იდეალური აზროვნება 18
თვალები ოდნავ ეწვოდა, გრძნობდა რომ სხეულიც დაეღალა ამდენი ხნის გაუნძრევლობით, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თუ გაინძრეოდა ფიქრები დაეფანტებოდა... რომ ისევ და ისევ თავიდან მოუწევდა იმ ყველაფრის გააზრება, მოუწევდა კიდევ ერთხელ ძალიან ღრმად ჩაეხედა საკუთარ თავში და შესაძლებლობები გადაეფასებინა, მოუწევდა ისევ იმ დილემის წინაშე დადგომა, რომელსაც არ აქვს სწორი და არასწორი გადაწყვეტილება, როცა უკვე აღარაა დამოკიდებული აღარაფერი შენზე და მნიშვნელობა აღარ აქვს რამდენად სწორი ხარ მოცემულ მომენტში, არ განიხილება ხარ თუ არა დამნაშავე ან მონაწილე დანაშაულის... ასე მარტივად, ხანდახან საერთოდ არაფერს აქვს მნიშვნელობა ისე ისჯები. ბოლოს თავისით დაეხუჭა თვალები მხოლოდ ახლა იგრძნო საშინელი წვა, ხელით მოისრისა საფეთქლები და ღრმად ჩაისუნთქა. ხო, ალბათ, მაინც მოუწევდა ისევ თავიდან დაფიქრება, რადგან ახლაც ვერაფერი გადაწყვიტა... მთელი გულით გაუღიმა ძმას და მოსაცმელი გამოართვა, ახლაღა მიხვდა, რომ თითქმის გაყინული იყო. -ვიცი, რომ შენს გულში ვზივარ, მის გვერდით ჩამოჯდა დაჩი და მხარი ოდნავ გაჰკრა. -ბარბარე გეძებდა, უკვე საათზე მეტია აქ ხარ. -ჰო, მალე შემოვალ, სულ ოდნავ აამოძრავა ტუჩის კუთხეები ნინამ, დაჩიმ ვერ დაარქვა ღიმილი ამ მოძრაობას. -დემეტრე რატომ არ წამოგყვა? -იმიტომ, რომ ერთმა ბიჭმა რატომღაც იფიქრა, რომ ველოსიპედი გაუძლებდა სამარშუტო ტაქსის დარტყმას და არ გაატარა, ორივე ფეხი მოიტეხა, ჩემს ქმარს კი ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. -გვიან დაამთავრებს? -დაჩი, რა იყო დემეტრე მოგენატრა? მსუბუქად გაიცინა ნინამ და ძმას გახედა. -არა, შენი ღიმილი, დაიკო. ნინამ ისევ აამოძრავა ტუჩის კუთხეები. -ბარბარე უკეთაა მგონი, დღეს დავინახე თავის მუცელს ელაპარაკებოდა, ნინამ წარბები შეკრა და თოვლიან მიწას დააშტერდა. -კარგად იქნება ბარბარე, აი, ნახავ. -ნინა, იცი, შენ ერთი ძალიან კარგი თვისება გქონდა პატარაობიდან, პრობლემებს მარტივად უყურებდი ხოლმე. არასდროს არ ნერვიულობდი იმაზე, რაც გარდაუვალია. არ იცოდი ადამიანისთვის პირში ჩაჩრა თუ რაღაც არ მოგწონდა მასში. ეს კვირა მართლა ძალიან რთული იყო ყველასთვის, მაგრამ ბარბარე უკეთაა. ბევრი სირთულეების გადალახვა მოუწევს ჯერ კიდევ, მაგრამ ეს ყველას მოგვიწევს, უბრალოდ სხვანაირი სირთულეების. -ანუ იმაზე მარტივადაა ყველაფერი, ვიდრე ახლა მე მგონია? ნინას არ შეუხედავს ძმისთვის ისე ჩაილაპარაკა. -ჰო, მაგის თქმა მინდა. თუ რამე სხვა პრობლემაც არაა, რომელზეც მე არაფერი ვიცი, დაჩი ძალიან გააკვირვა ნინას ურეაქციობამ. დაძაბული მზერით დააშტერდა დას და ნინამ მსუბუქად გაარხია თავი უარყოფის ნიშნად. -წავალ ბარბის ვნახავ, მერე დავიძინებ და დემეტრემ თუ გამოაგნო წყნეთისკენ მოასწავლეთ გზა ჩემკენ, ისევ გაიღიმა გოგონამ და სახლისკენ წავიდა. დაჩი ვერაფრით დარწმუნდა მხოლოდ ერთი პრობლემის არსებობაში... ^^^ დილით ზანტად გაახილა თვალები. საათს გადახედა და უკვე ათი სრულდებოდა. რა გასაკვირი იყო, გუშინ ისე გვიან დასრულდა ოპერაცია, დემეტრეს საჭესთან კინაღამ ჩაეძინა სანამ ამოვიდოდა. მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს აუცილებელი იყო მისი აქ ამოსვლა, ადრე ნინა ყოველთვის ამბობდა „დაგელოდები და ერთად წავიდეთ“. გუშინ აღარ უთხრა... უცებ თითქოს შეზიზღდა ეს სიტყვები, რა საშინელი მოსასმენი იყო... „ადრე“ და „აღარ“, აღწერდნენ რაღაც კარგის დასასრულს და ცვლილებებს, რომლებიც სულაც არ იყო დადებითის მომასწავებელი. ღრმად ჩაისუნთქა, ისევ უნდა ჩაეხედა თავის ბნელ ხვრელებში ისევ უნდა მოეძებნა პასუხები. ნინა უჩვეულოდ ჩუმი იყო, არც გაბრაზებული, არც ნაწყენი ან გულდაწყვეტილი, უბრალოდ ჩუმი და უხალისო. ცარიელი საწოლიც ეუცნაურა და სააბაზანოდან გამომავალ ნინას თვალი გაუსწორა. ცხვირი ოდნავ გაწითლებული ჰქონდა, სახე არეული და თვალებზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ცრემლების კვალი, დემეტრეს ხელებზე შეცივდა, ცოლის გამობურცულ ტუჩებს დააკვირდა და თვალებით კითხვა დაუსვა. -გუშინ თითქმის უმი თევზი ვჭამე, თან ძალიან ბევრი, დემეტრეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. -რა ჭამე? როდის მერე შეგიყვარდა? -არ შემიყვარდა, მაგრამ ბარბარე ისე გემრიელად ჭამდა... დემეტრეს უცნაური გრძნობა გაუჩნდა მკერდში და ნინას დააკვირდა. -გული აგერია? -ჰო, საცოდავი ხმით ამოიკნავლა და თავი ბალიშზე დადო. -თან ნახე, სუნი ვერაფრით მოვიშორე ხელებიდან, ნინამ ხელის გულს დაყნოსა და დაიჭყანა, დემეტრეს გაეღიმა და ხელებზე აკოცა. -არაფრის სუნი არ გაქვს, ცალი წარბი აუწია ცოლს. -როგორ არ მაქვს, ნინამ გაოცებული ხმით ამოთქვა და ისევ გადაამოწმა. დემეტრეს უცნაური გრძნობა გაეზარდა მკერდში, ნინას ხელებს სურნელოვანი საპნის სუნი ჰქონდათ მხოლოდ. -დავრჩეთ დღეს აქ, გინდა? -შენ რაღაც ეს წყნეთის სახლი ძალიან შეგიყვარდა, ნინამ გაუცინა და ნიკაპი მკერდზე დაადო ქმარს. -დავრჩეთ, ხვალ საღამოს წავიდეთ. ^^^ დაჩიმ ყველანი გარეთ გაყარა და სახლის კარი ჩაკეტა. არაჩვეულებრივი მიზეზი ჰქონდა - თოვდა. პირველი რამდენიმე გუნდა სასაცილო იყო, მერე უკვე მტკივნეული, ნინამ სიმწრისგან დაიყვირა კიდევ ერთი რომ მოხვდა სახეში და ძმას ბრაზისგან ანთებული თვალებით შეხედა. -პარაზიტო, უნამუსო, მაიმუნო, პირველყოფილი ადამიანი ხარ შენ, გაუზრდელი, მთელ ხმაზე ყვიროდა ნინა და დაჩი უკვე თვითონ იწვა სიცილისგან ძირს. -დამშვიდდი, ნინა, დემეტრეც ვერ იკავებდა ღიმილს და თან სახეს ცივი თოვლისგან უთავისუფლებდა. მარჯვენა ლოყაზე სიწითლე აჩნდა და დემეტრემ ნაზად აკოცა. -ნუ დამცინი, ისევ გაბაზებული იყო ნინა. -არ დაგცინი, საყვარელი ხარ, ისევ გაიღიმა დემეტრემ და თავზე ქუდი გაუსწორა ნინას. -მოშორდი ჩემს დას, დევდარიანო, დაჩიმ დაიყვირა და დემეტრე ინსტინქტურად მობრუნდა უკან. თვალის შევლებაც ვერ მოასწრო ისე უცებ გადაიკიდა ნინა ბეჭზე და თოვლის გროვისკენ გაიქცა. -დაჩი, არ დამაგდო, არ გამიშვა ხელი, გთხოვ, დაჩი, ნინას ხმას ბრაზის კვალიც აღარ ეტყობოდა, სასოწარკვეთილი იძახოდა სიტყვებს და ძმას მთელი ძალით ებღაუჭებოდა. -გთხოვ, დაჩი, არ გამიშვა ხელი, იქ არ დამაგდო, არ შეიძლება, დაჩი. უკვე შეუძლებელი იყო მის ხმაში შიშის ვერ შემჩნევა, ნელა გაჩერდა და დას სახეზე დააკვრიდა. -ნინა, რა მოხდა? გაოცებული იყო დადიანი. -დამსვი ძირს, ხმის კანკალით უთხრა ძმას და როგორც კი ფეხქვეშ მიწა იგრძნო ღრმად ამოისუნთქა. სხეულის კანკალს ვერაფერი უშველა, ცივი ჰაერი ჯერ კიდევ უსიამოვნოდ ხვდებოდა სახეზე, ხელები მაგრად მოიხვია მუცელზე და იქვე ჩაიმუხლა. თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად