საიდანაც წასვლა შეგიძლია, მაგრამ დატოვებას ვერასდროს ახერხებ. ჩემთვის ეს სახლიც, ზუსტად ასეთი ადგილია. ადგილი საიდანაც წავედი, მაგრამ ვერადროს დავტოვე.. საძინებლის კარიც შევაღე. ჩვენი საწოლი აღარ იყო ისეთი , როგორიც ადრე. აღარც ზეწრები იდო, აღარც ბალიშები, მაგრამ ამდენი წლის და ამდენი ცვლილების შემდეგაც მე მაინც ზუსტად ვიცოდი რომელი იყო შენი მხარე.. სხეულს ჯერ კიდევ მკაფიოდ ახსოვდა ადგილი, სადაც ოდესღაც შენ გეძინა. თვალებით შევჩერდი შენს კარადასთან, თუმცა გაღება არც კი მიცდია. მეშინოდა რამე ისეთი არ დამხვედროდა რაც საბოლოოდ გაანადგურებდა ჩემს ფსიქიკას. სახლში, სადაც ყველაფერი შენ გარეშე იყო დარჩენილი, მე მაინც მხოლოდ შენ გეძებდი.. იმ კარის სახელურში, მტვრისგან ფერშეცვლილი ფარდების ფრიალში და იატაკის თითოეულ ჭრიალშიც, მე მხოლოდ შენს სახესა და შენს ხმას ვეძებდი და არც იმის შემჩნევა გამჭირვებია რომ ეს სახლი ჩემზე მეტად ელოდა შენს დაბრუნებას. წასვლის წინ კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ოთახებს და ჩემს თავთან ერთად, ის კედლებიც ვანუგეშე.. ვანუგეშე და ვუთხარი რომ ჩვენ კარგად მოვიქეცით, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ რაც შეგვეძლო. ვუთხარი, რომ ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ვისაც წასვლა უნდა, იმას მაინც ვერასდროს გააჩერებ კარი გამოვიხურე და გასაღები რამდენჯერმე გადავატრიალე საკეტში და ჩემთვის უჩვეულოდ შარვლის ჯიბეში ჩავიგდე, აქამდე მხოლოდ გულის ჯიბით ვატარებდი ისე, როგორც შენს სიყვარულს. იმ წამს პირველად ვიგრძენი , რომ სახლს კი არა, იმ ერთადერთ ადგილს ვკეტავდი სადაც ჯერ კიდევ არსებობდა ჩვენი ორივეს ის ვერსია რომელიც მაშინ ვიყავით როვა შენ ჯერ კიდევ არ იყავი წასული და მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი როგორი იქნებოდა ცხოვრება უშენოდ. ..ახლა კი , ისევ მომდის შეტყობინებები დენის შეწყვეტაზე იმ სახლიდან, რომელშიც წლებია აღღ ვცხოვრობთ. ალბათ მართლა უნდა დავრეკო და მისამართი შევაცვლევინო. უბრალოდ ჯერ არ ვიცი როგორ უნდა ავუხსნა ოპერატორს, რომ ამ მისამართზე ელექტროენერგია კი არა, ოდესღაც ჩემი მთელი ცხოვრება იყო ჩართული.. და რომ მას შემდეგ, რაც შენ წახვედი, არც იქ და არც ჩემს გულში სინათლე აღარასდროს ანთებულა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


