გაზაფხული
დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმ დღეს ალბათ 6 საათზე გამეღვიძა, უფრო სწორედ ექვსს რომ ათი აკლდა. 10 წუთით ადრე გავახილე თვალები ვიდრე მაღვიძარა დარეკავდა და მზერა ნესტით დალაქავებულ კედელს გავუსწორე. იმ დილით ჩემი ფანჯრიდან მზემ ამოჰყო თავი და მეც ჩითის კაბით გავედი გარეთ. გაზაფხულს ბოლომდე არ შემოეღო კარი. ნასუსხარი თებერვალი ჭირვეულობდა, არ ეთმობოდა მარტისთვის რამოდენიმე დღის წინ დათრთვილული ბალახი. სახლიდან გასვლისთანავე შემომიძვრა თითებში, სხეულს ჩამოჰყვა და სუსტი მუხლები ამიცახცახა. მიუხედავად ამისა, ვთვლიდი მიხდებოდა, რაც მეცვა და სუსხისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ასე იშვიათად ვთვლი ხოლმე, რადგან ჩემს სუსტ, ჩამომხმარ, პატარა სხეულს და არც თუ ისე ლამაზ ან მომხიბვლელ სახეს რთულია რაიმე მოვუხდინო. იმ დღესაც გაზაფხულის მონატრება უფრო მიხდებოდა, ვიდრე კაბა, მაგრამ ვიღიმოდი კი და ღიმილი ყველას უხდება. „ერთი მერცხლი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო!“ მე არც მერცხალი დამინახავს სადმე, ჯერ კიდევ მობუზული, გაბურძგნილი ბეღურები მხვდნებოდნენ ტროტუარებზე და ალბათ ვცდილობდი, ჩემი ღიმილით მომეყვანა გაზაფხული. ყოველ დილით მაკიაჟით ვიფარავ აწითლებულ ლოყებსა და უფერულ ტუჩებს. ვდგავარ წიგნით ხელში ავტობუსში, რომელშიც არასდროსაა ადგილი და ვგრძნობ, როგორ მიძვრებიან უცხო თვალები ჩემს ხელებში ჩაბღუჯულ სტრიქონებში. თითქმის არასდროს ვწევ თავს მაღლა ბოლო გაჩერებამდე და სწორედ მაშინ მძულს ჩემი თავი, რადგან ჩემს სულს უბრალოება უფრო მოუხდებოდა ვიდრე ტუჩსახი, თუმცა მაშინ უფრო ულამაზო ვიქნებოდი და მაინც ნაკლებად მეტკინებოდა გული. ისე ვარ თითქოს სახეს ვმალავდე და გაზაფხულს არ სჩვევია ეს. უნივერსიტეტში მეორე ავტობუსით მივდივარ . არასდროს არავის ვუსწორებ თვალს. ყველას არც უნდა შეხედო, რომ მზერა არ გაგიცივდეს. ზოგის თვალებში ხომ იმდენი ზამთარია ჩარჩენილი. დაღლილი ქუჩები იმზირებიან ავტობუსის ფანჯრებში და ჩემი მზერა სცდება სამყაროს საზღვრებს. უხდება ჩემს თვალებს მზე, ამწვანებს ხოლმე, ერთბაშად მიღვრის ზურმუხტისფერს დავიწროვებული გუგების გარშემო. ავტობუსიდან ჩამოსული გაღიმებული, ხშირად თავაწეული დავდივარ ქუჩებში და ძლივს ვიკავებ დამძიმებულ, თუმცა მაინც გაშლილ მხრებს. რამოდენიმე მტრედი დაბორიალებულივით ჩამივლის გვერდით და ცაში შეფრთხიალებულებს შურით ვაყოლებ თვალს, თუმცა ალბათ გულს მეტად. „მე რომ გაფრენა არ შემიძლია ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას“ ჩამესმის სულში და ღრუბლის თეთრი, შესაძლოა ფუმფულა ფილები ემსგავსებიან წარმოსახვას. ჭადრის ხეები კი მიყვებიან ქარიან, ან იქნებ თავქარიან ზღაპრებს. გიყვართ გაზაფხული? მე უფრო! /დარეჯან გოგაშვილი/ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.