სუნთქვა განაგრძო რომ თავბრუს ხვევა როგორმე გაექრო. -ნინა, შემომხედე, დემეტრეს შეშფოთებული ხმა ჰქონდა. -ყველა შეგვაშინე ძალიან, რა მოხდა? სახე ხელებით ააწევინა და დაბნეულ თვალებში ჩააშტერდა. -თავბრუ დამეხვა და შემეშინდა, სუსტი ხმით უთხრა ნინამ. დემეტრემ ფეხზე დააყენა და ხელი გადახვია. -გაგვიღე კარი, დაჩის თავით ანიშნა და ნიკას გაოცებულ მზერას მოჰკრა თვალი, ანიშნა კარგადააო და სახლში შევიდა. -გინდა წამოწვე? ქუდი მოხადა და ქურთუკის ელვა გაუხსნა ცოლს, ნინამ თავი დაუქნია. -ალბათ ჯერ კიდევ მოწამლული ვარ, დემეტრემ ცალი წარბი ასწია და ტუჩები ღიმილისგან დაებრიცა, უცნაური გრძნობა მკერდში სადაც იყო გასკდებოდა და მთელ სხეულზე მოედებოდა. ნინას საღამოს დაეძინა და დილამდე თვალები არ გაუხელია. დევდარიანს უკვე ვეღარ გაუკვირდა ცოლის კიდევ ერთი უცნაურობა და თავში ძალიან ბევრმა დამთხვევამ მოიყარა თავი. სახეზე ნერვულად ჩამოისვა ხელები და საწოლზე ჩამოჯდა, თვალმოუშორებლად მიშტერებოდა ცოლს და არ იცოდა ამ წუთას რას გრძნობდა. ალბათ, კიდევ ერთ დანაშაულის გრძნობას, ან იმავეს უბრალოდ უფრო მძაფრად, ახლა უკვე არა მხოლოდ ნინას გამო... ჯერ კიდევ გაწითლებულ ლოყაზე ნაზად მოეფერა და ნაღვლიანი ღიმილი მიაფრქვია მის თვალებს. დემეტრეს თითქოს თავზე ჩამოექცა ყველა გეგმა, ყველა მოლოდინი მომავლისგან, ყველაფერმა აზრი დაკარგა ერთ მომენტში და მიხვდა არაფერი ისე აღარ იქნებოდა, როგორც ადრე წარმოედგინა. უკვე სხვა მოვალეობები დააწვა მხრებზე, სხვა პასუხისმგებლობა გაუჩნდა, მხოლოდ ვერ მიხვდა ამან უფრო ბნელი გახადა დემეტრეს მოჩვენებები თუ პირიქით, თითქმის გააქრო ისინი, ვერ მიხვდა სიამოვნებდა თუ არა ახლად გაჩენილი სიმძიმე მხრებზე... ერთადერთი რაც იცოდა, ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა, მხოლოდ იმას ვერ ხვდებოდა ეს ცვლილებები კარგი იყო თუ ცუდი. არც ის იცოდა ნინა როგორ შეხვდებოდა ამ ცვლილებებს, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად იცოდა რისი უფლება ჰქონდა და რისი არა. გაუხარდა, რომ არ წყენია უეცრად გააზრებული სიახლე, ისეთი უსიამოვნო გრძნობები არ გამოუწვევია, როგორც ფიქრობდა... არა, საერთოდ არ გამოუწვევია უსიამოვნო გრძნობები... ^^^ ბარბარე ოთახში შემოვარდა და დის გვერდით ხმაურიანად დავარდა. მერე სიმღერებიც ჩართო აიპოდში, მაგრამ სანამ ნინას ყურთად არ მიუტანა მანამ ვერ გააღვიძა. -რამ დაგამგვანა დაჩის ასე, თვალები არ გაუხელია ისე ჩაილაპარაკა ნინამ და ღრმად ამოისუნთქა. -ნინა, თითქმის თხუთმეტი საათია გძინავს. -შენ რატომ არ გძინავს? -დილით სულ გული მერევა და ვეღარ ვიძინებ, საყვარლად ამოიბურტყუნა ბარბიმ და ნინა ღიმილიანი მზერა შეანათა დას. -ხომ დაამთავრე გამოცდები, ხოდა ახლა მთელი თვე დაისვენებ, მალე გადაგივლის ტოქსიკოზი. -ნინა, მზერა კიდევ უფრო დაეძაბა ბარბარეს, -დედამ მითხრა მომავალ სემესტრში აკადემიური აიღეო და ბავშვი რომ გაჩნდება მერე გააგრძელე სწავლაო. -შენ გინდა რომ მასე ქნა? -მე ის მირჩევნია რომ გაჩნდება მერე ავიღო და მასთან ვიყო, ბარბარემ ხელი გადაუსვა თავის მუცელს და დას გაუღიმა. -თან ასე თითქმის ერთი წელი მიცდება. -მაშინ გააგრძელე ბარბი სწავლა, მე თუ მკითხავ, სჯობს ჩვეულ რეჟიმში იყო, თან რა უნდა აკეთო სახლში მთელი დღე. -მალე მუცელი ძალიან