იდეალური აზროვნება 6
თითქმის ყველაფერი იგივე იყო: პალატაში შენარჩუნებული სიმშვიდე, იქვე დარჩენის სურვილი, პაციენტის ახლობლებისთვის ნათქვამი რამდენიმე სიტყვა და თეთრი კაბინეტი თავშესაფრად. იგივე გაურკვევლობებით, სიმძიმეებით, დაბნეულობით და მოჩვენებითი სიმშვიდით სავსე, დევდარიანისეული სიცოცხლის ჩვეულებრივი გაგრძელება... ზედმეტად ჩვეულებრივი. ვერ ხვდებოდა რა აღარ აკმაყოფილებდა, რა არ მოსწონდა და რა უნდა შეეცვალა. სამაგიეროდ ის იცოდა, რომ არაფრის შეცვლა არ უნდოდა, ისედაც საკმაოდ არეულ-დარეული იყო ყველაფერი. მობილურში კალენდარს დახედა და სახე უსიამოვნოდ მოჭმუხნა. ხვალ ბაკურიანში უნდა წასულიყო, იმ რაღაც ბანაკში სტუდენტებისთვის. საქმის კეთება უყვარდა, მაგრამ მოსწონდა როცა მარტოს შეეძლო ამის გაკეთება. ჯერ კიდევ ანდრეას ახირებად მიაჩნდა ამაში სტუდენტების ჩართვა. თუმცა ცოტას თუ წაეხმარებოდა განათლების სისტემას ცუდი არ იქნებოდა. ფეხზე ზანტად წამოდგა და ნელი ნაბიჯით გავიდა საავადმყოფოდან. მობილურზე შეტყობინებამ შეახსენა რომ ხვალ დილით ათზე უკვე სასტუმროში უნდა ყოფილიყვნენ და რომ ალექსის მანქანით წავიდოდნენ. დემეტრემ ღრმად ამოიხვნეშა და სახლის კარი შეაღო. გაეცინა ანდრეამ შეტყობინება რომ მისწერა, ალბათ აღარ უნდოდა გაეგონა როგორ ეზარებოდა იქ წასვლა, კიდევ ერთხელ გაეღიმა, მიხვდა ახლა იმიტომ მისწერა რომ უკვე ოპერაცია დამთავრებული ჰქონდა და ანდრეა ამას ელოდებოდა. უჩვეულოდ გაამხიარულა ამ აღმოჩენამ, მისი მეგობარი სულ ასეთი მეწვრილმანე იყო, ყველა დეტალს აქცევდა ყურადღებას. არ ახსოვს როდესმე რაიმე დავიწყებოდა ან არეოდა ანდრეას. „ჩემგან განსხვავებით“, დანანებით გადაიქნია თავი და აბაზანაში შევიდა. ^^^ -მომავალი ექიმები მაინც უნდა წამოგვეყვანა, დემეტრემ კიდევ ერთხელ თქვა და ანდრეას გადახედა უკანა სავარძელზე. -ეგ მერე საავადმყოფოს რომ ავაშენებთ, ჯერ არქიტექტორები გვჭირდება, ვასომ მითხრა რომ ძალიან ნიჭიერი კურსი ყავს და სულ რვა იქნებიან მეტი კი არა. მერე შეგეძლება შენ აირჩო ვინ გინდა დაგეხმაროს. თან პრაქტიკა იქნება მათთვის. -დემე, მერამდენედ გეუბნება უკვე ადამიანი, ალექსანდრემ მობეზრებული ხმით ჩაილაპარაკა. -თან თებერვლის ბოლოს რა სჯობს ბაკურიანს, დავისვენებთ. -თქვენ გადაამოწმეთ ვინ იქნება იმ რვაში? -კი, გამომიგზავნა ვასომ და მართლა შთამბეჭდავი ნაშრომები აქვთ, ნუ მე არ ვარ აქსპერტი, მაგრამ რაც ვნახე მომეწონა. ჩვენთან გაივლიან კონსულტაციას რა თავისებურებები აქვს საავადმყოფოს, როგორი ტიპის გვინდა რომ იყოს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება და მერე შემოგვთავაზებენ თავიანთ იდეებს, ვარიანტებს, ნახაზებს ასე მარტის ბოლოსთვის და ავირჩიოთ. ვინც იქნება ყველაზე კარგი ითანამშრომლებს ჩვენ რომელი კომპანიაც ავირჩიეთ იმათთან. -ქართველი ექიმები განათლების სამინისტროს სამსახურში! სრული სერიოზულობით ჩაილაპარაკა ალექსმა და ბოლოს მაინც გაეცინა. -ანდრე, რამდენი გოგოა? -სამი თუ ოთხი, რა ვიცი. -ლამაზები არიან? ვაჩიბერაძეს ღიმილი სახეზე შეაშრა დემეტრეს მზერას რომ გადააწყდა. ანდრეას თვალები დაუტრიალა და გაეღიმა. ^^^ გაცნობით შეხვედრაზე მხოლოდ ანდრეამ და ალექსანდრემ ისაუბრეს. დემეტრე ჯერ კიდევ აგროვებდა სიმშვიდეს რომ ეს ორი აქვე არ მიეხრჩო სტუდენტების, მათი ლექტორის და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თვალწინ. ისე მოეშალა ნერვები როცა გაოცებულად მომზირალ ნინას წააწყდა რომ სახეზე სულ წამოაწითლდა და კისერზე ძარღვები მაგრად დაეჭიმა. თვალებით დაემუქრა ორივე მეგობარს და მას მერე ფეხზე აღარც ამდგარა. ხანდახან გრძნობდა დადიანის მზერას, რამდენჯერმე შეეჩეხა კიდეც მის მწვანე თვალებს, მაგრამ იქ ვერაფერს რომ ვერ ხედავდა გარდა ჩვეულებრივი მზერისა კიდევ უფრო ეშლებოდა ნერვები. -დიდი მადლობა, ყურადღებისთვის, პირველი შეხვედრა გვექნება პირველ საათზე და აქვე გელოდებით, ახლა კი დაისვენეთ, ალექსანდრემ ღიმილით ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები და დემეტრე მიხვდა ეს ერთადერთი იყო, რაც მათი ნახევარსაათიანი სიტყვიდან გაეგო. ყველა ფრაზა დაუტრიალდა თავში, რომლებითაც ახლა ანდრეას შემკობა უნდოდა, მაგრამ სიტყვები ტუჩებზევე შეადნე მათკენ მომავალი ნინა რომ დაინახა. -ასეთი სერიოზულიც ხარ ხოლმე? გოგონა ალექსანდრეს უცინოდა და ყველას მიესალმა...