დამეტყობა და ყველა კითხვებს დამისვამს, მგონი, დედას ეს არ უნდა... ნინას სუნთქვა გაუჭირდა წამით და საწოლზე წამოჯდა. -ბარბი, მესმის რომ ახლა ძალიან რთულია შენთვის და ამ პასუხისმგელობას რომ კიდევ ზეწოლა დაემატება... ამას უნდა ელოდო, ეს ნორმალურია ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ არ ნიშნავს, რომ თავი უნდა დაუხარო ვინმეს ან ყურადღება უნდა მიაქციო რასაც შენზე ზურგს უკან იტყვიან. რა თქმა უნდა, ყველა ისე აღარ შემოგხედავს როგორც ადრე გიყურებდნენ, შეიძლება ზოგიერთებმა ცხვირიც აგიბზუონ, მაგრამ რას გეტყვი იცი, შენი და შენი შვილის ჭირიც წაუღიათ, როგორც ბებია იტყოდა, ნინას ბარბარეს ღიმილზე გაეცინა და დას ჩაეხუტა. -უნივერსიტეტში ერთი ბიჭი მომწონდა, ამას წინათ შეხვედრა მთხოვა, ბარბარე ჩუმად ლაპარაკობდა და ნინა თანდათან უფრო უჭერდა დას მოხვეულ ხელებს. -უთხარი? ბარბარემ თავი დაუქნია და ნინამ ბეჭზე სისველე იგრძნო. -მკითხა ვისგანო, მე არ ვიცოდი... -ბარბი, მოუყევი? ნინამ ოდნავ მოიშორა და თვალებში ჩახედა უმცროსს. -არა, ნინა, რომ შეგეხედა როგორი თვალებით მიყურებდა, თითქოს ყველაზე დიდი მოღალატე ვიყავი. -რა სისულელეა, წამით არ იფიქრო მასე, ვერ გაგიგო ესეიგი საკმარისად არ მოსწონდი და მასეთი ურთიერთობის დაწყებას სჯობს ასე დასრულდეს. -დემეტრე ისე ზრუნავს შენზე, მე სულ ვფიქრობდი, რომ ვინმე შემიყვარდებოდა და მასთან ბედნიერი ვიქნებოდი და ახლა... -რა ახლა, ბარბარე, რადგან ერთმა იდიოტმა სულელური თვალებით შემოგხედა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მასეთი ნაძირალაა. ღმერთო, ჯერ ისეთი პატარა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს, ბარბი. შენ გგონია მე შვილი რომ მყოლოდა დემეტრეს არ ვეყვარებოდი? -თქვენი საკუთარი შვილები უფრო არ ეყვარება? ბარბარეს ისევ წამოუვიდა ცრემლები და ნინამ თავი ძლივს შეიკავა იქვე თვითონაც არ აქვითინებულიყო. -მისმინე ქალბატონო, შენ ხარ დედა უკვე, სულ მალე დაიბადება პატარა ბავშვი, რომელიც შენი სამყაროს ცენტრი გახდება და შენ უბრალოდ გეკრძალება იმაზე ფიქრი და, მითუმეტეს, წუწუნი თუ რა მოხდებოდა სხვანაირად რომ წასულიყო შენი ცხოვრება, რეალობა ასეთია და უნდა შეეგუო, არ გაქვს უფლება შენმა შვილმა წამითაც კი იგრძნოს რომ შენ მის გამო რამეზე უარი თქვი, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანახვო. თანაც, შენი შეყვარება ძალიან ადვილია და ვისაც მართლა ენდომება მთელი ცხოვრების შენთან დაკავშირება იმას შენი შვილიც მთელი გულით შეუყვარდება, სხვებზე არც ღირს დროის კარგვა, საკმარისზე უფრო მკაცრად უთხრა ნინამ დას და თვალები წამით არ მოაშორა მის სახეს. -არ ავიღებ აკადემიურს, ოდნავ გაიღიმა ბარბარემ და დას ისევ ჩაეხუტა. ნინა მიხვდა, რომ ასე მარტივია მორალის კითხვა, მას ხომ არ მოუწევს ყოველ დღე ბარბარეს ცხოვრების გათავისება, ყოველი არასწორი მზერისთვის თვალის გასწორება, ყოველი ცუდად ნათქვამი სიტყვისთვის თავის არიდება... ხო, გაუჭირდება ბარბარეს, მაგრამ უნდა გაუძლოს... შვილი ნამდვილად ღირს ამად, სხვა თუ არაფერი ეს მაინც ზუსტად იცოდა ნინამ. ^^^ მიუხედავად თხუთმეტსაათიანი ძილისა ნინა მაინც მოთენთილი იყო, თითქოს დაღლილმა გაიღვიძა. თავს ძალა ვერაფრით დაატანა საუზმე ეჭამა, დემეტრემ რამდენიმეჯერ შეახსენა, რომ უკვე დიდი ხანია არაფერი უჭამია, მაგრამ თვალებით შეევედრა რომ მეტი აღარაფერი ეთქვა. მერე სასტუმრო ოთახში დაჯდა ბეჭზე თავი ჩამოადო და გაჩუმდა. -ისე, სულ ნინას რატომ დასდევ ხოლმე? ლიზიკო დაჩის მიუბრუნდა და თან ყავა მოსვა ჭიქიდან. -ბარბარესთვის და ნიაკოსთვის არ შეიძლება, შენი ქმარი ხელებს მიმატეხს და ნიკას ხო არ გადავიკიდებ ბეჭზე, ღიმილით ჩაიალაპრაკა დაჩიმ. -მეც ვიცი ხელების მიტეხვა, დემეტრემ წარბები აწკიპა და დაჩის თვალები სასაცილოდ დაუწვრილა. -მერე რატომ აქამდე არ მიატეხე? ნინამ ქმარს ახედა და დემეტრემ გადაიხარხარა. -იმიტომ, რომ აქამდე შენც მოგწონდა, შუბლზე აკოცა ცოლს და ისევ გაიღიმა. -რაღაც ძალიან ცხელა სახლში, არა? ნინამ ჟაკეტის ღილები გაიხსნა. -არა, შეიკარი, გაცივდები და არ შეიძლება, ნინამ თავი გააქნია და დემეტრემ თვითონ შეკრა მოსაცმლის ღილები ისევ. უცნაური სიმშვიდე იყო წყნეთის სახლში, თითქოს ყველა თავის საფიქრალზე დარდობდა და სიცილისთვის არავის ეცალა. ამ წუთას ნინა ამის მადლობელი იყო, მთელი დღე არ იყო ხასიათზე. ყველაფერს იწუნებდა და საკუთარი თავი უშლიდა ნერვებს, ახლა რომ კიდევ დაეძინა, ალბათ, სიცილით მოკვდებოდა დაჩი და კითხვებს დააყრიდნენ, ამიტომ გმირულად იტანდა ფეხზე დგომას. ერთადერთი, რაც ვერ მოახერხა რაიმეს ჭამა იყო და დემეტრემაც ეს საუბარი შემდეგისთვის გადადო. მისთვის შეუფერებელი ღიმილი დასთამაშებდა მთელი დღე ტუჩებზე და ნინას თვალს არ აშორებდა. მართლაც, რა უცნაური ვიღაც მოიყვანა ცოლად... ^^^ სახლის კარი როგორც კი გააღოს მისაღებში დივანზე წამოწვა და თვალები დახუჭა, მთელი გზა ძლივს იკავებდა თავს მანქანაში არ ჩაძინებოდა და ახლა დემეტრეს რამდენი კითხვაც არ უნდა დაესვა მაინც დაიძინებდა. -ძილისგუდა, მარკეტში გავალ მე და მალე დავბრუნდები, თვალი არ გაუხელია ისე დაუქნია თავი ქმარს, უნდოდა ეთქვა რომ წასვლამდე ყველაფერი იყიდა, მაგრამ ძალიან ეძინებოდა. უცნაური ის იყო რომ მიუხედავად მოთენთილობისა, უმიზეზო დაღლილობისა და ქუთუთოების სიმძიმისა მაინც ვერ დაიძინა კარგად, ხშირ-ხშირად ეღვიძებოდა და არც დივანზე მოეწონა, არც საწოლზე, ვერსად მოთავსდა. იგრძნო, რომ ახლა ცრემლები წამოუვიდოდა ბრაზისგან და ისევ დივანზე დაბრუნდა. უკვე საათზე მეტია ეწამება და დაღლილობა სხეულს ვერაფრით მოაშორა. თვალები ისევ დახუჭა, მოეჩვენა, რომ კომფორტულადაც მოთავსდა. შეგრძნებები რომ დაეკარგა და ძილის სამყაროში საბოლოოდ გადაშვებას წამებიღა დააკლდა დემეტრეს ხმამ ისევ არ მისცა მოსვენების საშუალება. -ნინა, მოვედი, გაიღვიძე, ახლოს გრძნობდა ქმრის ხმას, მაგრამ მაინც არაფრის დიდებით არ ახელდა თვალებს. -ახლა დაძინება ძალიან გაგიჭირდება, ამიტომ ადექი და წამომყევი. -არ მინდა, ისევ თვალდახუჭლმა ლამის ამოიტირა ნინამ და იგრძნო როგორ მოშორდა დივანს მისი სხეული. ქმრის სურნელიც იცნო და ახლა მას შემოხვია ხელები, იფიქრა, საწოლში უნდა დამაწვინოსო, მაგრამ ეს მოლოდინიც ჩაეფუშა დემეტრემ სამზარეულოს მაგიდასთან რომ დასვა. -ამდენი არაფერი გვჭირდებოდა, თვალი მოავლო პარკებს ნინამ და გაბრაზებული მზერა შეანათა ქმარს. -გვჭირდებოდა, ნინა, ჯერ ცხრა საათიც არაა, ისევ მთელი დღე-ღამე აპირებ ძილს? -რა მოიტანე? კითხვას თავი აარიდა გოგონამ და ისევ პარკებს გადახედა მაგიდაზე. -ვიტამინები, ღიმილით ჩაილაპარაკა დემეტრემ -და მასე ცუდად იმიტომ ხარ, რომ გუშინ საუზმის მერე არაფერი გიჭამია, დევდარიანებს კიდე გვიყვარს ჭამა, მხიარული ტონი არაფრით არ შორდებოდა დემეტრეს ხმას და ნინას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. კითხვისნიშნიანი მზერა მიანათა ქმარს და მალევე თავი ძირს დახარა. მიხვდა წამში როგორ გამოფხიზლდა და ისევ ის საშინელი ნერვიულობა იგრძნო, რაღაც ცუდის მოლოდინი. -ჭამე და მერე ეს დალიე, ხილის სალათი და ახლად დაწურული წვენი დაუდო დემეტრემ წინ და ცოლს მკაცრი მზერით შეხედა, ნინას არ ჰქონდა შეწინააღმდეგების თავი, ისედაც უცნაურად იქცეოდა დემეტრე. თვალებში აღარ უყურებდა ქმარს და მხოლოდ თეფშს დაშტერებოდა. რამდენიმე ლუკმის მერე მიხვდა, რომ კუჭი მართლაც ცარიელი ჰქონდა. უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ყურებში ჯერ კიდევ ისმოდა დემეტრეს ღიმილიანი ხმით ნათქვამი „დევდარიანებს ჭამა გვიყვარს“... პროდუქტებს მაცივარში ანაწილებდა დემეტრე და ნინა მის ზურგს მიშტერებოდა. ახლა მართლა უნდა ეთქვა რამე, პირიც გააღო, მაგრამ ისევ დაასწრო ქმარმა. -დილით ამას თუ დალევ გული აღარ აგერევა და ჭამის პრობლემაც არ გექნება, როგორც იქნა მორჩა სამზარეულოში ტრიალს დემეტრე და ცოლს წინ წამლიანი პარკი დაუდო, ნინამ ნელა ამოიღო წამალი და სუნთქვაც გაუჩერდა ფლაკონის შეფუთვაზე ახალგაზრდა, ღიმილიანი გოგონა რომ დაინახა საყვარლად გამობურცული მუცლით. მაგიდაზე დადო წამალი და იგრძნო როგორ გაუხურდა მთელი სხეული, უხერხულობამაც კი შემოუტია წამით, მოუნდა ოთახში გაქცეულიყო და კარი ჩაეკეტა. -ნინა, შენ რა გაწითლდი? დემეტრეს ხმას სიცილამდე ცოტა აკლდა და ისედაც ანერვიულებულს ისე მოუშალა ამან ნერვები მართლა კინაღამ ჩაიკეტა ოთახში. ოდნავ ჩაწითლებული თვალებით ამოხედა ქმარს და დემეტრეს მხიარულ ღიმილს წამში დაედო სევდიანი ელფერი. -როგორ მიხვდი? როგორც იქნა ტუჩები აამოძრავა ნინამ. -ჩემს პროფესიაზე არაფერი გსმენია?! ზედმეტად მშვიდი იყო დემეტრეს ხმა, არადა როგორ უნდოდა ნინას თვითონ ენახა პირველი რეაქცია, როგორ უნდოდა ამ დაფიქრების და გადახარშვის გარეშე ენახა დემეტრეს პირველი აზრები მის თვალებში. ასეთი დაბნეული მაინც არ იქნებოდა. -დაახლოებით ხუთი კვირის იქნები ალბათ, არაფრით აშორებდა თვალებს ცოლს. -რა იცი? ეს მართლა გაუკვირდა ნინას. -უკვე ტოქსიკოზი დაგეწყო, მთელი დღეები გძინავს, რაღაც სუნები გეჩვენება და კიდევ... აი, ეგ, დემეტრემ თითით ნინას მკერდზე მიათითა და მის სახეზე ისევ გაეცინა. -დაჩის გავაფრთხილებ რომ თამაშები უკვე სახიფათოა, დემეტრე ყველაფერზე ლაპარაკობდა, ეხებოდა აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციებში განიხილავენ ხოლმე წყვილები როცა ბავშვს ელოდებიან, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი სიტუაცია. ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი წყვილი და დემეტრეც არ იქნებოდა ჩვეულებრივი მამა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები სიმშვიდის საძებნელად ომში არ მიდიან, ჩვეულებრივ ადამიანებს ყოფნით ოჯახური ბედნიერება და სხვაგან არ ეძებენ საკუთარ თავებს, ჩვეულებრივ ცოლებს არ ესმით რატომ უნდა ეძებოს ოჯახს გარეთ რამე მათმა ქმარმა, ჩვეულებრივი ცოლები არ მალავენ ორსულობას იმიტომ, რომ როგორმე იქნებ უფრო უმტკივნეულოდ უთხრან ქმარს და პასუხისმგებლობებით უფრო არ დაამძიმონ საყვარელი ადამიანები, ჩვეულებრივი ცოლები ასე არ ცდილობენ ქმრების სიმშვიდის დაცვას, არც ჩვეულებრივი ქმრები ნერვიულობენ ცოლების ყოველ ჩაწითლებულ თვალებზე, უმიზეზო უხერხულობაზე და ნერვულ გამოხედვებზე, ჩვეულებრივი ქმრები დაუფიქრებლად არ წევენ უკანა პლანზე საკუთარ პიროვნულ სურვილებს და მოწინავე რიგებს არ უთმობენ საყვარელი ადამიანის თვალების შფოთვისგან გათავისუფლების სურვილს, ჩვეულებრივი ქმრები არ არიან მხოლოდ მზრუნველები და არასდროს თბილები, ჩვეულებრივ ქმართან ნინა ვერასდროს იქნებოდა ბედნიერი ცოლი, დემეტრესთან იყო. ახლაც კი, როცა არ იცოდა რა იქნებოდა მომდევნო სიტყვა, რასაც მისი ქმარი იტყოდა ნინა გაუაზრებლად, პარადოქსულად ბედნიერი იყო რომ დემეტრემ ყველაფერი იცოდა და ჩვეულბრივი ადამიანივით არ მიიღო ახალი ამბავი, ბედნიერი იყო რომ ახლაც ღირსეული იყო მისი ქმარი, არ ყვიროდა ნერვების დასამშვიდებლად, არ უტოვებდა ნინას უფლებას ენერვიულა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ამის საფუძველი. გოგონა თავისუფლად ამჩევდა ქმრის თვალებში შფოთვის ნაპერწკალს, რომელსაც გაღვივების საშუალებას არ აძლევდა დემეტრე და ნინა ბედნიერი იყო რომ ასეთი ქმარი ჰყავდა. -გთხოვ ნუ იქცევი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ისევ დახარა თავი. -პირველ რიგში მოიშორე ეგ საზიზღარი დამნაშავის ტონი, მშვიდად, მაგრამ მკაცრად ჩაილაპარაკა დემეტრემ, -მასე მაგ შემთხვევაში მოვიქცეოდი რომ არ მეთქვა როცა შევამჩნიე, ახლა კიდე მთელი სუპერმარკეტი სახლში მოგიტანე, მაინც გაეღიმა ბოლოს. -დემეტრე... უნდა ეთქვა, მთავარი უნდა ეთქვა. -რისი მოსმენა გინდა, რა ვიგრძენი, როცა მივხვდი? არ ვიცი, არ ველოდი, არანაირად არ ველოდი ამას, მაგრამ ახლა თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ისე მიყურებ, თითქოს გილიოტინისთვის გამზადებდე, ნინასთან ახლოს გადაჯდა და ისევ შეათვალიერა ცოლის სახე. -ჭამას თუ არ გააგრძელებ ხმას აღარ ამოვიღებ, ისევ აუწია ცალი წარბი და ჩანგალი მიაწოდა ცოლს. -მე უბრალოდ... არ ვიცი... არ ვიცი ახლა რა იქნება, დემეტრეს მთელი არსებით მოუნდა სარკეში ჩაეხედა და გემრიელად ეცემა საკუთარი ანარეკლი. -რა იქნება და შენ აღარ ინერვიულებ, ჩემს მიერ შედგენილი დიეტით იკვებები, რაც მთავარია, ხვალვე წავალთ ექიმთან და ანალიზებს ავიღებთ, მერე რამდენიმე თვე უფრო დიდი ადგილი დაგჭირდება საწოლში და რამდენიმე ზომით დიდ ტანსაცმელს იყიდი, იფიქრებ იმაზე გინდა თუ არა სქესის წინასწარ გაგება და მერე სახელებზეც დავფიქრდებით, შეეცდები ძალიან არ დაიღალო სამსახურში და როდესაც კარგი ამინდი იქნება ფეხით გავისეირნებთ ხოლმე. -გთხოვ, ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ავად ვიყო, იცი შენ რაც ვიგულისხმე. -ჩათვალე, რომ ეგ საუბარი საერთოდ არ ყოფილა ჩვენ შორის. -რაა? არავითარ შემთხვევაში. ასე არ შეიძლება. -ნინა, მე არ გეკითხები რატომ დამიმალე შენი ფეხმძმობა, არ გეკითხები რატომ ნერვიულობდი მთელი კვირა, რატომ ხარ ცუდად და რატომ მიყურებ ახლა ისე თითქოს განაჩენი გამომქონდეს შენთვის, ამ შეკითხვებს მხოლოდ იმიტომ არ ვსვამ, რომ პასუხები უკვე ვიცი. ისიც ვიცი, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს მაგ პასუხებს და უკვე გითხარი ახლა რაცაა მნიშვნელოვანი. -არა, შენ არ შეგიძლია ყველაფრის