ჩვეულებრივად. -აბა შენი აზრით გოგონებს რატომ მოვწონვარ? -იმიტომ რომ ცისფერი თვალები გაქვს? ნინამ ისევ გაიცინა და მერე ბიჭებს დაემშვიდობა. -მე შენ რა გითხრი ნინაზე? როგორც კი კარები მოიხურა გოგონამ მაშინვე ანდრეას მიუბრუნდა დემეტრე. -აღარ დამელაპარაკოთ მაგაზეო, ინსტინქტურად უპასუხა. -მერე? თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა დემეტრე. -რა გინდა, როდის დაგელაპარაკეთ ? ანდრეამ გაოცებული სახე მიიღო. -რატომ არ მითხარი ნინაც თუ იქნებოდა? -შენ თვითონ არ აგვიკრძალე მაგაზე ლაპარაკი? ანდრეამ კიდევ უფრო გაოგნებული თვალებით შეხედა. დემეტრემ თავი გადააქნია და მეგობარს მკაცრი მზერა ესროლა. -როდის მერე გეშინიათ ჩემი ასე ?! ჩაილაპარაკა და ოთახიდან ისიც სწრაფად გავიდა. -ნუ, რეაქცია იყო... -უფრო მეტი, ვიდრე ველოდი, ალექსანდრეს ფრაზა დაასრულა ანდრეამ და მეგობარს თვალი ჩაუკრა. ^^^ დღეები იმაზე მშვიდად მიდიოდა, ვიდრე ელოდა. საინტერესო იყო აქ ყოფნა. საკმაოდ ინფორმაციული აქ გატარებული საათები. მოსწონდა საქმიან სიტუაციაში ყოფნა და ის სამეული აოცებდა. ასეთი ახალგაზრდები და ასეთი პროფესიონალები... ნინამ თითქოს უფრო მოტივირებულად იგრძნო თავი თვითონაც კარგი სპეციალისტი ყოფილიყო, ასეთი პატივისცემა დაემსახურებინა ახალგაზრდას და მოუნდა თვითონაც დახმარებოდა სხვებს. თავიდან რომ გაიგო ახალ საავადმყოფოს აშენებენო, იფიქრა აუცილებლად უცხოური კომპანია იქნებაო და აღფრთოვანება ვერ დამალა დემეტრე და მისი მეგობრები რომ დაინახა. ასეთი რამ არასდროს დამართნია, მაგრამ ახლა აღტაცებული იყო მისით. დევდარიანი სერიოზული იყო, საქმიანი, ძალიან ჭკვიანი და უზომოდ განათლებული. ეტყობოდა როგორ უყვარდა თავისი საქმე, რომ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა და მთელი თავისი არსება ჩაედო მასში. ნინამ დაინახა ის დიდი იმედები, რომლებსაც დემეტრე ამყარებდა ამ იდეაზე, დაინახა როგორ უნდოდა მათი განხორციელება და უზომო სურვილი იგრძნო თვითონაც მიეღო ამაში მონაწილეობა, მოუნდა რამეთი დახმარება შეძლებოდა. თვითონაც ვერ მიხვდა იმდენ ხანს აშტერდებოდა ბიჭს და უკვე წყენასაც კი ვეღარ გრძნობდა რომ დემეტრე ამ ხუთი დღის განმავლობაში მაქსიმალურად არიდებდა თავს. თუმცა ბოლომდეც ვერ ადანაშაულებდა, თვითონ დააწესა საზღვრები მათ ურთიერთობაში. ისიც ესმოდა რომ ყველაფერი დემეტრემ დაიწყო და საბოლოოდ ნინა ვერაფრით გაერკვა უფრო ნაწყენი იყო თუ აღტაცებული მისით. -ნინა, რა საინტერესო იყო, არა? გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა და მარჯვნივ სუბიექტს უაზრო მზერით მიაშტერდა. -ძალიან, კოტე, ძალიან. -იცი, ხვალ უკვე მივდივართ და დღეს საღამოს გასეირნების უფლება მოგვცეს, ვიფიქრე რომ გენდომებოდა ჩემთან ერთად წამოსვლა. -არა, კოტე, მადლობა, სასტუმროში დარჩენა მირჩევნია. -კარგი რა, აქ რა უნდა აკეთო მარტომ, ყველა მოდის, ისინიც სადღაც მიდიან და... -დღეს ბრუნდებიან? მოულიდნელად კითხვა შეუტრიალა გოგონამ. -არა, რესტორანში მიდის უფროსობა, კოტე სასაცილოდ დაიღრიჯა და ნინას ყურადღება მათკენ წამოსულმა დემეტრემ მიიპყრო. -ნინა, როგორ ხარ? -კარგად, შენ? ოდნავ გაიღიმა დადიანმა. -გავიგე ამ საღამოს აღნიშნავთ.. -მხოლოდ ცოტას გავერთობით, დემეტრემ წყრომით გადახედა კოტეს და მასაც სიტყვა გაუშრა. -ხო, თქვენც აღნიშნავთ, ნინამ მშრალად უპასუხა. -აბა, გაერთეთ... დემეტრე თვალებით დაემშვიდობა ნინას და მალე გაუჩინარდა სასტუმროში. -წავედით? ნერვები მოუშოლა კოტეს მომლოდინე თვალებმა, მაგრამ აქ მარტო დარჩენილს რა უნდა ეკეთებინა არ იცოდა, ამიტომ დათანხმდა და მის მანქანში დაუფიქრებლად ჩაჯდა. წამით ეგონა რომ დემეტრე მათთან ერთად წასვლას თხოვდა. ნერვები მოეშალა, ამას რომ ელოდა, „რა მინდოდა მათთან, ჩემს ლექტორთან და ... ოჰ...“ უკვე იმდენჯერ ეცადა ფიქრები შეეცვალა რომ სულ აერია თავგზა. რა სჭირდა ამ კაცს ასე უცნაურად რომ იქცეოდა... წყნეთში თბილი იყო და მეორე წამს ნამდვილ აისბერგად გადაიქცეოდა ხოლმე... ფანჯრიდან გზას გახედა და მიხვდა, რომ საკმაოდ ჩამობნელებული იყო უკვე. -კოტე, ამდენ ხანს როგორ ვერ მივედით? ბიჭმა დამფრთხალი თვალებით გამოხედა და ნინა მისმა მზერამ დააბნია. -გზა აგერია? ოდნავი ღიმილით ჩაილაპარაკა და ისევ გაიხედა სიბნელეში. -ნინა... შენ იცი, რომ მე... მოკლედ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ და უკვე მთელი ოცდაერთი თვეა შენგან დადებითი პასუხის მოსმენას ველი, ვერაფერი გავაწყვე და... დადიანს ეგონა მალე ტვინი აუდუღდებოდა, მანქანის განათებით რომ აბრას მოკრა თვალი, სადაც „ბაკურიანი“ ეწერა ლამის გული გაუსკდა ბრაზისგან -გააჩერე მანქანა! ისე დაიყვირა კოტე საჭესთან შეხტა. -ნინა, გთხოვ.... -შენ ნორმალური არ ხარ? რას მთხოვ? გააჩერე ახლავე! -არა, ნინა. ახლა მართლა იგრძნო პანიკის შემოტევა. გონებაში ქარბუქის მსგავსი რაღაც უტრუალებდა აზრებისგან და უცებ კარი გააღო. -არ გადახტე, რას აკეთებ, ნინა. კოტემ მკვეთრად დაამუხრუჭა და გოგონა ისე გადმოვარდა მანქანიდან ხელის გაშვება ძლივს მოასწრო კარზე. -რამე იტკინე? მართლა შეშფოთებული იყო ბიჭის ხმა. -არა, ხელი არ მახლო. ეს რა გააკეთე, იცი მაინც რომ კანონით ისჯება? ნინა ნერვიულობას ვერ მალავდა. -სხვა გამოსავალი არ მქონდა, კოტემ თავი დახარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -როგორ არ გქონდა, იმ ოცთვიანი ნაცნობობიდან ვერ მიხვდი რომ არაფერი გამოგვივიდოდა? ღმერთო რა შარში ვარ... -ოცდაერთი... ისევ ხმადაბლა ჩაილაპარა კოტემ. -რაა? -ოცდაერთი თვეა. ნინამ ღრმად ამოიხვნეშა და იქვე ჩაჯდა. -კარგად ვარ უბრალოდ დაჯდომა მინდა, მისკენ წამოსული კოტე შეაჩერა და ფეხზე ხელი მოისვა, დაცემისას ცუდად მოჰყვა და დგომისას ტკიოდა. ხელის გულიც აეწვა და მიხვდა ისიც იტკინა. მერე წელში გასწორდა და სიტყვების დალაგება დაიწყო. -კოტე, ცოლად ვერ გამოგყვები. ჩემი არა არას ნიშნავდა ყოველთვის, მე მართლა არ მიყვარხარ. -მე მიყვარხარ, ნინა და ნახავ შენც როგორ მოგეწონება ჩემთან ერთად ცხოვრება, აი, ნახავ რომ ყველაფერი გამოგვივა. -რა პატივისცემაც მაქვს შენს მიმართ იმას მაინც ნუ დამაკარგვინებ და შეწყვიტე ეს უაზრო საუბარი ახლავე! -ზედმეტად მკაცრი ხარ. მე ვიცი, რომ შენს ოჯახს არ მოეწონება ჩვენი ეს საქციელი... -რომელი ჩვენი საქციელი?! მე ბარში მივდიოდი გასართობად და შენ ... ღმერთო, რა უაზრობაა, ახლავე წავიდეთ სასტუმროში. -მე შენს ძმებს დაველაპარაკები, ნინა, და ისინი გაიგებენ... -აი, მაგათგან რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭირო თავი, შენთვის გეუბნები, უხეშად აუქნია ხელი ახლოს მისულს. -მე მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა, ნინა მიხვდა რომ უსარგებლო იყო ახლა კოტეს რაიმეში რწმუნება, ის უბრალოდ უარს ამბობდა ნინასთვის გაეგო. გოგონამ ამ წუთას პირში უთხრა, რომ არ უყვარდა და კოტე მაინც თავისას გაიძახოდა. ნინას ლამის თავი გაუსკდა, აღარ იცოდა რა უნდა ექნა. -ვიცი, რომ ახლა გაბრაზებული ხარ, შეიძლება ჯერ ვერ გაიგე რატომ წამოგიყვანე მოტყუებით, მაგრამ... -ბათუმში არ ვყოფილვარ, ნინას სუნთქვა შეეკრა როცა მიხვდა რის თქმას აპირებდა. -სად? კოტემ როგორც იქნა შეწყვიტა მათ „ოჯახზე“ საუბარი და ამან ნინას საოცარი შვება მოჰგვარა. -შარშან ზაფხულში ბათუმში საერთოდ არ ვყოფილვარ. -მე რომ ყვავილები... -წყნეთში ვიყავი და როცა გელაპარაკებოდი ზემოდან დავყურებდი იმ.. იმ ... -გულს, ნინას ძალიან შეეცოდა კოტე. -მოგატყუე, რადგან ასე... ასე უფრო სახალისო იყო... მერე შენს გაოგნებულ ხმაზე დიდხანს ვიცინოდი ჩემს ძმასთან ერთად, ნინა თანდათან ხმას უწევდა და ბოლოს ვეღარც თვალებში უყურებდა. -არც მემახსოვრებოდა ის დღე, საერთოდ არ გამახსენდებოდა რომ არა სხვა... სხვა უფრო მნიშვნელოვანი მომენტები... სხვა კაცთან. გოგონამ როგორც იქნა ამოისუნთქა, ეგონა ახლა მიწა ზანზარს დაიწყებდა ისე უცემდა გული. მთელი სხეული აუკანკალდა და საშინელმა დანაშაულის გრძნობამ შემოუტია. -მარტო ჩემთვის კი არ გეუბნები უარს, ცოლად რომ გამოგყვე მთელ შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ... -შეწყვიტე, თავიდან კოტეს ხმა ვერ იცნო ნინამ, და წამში გაუსწორა მზერა. შეაშინა მისმა თვალებმა, არ იცოდა მართლა არ იცოდა როგორი იყო ზოგადად მისი თვალები, ალბათ იმიტომ რომ არ აინტერესებდა, მაგრამ იცოდა რომ ასეთი იმედგაცრუებული არა. -მე მართლა მეგონა, რომ არ გიმსახურებდი, მინდოდა შენთვის უკეთესი გავმხდარიყავი და თურმე... კოტემ უცებ ნერვიულად გაიცინა და სახეზე ხელი მოისვა. -თურმე ეს შენ ხარ ვინც არ იმსახურებს. მკაცრი გაუხდა მზერაც და ხმაც. -მე კი არა, ზოგადად სიყვარულს არ იმსახურებს ის, ვინც მას პატივს არ სცემს. -ჩაჯექი სასტუმროში მიგიყვან, მანქანისკენ წავიდა ბიჭი და ნინა მიხვდა რომ უნდა განძრეულიყო, მიხვდა უნდა წასულიყო მისკენ. -არა, არ არის საჭირო. არ ვარ... -ამის ღირსი? ირონიულად გადმოხედა კოტემ. -ვიცი, ისევ გაიცინა. ნინა გააღიზიანა მისმა თვითკმაყოფილმა ხმამ. -შენ არ გაქვს უფლება ჩემზე გაბრაზებული იყო, მე შენთვის არასდროს მომიცია პატარა იმედიც კი... და შენ რომ მართლა დაფიქრდე მიხვდები, რომ... გოგონა უცებ გაჩუმდა და მიხვდა არ ჰქონდა ამ სიტყვების თქმის უფლება. მერე რა რომ თვითონ არ სჯეროდა ამ ბიჭის სიყვარულის, მერე რა რომ უფრო აკვიატებას მიაწერდა ამას, ვიდრე ნამდვილ, წრფელ გრძნობას. მას არანაირი უფლება არ ჰქონდა კოტესეულ სიმართლეში შეჭრილიყო, მთავარია რომ მას სჯეროდა თავისი გრძნობების და ნინამ რამდნემიმე წუთის წინ, მაშინ, როცა ლაპარაკი დაიწყო, დაკარგა უფლება კოტე განესაჯა. გოგონამ ღრმად ამოიხვნეშა და გული მოეწურა ისეთი ტკივილიანი თვალებით უყურებდა მას ბიჭი. -არა, ჩემით მივალ... -ახლავე ჩეჯექი მანქანაში, ნინა, აქედან მარტო როგორ უნდა წახვიდე? -შუა უდაბნოში არ ვარ და გავიგნებ როგორმე...