დავიწყება და თავის ისე მოჩვენება რომ არაფერი არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ორსულად ვარ. -მხოლოდ იმიტომ, რომ ორსულად ხარ? დემეტრე ელოდა წინააღმდეგობას ნინასგან, მაგრამ ასეთს ვერ წარმოიდგენდა. -მხოლოდ იმიტომ, რომ, ნინა? შენი აზრით ბავშვი ჩემთვის მხოლოდ იმიტომ, რომაა? სერიოზულად, რა წარმოდგენა გაქვს ჩემზე? -მე მინდა, რომ კარგად იყო. მინდა, მშვიდად იყო, თვალები ისევ დახარა ნინამ. -ძალიან გთხოვ, ნუ მაფიქრებინებ, რომ მსოფლიოში ყველაზე საშინელი ქმარი ვიყავი, რომ თითქმის ორი წელია ერთად ვცხოვრობთ და შენ იმის დანახვაც ვერ მოახერხე შენთან ერთად მშვიდად ვარ თუ არა... -უბრალოდ მინდა იცოდე... რაც არ უნდა გადავწყვიტო, მე საკმარისად ძლიერი ვარ იმისთვის, რომ გავუძლო. არ მინდა რამის გეშინოდეს ჩემს... ჩვენს გამო... -გეყოფა ამ დედა ნატირები ოქროს შუალედით სიარული რა, ნინა, გეყოფა ისე ცხოვრება რომ არავის არ შეეხო და არავინ არ შემოგეწუხოს შემთხვევით შენი არსებობით, მაგ ბავშვს ნახევარი სიცოცხლე მე მივეცი და ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ხვალ ან ზეგ გაფრენას ვაპირებდე სიკვდილით სავსე ქვეყანაში. ნუ მათავისუფლებებ პასუხისმგებობისგან არ მჭირდება მე მასეთი სიმშვიდე. არაკაცის ცხოვრება არასდროს არ მდომებია. -დემეტრე, ნუ იგებ ყველაფერს შენებურად, მე სულ სხვა რაღაც გითხარი. -მაშინ ნუ მიყურებ შეშინებული თვალებით და დაიჯერე ერთხელ ცხოვრებაში უკეთესის არსებობა, დაიჯერე, ხარ იმის ღირსი შენი ქმარი პასუხისმგებლობას არ გაექცეს. ნინამ თავი დახარა და მიხვდა დემეტრე მის ქალურ მომენტებს ვერასდროს გაიგებდა. ისიც იცოდა, რომ ახლა სწორად იქცეოდა მისი ქმარი, მაგრამ ნინას მართლა არ უნდოდა რამდენიმე თვიანი კარგად ყოფნა, არ უნდოდა ძალით, ხელოვნურად შეკოწიწებული სიმშვიდე, ასეთი კარგად ყოფნა არ ემეტებოდა დემეტრესთვის. -ნინა, აღარ ვიცი რა უნდა გითხრა, რომ არ ინერვიულო. ღრმად ამოისუნთქა დემეტრემ და ნინამ ახლაღა ახედა ქმარს. „უნდა ჩამეხუტო და მითხრა რომ გაგიხარდა, უნდა გსიამოვნებდეს ახალი პასუხისმგებლობა, არფერში არ უნდოდა გიშლიდეს ხელს, უნდა მითხრა, რომ ამას ელოდი, რომ ერთი სული გაქვს ხელში როდის აიყვან და მამას დაგიძახებს...“ წამში ჩამოაყალიბა ნინამ გონებაში და დემეტრეს მხოლოდ თვალებით უთხრა. ხანდახან ჩვეულებრივი ბედნიერება ერთადერთია, რაც ადამიანებს უნდათ. -ნინა, არ მინდა რასაც გეტყვი ცუდად გამიგო, მაგრამ ახლა შენი ემოციები და გრძნობები გატყუებენ, ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვამ, ვიდრე რეალურადაა. აღარ მინდა ინერვიულო, გთხოვ, მართლა არაა ეს არც შენთვის და არც ბავშვისთვის კარგი. უხმოდ დაუქნია თავი ქმარს და ისევ დახედა თეფშს. -გინდა დაიძინო? მკლავზე მოეფერა ცოლს და ისევ გაუღიმა. -არა, აღარ მინდა, ნინასაც ჩაუტყდა ტუჩის კუთხეები. -მაშინ წაბრძანდით და რამე ფილმი აარჩიეთ, მე ამათ დავრეცხავ. ნინას სიცილი აუტყდა. -მეც შემიძლია, დემეტრე, მაგრამ არ გეწინააღმდეგები, სიცილით წამოდგა მაგიდიდან და მისაღებში გავიდა. ღიმილიანი მზერა გააყოლა ცოლს, იცოდა, აქ არ დასრულებულა მათი საუბარი, ნინა რაღაც დოზით მაინც მართალი იყო, მაგრამ სანამ თვითონ არ გაერკვეოდა საკუთარ თავში ცოლს ვერაფერს ეტყოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.