ნინასაც გაუმკაცრდა ხმა, მხოლოდ იმას გრძნობდა რომ აღარ უნდოდა მის გვერდით ერთი წამიც გაეტარებინა შეიძლება იმიტომ, რომ შეაშინა, ან უკვე მობეზრდა ეს სიტუაცია, ან დანაშაულის გრძნობა ზედმეტად ხმამაღლა ყვიროდა უკვე... -როგორც იტყვი, რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ამოთქვა კოტემ და მანქანა დაქოქა, ნინამ თვალი გააყოლა, მაგრამ ღამემ ისიც მალევე შთანთქა. გოგონამ სახეზე ხელები მოისვა და სიმწრისგან დაიყვირა, ორივე ხელი ისე აეწვა, ლამპიონის განათებაზე კარგად ვერ ხედავდა რა სჭირდა, მაგრამ სისხლი აშკარად შეამჩნია. ღრმად ჩაისუნთქა რომ დამშვიდებულიყო და ამჯერად ფრთხილად დაისვა ქურთუკის ჯიბეებზე ხელები რომ მობილური ამოეღო. -ოჰ, ღმერთო ოღონდ ეს არა... ლამის ამოიტირა, როცა გააცნობიერა რომ თან არ ჰქონდა. ირგვლივ მიმოიხედა და ქალაქის მხარეს პირველი ნაბიჯი გადადგა, ნერვები ძალიან მოეშალა ფეხის ტკივილი რომ გაახსენდა და უნდოდა ხმამაღლა დაეყვირა, მაგრამ მიხვდა რომ ამ ლამპიონებით ძლივს განათებულ ღამეში თვითონვე შეეშინდებოდა და გაჩუმდა. თავში უაზროდ უტრიალებდა მისი და კოტეს საუბარი, რაღაც მძაფრი შეგრძნება არ ტოვებდა რომ როგორმე დაევიწყებინა ეს საშინელი წუთები. ზუსტად არ იცოდა რამდენი ხანი მიდიოდა, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო გრძნობდა ირგვლივ სიცივეს, ეს თოვლიც აღარ იყო ისეთი მსუბუქი და ნაბიჯების გადადგმაც უჭირდა. ღრმად ამოისუნთქა და ისევ მოავლო თვალი გარემოს, ჯერ კიდევ არ ჩანდა არანაირი განათება, რაც მიახვედრებდა, რომ ახლოს იყო დასახლებასთან. თავისი თავი დასწყევლა მანქანაში ჯდომისას უფრო ადრე რომ ვერ შეამჩნია ვერაფერი და კიდევ უფრო გაღიზიანდა. უკვე დაღლილიც იყო და იქვე ქვაზე ჩამოჯდა. ფეხზე მალევე იგრძნო შვება, მაგრამ უფრო შეცივდა. ცოტა დამშვიდდებოდა და მერე მოიფიქრებდა როგორ მოქცეულიყო... ფიქრი გაუწყდა, როცა ხმა გაიგონა და შუქებიც დაინახა, საერთოდ არ გახსენებია ტკივილი ისე წამოხტა ფეხზე, მანქანას ლამის ბორბლებში ჩაუვარდა... -გამარჯობათ, მძღოლს რაც შეეძლო გაუღიმა და იმედიანი თვალებით შეხედა. -გამარჯობა, შვილო, ხომ კარგად ხარ? -კი, იცით გზა ამებნა და ვერაფრით მივაგენი სასტუმროს, იქნებ დამეხმაროთ, ნინამ ისევ გაიღიმა როცა დადებითი პასუხი მოისმინა და მოხუცს სასტუმროს სახელი უთხრა. -უკაცრავად, რომელი საათია ხომ ვერ მეტყვით? -თითქმის თერთმეტი საათია შვილო, ნინას თვალები გაუფართოვდა, იმაზე დიდხანს დადიოდა, ვიდრე ეგონა. მანქანის სითბომ მოთენთა, ახლაღა იგრძნო როგორი დაღლილი იყო, ფეხი თითქოს უფრო ატკივდა. შვებით ამოისუნთქა სასტუმრო რომ იცნო, მოხუცმა ნებისმიერი სახის მადლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ნინაც დაემშვიდობა. ჭიშკარი ძლივს გააღო ხელით. -ნინა, ოხ.. ნინა, სად ხარ ამდენ ხანს... რა გჭირს, რატომ კოჭლობ, სახეზე რა დაგემართა... -ალექსანდრე, თუ ღმერთი გწამს, ნუ ყვირი მასე... -ღმერთო სულ გაყინული ხარ? სად იტკინე ფეხი, გოგონამ თვალები აატრიალა და თავი ჩახარა, ახლა როგორ არ უნდოდა მოეყოლა რამე... მართლა ძალიან ესიამოვნა ალექსანდრემ ხელში რომ აიყვანა, ძილი უნდოდა... -ანდრეა, მოვიდა, დაურეკე დემეტრეს. ისევ გამოაფხიზლა მისმა ხმამ და როგორც იქნა მისი ნომერი იცნო. -ნინა, რა მოგივიდა ? დაფეთებული შემოვარდა ანდრეა და ოთახში სიარულს მოყვა. -ნახე, რას გავს. ჯერ როგორი დასვრილია, მერე ხელები სულ დაკაწრული აქვს, მარჯვენა ფეხი დადგმისას ტკივა და თავის აქვს დარტყმული აი აქ, ალექსანდრემ შუბლზე მიათითა ანდრეას და გოგონას გადახედა. -კიდევ გაყინულია და.. -შეიძლება სააბაზანოში შევიდე? ნინამ მუდარის თვალებით ახედა ორივეს და ალექსანდრეს გამოწვდილ ხელს დაეყრდნო. -მალე გამოდი, ფეხი უნდა ვნახოთ, ანდრეამ წამსვე უთხრა და ღრმად ამოისუნთქა. ნინა ლამის ეწამა ხელის გულები ისე ეწვოდა ცხელი წყლის შეხებისას, მაგრამ ასე ვერაფრით დაიძინებდა, მას კი ყველაზე მატად ახლა თვალების დახუჭვა და არაფერზე ფიქრი უნდოდა. სწრაფად გადაიცვა პიჟამოები, ხალათიც არ დავიწყებია და იმ იმედით გავიდა გარეთ რომ დაიძინებდა. -როგორც იქნა, მოდი აქ სწრაფად გვანახე რა გჭირს. -სერიოზული არაფერი, ხვალ დილას აღარ... -ხელი მაჩვენე! სახე დამანჭა ანდრეას კატეგორიულ ტონზე და ორივე ხელი დაანახა. -დემეტრე მალე მოვა, სხვათაშორის ჩაილაპარაკა ალექსმა და ნინას თავზე ხელი გადაუსვა -სადაა? -გავქრი უცებ და მეძებდა, სად იქნება? ალექსმა სიცილით ჩაილაპარაკა. -ჩემს საძებნელად წამოვიდა? ნინამ გაოცებისგან წამოიყვირა და იგრძნო ყელი როგორ ეტკინა. -ჰო, ნინა, ის მეორე სადაა, ბავშვებმა თქვეს ვიღაც კოტეც არ ჩანსო. -ალბათ თბილისში დაბრუნდა, არ ვიცი. - მართლა კარგად ხარ? თბილი ხმით ჰკითხა ანდრეამ და თვალი გაუსწორა. -რა მოხდა? ნინა ადგილზე შეხტა დემეტრემ რომ კარი შემოგლიჯა. დევდარიანმა გოგონა შეათვალიერა და სახე დაეჭიმა. -ახლა რომელ შარში გაეხვიე? გაბრაზებული ხმით ჩაილაპარა და ანდრეას გვერდით ჩამოჯდა. ნინას მოეჩვენა რომ დაღლილიც იყო. -კარგად ვარ. მკაცრად ჩაილაპარაკა ნინამ და მზერა აარიდა. -აბა, ერთი გაიარ-გამოიარე, ალექსი თავზე სასაცილოდ დაადგა ნინას და იმ წამსვე უკან დაიწია როგორც კი გოგონამ მზერა მასზე გადმოიტანა. -ფეხი გტკივა? დემეტრეს ხმა უფრო შეშფოთებული გაუხდა და ნინას მართლა მოუნდა გაქცევა. თავი დახარა, უარი თქვა მათ კითხვებზე ეპასუხა. იგრძნო ანდრეამ როგორ გაუშვა ხელი და კარის მიკეტვის ხმაც გაიგონა. რამდენიმე წამში დარწმუნებულმა რომ მიხვდნენ მარტო ყოფნა ერჩივნა და გავიდნენ თავი ასწია და პირდაპირ შეეჩეხა დემეტრეს დაძაბულ მზერას. -ცეკვის გაგრძელება თუ გინდა ფეხი უნდა ვნახო, მშრალად ჩაილაპარაკა დევდარიანმა და საწოლზე გადაჯდა. ნინამ ისევ იგრძნო პანიკა და დემეტრეს თავი დაუქნია. ბიჭმა შარვალი ოდნავ აუკეცა და ხელით მოსინჯა. ნინას გაუკვირდა რომ ოდნავადაც არ ეტკინა. -კარგი ექიმი ხარ, ჩუმად ჩაილაპარაკა და დემეტრეს გახედა, დევდარიანს ოდნავ გაეღიმა და იქვე ანდრეას დატოვებულ ჩანთაში დაიწყო ქექვა. ელასტიური ბინტი მოძებნა და ნინას კოჭთან გადაუხვია. -ნუ გეშინია, შენს ცეკვებს საფრთხე არ ემუქრებათ, ღიმილის გარეშე ჩაილაპარა და ისევ ნინას წინ გადაჯდა. ხელი გაუწოდა და ანიშნა გოგონასაც იგივე გაეკეთებინა, ძალიან ნაზად გადაუხვია და ბამბა ისევ დაასველა რაღაც ხსნარში, ნინა ვერ მიხვდა ის რისთვისღა უნდოდა. დემეტრე ისევ გადმოჯდა საწოლზე და ბამბა შუბლზე დაადო. მანამდე ვერც გრძნობდა ტკივილს ახლა კი ისე აეწვა უკან დაიხია ინსტინქტურად. -არა, საჭიროა, თავი დაუკავა გოგონას და ისევ დაადო ბამბა, ნინამ თვალები მაგრად დახუჭა რომ ყურადღება მასზე გადაეტანა, მერე დემეტრემ ჭრილობაზე სული შეუბერა და ნინამ სულ მალე შვება იგრძნო. -ის კოტე ყვავილებიანი გულის ავტორია? ზედმეტად ჩვეულებრივად იკითხა და ისევ ნინას ხელებს დახედა. -კი, გაოცებისგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა ნინამ და უბრალოდ სიმართლე უპასუხა. -ასე სად დაშავდი, ნინა? მართლა აღარ შეეძლო უხეში პასუხებით მოეშორებინა დემეტრე, უბრალოდ ამის თავი არ ჰქონდა ახლა. -მანქანიდან გადმოვხტი, მშვიდად ჩაილაპარაკა. ნინამ ხელზე იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული და თვალებში გაოცებულმა ჩახედა. -რა ქენი? -კოტეს მანქანიდან გადმოვხტი. -მოიცა, მას რა შენი... -ხო. ნინამ გაოცება ვერ დამალა დემეტრე ფეხზე რომ წამოხტა და დაძაბული მზერა შეავლო გოგონას. -დემეტრე... -ახლა კარგად ხარ? ძალიან მოულოდნელად მის წინ ჩაიმუხლა და მუხლებზე თითებით მოეფერა, ნინამ იმდენად დაუმსახურებელად მიიღო ეს მზრუნველობა რომ ისევ მოაწვა ბრაზი. -რატომ გგონიათ რომ სულ მე უნდა ვიყო დაშავებული? ვითომ ანგელოზი ვიყო და მე არაფრის გაკეთება შემეძლოს. -რა მოხდა? ახლა სადაა კოტე ? -არ ვიცი, ალბათ თბილისში, ნინა ფეხზე წამოხტა და ფეხი ისევ ეტკინა. -ფრთხილად, ზედმეტად მშვიდი იყო დემეტრეს ხმა, ნინაც დაჯდა. -ნინა... -ვუთხარი, რომ თუ ცოლად მომიყვანდა ჯოჯოხეთად ვუქცევდი ცხოვრებას, იმიტომ რომ არ მიყვარდა და რომ არ მაინტერესებდა საერთოდ. მას უბრალოდ არაფრის გაგონება არ უნდოდა, დემეტრე, და მე მართლა ცოლად ხომ არ გავყვებოდი. მერე... მერე... -ნინა... დემეტრეს ნერვიულობა დაეტყო ხმაში. -ვუთხარი რომ მაშინ ბათუმში არ ვყოფილვარ, რომ მოვატყუე და რომ მე და დაჩი ვიცინოდით იმ გულზე... დემეტრემ გაოცებისგან პირიც კი გააღო. -რამე დაგიშავა? -ღმერთო ჩემო, დემეტრე, მან კი არა მე დავუშავე, მე, მე ავიგდე მისი გრძნობები აბუჩად, მე არ ვცემდი პატივს, მე დავცინოდი, მე ვარ აქ ცუდი და რაც მომივიდა, აი ესენი, ნინამ სხეულზე დაიხიდა და ხელები აჩვენა, -ყველაფერი მეკუთვნოდა, უარესიც, მაგრამ მეტის გამბედაობა არ ეყო ალბათ კოტეს. -დამშვიდდი, მიხვდა, რომ უკვე ყვიროდა. სხეული ისევ მოუდუნდა და ისევ მოუნდა დაძინება. მაგრამ ახლა იგრძნო რომ ვერაფრით დაიძინებდა ამაღამ. დემეტრეს სახეზე დააკვირდა და მისი სიმშვიდის შეშურდა, იმდენად მობილიზებული უყურებდა გოგონას რომ ნინამ თავი დაცულად იგრძნო და ამ გრძნობის ძალიან შეეშინდა. ეს დამოკიდებულებასაც ნიშნავდა და ნინამ თვალები მაგრად დახუჭა თითქოს გრძნობას გააქრობდა. -ნუ ნერვიულობ, გთხოვ, ნინა, დემეტრემ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და აიძულა მისთვის შეეხედა. გოგონას ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ახლახანს აღიარა მკვლელობა და მოსამართლეს განაჩენი უნდა გამოეტანა. -რა გითხრა? -რომ მისი ღირსი არ ვიყავი და რომ საერთოდ არ ვიყავი სიყვარულის ღირსი. -ნინა, შენ ხომ იცი რომ ეგ გაბოროტებული ადამიანის სიტყვებია. -ეგ იმას არ ნიშნავს რომ ტყუილია. -შენ არ შეგიძლია ვინმეს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციო! მკაცრად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ნინას სახეზე ხელები უფრო მოუჭირა. -მართლა? ახლა რომ კოტე განახა მიხვდები, რომ ზუსტად ეგ გავაკეთე რამენიმე საათის წინ. -შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და სიმართლეც უთხარი, ეს ძალიან გაბედული საქციელი იყო. იმ კოტეს შეეძლო რაიმე დაეშავებინა შენთვის. -ხომ გითხარი არაა მასეთი გაბედული. -ოჰ, რა თქმა უნდა, შენ ხომ გაბედული ბიჭები მოგწონს, დემეტრემ უცებ გაიღიმა და გოგონასაც გაეღიმა უნებურად. -არ უნდა ინერვიულო იმაზე, რაც თქვი, არ ვამბობ, რომ სწორი იყო იმ დღეს შენ და დაჩი ლამის სიცილით რომ მოკვდით, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ასეთი გაბედული ხარ და სიმართლის თქმა შეგიძლია. ნინას წამით ეგონა რომ დემეტრე მოეხვეოდა, მაგრამ დევდარიანმა ხელები მოაშორა და კარისკენ წავიდა, ნინა თავის თავს ძლივს გამოუტყდა რომ გული დასწყდა. ჯერ კიდევ არ იყო ემოციებში გარკვეული კარი ისევ რომ გაიღო და უფრო ჩაფიქრებული დემეტრე დაბრუნდა ხელში ბოთლით და ორი ჭიქით. -იმ კოტემ შუა გზაში დაგტოვა? ალექსმა მითხრა მას არ მოუყვანიაო -არა, მითხრა დაგაბრუნებ სასტუმროშიო, მაგრამ არ ჩავჯექი მის... -ანუ დაგტოვა. -ცხოვრებაში პირველად დამიჯერა, გაეცინა ნინას და დემეტრეს ხელებზე გადაიტანა მზერა. -ეს არის ალექსის საყვარელი წამალი, გოგონას გაუღიმა, ისე რომ თვალებს არ შეხებია. -ვისკი? -საუკეთესოა, როცა არ გეძინება, დემეტრემ თავი დაუქნია. -მე მეგონა ექიმები პაციენტებს ალკოჰოლს უკრძალავდნენ. -რადგან ჩემი პაციენტი არ ხარ და ერთი კვირა ცეკვასაც ვერ შეძლებ შეგვიძლია წესები დავარღვიოთ. -ანუ დავთვრეთ? ნინას უკვე ეცინებოდა. -გირჩევ სანამ გთავაზობ მომენტი გამოიყენო, დემეტრე სასაცილოდ დაიჭყანა და ერთი ჭიქა მიაწოდა. -უნდა დავთანხმებულიყავი აღსანიშნავი მაინც გვექნებოდა, რომ გააანალიზა რა თქვა პირზე ხელი მაგრად მიიჭირა, დემეტრეს ხმამაღლა გაეცინა. -აი, ხედავ? ჩემი გამოსწორება არ შეიძლება! უკვე ვხუმრობ ამაზე... -ამას ვგულისხმობდი როცა ვთქვი, რომ ჯოჯოხეთად ვერავის უქცევდი ცხოვრებას, მოდი შენს უარს გაუმარჯოს, დემეტრემ ჭიქა ასწია და ერთიანად გადაკრა. ნინამაც იგივე გაიმეორა და სახე დამანჭა. -ღმერთო, როგორ სვამენ ამ რაღაცას ასე ხშირად?! რა ამას, დემეტრე? -რას ვგულისხმობდი? შენ ყოველთვის შეგიძლია გააცინო ნებისმიერი ადამიანი. -უკაცრავად, მასხარა მიწოდეთ? ნინას თვალები გაუფართოვდა. -აი, ძალიან კარგი სიტყვაა, მომწონს. ზუსტად ეგ ხარ, მასხარა. -ხო უკეთესი იქნებოდა ბრაზიანი სახით დავდიოდე და ცოფებს ვყრიდე, აი ამით, ნინამ მეორედ ჩამოასხა ჭიქებში, - მხიარულებას გაუმარჯოს. -მასხარებს, შეუსწორა დემეტრემ და მეორეც დალია. -შენც შეგძლებია ხუმრობა, თანაც ხარიასხიანი. რას არ გაიგებ ადამიანი... ნინამ მძიმედ ჩაისუნთქა და ფეხები ფრთხილად აკეცა საწოლზე რომ არ ტკენოდა. მთელი საღამო ვერაფრით მოიშორა კოტეზე ფიქრი, ისეთი არასასიამოვნო გრძნობით ევსებოდა მკერდი რომ უხერხულად შეიშმუშნა თითქოს ასე ვეღარაფერს იგრძნობსო. -რამე გტკივა? -ოცდაერთი თვე, კოტემ მითხრა ზუსტად ოცდაერთი თვეა რაც გიცნობო... თითქმის ორი წელიო კი არ უთქვამს... -ნინა, რატომ ფიქრობ მაგაზე? დემეტრემ ეჭვის თვალით გამოხედა. -მართლა ცუდად მოვექეცი, თვალი არ მოუშორებია ისე ჩაილაპარაკა გოგონამ. -მაშინ მასე არ ფიქრობდი. -მაშინ... მაშინ… დღეს ძალიან ტკივილიანი თვალები ჰქონდა. -ეს რა მესმის, თურმე ნინა დადიანს გულიც ჰქონია. დემეტრეს გაეცინა დაბღვერილ ნინაზე. -მგონი თანდათან ადგილებს ვცვლით, მე ვხუმრობ შენ გწყინს. -არა, საკმარისად ლამაზი არ ხარ მე რომ იყო, დემეტრეს სიცილი აუტყდა, მაგრამ მალევე დასერიოზულდა, ნინას თვალებში ჩააშტერდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა... -შენ გადაწყვეტილება მიიღე და თავისთავად სუბიექტურიც იყო, მაგრამ რეალურად ძალიან კარგად მოიქეცი, ნინა. -საოცარია, პატიოსნებას, სამართლიანობას, გულწრფელობას გთხოვენ და როგორც კი ასეთი გახდები მაშინვე ლანძღვას იწყებენ, ათასგვარ საშინელებებს აკეთებენ. კოტეს არ უნდოდა ჩემგან სიმართლის მოსმენა, დანანებით ჩაილაპარაკა და ფანჯარაში გაიხედა. დემეტრე მართლა ვერ ხვდებოდა რატომ ფიქრობდა ნინა იმ ბიჭზე ამდენს. ზედმეტად სერიოზულად აღიქვამდა სიტუაციას, მისი აზრით ნინა მართლა კარგად მოიქცა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვა სიმართლე, მაგრამ ძალიან უნდოდა ისევ ისეთი... დემეტრეს თითქოს ნინასთან გატარებული ყველა წამი გაახსენდა და ღრმად ჩაისუნთქა. გოგონა იცინოდა, ხუმრობდა და თან ასე მძაფრად განიცდიდა რაღაცას, როგორ შეეძლო ასეთი სხვადასხვანაირი ყოფილიყო ერთდროულად, მელანქოლიას უფლებას არ აძლევდა რამდენიმე წამზე მეტ ხანს გაგრძელებულიყო მასში. ვერ მიხვდა რა აიძულებდა ნინას შეენიღბა გრძნობები. ნუთუ ყოველთვის ასეა ხოლმე, როცა ბედნიერი თვალებით იღიმის მაშინაც ასე მძაფრად განიცდის რამეს?! საოცრად ადვილია მასთან ურთიერთობა... თვითონაც ვერ მიხვდა საიდან გაახსენდა ნიკას სიტყვები: „რაც არ მოსწონს უბრალოდ აიგნორებს და რაც მოსწონს იმას ისრუტავს“ არავის შეუძლია ამის გაკეთება...არც ნინას, რაღაც მძლავრი დარტყმა იგრძნო გულში, როცა გაანალიზა ნინა რას აკეთებდა. რაც არ მოსწონდა კი არ აიგნორებდა, უბრალოდ სხვებს არ ელაპარაკებოდა ამაზე... ვერ წარმოიდგინა, რომ შეიძლებოდა ნინას როდესმე მარტოდ ეგრძნო თავი. ახლა კი ფეხებაკეცილი, რომ იჯდა საწოლზე, თავი ხელებში ჩაერგო და გარეთ თოვლის ფიფიქებს თვალს არ აშორებდა, დემეტრე მიხვდა, რომ დედამიწაზე არ არსებობს უდარდელობა. არსებობს მისი იმიტაცია, კარგი მაგალითი იყო ნინა... ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს გოგონას ძალიან ბევრი ფენა შემოაცალა და საბოლოოდ მარტო დაინახა. მხოლოდ ვერ მიხვდა რატომ... მას არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, ბევრი მეგობარი... დემეტრეს სუნთქვაც კი აუჩქარდა ისეთი მოულოდნელი იყო ეს აღმოჩენა. -თუ ყოველთვის ის ვაკეთეთ, რასაც ჩვენგან ელიან დავიკარგებით, ამ კოტეზე არა, ზოგადად ცხოვრებაზე უთხრა. ნინას ჰქონდა უფლება თავისი სურვილები, მოლოდინები, წუხილი გაეზიარებინა მისი ახლობლებისთვის. -სიძლიერე შემოგვეძარცვება, რადგან იმედები ყოველთვის გაგვიცრუვდება, არასდროს გვექნება უფლება რამე მოვითხოვოთ ან ველოდეთ ადამიანებისგან, რადგან არაფერს ვამბობთ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოოდ მივხვდებით რომ მარტოსულებად ვაქციეთ საკუთარი თავები, მხოლოდ იმიტომ რომ მოლოდინებს ვამართლებდით. ჯერ ისევ ფანჯარაში იყურებოდა ნინა. დემეტრეს გული შეეკუმშა. კიდევ უფრო დაიბნა, თითქოს მისი აზრები წაიკითხა გოგონამ, მიხვდა გააზრებული ჰქონდა ნინას ყველაფერი. იმაზე კარგად მართავდა და იცოდა საკუთარ ცხოვრებაზე, ვიდრე დემეტრეს წარმოედგინა. მაგრამ თან საოცრად დაღლილი ხმა ჰქონდა, ზედმეტად დაღლილი... ნინა ძლიერი იყო, ძალიან ძლიერი, დემეტრემ გაიფიქრა, რომ იგი კარგი მეგობარი იქნებოდა, მაგრამ თან ყოველთვის გაუცრუვდებოდა იმედები მეგობრებში. ნაღვლიანად გაიღიმა. რა უცნაური იყო ეს ნინა დადიანი, საოცრად მიმზიდველი. ყველაფერი ზედმეტი ჰქონდა ხასიათში, ზღვარგადასული, არაფერი ჯდებოდა ფარგლებში. -იდეალისტი ხარ, აი, რატომ აღიქვამ ასე მძაფრად. დემეტრემ უფრო საკუთარ თავს უპასუხა ხმამაღლა. ნინა ცოტა დაბნეული იყო, თანდათან გრძნობდა როგორ მოუდუნა სასმელმა მთელი სხეული და ძილის ხასიათზე მოიყვანა. -მთავარია მართალი იყო შენს თავთან, ყოველთვის, დემეტრეს მოუნდა კიდეც რომ ნინა მართლა უდარდელი ყოფილიყო და ის მელანქოლიაც კი არ დაემალა, სულ მთლად გაექრო. -მთავარია, მთავარია, მთავარია... არ არსებობს უნივერსალური მთავარი... -ნინა, მართლა რომ ყვარებოდი ეცოდინებოდა ყვავილები როგორ არ გიყვარს, დემეტრემ ვერ დაიჯერა, რომ ისევ გამოსავალს ეძებდა გოგონასთვის. მისი ხმა სულაც არ იყო ის, პირველად მოსმენისას ასე რომ მოხიბლა. საოცრად მძაფრი ემოცია დაჰკრავდა, დემეტრემ ვერაფერი დაარქვა ამ ემოციას. -ვერ მიხვდი ხომ? ის, რასაც აკეთებს კოტე, პეტრე თუ პავლე განსაზღვრავს მათ და ეს არ მაინტერესებს, ის რასაც ვაკეთებ მე განსაზღვრავს ჩემს პიროვნებას და მე ეს მაღელვებს. იმაზე კი არ ვდარდობ, რომ სიმართლე ვუთხარი, ის არ მომწონს ეს სიმართლე თავს დამნაშავედ რომ მაგრძნობინებს, დემეტრეს ყელი გაუშრა. ნინა მხოლოდ იდეალისტი კი არ იყო, იდეალისკენ ისწრაფვოდა, საკუთარი თავისგან ამდენს რომ ითხოვდა ზუსტად ეგ ღლიდა ასე ძალიან... -ეს იგივეა ყველას ნაცვლად მხოლოდ შენ იყო ძლიერი... მძიმედ ჩაილაპარაკა დემეტრემ და გოგონას თვალებში ჩახედა. თითქოს დაინახა, მხოლოდ ახლა შეამჩნია რამხელა უფსკრული იყო მათ შორის. ცხადადაც კი გაიგონა, რომ ნინას ვერც ერთ მოლოდინს ვერ გაამართლებდა ვერასდროს. როგორც არ უნდა ეცადა მას არ შეეძლო ყოფილიყო მისთვის კარგი. თითქოს ვიღაცამ ძლიერად მოარტყა მკერდის ძვალზე, საშინელი იმედგაცრუება იგრძნო საკუთარ თავში. შეზიზღდა ყველაფერი ის დიალოგი მათი ურთიერთობა რომ გააჩვეულებრივა, ისიც რომ არანაირი ვალდებულებები არ იყო, ისიც რომ მოთხოვნის, თხოვნის და მოლოდინის უფლებაც დააკარგვინა იმ ერთმა ფრაზამ. შეზიზღდა საკუთარი თავი ყველა მომენტში, როცა ჩვეულებრივი ღიმილი დაიმსახურა ნინასგან, იმ ნინასგან, რომელიც მისთვისაც ცდილობდა ბედნიერი ყოფილიყო. გაახსნედა ის მომთხოვნი თვალები და მეორე დარტმა იგრძნო მკერდში... -ყველასთვის ძლიერებსაც სჭირდებათ ვინმე, ვინც მათთვის იქნება ძლიერი, თუნდაც მხოლოდ მათთვის. შეზიზღდა რომ აღარ იყო მისი თვალები მომთხოვნი. მაგრამ ნუთუ ამას ითხოვდა ნინა გაუაზრებლად, ეს სჭირდებოდა გოგონას. ნინამ დემეტრეს გაუღიმა, მაგრამ ისე არა თავს რომ მნიშვნელოვნად გაგრძნობინებს. ახლა დემეტრემ თავი კარგ მოსწავლედ უფრო იგრძნო თავი რთულ ამოცანას რომ ამოხსნის და ამით მასწავლებელს გაახარებს... არა, ეს ღიმილიც ჩვეულებრივი იყო. ნერწყვი ხმაურიანად გადაუშვა ყელში და ფეხზე წამოდგა. -ახლა უნდა დაისვენო. შენი კურსელები დღეს ძალიან ნერვიულობდნენ და... -ჩემი კურსელები არ არიან. -რა? -მე მესამეზე ვარ ისინი მეოთხეზე არიან, ნინამ მხრები აიჩეჩა და ვერ მიხვდა დემეტრეს რატომ დაეჭიმა ყბები ამ ფაქტზე. -დაიძინე, ნინა. გოგონამ თვალი გააყოლა დემეტრეს და მერე კარს მიაშტერდა. რაღაც დანაკლისი იგრძნო...მაინც არ ჩაეხუტა... ^^^ „მართლა კარგი წამალი ყოფილა“, პირველი ეს გაიფიქრა გოგონამ და მარცხენა ფეხი იატაკზე დადგა, რაც შეეძლო ეცადა რომ მარჯვენაზე ძალა არ დაეტანა, მაგრამ პირველი რამდენიმე ნაბიჯი საშინელება იყო. მერე თითქოს რიტმს აეწყო. სააბაზანოში თითქმის ისევ ეწამა. საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა ჩანთა რომ ადრევე მოამზადა და ზურგზე მოიგდო. ოთახს თვალი მოავლო და დემეტრეს მოსაცმელი დაინახა. უნებურად გაეღიმა და მოსაცმლიანად ოთახიდან გავიდა. ზუსტად არ იცოდა, მაგრამ ახსოვდა, რომ „უფროსობის“ ნომრები ზედა სართულზე იყო. ლიფტი გამოიძახა და მასში ასკინკილით შეხტა. დერეფნის ბოლოშიც კი გაიგო ხმამაღალი საუბარი და დემეტრე რომ იცნო ხმის მიმართულებით წავიდა. -შენი აზრით მე მიზეზი არ მქონდა? დევდარიანი თითქმის ყვიროდა. -რა გგონია, რომ მომინდება და გავაკეთებ?! რამდენჯერ გაგაფრთხილეთ ორივე. არ მიცნობდეთ მაინც. არაფერი არ გამოვა, ხალხო, რატომ არ გესმით. -შენც და ცადე, ტო, ახლა უკვე ალექსანდრე ამოიცნო და ნინა შეხტა, თავი დამნაშავედ იგრძნო მათ საუბარს რომ უსმენდა ის იყო უნდა გაბრუნებულიყო, რომ საერთოდ დაავიწყდა სიარული. -თქვენ არ იცით ნინა რა სხვანაირია, არ იცით. ჩემზე რომ იფიქრეთ, ვცადე და არ გამოვიდა, მერე? ყველა ანასტასია ხო არაა ვიღაცას აეკიდოს და ისე დაივიწყოს. ის ასეთს არაფერს იზამს გესმით, მასე არ დაეცემა, თქვენ არ იცით რა ამაყია, ჯერ ის ვერ მაპატია არდაწყებულ ურთიერთობაზე რომ ვთქვი უარი და სხვა რამეს მაპატიებს. დევდარიანს თანდათან ხმა უწყდებოდა და თითქოს ნინაც იკეცებოდა. -დემე, მასე არ შეიძლება... -ნინა ისეთია ყველას რომ უყვარს, დემეტრემ საოცარი ხმით ჩაილაპარაკა და გოგონა კარს ისე მიაშტერდა თითქოს მას დაინახავდა. -მეორედ ასეთი რამ არ გააკეთო, მასზეც იფიქრე, ანდრეა. იცი როგორ ეტკინება? ჩემზე მეტად. ის უფრო მგრძნობიარეა, ყოველთვის კარგს დაინახავს იმიტომ, რომ მართლა შევუყვარდები. და სანამ საბოლოოდ არ გავაფუჭებ ყველაფერს მას ჩემი რწმენა ექნება. ნინას აქ ჩემ გამო წამოყვანა სადიზმი იყო! მტკიცედ ჩაილაპარაკა და გოგონა მიხვდა, რომ ვეღარც კარს ხედავდა და ვერც ვერაფერს მის გარშემო, საკუთარმა გულის ცემამ ლამის დემეტრეს ხმა დაუჩრდილა. -ჩემს და მას შორის არაფერი მოხდება, არც კი ვიცი ეს საიდან მოიტანეთ, ნინას ესმოდა როგორ უახლოვდებოდა დემეტრეს ნაბიჯების ხმა და ვერაფრით ფიქრობდა რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. ძალიან ნერვიულობდა, ან არც ნერვიულობდა, რაღაც უფრო მძაფრს და მაგარს გრძნობდა გულში, არ იცოდა რას კონკრეტულად. მერე თითქოს მხედველობა დაუბრუნდა და დაინახა როგორ გაიღო მის წინ კარი. ოდნავ შეირხა დემეტრე ისეთი ინერციით შედგა. კი, მოჩვენების ნახვა უფრო გაუხარდებოდა ამ წუთას. ნინა ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა და მოსაცმელი გაუწოდა. ჯერ კიდევ უჭირდა აზროვნება. მერე ერთბაშად დაუბრუნდა... -მეორედ არ გაბედო ჩემს ცხოვრებაში ჩარევა, არასდროს! დემეტრე ვერ მიხვდა ასე მკაცრად მის უკან ვის ელაპარაკებოდა ნინა, რომ მოიხედა ანდრეას გაოცებულ სახეს წააწყდა. მერე ისევ გოგონას დააკვირდა, ისეთი გაფითრებული იყო, ხელებიც უკანკალებდა, ყველაფერი რომ გაიგონა ამაში პირველი მზერიდანაც არ ეპარებოდა ეჭვი... მერე უსიტყოდ გაბრუნდა და კოჭლობით წავიდა ლიფტისკენ. -ნინა, ჩვენთან ერთად წამოდი, უკეთესად იმგზავრებ, ასე ვერ გაუშვებდა, არ შეიძლებოდა ასე წასულიყო, ასეთი გაფითრებული და გულნატკენი. მთელს სხეულში იგრძნო ბრაზი დადიანმა, სახე დაემანჭა ტკივილისგან ხელები რომ მომუშტა. -ასეთი ცინიზმი უკვე ბოროტებაა, დემეტრე. ყოველგვარი ემოციის გარეშე უთხრა და ისევ კოჭლობით გააგრძელა გზა ლიფტამდე. ხანდახან ისეც ხდება რომ არაფერს არ გრძნობ. აი, ასე ცხოვრობ, მაგრამ არაფერს გრნობ. აბსოლუტური უგრძნობობის წუთები ჰქონდა ნინას. ან როგორ ჩაჯდა მარშუტში სტუდენტებთან ერთად, ან მის ირგვლივ რა ხდებოდა, რა მოხდებოდა აქედან რომ ჩავიდოდა არ იცოდა. არაფერზე ფიქრობდა და ვერაფერს გრნობდა. მხოლოდ ერთი რამ უნდოდა. მარტო მდგარიყო დიდ მინდორზე და ხმამაღლა, მთელი გულით, დაეყვირა, იქნებ ასე მაინც ამოეღო რამე... მერე მიხვდა რომ ტრიალ მინდორზე მარტო ყოფნისას მისი ხმის თვითონვე შეეშინდებოდა. ნაცნობი შენობების დანახვისას აღმოაჩინა რომ უკვე თბილისში იყო. კვირა დღეს მთელი ოჯახი სახლში იქნებოდა და ახლა ძალიან არ უნდოდა რაიმეს ახსნა, ხმის ამოღება არ უნდოდა საერთოდ. ბოლოს ფიქრისგან დაიღალა ტაქსი გააჩერა. არასასიამოვნო მოგონებები რამდენიმე წუთით მოიშორა და სახლში შევიდა. ნატომ ისე შეიცხადა ნინას ფეხი გოგონას ეგონა საერთოდ მოჭრილი ჰქონდა მარჯვენა კიდური. „დავეცი და გადამიბრუნდა, დედა, რა იყო“ ღიმილით ირიდებდა თავიდან მის ნერვიულობას. დაჩის კომენტარებს ცეკვაზე გონების მიღმა ატარებდა. მალე დაღლილი ვარო გამოაცხადა და თავის ოთახში შევიდა. საწოლზე რომ დაჯდა რატომღაც თავი ტრიალ მინდორზე იგრძნო, საკუთარი ხმაც რომ გაშინებს მარტოობისგან, აი, იქ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.